საგამომცემლო სახლმა „ტექნიკური უნივერსიტეტი“ გამოსცა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის სწავლული მდივნის, პროფესორ ლუბა ბიბილეიშვილის წიგნი „გზათა ზედა მოღვაწებით მავალნი“ (სამეცნიერო რედაქტორი – აკადემიკოსი ნათელა ვასაძე, რეცენზენტი – პროფესორი ლია მენთეშაშვილი და პროფესორი ვაჟა დანელია).
უპირველეს ყოვლისა, საგანგებოდაა აღსანიშნავი, რომ ეს წიგნი ქართული განათლების ისტორიის საგანძურს განეკუთვნება და იგი მომავლის საგანმანათლებლო ლიტერატურაში უდავოდ ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
წიგნის ანოტაცია გვაუწყებს, რომ იგი „დაინტერესებულ მკითხველს წარმოუდგენს გამოჩენილი პედაგოგების ლუარსაბ და ნინო ბოცვაძეებისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ იოსებ ბოცვაძის ბიოგრაფიულ პორტრეტებს, მათი ცხოვრების გზასა და ღვაწლს ქართული განათლებისა და კულტურის წინსვლა-განვითარებაში დღემდე უცნობი პირადი წერილებისა და საოჯახო არქივის საფუძველზე“.
რედაქტორის წინათქმაში ვკითხულობთ: „პროფესორ ლუბა ბიბილეიშვილის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი მაგალითია იმისა, რომ საოჯახო არქივი, მით უმეტეს ისეთი ტრადიციული ოჯახისა, რომლის წარმომადგენლებიც ბოცვაძეები იყვნენ, ფასდაუდებელი საუნჯეა ერისათვის და მე, როგორც წიგნის რედაქტორი, დაბეჯითებით ვამტკიცებ, რომ იგი განეკუთვნება იმ იშვიათ საგამომცემლო მოვლენას, რომლითაც დღევანდელი განათლების მოღვაწეები მომავალ თაობას საუკუნეებგამოვლილ მართალ და ჭეშმარიტ სიტყვას აწვდიან.
ავტორი იყენებს მრავალნაცად, მეთოდს და დასტურად მოაქვს თავად მონაწილეთა და შემფასებელთა ხელნაწერები. ეს ხომ ის პერიოდია, როდესაც არა მარტო ლუარსაბ ბოცვაძე და მისი ოჯახი, არამედ ყველა ნამდვილი ქართველი ზრუნავდა განათლებაზე. ამ წიგნის მეშვეობით იმ დროს ცნობილი დიდი მოღვაწეების პირველად გამოქვეყნებული ხელნაწერები გვარწმუნებენ იმაში, რომ XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის საქართველოში იყო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენი უგვირგვინო მეფე ილია ჭავჭავაძე ედგა სათავეში, ისეთები კი, როგორებიც იყვნენ ლუარსაბ და ნინო ბოცვაძეები, თანამონაწილენი უაღრესად „ეროვნული საქმისა, ქართული სულიერების გადასარჩენად სიცოცხლესაც სწირავდნენ.“
22 წლის იყო ლუარსაბ ბოცვაძე, წყალტუბოში მასწავლებლად რომ დაინიშნა. ჯერ კიდევ დამწყებმა პედაგოგმა, თავისი საქმიანობით, მახვილი კალმითა და გონივრული სიტყვით ფართო საზოგადოებრიობის ყურადღება მიიქცია. ახალგაზრდა მასწავლებელში უმალ ამოიცნეს დიდი ილიასა და იაკობის იდეათა თანამგრძნობი და ერთგული მიმდევარი, ცარისტული რუსეთის საგანმანათლებლო პოლიტიკის თამამი განმქიქებელი და უშიშარი მებრძოლი, ვისი ცხოვრების აზრსაც ქართული ეროვნული სკოლისათვის, ხალხის განათლებისათვის გარჯა და თავდადება წარმოადგენდა.
ცოდნას მოწყურებული ახალგაზრდა საფუძვლიანად გაეცნო ქართულ და უცხოურ კლასიკურ პედაგოგიურ სისტემებს, ღრმად შეისწავლა ილიასა და იაკობის პედაგოგიური მოძღვრება, გაითავისა მათი იდეა – ხალხურობის პრინციპი აღზრდაში და იგი თავისი მოქმედების აუცილებელ მიზნად დაისახა.
