ნინო უგრეხელიძე
სსიპ აკაკი ჩხენკელის სახ. ქ. ხონის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, მაგისტრის ხარისხი
ქალის, როგორც დაუცველი და სუსტი არსების, პრობლემა ლიტერატურაში მეტად აქტუალურია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ აისახა ქალთა სახეები ლიტერატურაში, როგორები იყვნენ ისინი კლასიკოსთა ნაწარმოებებში, რა ადგილი უჭირავთ ადამიანთა ცნობიერებაში. ქართული ლიტერატურის პირველივე ძეგლი – „შუშანიკის წამება“ ამ პრობლემას ეხება, საკითხი მეხუთე საუკუნეშიც და დღესაც ერთნაირად აქტუალურია. დედოფალი შუშანიკი, მოძალადე ქმრისაგან ნაცემი და ნაწამები, თანასწორ სამყაროზე ოცნებობს, სადაც არ იქნება მიკერძოება და შეძლებს იყოს თავისუფალი, თუმცა ასეთი ადგილი მხოლოდ ზეცაში ეგულება. თხუთმეტ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ და დღესაც ჩვენ თვალწინ კლავენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები ქალებს, რომელთა ქმედება სისუსტე უფროა, ვიდრე ძლიერება.
დასამალი არ არის, რომ ბევრი ლიტერატურული შედევრი მასკულინურია და ხელს უწყობს იმ აგრესიას, რომელიც შესაძლოა კაცებს ჰქონდეთ ჩვენს საზოგადოებაში. ქალი ლიტერატურაში იშვიათადაა წარმოდგენილი, როგორც თავისთავადი ოდენობა და სიდიდე, ქალი ხშირად აღწერილია, როგორც კაცების პრობლემის ნაწილი. ამ აზრის ნათელსაყოფად შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიმე ნაწარმოები, რომელშიც ასახულია ქალის პრობლემა, ავტორი თანაუგრძნობს მას. იგი არ არის მოძალადისა და ქალის მტრის მხარეს, მაგრამ ქალის სახე არ არის გახსნილი, ნაჩვენებიც კი არ არის რა განიცადა, რადგან უფრო მნიშვნელოვნადაა მიჩნეული კაცების რეაქცია იმაზე, რაც მოხდა. ამ მხრივ, ქართულ ლიტერატურაში განსხვავებული სურათია, არიან მწერლები, რომლებიც იმ ქალებზე ფიქრობენ, რომლებსაც სული სტკივათ და არიან მწერლები, რომლებიც არ ფიქრობენ, უბრალოდ, სიბრალულს გამოხატავენ მათ მიმართ.
მაგალითისთვის გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“, რომელშიც აღწერილია თამროს ბედუკუღმართი ისტორია – მას შემდეგ, რაც მასზე იძალადებენ, ქალი თავისი ცხოვრების ვექტორს ცვლის. მართალია, გაბრიელი შურს იძიებს და დათიკოს მოკლავს, თუმცა ქალის ბედი არათუ შემსუბუქდება, არამედ ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცევა… არა იმიტიმ, რომ მასზე იძალადეს, არამედ იმიტომ, რომ გაბრიელისთვის იგი სხვა, მიუღებელი ქალი გახდა, რადგან მისთვის ქალი, რომელზედაც იძალადეს, გატეხილი სხეულია, გატეხილი ფიგურაა, აღარ არის მრთელი ადამიანი. თამროს მიმართ ძალადობის უცნაურობა ის არის, რომ გაბრიელისთვის ხდება არასრულყოფილი, გაფუჭებული კედელი, რომელიც დაანგრიეს და გატეხეს. იმის მაგივრად, რომ გაბრიელს ჰქონოდა იმდენი ქრისტიანული ძალა, თავისი სიყვარული დაებრუნებინა, ხელი გაუშვა და დაცემის საშუალება მისცა. თამრო, რომელიც წმინდანია, გაბრიელისთვის ის თამრო აღარ არის, ძალადობის შემდეგ. ამ ნაწარმოების ტრაგიზმიც ამაში მდგომარეობს. ქართულ ლიტერატურაში ქალს, ძირითადად, ორი სახე აქვს მორგებული – წმინდანის ან დაცემულის. იშვიათია, ქალს ჰქონდეს ქალის როლი, არასოდეს არ არის ის, რაც სინამდვილეშია.
წმინდანობაცა და დაცემულობაც არ შეიძლება იყოს ადამიანის მუდმივი მდგომარეობა, ერთიცა და მეორეც რაღაც ეტაპზე მიიღწევა, არავინ იბადება არც მეძავად და არც წმინდანად, ძალიან რთული გზაა გასავლელი თითოეულ მათგანამდე, არ არის ადვილი. ამიტომაც არსებობს ქართულ ლიტერატურაში, ერთი მხრივ, შუშანიკი და, მეორე მხრივ, თამრო – ყველასაგან უარყოფილი, გათელილი და მოძულებული ქალი.
აკაკი წერეთლის პოემაში „გამზრდელი“ ნაზიბროლა ძალადობის მსხვერპლია, თუმცა მისი გრძნობები, მისი ბედი ავტორსაც არ აინტერესებს, იგი საშუალებაა, მამაკაცებმა ერთმანეთს უთხრან სათქმელი. ნაზიბროლა, თავისი პრობლემით, თავისი შეურაცხყოფით, განზე დარჩა, თითქოს ლიტერატურის გაღმა ნაპირზეა, ავტორს უჭირს თქმა, რომ ქალიც ადამიანია. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ეკატერინე გაბაშვილი და ბარბარე ჯორჯაძე, თავიანთი შეგნებით, ქალთა უფლებების გაზრდასა და დაცვას ემსახურებოდნენ, რათა ისინი ყოფილიყვნენ ძლიერები და მებრძოლები.
ქართულ ლიტერატურაში აღაზა (სტუმარ-მასპინძელი) უიშვიათესი ფიგურაა, რომელიც მოქმედებს თავისი გონებით და არა როგორც ჯოყოლას ცოლი, იგი არ არის დეკორაცია, ის ქალების ალუდა ქეთელაურია და არ არის დანახული როგორც „ფეხსაცმელი გალიაში“, აღაზა თავისუფალია, იგი თავად მოქმედებს.
აღსანიშნავია ქართველი გენიოსის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ხედვა ქალის მიმართ. მან თქვა, რომ ქალი მშვენიერია, როგორც სულიერი არსება, მან ქალს წაართვა დეკორატიულობა. ლექსში „რად ჰყვედრი კაცსა ბანოვანო პირუმტკიცობას“ ნათქვამია, რომ ქალის სილამაზე, რომელიც ასე აღგვაფრთოვანებს, ბათქაშია, კედელია, ფრესკაა, რადგან ამის უკანაა ქალი. გარეგნული სილამაზე დაჭკნება, როგორც ყვავილი, მარადიული სილამაზე მხოლოდ სულის შეიძლება იყოს (ოსკარ უაილდმა თქვა, რომ ქალი გენიის განსაკუთრებული სახეობაა იმიტომ, რომ მას გაგება არ სჭირდება).
რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურის მთავარი ადამიანიც, რუსთაველი, იმ აზრზეა, რომ ლეკვი ლომისა სწორია. პოემაში ნესტანი არავისი დეკორაცია არ არის. ნესტანი და თინათინი არ არიან ლამაზი კედლის ან მუსიკალური გაფორმების ფუნქციის შემსრულებლები კაცების საქმეებში.
ჩვენს კულტურაში არის გენდერული პოტენციალი, მათ შორის ლიტერატურაში. თუმცა, ახალი თაობა ვერ სწავლობს იმ ლიტერატურას, რომლითაც გაითავისებს, რომ ხელი არ უნდა აღმართოს ქალზე. ქართულ ლიტერატურაში არის პერსონაჟი, რომელიც ჩვენი მთავარი სახეა მთელ მსოფლიოში, ჩვენ მსოფლიოს თავი დავამახსოვრეთ მაგიური, ფანტასტიკური ქალებით, რომლებიც აღაშფოთებენ მსოფლიოს და ჩვენც, მაგრამ ისინი სწორედ გენდერული თანასწორობის ქალები არიან, არავის დეკორაციები არ არიან, პირიქით, თვითონ არიან ინტენციები, იდეები. ჩვენ კირკეს და მედეას სამშობლო ვართ, თუმცა, ძალიან ამბივალენტურია დამოკიდებულება მედეას მიმართ. მან თვითონ მიიღო ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის ისეთები, რომლებიც არ უნდა მიეღო, მაგრამ მედეა არ არის არც თავისი მამის სათამაშო, სწორედ ეს არის ის, რითაც ის გვხიბლავს.
ჩვენი კულტურა ვალშია ამ პრობლემის წინაშე – როცა პრობლემამ თავი იჩინა, ჩვენმა კულტურამ აჩვენა მხოლოდ „ცუდი კაცები“ და თავისი თავის დამცველი ქალები, რომლებმაც შეგვაშინეს, ჩვენმა კულტურამ ვერ გვაჩვენა ქალები, რომლებიც იბრძვიან და იმარჯვებენ. ჩვენი ლიტერატურის ქალები მარცხდებიან ამ ბრძოლაში, ერთადერთი ქალი, რომელიც არ დამარცხდა (მართალია მოკვდა), არის აღაზა. დანარჩენ შემთხვევაში იყვნენ საშიშები – დაუმარცხებელი კირკე, დაუმარცხებელი მედეა… ჩვენ გვჭირდება ასეთი სიმბიოზი: დაუმარცხებელი მედეა და კეთილშობილი თამრო, გვინდა, რომ შეურაცხყოფას არ მოჰყვეს აუცილებელი გადაგვარება, რადგან შეურაცხყოფა არ არის დიდი საშინელება, ჩვენ გვინდა მებრძოლი ქალები. გვინდა ნაწარმოები, სადაც შეიძლება ქალს რაღაც შეემთხვეს, მაგრამ იგი შეძლებს თავის თავში იპოვოს ძალა და არ გავიდეს წითელი ხაზის გარეთ, არამედ დარჩეს ძირითად მეინსტრიმში, იბრძოლოს და გაიმარჯვოს, რადგან ადამიანი არა მარტო გაუძლებს, არამედ გაუძლებს და გაიმარჯვებს. აი, ასეთი ლიტერატურა გვჭირდება დღეს.
ვფიქრობ, შეიქმნება ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც გამოიწვევს განათლების სისტემაში სიახლეების შეტანას, რაც, ათეული წლის შემდეგ, გამოავლენს თავის შედეგს მოზარდთა ცნობიერებაში, მათ ქმედებაში, რადგან საქართველოში და მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა: ბოლოს და ბოლოს, ვაღიარებთ თუ არა ჩვენ ერთმანეთის უფლებებს, ქალი გათავისუფლდება თუ არა?!