ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ „ჯაყოს ხიზნების“ სწავლებისას ბევრ გამოწვევასა და წინააღმდეგობას ვაწყდებით. საინტერესოა, მოსწავლეები როგორ აღიქვამენ ამა თუ იმ პერსონაჟის სახეს, მათ ლიტერატურულ დატვირთვას, ზოგისთვის მისაღები, სხვისთვის მიუღებელია. მე-12 ბ კლასის მოსწავლე თათია თოდუა, ერთ-ერთი იმ მოსწავლეთაგანია, გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, მარგოს დაცვას რომ შეეცადა. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ის ევროკავშირის ელჩია და, ამავდროულად, ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის უვადო წევრი 2023 წლიდან, აქტიურადაა ჩართული აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობაში, თანამშრომლობს პაკისტანელ აქტივისტ მებრძოლ ქალთან, ანილა ბუხართან, გამოირჩევა განსხვავებული ხედვებითა და საბრძოლო სტრატეგიით. თათიამ, ამჯერად, წერილობით შემოგვთავაზა თავისი დამოკიდებულება მიხეილ ჯავახიშვილის უნიკალური პერსონაჟის მიმართ.
მაია გვიჩია – სსიპ ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
♦♦♦
თათია თოდუა
მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც მკითხველს აცნობს რთულ და წინააღმდეგობებით სავსე ქართულ რეალობას. ამ ნაწარმოებში მთავარი თემაა პიროვნული ღირსების შელახვა, ძალადობა და უსამართლობა, თუმცა, ყურადღების ცენტრშია ქალის მდგომარეობაც იმ ეპოქის საქართველოში. მარგო, „ჯვარცმული ანგელოზი“, რომელიც წარმოდგენილია, როგორც ქალური სილამაზითა და ღირებულებებით გამორჩეული ადამიანი, უმძიმესი გარემო ფაქტორების წინაშე აღმოჩნდება. მარგარიტა ყაფლანიშვილი თეიმურაზმა მაშინ გაიცნო, როდესაც იგი დაკავებული იყო საქველმოქმედო ბილეთების გაყიდვით ღარიბი მოსწავლე ქალების სასარგებლოდ. აქ იკვეთება, რომ მარგო, სიცოცხლით სავსე ადამიანი, მე-20 საუკუნის ბნელ საქართველოში, სხვის დახმარებას ცდილობდა, განსაკუთრებით ქალების. მე-20 საუკუნის ქართველი ქალები მუდამ ცდილობდნენ, წვლილი შეეტანათ საქართველოს პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მაგალითად, ბარბარე ერისთავი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქალთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე საჯაროდ ალაპარაკდა. ქალთა თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია 1893 წელს „კვალში“ გამოქვეყნებული მისი წერილი „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“; საინტერესოა, ასევე, ოლღა გურამიშვილი, რომელიც 1895-1906 წლებში ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას თავმჯდომარეობდა, ხელმძღვანელობდა ქართველ ქალთა ჭრა-კერვის სკოლას, უანგაროდ ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას.
რეალურად, იმ დროისთვის, არიან ქალები, რომლებიც ცდილობენ წვლილი შეიტანონ საქართველოს განვითარებაში, მაგრამ მარგო?!
მარგო ქალია, სუსტი სქესის წარმომადგენელი, მას სჭირდება დაცვა! მაგრამ ვინ გვევლინება მის დამცველად?! სამართალი? საზოგადოება? უნიათო თეიმურაზი თუ სულმდაბალი ჯაყო? მას არავინ ჰყავს მფარველი… უნდა ისიც აღინიშნოს, რომ თეიმურაზის როლი მარგოს მოჯამაგირედ ქცევაში საკმაოდ დიდია. თეიმურაზის დამოკიდებულება, ქცევები და სამოქმედო სტრატეგია მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც, საბოლოოდ, მარგოს „ფერისცვალების“ წინაპირობა ხდება. დროთა განმავლობაში, დაქორწინების მერე, მარგოს ქურუმი გაცვდა… უხატო მარგოსაც ყველაფერი მოსწყინდა და მობეზრდა: უხალისო სიცოცხლეც, უცეცხლო თეიმურაზიც, მისი მჩატე ნააზრევი და მუდმივი ფუსფუსი. უნიათო თეიმურაზი, სახლში ყოფნისას, სადილს ისე დაასრულებდა, რომ მეუღლეს ორიოდე სიტყვასაც არ ეტყოდა, ზოგჯერ მარგო გაზეთ-ჟურნალებში ჩაწოლილ თუ თავჩარგულ თეიმურაზს მიუჯდებოდა და ბაასის გაბმას ლამობდა, მაგრამ თეიმურაზს არ ეცალა. მარგო მუდამ ცდილობდა, ქმარი მოეგლიჯა ამ უთავბოლო დაუსრულებელი საქმიანობისთვის, რათა მცირე დრო მაინც დაეთმო მისთვის, მაგრამ ბრძოლა უშედეგო იყო. უშედეგო იყო კარმენის არიის შესრულება, ბეთჰოვენის სიმფონიის დაკვრა ან თუნდაც უზუნდარას ჩამოვლა. მარგო, თეიმურაზთან თანაცხოვრების დროს, გახდა უფუნქციო ადამიანი, მას არ ჰქონდა არანაირი მოვალეობა, დედაც ვერ გახდა. თეიმურაზმა კი ყველა უფლება და ფუნქცია მშვიდად ჩამოართვა მეუღლეს. მაგრამ მხოლოდ თეიმურაზი როდია დამნაშავე! მარგოს ცხოვრებაში მთავარი გარდატეხა ხდება, როდესაც ის ჯაყოსთან, როგორც დამპყრობელთან და დამამცირებელთან, იწყებს ურთიერთობას. ჯაყო ამ საზოგადოებაში სიმბოლოა „მოყვრულად მოსული მტრის“ ძალაუფლების წყურვილის, ცბიერებისა და ბნელი ძალის, რის გამოც მარგო იძულებულია, მას დაემორჩილოს. საბოლოოდ, მარგოს კეთილი იმედები გაუცრუვდა და ისევე, როგორც ჯაყოს სხვა ცოლები, ისიც შეაბეს მონობისა თუ დამცირების უღელში.
მარგო, სიცოცხლით აღსავსე მშვენიერი ქალი, ჯაყომ ლაქიად აქცია.
მარგოს მაგალითზე ჩანს, რომ საზოგადოებაში ქალს უჭირს პიროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვება. მას უწევს, იყოს მორჩილი და იძულებულია, თავის გადასარჩენად, ლუკმა-პურისთვის, იმიტომ რომ წასასვლელი უკვე არსად აქვს, დაექვემდებაროს მოძალადე ჯაყოს, რომელიც მას ქალისთვის შეუფერებელ ვალდებულებებს აკისრებს.
ძალადობა მისი ცხოვრებიდან, პრაქტიკულად, არასოდეს ქრება და მუდმივად ახლავს მის პერსონაჟს. მარგო განიცდის ფიზიკურ და მორალურ ძალადობას, რომელიც მას არჩევანის გარეშე ტოვებს. უფლებათა დისბალანსი და ძალადობა მისი ცხოვრების მთავარი კომპონენტია. მარგოს პერსონაჟი ნათელი მაგალითია თავისუფალი ადამიანის მონად ქცევისა, უსამართლო საზოგადოებაში ადამიანის აბსოლუტური გადაგვარებისა. მარგო პროტესტს აცხადებს ჯაყოობის წინააღმდეგ, თუმცა უძლურია და ამიტომ ემორჩილება მას. მაგრამ ამ ნაწარმოებში მხოლოდ მარგოა ჩაგრული ქალი პერსონაჟი?! ჯაყო ძალადობს ყველაზე და თავისი ველური ბუნებით ყველას „წამლავს“. ერთ-ერთი მსხვერპლი ნინაა, ჯაყოს ცოლი, რომელსაც უწევს გაუმკლავდეს მძიმე, ქალისთვის შეუსაბამო საქმეს.
ძალადობის სურათები, „ჯაყოს ხიზნებში“ აღწერილი, თანამედროვე მკითხველს იმით ეხმიანება, რომ გვახსენებს ქალების ძალადობრივ ისტორიებს და ხშირად არსებულ უთანასწორობას. მარგოს ისტორია — მისი უძლურება ჯაყოს ძალადობრივი პიროვნების წინაშე — ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორი უმწეო და მორჩილ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ქალები ადრე. ქართული ლიტერატურა, მართალია, მოზომილად, მაგრამ მაინც აღწერს ასეთ უუფლებო ქალებს. არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ღარიბი გლეხის ქალი, სიყვარულის სახელით დაჩაგრული ეთერი, ხალხური ზღაპრიდან „ეთერიანი“, რომელსაც არც უფლისწულმა აბესალომმა ჰკითხა, უნდოდა თუ არა მას დახარბებულ მურმანთან ცხოვრება და მშვიდობით გადაულოცა „ერთგულ“ მსახურს. შედეგად, ტანჯულმა ქალმა სანატრელ სატრფოს თავი შესწირა… არც მარიტას გახსენება იქნებოდა ამავე კონტექსტში უადგილო, მზის ნაწილისა და ბროწეულის ყვავილის დარის, უნდო და ბნელ შეთეს რომ მიათხოვა გაბოროტებულმა ბებიამ, მერე კი დაუნდობლად ჩაქოლა სოფელმა ისე, რომ არც ჰკითხა რამე, თავის გამართლების საშუალებაც არ მისცა… წმინდა შუშანიკ დედოფალიც უუფლებო ქალი აღმოჩნდა, ვარსქენმა არაფერი ჰკითხა, სურდა თუ არა მის გადაწყვეტილებას დაქვემდებარებოდა, სურდა თუ არა, ჭეშმარიტებისთვის ექცია ზურგი და უღმრთოებს შეერთებოდა და მაინც… დრო გადის და, მიუხედავად პროგრესისა ქალთა უფლებების დაცვასა და თანასწორობის განვითარებაში, ძალადობა და უთანასწორობა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. მარგოს ისტორია შეგვახსენებს, რომ წარსულის სოციალური პრობლემები შეიძლება დღევანდელობაშიც არსებობდეს, თუმცა, სხვადასხვა ფორმით. თანამედროვე სამყაროში ქალები უფრო მეტად არიან საკუთარი უფლებების დაცვის გზაზე, კანონებიც მეტი თანასწორობის გარანტიას აძლევს მათ, თუმცა გენდერული ძალადობა, ეკონომიკური და სოციალური ბარიერები კვლავაც გამოწვევად რჩება.
მარგოს ამბავი მოწოდებაა, რომ ქალები და საზოგადოება არ უნდა დასთანხმდნენ და შეეგუონ ძალადობრივ გარემოსა და მოძალადეებს. მარგოს მაგალითი შეგვახსენებს, რომ ყველა ქალი იმსახურებს დაცვას, პატივისცემას და მხარდაჭერას. საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რადგან არავინ იცის, მარგოსავით, დღესაც რამდენი წერს გონებაში ხევისთავების საძინებლის კედელზე ემოციურ სიტყვებს: „ვნახე, განვიცადე, მწამდა, ვსტიროდი“…