ასევე, მტკიცე იყო მისი მიდგომა საყოველთაო სავალდებულო და უფასო სწავლებისადმი ყველა ბავშვისთვის, ქალისა და ვაჟის განათლებისათვის, სწავლებაში მშობლიური ენის მთავარი ადგილის, პატრიოტიზმისა და შრომისმოყვარეობის აღზრდისადმი; წამოაყენა ახალი სკოლის პრინციპები: სკოლის კავშირი ცხოვრებასთან, სწავლის საერო ხასიათი, სკოლისა და ოჯახის კავშირი აღზრდის საქმეში, მასწავლებლის წამყვანი როლი აღზრდისა და სწავლების პროცესში, მასწავლებლის მუშაობის ჰუმანური მეთოდები და სხვ.
იგი 350-ზე მეტი პუბლიცისტური წერილისა და სტატიის ავტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, სახალხო სკოლებისათვის პროგრამების შემდგენელიც იყო.
პროფესორი ლუბა ბიბილეიშვილი დეტალურად აშუქებს ლუარსაბ ბოცვაძის მოსწავლეობის წლებს, მისი პედაგოგიური მოღვაწეობის დასაწყისს, საფუძვლიანად განიხილავს აქტიურ საქმიანობას კავკავის ქართულ სკოლასა და თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, განსაკუთრებით მის მეცნიერულ და მძიმე სარედაქტორო მოღვაწეობას თავისსავე დაარსებულ პირველ ქართულ პედაგოგიურ ჟურნალ „განათლებაში“.
წიგნის ავტორი გვაცნობს დიდი პედაგოგის შეუპოვარ ბრძოლას ცარისტული რუსეთისა და ადგილობრივი სასწავლო ადმინისტრაციის რეაქციული საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ, რა ფარული თუ აშკარა ხრიკებით ახერხებდა მტერი ქართველთა ეროვნული ცნობიერების დაქვეითებას და ამ გზით ქვეყნის სრულ რუსიფიკაციას; ცდილობდა სკოლებიდან მშობლიური ენის გამოდევნას, სწავლებაში უხეირო, ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილი სახელმძღვანელოების შემოტანას, სწავლების მახინჯი მეთოდების დანერგვას, რასაც ხელს უწყობდნენ სულგაყიდული შინაური მტრები.
ქალბატონი ლუბა სამართლიანად აღნიშნავს, რომ ლუარსაბ ბოცვაძის საქმიანობა არ გახლდათ ჩვეულებრივი მოღვაწეობა, არამედ იგი იყო სრულიად გააზრებული თავგანწირვა, სამშობლოს საკურთხეველზე ზვარაკად მიტანილი სიცოცხლე ეროვნული განათლების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისა და შემდგომი განვითარებისთვის, რომელსაც იგი ქართველ განმანათლებლებთან ერთად ეწეოდა.
წიგნის ავტორი განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოგვიჩენს ლუარსაბ ბოცვაძის დიდ ილიასთან და იაკობთან მეგობრობას. ლუარსაბი ხომ ილია ჭავჭავაძის ინიციატივით იქნა გაგზავნილი მასწავლებლად კავკავის ქართულ სკოლაში, სადაც მან 14 წელი იღვაწა.
ქალბატონი ლუბა წერს: „რამდენ პასუხისმგებლობას აკისრებდა მას ეს დიდი ნდობა: ერთი მხრივ სრულად უნდა გაემართლებინა წარმგზავნის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იმედები, მეორე მხრივ – პირნათელი უნდა დარჩენილიყო ამ სკოლის დამაარსებლის, საზოგადო მოღვაწის, ქვეყნის პატრიოტისა და ამ კუთხის დიდი შვილის – მიხეილ ყიფიანის ნათელი ხსოვნის წინაშე“.
შემდეგ ავტორი ასევე საინტერესოდ გადმოგვცემს ლუარსაბ ბოცვაძის მოღვაწეობას კავკავის ქართულ სკოლაში, სადაც მას „ადგილობრივი მოღვაწეები შენიღბული მტრობით შეხვდნენ და ათასნაირი ინსინუაციებით ცდილობდნენ მისთვის სახელის გატეხას და სამუშაოდან გაშვებას, მაგრამ ვერას გახდნენ, ვერ გადაიყვანეს იგი ერთხელ არჩეული გზიდან. მალე ლუარსაბმა ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ სკოლის გამგედ დაინიშნა. მისი დაუღალავი შრომის შედეგად კი სკოლა მნიშვნელოვანი კულტურის ცენტრად გადაიქცა: საძირკველი ჩაეყარა ახალი სკოლისა და მასთან ქართული ეკლესიის მშენებლობას, რომელთა კურთხევაც განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნა; ხარობდა მოლოდინით, რომ აქაური ქართველები მშობლიურ ენაზე შეძლებდნენ ღვთისმსახურების მოსმენას და მღვდელ-მსახურების შესრულებას. მისი ინიციატივით კავკავში გაიხსნა მდიდარი ბიბლიოთეკა, თეატრი და მუზეუმი, რისთვისაც აგროვებდა და ხშირად საკუთარი სახსრებითაც იძენდა უძველეს ხელნაწერებს, ლიტერატურას, სამუზეუმო ნივთებს, იგი იყო იმ საქველმოქმედო საღამოებისა და ალეგროების ინიციატორი, რომლებიც ქალაქის მასშტაბით იმართებოდა, შემოსული თანხა კი სკოლის შემდგომ კეთილმოწყობას ხმარდებოდა.
მისი ღვაწლის დიდმა დამფასებელმა, ალექსანდრე სარაჯიშვილმა, თხოვნით მიმართა, კავკავის სპირტის სახდელ ქარხანასთან გაეხსნა საკვირაო სკოლა, სადაც იგი მუშებს ყოველ კვირა დღეს წერა-კითხვას ასწავლიდა, აქედან კი ქართულ ეკლესიაში სალოტბაროდ მიემართებოდა. ამავე ქარხანასთან დააარსა მან ჭრა-კერვის პროფესიული სკოლა.
ყველა ამ და სხვა უამრავ საქმესთან ერთად, ლუარსაბ ბოცვაძე ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას, მისი ბასრი კალამი ახარებდა მოყვარეს და გულს უსერავდა მტერს.
ბრძენი ილიას მახვილ თვალს მხედველობიდან არასდროს რჩებოდა ლუარსაბის კეთილგონიერი ნამოღვაწარი და ახარებდა მისი აქტიური საქმიანობა. მისი თხოვნით ლუარსაბმა განსაკუთრებული გულმოდგინებით შეისწავლა და განიხილა საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ ლიტერატურული პროდუქცია და პირუთვნელი წერილების მთელი სერია გამოაქვეყნა ჟურნალ „ივერიაში“ – ავტორმა დიდი ილიას კმაყოფილებით სავსე ბარათი მიიღო. მსგავსი წერილებით ნაკლებად თუ ვინმეს ანებივრებდა ერის მამა: „…უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მოაკლებთ თქვენს ფხიზელ ყურადღებას ჩვენს მწერლობას და ხშირად გამოგვიგზავნეთ თქვენი კალმის ნაღვაწიო“. ილიას ყურადღება ერთ-ერთ ზაფხულს თბილისში სამრეწველო სკოლის მასწავლებლებისათვის გამართულ პედაგოგიურ კურსებზე ლუარსაბის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებსაც მიუქცევია, რისთვისაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მისთვის მადლობა გამოუცხადებია.
ლუარსაბ ბოცვაძის საქმიანობით ასევე სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული იაკობ გოგებაშვილიც. ლუარსაბი ყველა თავის შეხედულებებსა და საქვეყნო ტკივილს წერილობით უზიარებდა უფროს მეგობარს. გულმოდგინედ ეცნობოდა იაკობისეულ „დედა ენას“ და თავის მოსაზრებებს უგზავნიდა ავტორს. დიდი იაკობისადმი ღრმა პატივისცემა და სრული თანამოაზრეობა ჩანს წერილებში „პედაგოგიური განყოფილება სრულიად რუსეთის გამოფენისა ნიჟნი ნივგოროდში“, აგრეთვე პარიზის საერთაშორისო გამოფენიდან მიღებულ შთაბეჭდილებებში, რომელიც დაიბეჭდა 1900 წლის ჟურნალ „ივერიის“ რამდენიმე ნომერში და სხვა ნებისმიერ ოფიციალურ თუ პირად წერილში.
ქალბატონი ლუბა მკითხველს აცნობს ლუარსაბ ბოცვაძის მეტად მძაფრ და მეცნიერულად ყოვლად არგუმენტირებულ წერილს, რომელშიც ავტორმა უცხოელ მეცნიერთა და მოღვაწეთა შეხედულებების მოშველიებით სრულად დაასაბუთა „ბუნებრივი მეთოდის არაეფექტურობა.
ასეთივე დაუნდობლობით ებრძოდა იგი ყველას, ვინც ცდილობდა იაკობისეული „დედა ენის“ დაკნინებასა თუ ქართული საქმის ღალატს. ჟურნალ „ივერიაში“ (N153, 1897 წ.) გამოქვეყნებული წერილების სერია ალ. ნათაძის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებზე „ბავშვების მოკეთე ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სკოლებში სახმარებელი“ სასტიკად უსწორდებოდა მშობლიურ ნიადაგს მოწყვეტილ ამ წიგნს.
წერილი „მეთვალყურის შენიშვნები (ზოგიერთი ჩვენებური კრიტიკოსი, ბ-ნ ბალტაზარი, მშიშარა მასწავლებლები და მათი აზრი ბ-ნი გოგებაშვილის ანბანისა და „დედა ენის“ შესახებ“)“, დაიბეჭდა „ივერიაში“ (N154, 156, 159, 1894წ.) ფსევდონიმით ignatus, პასუხია ბალტაზარის მიერ ჟ. „კვალში“ (N34, 35, 35) დასტამბული წერილისა „მომავალში საქართველოს შვილთა მოქმედების პროგრამა“, რომელშიც იგი თავს ესხმის „დედა ენას“. დაუნდობლად სასტიკი აღმოჩნდა ლუარსაბი პედაგოგების ვ. ჯაფარიძისა და ი. ზედგინიძის მიმართ, რომლებიც მოსყიდულები იყვნენ რუსი მოხელეებისგან და არაფრით იხევდნენ უკან, ცდილობდნენ აწ უკვე განსვენებული იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების გაშავებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ლუარსაბ ბოცვაძემ სრულად გამოავლინა მათი უცოდინარობა და მოღალატური ბუნება. ასეთი აშკარა თუ ჩასაფრებული მტერი მრავლად იყო, მაგრამ ეს ნათელი გონების კაცი ახერხებდა მათთან გამკლავებას.
1906 წელს ლუარსაბ ბოცვაძე სამუშაოდ ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში გადაჰყავთ. აქ მასწავლებლებად მოწვეულნი იყვნენ ერის მაღალინტელექტუალური ნაწილი. ამ შესანიშნავ კოლექტივში კიდევ უფრო გაიშალა ლუარსაბ ბოცვაძის შემოქმედებითი შესაძლებლობები. აქ მიეცა ბიძგი მის იდეას დაეარსებინა ყოველთვიური სამეცნიერო პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი „განათლება“, რაც განახორციელა კიდეც1908 წელს.
აქ, ამ გიმნაზიაში შემოიღო მან „ხეების დარგვის დღესასწაული“. მისი ნაამაგარი ჭადრის ხეები, რომელიც მოსწავლეებს გიმნაზიის ეზოში და შენობის გასწვრივ ქუჩის გაყოლებაზე დაარგვევინა, დღესაც ამშვენებენ ჭავჭავაძის პროსპექტს და დედა-უნივერსიტეტის ეზოს.
ქალბატონი ლუბა წერს, რომ ლუარსაბს მეტი საშუალება მიეცა უფროს მეგობართან სიახლოვისა და ხშირად ჩაჰკირკიტებდნენ დედა ენასა და სხვა სახელმძღვანელოებს, უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებს, რომ ეს იყო „ერთი სული ორთა სხეულთა მკვიდრი“. იაკობმა ლუარსაბის სახით არა მარტო სანდო, გამგები და უღალატო თანამოაზრე, არამედ სიცოცხლის უკანასკნელ დღეთა მანუგეშებელი მეგობარი შეიძინა. მძიმე ავადმყოფობის დროს, მან სწორედ ლუარსაბს უხმო და სთხოვა, მოეწესრიგებინა მისი უკანასკნელი განსასვენებლის საკითხი.
იაკობ გოგებაშვილი 1912 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა, ერის ეს უდიდესი დანაკლისი მეტად მწვავედ განიცადა ლუარსაბ ბოცვაძემ .დიდი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნის უკვდავსაყოფად მან გამოსცა 320 გვერდიანი კრებული – იაკობ გოგებაშვილის სახსოვრად.
იაკობ გოგებაშვილმა თავისი ქონების დიდი ნაწილი, როგორც ცნობილია, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და სხვადასხვა ორგანიზაციებს დაუტოვა, ნაწილი კი – ნათესავ-ახლობლებს. ამ უკანასკნელთა შორის ქონების განაწილებისას, ლუარსაბ ბოცვაძეც იყო მოწვეული. თვალცრემლიანი ლუარსაბი კუთხეში მიმდგარიყო და ამ პროცესს გულგრილად უყურებდა. მან უცებ იაკობის ხელჯოხი დაინახა, რომელზეც პრეტენზია არავის ჰქონდა და მოკრძალებით მოითხოვა იგი. ეს ხელჯოხი დღეს ლუარსაბის შვილიშვილის – მარინე ბოცვაძის ოჯახში ინახება, როგორც უდიდესი რელიკვია.
იაკობის გარდაცვალების შემდეგ, წ.კ.გ. საზოგადოებამ მისი სახელმძღვანელოების გადამუშავება და მათი შემდგომი ბედი ლუარსაბ ბოცვაძეს მიანდო, რასაც მან წარმატებით გაართვა თავი და ამასთან ისე, რომ სრულად გაითვალისწინა მისი ავტორის პედაგოგიური პრინციპები.
ლუარსაბ ბოცვაძეს წინადადება მისცეს, მის მიერ შესწორებულ და გადამუშავებულ იაკობისეულ სახელმძღვანელოებზე დაეწერა „რედაქტორი ლუარსაბ ბოცვაძე“, რაზეც მან კატეგორიული უარი თქვა და მტკიცედ განაცხადა: „იაკობის სახელმძღვანელოებს მხოლოდ ერთი წარწერა უნდა ამშვენებდეს: იაკობ გოგებაშვილი“.
წიგნის ავტორი ქალბატონი ლუბა ბიბილეიშვილი ასევე წარმოგვიდგენს ლუარსაბის ღვაწლს ქართული პედაგოგიურ ჟრნალისტიკის განვითარებაში, ჟურნალის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად თვლიდა საქართველოში პედაგოგიური ცოდნის პროპაგანდისა და გავრცელების, ამასთან ქართველ მასწავლებელთა და საზოგადო მოღვაწეთა შორის მტკიცე თანამშრომლობისა და კავშირის დამყარებას, სახალხო განათლების საქმის განვითარების დემოკრატიულ ნიადაგზე.
და საინტერესოდ აღწერს იმ წინააღმდეგობებს, რაც ჟურნალის გამოცემას ხვდებოდა ხოლმე, ერთი მხრივ – მწირი ფინანსები, მეორე მხრივ – მეფის ცენზურა, მისი მსახვრალი ხელი და უამრავი სხვა, რასაც მხოლოდ ლ. ბოცვაძის შემართებისა და ენერგიის მქონე პიროვნება თუ გაუმკლავდებოდა, შეეძლო გაეძლო და დაპირისპირებოდა იმ სიბნელეებს.
წიგნში ყურადღებას იქცევს ლუარსაბ ბოცვაძის პედაგოგიური მოღვაწეობის 25 წლისთავთან დაკავშირებით წრმოდგენილი მასალები, რომლებშიც გადმოცემულია მადლიერება და სიყვარული, რაც ხალხმა, ფართო საზოგადოებრიობამ, კოლეგებმა და ყოფილმა მოსწავლეებმა გამოუცხადეს დიდ პედაგოგს.
ქართველი ხალხის განათლებისათვის „თავგანწირულის სულისკვეთებით“ გარჯამ და სამსახურმა – წერს პროფ. ლ. ბიბლიეიშვილი – ნაადრევად დაშრიტა და ამოწურა დაუღლელი მოღვაწის სასიცოცხლო ენერგია. ჯერაც ჭარმაგი, შემოქმედებითი იდეებით აღსავსე ლუარსაბ ბოცვაძე 53 წლის ასაკში გადაიცვალა.
ავტორი დეტალურად წარმოგვიდგენს დიდი მოღვაწის გლოვისა და დაკრძალვის ცერემონიალს, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი „სამახსოვროს“ შინაარს.
კოლეგათა შეფასებით მან მეორე იაკობის სახელი დაიმსახურა.
ლუარსაბ ბოცვაძე დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
წიგნის შემდეგ თავში ვეცნობით ნინო ბოცვაძე-ბაქრაძის (1883-1971) მოღვაწეობას, ქ-ნ ლუბა ვრცლად და დეტალურად ახასიათებს და აფასებს ნინო ბოცვაძის ბავშვობისა და მოსწავლების წლებს, სტუდენტობის ხანის, ბაქრაძეთა ოჯახის ტრადიციებს, მისი მამის, პოეტისა და ცნობილი მთარგმნელის იოსებ ბაქრაძის ღვაწლსა და ადგილს ქართულ ლიტერატურაში. ამ თავშიც პირადი წერილები ამკობენ და ანათებენ ნინო ბაქრაძის ცხოვრების გზას.
შემდეგ წიგნის ავტორი, მისთვის ჩვეული ოსტატობით, იკვლევს ნინო ბოცვაძის იმ პედაგოგიურ საქმიანობას, რომელიც მან თავის დასთან – ეკატერინე ბურჯანაძესთან ერთად გასწია სხვადასხვა სახელმძღვანელოების შესაქმნელად. დებმა განსაკუთრებული ამაგი დადეს დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებს, რომელთა შორის სრულად გამოირჩევა ახალი სკოლისათვის დიდი იაკობის მეთოდიკური პრინციპებისა და პედაგოგიური მემკვიდრეობის საფუძველზე შედგენილი „დედა ენა“.
ავტორი გვამცნობს, რომ ნინო ბოცვაძისა და ეკატერინე ბურჯანაძის მიერ განახლებულმა გოგებაშვილისეულმა „დედაენამ“ ვენესუელაში 1964 წელს გამართული დაწყებითი სკოლის სახელმძღვანელოების საერთაშორისო კონკურსში ოქროს მედალი და საპატიო დიპლომი მოიპოვა, როლებიც პროფესორმა იოსებ ბოცვაძემ საქართველოს განათლების მუზეუმს ჩააბარა.
წიგნის რედაქტორი, აკად. ნათელა ვასაძე დიდი გულის ტკივილით აღნიშნავს, რომ ეს უძვირფასესი ჯილდოები, სხვა ფასდაუდებელი ექსპონატები განათლების მუზეუმთან ერთად სრულად დაიფერფლა სამარცხვინოდ სახელდებული თბილისის ომის დროს.
ქალბატონი ლუბა მეტად შთამბეჭდავად გადმოგვცემს ნინო ბოცვაძისა და ეკატერინე ბურჯანაძის მონაწილეობას დისკუსიაში, რომელიც 1957 წლის იანვარში განათლების სამინისტრომ მოაწყო სხვადასხვა ავტორთა „დედაენის“ ვარიანტების განსახილველად. დების ცოდნით, ლოგიკური მსჯელობის მასშტაბებით მოხიბლულმა ფრიად ავტორიტეტულმა კომისიამ ერთხმად მოიწონა და მიიღო მათი სახელმძღვანელო.
აქვეა წარმოდგენილი ნინო ბოცვაძის დიდი ოსტატობითა და ნიჭიერად დაწერილი ავტობიოგრაფიული წიგნი „ნორჩ მეგობრებთან ერთად“ (თბილისი, ნაკადული, 1960წ), რომლის მიხედვითაც სრულად შეიძლება წარმოვიდგინოთ ამ დიდი ქალბატონის პორტრეტი – დედა, მეუღლე, დაუღალავი, ღრმად განათლებული საზოგადო მოღვაწე.
ნინო ბოცვაძე ორი მცირეწლოვანი შვილით მარტო აღმოჩნდა სასტიკი სინამდვილის წინაშე. წუწუნი და ცრემლის დენა მის ხასიათში არ იყო. ძალა გაიათკეცა, უმძიმესი ტვირთი წამოიკიდა და ცხოვრების ბოლომდე ამაყად ატარა იგი. ქვეყანას აღუზარდა ორი სახელოვანი მოღვაწე იოსებ და ვახტანგ ბოცვაძეები.
ქალბატონმა ნინომ მეორე მსოფლიო ომის დროს დატოვა დედაქალაქი, სადაც მეტად საჭირო მოღვაწეობას ეწეოდა და სათავეში ჩაუდგა მშობლიური სოფლის სკოლას. აქ მან იცხოვრა სოფლის დუხჭირი ყოფით და ქალაქს მხოლოდ 1946 წლის აგვისტოში დაუბრუნდა.
იგი უმალ დაინიშნა თბილისის №42 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მიუხედავად დიდი სასწავლო დატვირთვისა, ქალბატონი ნინო მუდმივად დაკავებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობით. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ქალაქის მეთოდურ კაბინეტთან, მასწავლებელთა სახლთან, სადაც მას ხშირად იწვევდნენ ლექციების წასაკითხად, ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის მდიდარი პედაგოგიური გამოცდილების გასაზიარებლად და ყველა ამ საქმეს იგი დიდი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ასრულებდა.
ამასთან, ქალბატონი ნინოს აზრი და ფიქრი დღენიადაგ „დედა ენას“ დასტრიალებდა. ის თავის დასთან, ეკატერინე ბურჯანაძესთან ერთად, მუდმივად ახლის ძიებაში იყო სახელმძღვანელოს შემდგომი სრულყოფისა და მისი სწავლების მეთოდიკის გაუმჯობესების მიზნით.
მან ჯერ კიდევ 1934 წელს მიიღო პირველი დიდი აღიარება – საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება, რასაც მოჰყვა სტალინისა და ორგზის ლენინის ორდენი. მისი ღვაწლი ქართული სკოლის წინაშე აღინიშნა აგრეთვე შრომის წითელი დროშის ორდენითა და სხვა ჯილდოებით… და ეს მაშინ, როდესაც არასოდეს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი. იგი ყველაზე სანუკვარ და მაღალ ჯილდოდ სიცოცხლის ბოლომდე იაკობ გოგებაშვილის მედალს მიიჩნევდა.
ნინო ბოცვაძე ქართველი ახალგაზრდებისათვის XIX და XX საუკუნეების შემაერთებელი ხიდი იყო, იგი იყო პიროვნება, რომელსაც ჰქონდა უფლება ეთქვა: „გამიღეთ სკოლის კარი და მომეცით ბაშვი, ეს მშვენიერება სამყაროსი“.
ნინო ბოცვაძე დაკრძალულია თბილისში მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, მეუღლის – ლუარსაბ ბოცვაძის გვერდით.
წიგნის მეოთხე თავში – იოსებ (სოსო) ბოცვაძე (1914-1981) ვეცნობით ნინო და ლუარსაბ ბოცვაძეების უფროსი ვაჟის, გამოჩენილი ქართველი ფილოლოგის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის (1978), ივანე ჯავახიშვილისა და იაკობ გოგებაშვილის მედლების კავალერის, აქტიური საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და სამეცნიერო საქმიანობას. მკითხველის ყურადღებას იქცევს ქვესათაური – „ტრადიციის ტვირთი“ და ეპიგრაფი „ადამიანში და ერში ყველა ფაქტორზე ხმამაღლა სისხლი მეტყველებს“ (ერნესტ რენანი), რაც სრულად მიესადაგება სოსო ბოცვაძის მოვალეობის გრძნობასა და მამულიშვილურ პასუხისმგებლობას. წიგნის ავტორი, იოსებ ბოცვაძის მოსწავლეობისა და სტუდენტობის წლების აღწერის შემდეგ, მისთვის დამახასიათებელი სიდარბაისლით ახასიათებს იოსებ ბოცვაძის მეცნიერულ-პედაგოგიური მოღვაწეობის მთელ პერიოდს (ნაყოფიერი შრომის ხანა, სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მუშაობის წლები, ქართული ცოდნის ტაძარში მოღვაწეობა, სადაც ის, სასწავლო დატვირთვასთან ერთად, იყო ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგე), დატვირთული იყო სარედაქტორო საგამომცემლო საქმიანობით, რაც თითქოს გენეტიკურად გადმოეცა მამისაგან და ასრულებდა იმავე კეთილსინდისიერებით, ავტორის პიროვნებისადმი პატივისცემითა და ტაქტით.
პროფესორმა იოსებ ბოცვაძემ განსაკუთრებული ამაგი დასდო ჟურნალისტიკის სპეციალობის ახალგაზრდა კადრების მომზადებას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასეთივე დიდი შრომა გასწია მეცნიერ-ჟურნალისტთა კადრების მომზადებისათვის.
მან გამოამზეურა და სათანადო მეცნიერული შეფასება მისცა ჩვენი გამოჩენილი მწერლების ბევრ უცნობ საარქივო-სამუზეუმო მასალასა და ეპისტოლარულ მემკვიდრეობას. გამოსცა ცნობილ მოღვაწეთა თხზულებანი და შექმნა უაღრესად საყურადღებო მონოგრაფიები, ვაჟა ფშაველა ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში (1955წ), ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში (1956წ), წერილები (1956წ), სერგი მესხის თხზულებანი, ტ. I (1962წ), სერგეი მესხი, ტ. II (1963წ), სერგეი მესხის თხზულებანი ტ. III (1964წ) წინასიტყვაობა და შენიშვნები, ქართული ჟურნალისტიკა (1967წ), ნიკოლოზ ბარათაშვილი და XIX საუკუნის ქართული პრესა (1968წ), ნიკო ლომოური (1974წ), პრესა და მწერლობა (1967წ), საუნჯე ერისა (1976წ), რომელიც გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მე-100 წლისთავისათვის და მიუძღვნა თავისი მშობლების ნათელ ხსოვნას; ილია ჭავჭავაძე ქართულ კრიტიკაში (1977წ) და სხვა.
მანვე მოამზადა გამოსაცემად თავისი მამის, ლუარსაბ ბოცვაძის „რჩეული პედაგოგიური თხზულებანი“, რომლის პირველი ტომი გამოვიდა 1982 წელს, მეორე ტომი კი გამზადებული ჰქონდა. იგი ნატრობდა ამ წიგნების ნახვას, მაგრამ, სამწუხაროდ, სანატრელი წადილის აღსრულებას ვერ მოესწრო.
იოსებ ბოცვაძე სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა მამის ნაამაგარ ორჯონიკიძის ქართულ სკოლასთან, ზრუნავდა მის კეთილდღეობაზე. მისი თანადგომით და პირადი მონაწილეობით ამ სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ჩაირიცხა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში და ამ გზით ჩრდილოეთ ოსეთის ქართულ საზოგადოებრიობას შეემატნენ მეცნიერების,სახალხო განათლებისა და კულტურის სხვადასხვა დარგის მუშაკები.
მეცნიერის, დიდი მამულიშვილისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ ბოცვაძის პორტრეტს სრულად წარმოაჩენს დედა-შვილის, ნინოსა და ბატონი სოსოს, მიმოწერა – ბრძენი, დარბაისელი, მრავლისმნახველი დედა და დედის გულის, გონებისა და ღვაწლის მცნობი და დამფასებელი შვილი.
პროფესორ იოსებ ბოცვაძის უამრავ პიროვნულ თვისებას, ხასიათის დეტალებს ვეცნობით საოჯახო არქივში შემონახულ წერილებში, რომლის ადრესატები არიან საზოგადო მოღვაწეები, მეგობრები, ნათესავები, ახლობლები თუ ყოფილი სტუდენტები.
არ შეიძლება მეტი სიმპათიითა და პატივისცემით არ განიმსჭვალო პროფესორ იოსებ ბოცვაძის მიმართ, როცა კითხულობ ავტორის აკორდულ დასკვნას:
პოლიტიკურმა და იდეოლოგიურმა წნეხმა იოსებ ბოცვაძე ვერ მოწყვიტა გენეტიკურ მემკვიდრეობას, რადგან ღრმად ჰქონდა გაცნობიერებული ტრადიციისა და მოვალეობის ტვირთი… „იარე არა იმ გზით, რომლითაც ყველა მიდის, არამედ იმ გზით, რომლითაც გმართებს იარო“ (სენეკა) – ასეთი იყო მისი ცხოვრებისეული მრწამსი და არჩევანი, ასე მართებდა და აღასრულა კიდეც თავისი ვალი!“
იოსებ ბოცვაძე გარდაიცვალა1981 წლის 29 აპრილს, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
სრულად ვეთანხმები წიგნის რედაქტორის, აკადემიკოს ნათელა ვასაძის აზრს, რომ წიგნი „გზათა ზედა მოღვაწეობით მავალნი“ ერთგვარი გზამკვლევი გახდება ზემოხსენებულ ღირსეულ მამულიშვილთა წონადი მემკვიდრეობის შემდგომი შესწავლისათვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასახელებული წიგნი ქართული განათლების ისტორიის ღირსეული შენაძენია. იგი ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს.
ამ დიდ საქმეში (წიგნის გამოცემას ვგულისხმობ) გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომელმაც მისთვის ჩვეული კაცთმოყვარეობითა და ქართული საქმის ერთგულებით აუნთო წიგნს მწვანე შუქი.
უდიდესი მადლობა ბატონ დავითს!
პროფესორი ჯემალ ჯინჯიხაძე
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი
პროფესორი ნათელა მაღლაკელიძე
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი