31 მარტი, ორშაბათი, 2025

ქალი კალიგრაფები

spot_imgspot_img

XVII საუკნეში მოღვაწე იტალიელი მისიონერი, არქანჯელო ლამბერტი თავის წიგნში „სამეგრელოს აღწერა“ წერს: „ქართული წერა-კითხვა დღეს სულ მოსპობილი იქნებოდა აქ, რომ ქალებს არ შეენახათ იგი. ასე რომ თუ ვისმე უნდა კითხვა შეისწავლოს, უნდა რომელსამე ქალს მიებაროს სასწავლებლად.“

 

თამარის ავტოგრაფი

სწორედ ამის დასტურია მკვლევართა მიერ ასზე მეტი გადამწერი ქალის გამოვლენა, ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ანდერძ-მინაწერების მიხედვით.

კალიგრაფი ქალების სახელების მცირე ჩამონათვალიც კმარა, რომ ჩვენი კულტურის დამოკიდებულება აქაური ქალის მიმართ თვალნათელი გახდეს:

ანნა ამილახვრისა, ივლიტინა, აზნაური ელისაბედი, ბერიკელაანთ თევდორეს ქალი ბარბარე, გაიანე კარგარეთელი, ანა, ეფემია ავალიშვილისა, ელისაბედ თარხან-მოურავი, მარიამ ივანეს ასული გურგენისძე, ლისა თავდგირიძის ასული და სხვა.

 

კალიგრაფი – ეს შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამორჩეული, საპატიო და რთული პროფესიაა. ქმნიდე ხელით ცოდნისა და ისტორიის გადაცემის უმთავრეს წყაროს, ხელნაწერ წიგნს, გამორჩეულ ცოდნასა და უნარებს მოითხოვდა: მწიგნობრობის ზედმიწევნით ცოდნა, უდიდესი მოთმინებისა და კონცენტრაციის უნარი და, უცილოდ, ძლიერი მარჯვენა.

წერისაგან დაღლილი კალიგრაფების არაერთი მინაწერი შემოინახა ხელნაწერთა არშიებმა: „ღმერთო, მიხსენ ამ წიგნისგან!“, „მომემშივნა…“, „ოდეს ვიწყე წერად, ყრმა ვიყავ და აქა მომხცოვნებულმან სრულვყავო“…

ამის გათვალისწინებით უფრო ნათლად დავინახავთ, რატომ იყვნენ ქალი კალიგრაფები სრულიად გამორჩეული ადამიანები: გამორჩეული ცოდნით, კალიგრაფიითა და ძლიერი მარჯვენით.

ქალი კალიგრაფების გასაოცარი რიგიდან რამდენიმეს გაცნობაც კი საინტერესო წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს იმაზე, თუ რამდენი სახელი უნდა ვიცოდეთ და ჯერ კიდევ ხელნაწერთა ფურცლებში ჩამალულნი ელიან ჩვენთან შეხვედრას.

ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებიდან ყველაზე ადრეული ხელნაწერი, რომლის დამწერიც ქალი კალიგრაფი ყოფილა, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს: XVI საუკუნით დათარიღებული კრებულის (H-972) გადამწერი კალიგრაფი ქალი მეფეთ მეფის ასული ასთანდარია.

იცით, რა არის განსაკუთრებით საგულისხმო: ხელნაწერს ხუთი გადამწერი ჰყოლია – 4 მამაკაცი და მათ გვერდით მეფის ასული ასთანდარი.

ხელნაწერებს ძირითადი ტექსტის ბოლოს, როგორც წესი, კალიგრაფი დაურთავდა მინაწერს (იმავე ანდერძს), საიდანაც ვიგებთ ხოლმე: ვინ დაწერა ხელნაწერი, ვინ შეამკო ილუსტრაციებით, ვინ ჩასვა ყდაში (ანუ „შემოსა“) და სხვ.

სწორედ მისივე ანდერძიდან ვიგებთ ასთანდარის შესახებ:

„ღმერთო და წმიდაო მოწამეო ქრისტესო მარინა, დამიცევ მონა, მოსავი შენი მეფეთ-მეფისა ასული, ფრიად სულით საწყალობელი ასთანდარ და მეცხედრე ჩემი ბატონი მანუჩარ და ძმანი ჩემნი, და ამ სოფლით მიცვალებულთა შეეწიე.“

იცით ვინაა ეს საოცარი ქალბატონი?

კვლევების მიხედვით, ასთანდარი ქართლის მეფის, XV-XVI საუკუნეებში მოღვაწე კონსტანტინე II-ის (1478/1479-1505) ასული უნდა იყოს! დიახ, ხელნაწერთა ფურცლებმა მეფის ასული კალიგრაფი ქალის სახელი შემოგვინახეს!

უნიკალური ხელნაწერი კრებული კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრშია დაცული. საინტერესოა, რომ ასთანდარის კალიგრაფიულ მემკვიდრეობას მხოლოდ ამ ხელნაწერის სახით არ მოუღწევია ჩვენამდე. მისი მინაწერები აღმოჩნდა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ კიდევ 2 ხელნაწერზე.

 

ქალ კალიგრაფებს ვხვდებით „ვეფხისტყაოსნის“ გადამწერთა შორისაც: 1825 წელს შოთა რუსთაველის გენიალური ქმნილება გადაუწერია ანნას, ავთანდილ ამილახვრის კნეინას (ცოლს). ძალზე ემოციურია, როდესაც ამოიკითხავ, ვისთვის შეუქმნია ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ კალიგრაფ ქალს:

„აღვწერე მე, თავადის ავთანდილ ამილახორის კნეინა ანნამ ესე „ვეფხისტყაოსანი“ ძისა ჩემის ალექსანდრესათვის“. – დიახ, თავისი ვაჟის, ალექსანდრესათვის მიუძღვნია ხელნაწერი მზრუნველ დედას.

 

ამავე წელს გადაუწერია ანნას შუა საუკუნეების ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული თხზულება: „ვისრამიანიც“.

ანდერძი: ესე ვისრამიანი შევასრულე მე, კნეინა ანნამ, თ-ს ავთანდილ ამილახვაროვისამან, თვესა ივნისსა იე, წელსა ჩყკე“.

საინტერესო ამბავსა და მის ქალ გადამწერზე მოგვითხრობს XIX საუკუნის პოეტური ხელნაწერი. „თეოს ამბავი“ – ასე ქვია თხზულებას. ავტორი, სახელად თეო, მოგვითხრობს, რომ ის დაუტოვებია ქმარს, მიხაილს, და წასულა სხვა ქალთან, რომელსაც მარიამი რქმევია (8v). თეოს შვილი, კი საყვედურით მიმართავს მამას, რომელმაც ოჯახი მიატოვა. ამ დრამატული ამბის კალმით გამცოცხლებელი ყოფილა კალიგრაფი ქალი, ივლიტინა.

 

საინტერესოა ანდერძ-მინაწერების ტექსტები, სადაც ქალი კალიგრაფები მკითხველს მიმართავენ. მაგალითად, ბერიკელაანთ თევდორეს ქალი ბარბარე ასეთ საინტერესო ფორმულირებას აკეთებს: „ესე ხილის ქება დამიწერია ბერიკელაანთ ქალს ბარბარეს. ვინც წაიკითხოს, დამწერს – დღეგრძელობა, ოსტატს – ცხონება უბრძანეთ. გათავდა ბერიკელაანთს.“

„დამწერს – დღეგრძელობა, ოსტატს – ცხონება“ – ისეთი სხარტი გამოთქმაა, უცილოდ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გონიერი ყოფილა ბერიკელაანთ თევდორეს ქალი ბარბარე.

ქალი კალიგრაფების მიერ მათ მიერ შექმნილი ხელნაწერების ფურცლებზე დატოვებულ ანდერძ-მინაწერებს შორის ერთმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება. მოგახსენებთ მიზეზს, უფრო შორიდან შემოვლით: საქართველოში ხშირად გვიყვარს რუსთაველის ციტირება: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“. ცხადია, ეს დიდი მონაპოვარია ჩვენს აზროვნებაში ლიტერატურასა თუ სოციალურ ისტორიაში, მაგრამ ეს საზოგადოებისა თუ იურიდიული აზროვნების ერთი მხარეა. ცხადია, შუა საუკუნეების საქართველოში ყველა ასე როდი ფიქრობდა. ქალებს, ცხადია უწევდათ მტკიცება იმისა, რომ „ლეკვი ლომისა სწორია…“ კალმის ოსტატობა, ანუ კალიგრაფის ხელობაც უჩვეულო საქმედ მიაჩნდა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს.

ამის დასტურია კალიგრაფი ქალის, ელისაბედ თარხან-მოურავის მინაწერი 1835 წელს გადაწერილ კრებულზე:

„დამიწერია მე, თარხან-მოურავის ასულს ელისაბედს…

თუ რაიმე შეცთომა ჰპოვოთ, ნუ დამზრახამთ, რადგან ქალის გადაწერილი გახლამსთ და მეტი ვერ დავსდიე…“

გეცნოთ, ალბათ: „ქალის კვალობაზე კარგია…“

სწორედ ამ კონტექსტშია მნიშნელოვანი, გამორჩევით წამოვწიოთ წინ შუა საუკუნეების საქართველოში მოღვაწე მწიგნობარი ქალები: ქალი მწერალი, ქალი კალიგრაფი…

ქალები, როგორც ხელნაწერების დამკვეთები – ქალი კალიგრაფების შემოქმედებაში შუასაუკუნეობრივი მოგზაურობა ვერ იქნება სრულყოფილი, თუ არ წარმოვაჩენთ საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ორ ქალბატონს, ორ დედოფალს: კახეთის დედოფალ ანასა (მეფე ალექსანდრე I-ის მეუღლე) და ქართლის დედოფალ მარიამ დადიანს (მეფე როსტომის მეუღლე).

არც ერთი მათგანი არ ყოფილა კალიგრაფი, მაგრამ ქართული ხელნაწერისა და საქართველოს ისტორიაში მათი წვლილი შეუცვლელია. ორივე მათგანი არის „ქართლის ცხოვრების“ უნიკალური ხელნაწერების დამკვეთი (ანუ, მომგებელი).

„ქართლის ცხოვრება“ რომ ჩვენი ისტორიის ამსახველი უმთავრესი კრებულია, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. „ქართლის ცხოვრების“ უძველესი ხელნაწერი ატარებს კახეთის დედოფალ ანას სახელს: „ანასეული ქრათლის ცხოვრება“. ეს უნიკალური ხელნაწერი (გადაწერილი, დაახლოებით, 1479–1495 წლებში) თავად გარსევან ჩოლოყაშვილის ქალიშვილს, დედოფალ ანას დაუკვეთავს.

მშვენიერი მხედრულით დაწერილი ხელნაწერი აღმოაჩინა ივანე ჯავახიშვილმა, 1913 წელს, სოფელ ლამისყანაში, ჯამბაკურ-ორბელიანების საგვარეულო წიგნსაცავში.

უაღრესად საინტერესო ისტორიული პიროვნებაა „მარიამისეული ქართლის ცხოვრების“ შექმნის ინიციატორი და დამკვეთი, ოდიშის მთავრის, მანუჩარ დადიანის ასული, ლევან II დადიანის და, მარიამ დედოფალი.

დედოფალს ხელახლა აუშენებია ბოლნისის ეკლესია, განუახლებია რუისის ტაძარი, აგროვებდა და ამკობდა ქართულ ხელნაწერებს, თავისი ხარჯით ყიდულობდა მტრების მიერ მიტაცებულ ხელნაწერ წიგნებს. ამ მრავალმხრივ საქმიანობაში კი სწორედ „მარიამისეული ქართლის ცხოვრებაის“ ხელნაწერის შექმნაა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული.

რა ვითარებაა დღეს? გვყავს თუ არა ქალი კალიგრაფები?

საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციაში 30-მდე კალიგრაფია. მათ შორის, უმეტესობა ქალია.

თითოეული მათგანი არის ძალიან წარმატებული თავის პროფესიაში. თითოეული მათგანის საქმიანობა და კალმის ხელოვნება გამორჩეულია, როგორც ამბავი.

