ქართველი მასწავლებელი ზეინაბ მურჯიკნელი იმ ათ პედაგოგს შორის აღმოჩნდა, რომლებიც პრესტიჟული გერმანული პრემიის, PASCH-ის მფლობელები გახდნენ. ინიციატივა PASCH — „სკოლები: მომავლის პარტნიორი“ 2008 წელს შემუშავდა და მასში ორი ათასზე მეტი სკოლა მონაწილეობს. პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პრემიის პრეტენდენტად 62 კანდიდატი იყო წარმოდგენილი მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. PASCH-ის ჯილდო მიიღეს მასწავლებლებმა, რომლებიც ასწავლიან გერმანულ ენას, როგორც უცხო ენას და მოსწავლეებს ინტერკულტურულ ღირებულებებს უზიარებენ.
ინიციატივა „სკოლები: მომავლის პარტნიორები“ (PASCH) გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ეკუთვნის. ინიციატივის მიზანია მსოფლიო პარტნიორული ქსელის შექმნა, მინიმუმ, 2000 სკოლას შორის და ამით ახალგაზრდებში ინტერესის გაღვივება გერმანიისა და მისი საზოგადოების მიმართ. PASCH-ის სკოლების ქსელში შედიან DSD-ს სკოლები (გერმანული ენის სადიპლომო სკოლები) და პროგრამა უზრუნველყოფს მონაწილე სკოლების გერმანული ენის მასწავლებლების დახმარებას კვალიფიკაციის ამაღლებაში მეთოდიკისა და დიდაქტიკის მიმართულებით, ასევე გასცემს სტიპენდიებს გერმანიაში საკვალიფიკაციო სემინარებში მონაწილეობისათვის; გერმანული ენის კაბინეტების აღჭურვას სახელმძღვანელოებით, ტექნიკითა და მედია საშუალებებით, ენის სწავლის ხელშემწყობი სხვადასხვა კულტურული პროექტების განხორციელებას სკოლებში. PASCH-ის სკოლაში, ქართველ მასწავლებლებთან ერთად, გერმანელი მასწავლებლებიც მუშაობენ. საქართველოში ამ ინიციატივაში სულ ცამეტი სკოლაა ჩართული.
„უდიდესი სამსახიობო ნიჭით, შემოქმედებითობითა და გერმანული ენის გასაოცრად კარგი ცოდნით, თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა 2018 წლის 19 დეკემბერს, წარმოადგინეს ძმები გრიმების გერმანულენოვანი ზღაპარი „ქალბატონი ჰოლე“.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ სკოლას სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა: გერმანიის ელჩის მეუღლემ, ქალბატონმა ევა ქნირშმა და საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყების (ZfA) კონსულტანტ-კოორდინატორმა, ქალბატონმა ანგელა შმიდტმა, PASCH-მასწავლებელთა პრემია გადასცეს გერმანული ენის მასწავლებელს (და აღნიშნული სპექტაკლის რეჟისორს), ქალბატონ ზეინაბ მურჯიკნელს.
PASCH-ინიციატივის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, აღნიშნული პრემია მსოფლიოში 10 მასწავლებელს გადაეცა. ამ პრემიით დაფასდა ქალბატონი ზეინაბის მიერ მისი სკოლისა და გერმანული ენისათვის გაწეული შრომა.
მერვეკლასელების თეატრალური წარმოდგენა „ქალბატონი ჰოლე“ ქალბატონი ზეინაბის ნიჭის ერთ-ერთი მცირე მაგალითია, თუ როგორ შეუძლია მას მოსწავლეებს შეაყვაროს გერმანული ენა.
ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გერმანული ენის ქართველმა მასწავლებელმა, ქალაბატონმა ზეინაბ მურჯიკნელმა მოიპოვა PASCH-მასწავლებელთა პრემია და მადლობას ვუხდით გერმანული ენის ყველა მასწავლებელს მათი მოღვაწეობისთვის!“ — ეს ინფორმაცია გერმანიის საელჩომ საქართველოში საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
პრემიაზე კანდიდატი მასწავლებლის წარდგენა მხოლოდ კოლეგებსა და მოსწავლეებს შეუძლიათ, მათ უნდა წარადგინონ მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა და დაასაბუთონ, რატომ იმსახურებს შერჩეული კანდიდატი ამ ჯილდოს. პირველმა ექსპერიმენტულმა სკოლამ, გასულ წელს, არჩევანი ზეინაბ მურჯიკნელზე გააკეთა და სრულიად სამართლიანად.
პრემიის მფლობელმა მასწავლებელმა, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობა ცხრა წლის წინ დაიწყო და DSD-ს პროგრამაში სკოლაში მისვლისთანავე ჩაერთო. თუმცა, როგორც გვითხრა, ჯილდო მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ სკოლამ პრემიაზე წარადგინა. წლის ბოლოს, საშობაო სპექტაკლის სანახავად მისულმა გერმანიის ელჩის მეუღლემ, ქალბატონმა ევა ქნირშმა და DSD-ს პროგრამის კონსულტანტ-კოორდინატორმა, ქალბატონმა ანგელა შმიდტმა, წარმოდგენის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ მასწავლებელს სასიხარულო ამბავი თავად შეატყობინეს და ჯილდოც გადასცეს.
„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 10 წელი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამხედრო კათედრაზე ვმუშაობდი. სკოლაში როცა მივედი, გერმანული ენის სადიპლომო პროგრამა (DSD) უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად, 2010 წლიდან, მეც ფეხდაფეხ მივყვები პროგრამას.“ — ამბობს ქალბატონი ზეინაბი.
DSD-ს პროგრამაში, ქვეყნის მასშტაბით, 10 სკოლა ფუნქციონირებს და პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მეცხრე და მეთორმეტე კლასების დასრულების შემდეგ, ორი დონის დიპლომი მოიპოვონ. ქალბატონი ზეინაბი გვიყვება, რომ პროგრამის მონაწილე მოსწავლეებმა გამოცდებზე კარგი შედეგები აჩვენეს: „ჩვენს სკოლაში პროგრამა მესამე კლასიდან იწყება. მეცხრე კლასში ბარდება პირველი სადიპლომო გამოცდა. წერითი გამოცდის საგამოცდო მასალა შესასწორებლად გერმანიაში იგზავნება, ხოლო ზეპირ გამოცდას ქართველი და გერმანელი მასწავლებლები სკოლაში იბარებენ.
პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში პირველი საფეხურის DSD-1-ის გამოცდა 2017 წელს ჩატარდა. პროგრამის კონსულტანტ-კოორდინატორის, ანგელა შმიდტის შეფასებით, სკოლამ საუკეთესო შედეგები აჩვენა როგორც 2017, ასევე, 2018 წლებში. გერმანული ენის მეორე საფეხურის (DSD-2) გამოცდას ჩვენი მოსწავლეები 2020 წელს ჩააბარებენ.“
გერმანული ენის დიპლომის მეორე საფეხური (DSD-2), გერმანიის კულტურის მინისტრების მუდმივმოქმედი კონფერენციის (KMK) გადაწყვეტილების თანახმად, გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლისთვის საჭირო გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთია.
ზეინაბ მურჯიკნელი: „რადგან გერმანული ენის სწავლება DSD-ს სკოლებში გაძლიერებულია, სწავლების პროცესში სხვადასხვა აქტივობებს ვიყენებთ. ჩვენი გაკვეთილები ძალიან მრავალფეროვანია — ვდგამთ სპექტაკლებს, ვაწყობთ ღონისძიებებს, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი შიდასასკოლო და საერთაშორისო კონკურსებში და ა.შ. ამჯერადაც საშობაო ღონისძიებებში ჩავერთეთ და 19 დეკემბერს, სპექტაკლის სახით წარმოვადგინეთ ზღაპარი „ქალბატონი ჰოლე“. სპექტაკლს სიურპიზი მოჰყვა — სკოლაში მობრძანდა ელჩის მეუღლე ქალბატონი ქნირში და DSD-ს პროგრამის კონსულტანტ-კოორდინატორი ანგელა შმიდტი. სწორედ მათ გადმომცეს ჯილდო, რომელზეც ერთი წლის წინ ვყოფილვარ ნომინირებული. როგორც მერე მითხრეს, PASCH-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში წარდგენის შემდეგ, ჩემ შესახებ გამოკითხეს კოლეგები, შემდეგ გერმანიაში გაგზავნეს ინფორმაცია — არა მარტო ტექსტები, არამედ ჩემი მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალაც, რაც წლების განმავლობაში მაქვს გაკეთებული. ასევე, გამოკითხეს მოსწავლეები, გერმანელი კოლეგა ლიზა ლინტცენი, რომელიც 2013 წლიდან ასწავლის ჩვენს სკოლაში გერმანულ ენას.
იუნესკოს ეგიდით ყოველწლიურად, PASCH-სკოლებში (საქართველოში 13 PASCH სკოლაა, აქედან 10 DSD-ს სკოლა, 2 — გოეთეს ინსტიტუტის სკოლა და 1 — ინტერნაციონალეშულე) ჩამოდიან მოხალისეები გერმანიიდან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთათვის განკუთვნილ სხვადასხვა სასწავლო პროექტებს და აქტივობებს. როგორც შევიტყვე, ყველა ყოფილი და ამჟამინდელი მოხალისე იქნა გამოკითხული ჩემ შესახებ (ეს იყო ანონიმური გამოკითხვა). სპექტაკლი კი, უბრალოდ, სკოლაში მობრძანების და პრემიის გადმოცემის მიზეზი იყო. მოვხვდი მსოფლიო მასშტაბის ათეულ მასწავლებელთა რიცხვში, რაც, ბუნებრივია, ძალიან მახარებს. ჩემი ჯილდო არ ეხება რომელიმე კონკრეტული კლასის შედეგებს, არამედ — მთლიანად ჩემს მოღვაწეობას, ეს იყო წლების განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება. პირველი ვარ საქართველოდან, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო და, ბუნებრივია, ძალიან მახარებს ჯილდოც და ისიც, რომ DSD-ს სკოლაში ვასწავლი. ეს წარმატება თითოეული ჩემი კოლეგის, მოსწავლის და სკოლის დამსახურებაა, რადგან მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი.“
რა იქნება შემდგომი ეტაპი? ამ კითხვას ქალბატონი ზეინაბი პასუხობს, რომ ჯილდო მუშაობის სტილში არაფერს ცვლის, იმის გარდა, რომ მისი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა: „რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ვაგრძელებ მუშაობას და ბავშვები მიგვყავს მიზნამდე. ჩვენი მიზანი კი ერთია, რაც შეიძლება მეტმა მოსწავლემ აიღოს DSD-ს დიპლომი. DSD I დიპლომით, რომელსაც მეცხრე კლასში იღებენ, მოსწავლეები შეძლებენ გერმანიის კოლეჯებში სწავლის გაგრძელებას, ხოლო DSD II დიპლომით კი — უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას.“
ჰყავს თუ არა პროგრამას ბევრი მსურველი და უზრუნველყოფს თუ არა ყველას მიღებას სკოლა — ამის შესახებ ქალბატონი ზეინაბი ამბობს, რომ დასაწყისში, პროგრამაზე ასეთი მოთხოვნა არ იყო, თუმცა, ახლა მსურველ მოსწავლეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. „მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა ერთ-ერთი მრავალკონტინგენტიანი სკოლაა, საქართველოს მასშტაბით — 2500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. რა თქმა უნდა, პროგრამა ვერ დააკმაყოფილებს ყველა მსურველს, რადგან სკოლის გამტარიანობა არ გვაძლევს ამის საშუალებას, ვგულისხმობ შენობას. 2010 წელს, პროგრამაში, რვა პარალელური კლასიდან, სამი ჩაერთო. ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მშობლებმა ჩვენი მუშაობის შედეგი დაინახეს. როგორც გითხარით, შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავია. იმის გარდა, რომ მრავალფეროვანი სწავლების მეთოდებს ვიყენებთ, პროგრამა აქტიურად ზრუნავს მასწავლებლის განვითარებაზეც — კვალიფიკაციას გერმანიაშიც ვიმაღლებთ. მე, პირადად, სამჯერ ვიყავი გაგზავნილი პროგრამის მიერ და იქაურ სკოლაში გავდიოდი პრაქტიკას, რომ იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს გაკვეთილებზეც დამენერგა და კოლეგებისთვისაც გამეზიარებინა.“
რაც შეეხება მოსწავლეთა შეფასებას, დაფუძნებულია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. „მოსწავლეებს ყოველი წლის ბოლოს შემაჯამებელ ტესტს ვაწერინებთ ან ეს შეიძლება გამოცდის სახით მოხდეს. რადგან მოსწავლეთა პირველი შეფასება მეხუთე კლასიდან იწყება, სწორედ მაშინ ხდება პირველი დონის დადგენა (A1). ჩვენ ამას „ვარსკვლავების თამაშს“ ვეძახით. საბოლოო ჯამში კი, მოსწავლე დიპლომებით ფასდება, რომელსაც ვადა არ აქვს. რაც მთავარია, სწავლების მეთოდი შემუშავებულია ისე, რომ წარუმატებლობის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.“ — ამბობს ქალბატონი ზეინაბი.
PASCH-ის პრემიის მფლობელი მასწავლებელი, წარმატების მისაღწევად, პირველ რიგში, თვითონ მასწავლებლის მოტივირებას მიიჩნევს, რადგან სხვაგვარად არც მოსწავლე ეყოლება მოტივირებული. ამის გარდა, ამბობს, რომ: „უნდა ისწრაფოდეს მიზნისკენ, რომელიც დასახული აქვს, მიზნის მიღწევა კი შედეგებზე ორიენტირებული სწავლებითა და მრავალფეროვანი მეთოდებით მიიღწევა, რომელიც აუცილებლად მოსწავლეზე მორგებული უნდა იყოს და არა ერთპიროვნულად გადაწყვეტილი.“
ლალი ჯელაძე