მაგალითად, კალიგრაფი ნინი იკაშვილის პირველადი პროფესია მუსიკაა. სწავლის გასრულების შემდეგ, საბანკო სექტორში წარმატებულმა ახაგაზრდა ქალმა, ყველასათვის მოულოდნელად, უარი თქვა ყველა სხვა აქტივობაზე და მიჰყვა გულის ხმას… მიჰყვა კალმის ხელოვნების ძახილს – შექმნა კალიგრაფიული სტუდია „ნინიკა სტუდიო“, არის საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის წევრი. მისი გამოფენები და მასტერკლასები იმართება: საქართველოში, ეგვიპტეში, დუბაიში, გერმანიაში, იტალიაში. ნინი იყო ერთ-ერთი იმ 5 კალიგრაფს შორის, რომელთაც შექმნეს „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი. ეს ხელნაწერი დაცულია ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში.

როგორ შეიძლება იქცეს კალიგრაფიის ხელოვნება ქალის სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობის საყრდენად?

კალიგრაფ ლილე ჩხეტიანის ამბავი გამორჩეულია. ლილე ხელოვნებათმცოდნეა. მან დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და დაბრუნდა მშობლიურ ჭუბერში. სწორედ ჭუბერში მოახდინა სასწაული ლილეს კალმის ხელოვნებამ: მან თავის სკოლაში შექმნა კალიგრაფიული სტუდია, ერთ-ერთი პირველი კალიგრაფიული სახელოსნო ქართულ სასკოლო სივრცეში და დღემდე დარაჯობს თავისი მოსწავლეების კალმის ხაზებს.

როდესაც კალიგრაფ ქალზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგიზიაროთ კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას ამბავი – კალიგრაფი ქალი აფხაზეთიდან: აფხაზეთში, გალში დაწყებული კალიგრაფი ქალის ამბავი ჯერ მთელ საქართველოს მოედო, ახლა კი უკვე ევროპას, აზიასა თუ ამერიკას. ქალბატონი ლეილა მასპინძლობს გამოფენებსა და მასტერკლასებს: ქაიროში, ფლორენციაში, რომში, ბრიუსელში, ამსტერდამში, ათენსა თუ ბუდაპეშტში. მისი კალმისა და ფიქრის მიღმა არასოდეს არიან ახალგაზრდები ენგურსგაღმა საქართველოდან.

რა გზავნილი შეიძლება იყოს „კალიგრაფი ქალი“ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცისათვის?..

როდესაც შუა საუკუნეებიდან შემოგრჩა 100-ზე მეტი კალიგრაფი ქალის სახელი, ეს ნიშნავს, რომ:

  • ეს საოცარი ასეული არის მხოლოდ მცირე ნაწილი კალმოსანი ქალებისა და კიდევ უფრო ბევრი სახელი უცნობია ჩვენთვის, ვერ შემოინახა ისტორიის ქარტეხილებმა;
  • ჩვენს ისტორიაში იყვნენ ქალები, რომლებიც არა მხოლოდ განათლებას იღებდნენ, არამედ, ახალ ცოდნას ქმნიდნენ და წერდნენ… არა უბრალოდ წერდნენ, არამედ იცოდნენ კალიგრაფიის ხელოვნების საიდუმლოებები, წესები და ტენდენციები;
  • იყვნენ გაბედულები, რადგან მთავარ საქმიანობად ირჩევდნენ ქალისათვის უჩვეულო პროფესიას, კალიგრაფობას, რომელიც, განათლებასთან ერთად, საჭიროებდა განსაკუთრებით ძლიერ მარჯვენას, იშვიათ ნებისყოფასა და კონცენტრაციის უნარს;
  • ქალები წერდნენ როგორც სასულიერო, ისე საერო შინაარსის ტექსტებს;
  • სწორედ ამ მყარ საფუძველზე ამოანათეს XIX-XX საუკუნეების ცნობილმა ქალბატონებმა: ბარბარე ჯორჯაძემ თუ ეკატერინე გაბაშვილმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველმა კანონმდებელმა ქალებმა თუ მარო მაყაშვილმა…

კალიგრაფი ქალი – ეს ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია!

ნესტან ბაგაური

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება