დავით ჭანტურია
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის №5 საჯარო სკოლის Xა კლასის მოსწავლე
ჰაგიოგრაფია, როგორც მწერლობის ჟანრი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რელიგიურ და კულტურულ სივრცეში. იგი წმინდანთა ცხოვრებისა და მათი ღვაწლის აღწერით არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ ისტორიულ ჭრილში გადმოსცემს ეპოქის მსოფლმხედველობასა და ღირებულებებს. სტატიის მიზანია, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და შთაბეჭდილებები ამ ჟანრის შესახებ, დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება მივუდგეთ ჰაგიოგრაფიას და როგორ შეუძლია ამ ტექსტებს დაგვეხმაროს წმინდანთა ცხოვრების, ისტორიული რეალობებისა და სულიერი ფასეულობების უკეთ გაცნობაში. პირველ რიგში, მინდა შევეხო საკითხს, რა მოლოდინები მქონდა ჰაგიოგრაფიის მიმართ და რამდენად გამართლდა ეს ყველაფერი; რა წარმოდგენა მქონდა ჩემთვის სრულიად უცნობი მწერლობის ამ დარგზე და რა ცოდნა მქონდა მისი მახასიათებლების შესახებ.
სიმართლე რომ ვთქვა, ყოველთვის მქონდა სურვილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შესწავლისა, მაგრამ გარკვეულწილად ვუფრთხოდი ამ თემას. ჩემი შიში, ალბათ, ნაწარმოებების სირთულით იყო გამოწვეული. ხშირად მსმენოდა უფროსკლასელი მოსწავლეებისგან თუ მასწავლებლებისგან, რომ ჰაგიოგრაფიული ტექსტები რთული და ძნელი გასაგები იყო. არაერთი სიუჟეტი და დისკუსია მინახავს სატელევიზიო არხებზე, სადაც პროფესორები და ფილოლოგები მსჯელობდნენ იმაზე, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა, მაგალითად: „შუშანიკის წამება“, „აბო თბილელი“ და სხვ. ყოველთვის მიკვირდა, თუ რატომ იწვევდა ეს თემა ასეთ გამოხმაურებას. დროთა განმავლობაში ჩემი დაინტერესება იზრდებოდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გარკვეული შიშიც მქონდა სიახლეების მიმართ. მეგონა, წინ უამრავი ბარიერი და გადაულახავი სირთულე მელოდა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ჩემს შიშს ამ თემის მიმართ.
მეათე კლასში, მიზნად დავისახე, რომ ჰაგიოგრაფიის შესწავლას დიდ დროს დავუთმობდი და ყველა უპასუხო შეკითხვაზე ვიპოვიდი პასუხს.
ჩემი ჰაგიოგრაფიასთან შეხვედრა იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებით“ დაიწყო. ეს არის დღემდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურის ძეგლი. ჰაგიოგრაფიის სტილის გაცნობისთანავე, ჩემში დიდმა ინტერესმა იფეთქა. გულმოდგინედ დავიწყე დასახული მიზნების განხორციელება. უნდა ვთქვა, რომ ისეთი ინტერესი, რაც ამ ნაწარმოებმა გამოიწვია ჩემში, არც ერთ სხვა ლიტერატურული ტექსტის მიმართ არ მქონია.
სულ უფრო მეტ ინფორმაციას ვიძენდი ჰაგიოგრაფიის შესახებ. იმისთვის, რომ „შუშანიკის წამების“ არსში საფუძვლიანად გავრკვეულიყავი, აუცილებელი იყო, კარგად შემესწავლა მწერლის ენობრივი სამყარო, მისი სტილი. სხვადასხვა წყაროდან ვეცნობოდი მასალებს და თანდათან ჩემს შეკითხვებს პასუხები ეცემოდა.
პროგრესთან ერთად, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შესწავლა სულ უფრო სასიამოვნო ხდებოდა. ადრეული შიში ახლა სიყვარულმა და ინტერესმა ჩაანაცვლა. პროცესმა იმდენად ჩამითრია, რომ წარმოვიდგენდი, თითქოს მეც იქ ვიყავი, მოვლენების თვითმხილველი, რაც, ბუნებრივია, მეტ ემოციასა და განცდას მგვრიდა.
აღნიშნული ნაწარმოები დატვირთულია ისეთი ცხოვრებისეული გაკვეთილებით, რომლებიც მკითხველს არა მხოლოდ რწმენის სიღრმეში გვახედებს, არამედ სულიერი სიმტკიცის, თავგანწირვისა და ღირებულებათა დაცვის უნიკალურ მაგალითს გვაძლევს.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა შუშანიკ დედოფლის ძლიერ და მტკიცე ხასიათს, რომელიც ტექსტის არაერთ ეპიზოდში ჩანს. სამგზის საწყალობელი და უბადრუკი ვარსქენ პიტიახში სამჯერ გაუსწორდება ფიზიკურად დედოფალს, მაგრამ შუშანიკისთვის ფიზიკური ტკივილი არაფერია სულიერ სიმტკიცესთან შედარებით. თითოეული ასეთი სასტიკი ეპიზოდი ჩემთვის ამაღელვებელი და მტკივნეული იყო. შეუძლებელია, ეს ყველაფერი სწორად წარმოიდგინო, თუ მთლიანად არ ჩასწვდები ამ ნაწარმოების სიღრმეს.
შუშანიკი არა მხოლოდ ქრისტიანული მოწამეობის იდეალის მატარებელია, არამედ მანდილოსნის განუმეორებელი მაგალითიც. მისი სიცოცხლე და თავგანწირვა სულიერ ფასეულობებზე ორიენტირებული ადამიანის სიმბოლოა. როგორც იაკობ ხუცესი აღწერს, შუშანიკი სულიერად გაბრწყინებული, მაგრამ ხორციელად დათრგუნული ქალის სახეა, რომელიც ბოლოს, პატიმრობის მეშვიდე წელს, 17 ოქტომბერს, ღირსეულად ემშვიდობება სააქაო ცხოვრებას.
წმინდა შუშანიკმა დამანახა და მასწავლა, რომ რწმენა სიმტკიცეს მოითხოვს და „სასუფეველი იიძულების“, რომ სულიერი სიმტკიცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური კეთილდღეობა, მისი რწმენის დაცვა ყოველგვარ ტკივილზე მაღლა დგას.
შუშანიკი არ დაემორჩილა ზეწოლას და ქმრის ძალადობრივ მოთხოვნებს, რაც მის დამოუკიდებლობასა და სიმამაცეს უსვამს ხაზს. მკაფიოდ იკვეთება აგრეთვე ის აზრიც, რომ ყოველ გამყიდველს სწორედ ისეთი ზიზღი და მარცხი აქვს ბოლოს, როგორიც ვარსქენ პიტიახშმა მიიღო ხალხისგან.
მეორე ჰაგიოგრაფიული თხზულება იყო იოანე საბანისძის „წმინდა აბო თბილელის წამება“. ყველამ ვიცით, რომ აბო თბილელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წმინდანია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში. ის VIII საუკუნეში ცხოვრობდა და ცნობილი გახდა, როგორც მუსლიმი მოწამე, რომელმაც მთელი არსებით შეიყვარა ქრისტე და, საჭიროებისას, მისთვის სიცოცხლეც დათმო.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, ქართლში, სარკინოზები ყველგან იყვნენ, როცა აბო ფარულად მარხულობდა, ლოცულობდა და ეძებდა ადგილს, სადაც ჩუმად მოინათლებოდა.
კითხვისას მთელი გულით ვგულშემატკივრობდი და თითქოს მეც მასთან ერთად ვეძებდი ფარულ მოსანათლ ადგილს.
ეს ნაწარმოები დატვირთულია მრავალი მტკივნეული და გულის ამაჩუყებელი ეპიზოდით, რომლებიც გვაფიქრებს, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს, ჩვენი ქვეყნის მისიაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია, ვფიქრობ, შეხვედრა მსაჯულთან. მან აბოს უთხრა:
„დაუტევე სიცოფისა განზრახვაი, და უკუეთუ ნაკლუვანებისა შენისათვის შემდგომილ ხარ ქრისტიანეთა, მე უფროისღა ნიჭი და პატივი აწვე მიგცე შენ.“
ნეტარმა აბომ კი მიუგო:
„ოქროი და ვერცხლი შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად თავისა შენისა; მე პატივსა კაცთაგან არა ვეძიებ, რამეთუ მაქუს მე ნიჭი ქრისტეისმიერი, გვირგვინი ცხორებისა და უხრწნელობისაი და პატივი საუკუნოი ცათა შინა.“
ეს სიტყვები აბოს ერთგულებასა და ქრისტესადმი სიყვარულზე მეტყველებს. მისთვის ხორციელ სიმდიდრეზე მაღლა სულიერი სიმდიდრე იდგა. იგი არ ეშურებოდა მიწიერ პატივსა და სიმდიდრეს, რამეთუ სულიერი სიმდიდრე ჰქონდა ძღვნად უფლისაგან.
აბოს წამების ამბავი გვასწავლის რწმენის სიძლიერესა და სიმტკიცეს, სულიერი ღირებულებების უპირატესობას, მიტევებასა და თავგანწირვას. მისი მაგალითი დღემდე გვეუბნება, რომ რწმენა და სიყვარული ყველაზე ძლიერი იარაღია ნებისმიერი წინააღმდეგობის დასაძლევად.
ჰაგიოგრაფიის შესწავლის პროცესში ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა იყო „აბოს ბოლო ღამის ფიქრები“, რომლის დროსაც თითოეულმა ჩვენგანმა წარმოიდგინა და გადმოსცა ის ემოციები, რაც შეიძლებოდა აბოს ეგრძნო, სასიკვდილოდ განწირულს. კიდევ ერთი აქტივობა იყო აბო თბილელის უბის წიგნაკის შექმნა, სასკოლო წიგნით შემოთავაზებული, სადაც თითოეულმა ჩვენგანმა პირველ პირში დავწერეთ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები. ამ პროცესმა აბოს ისტორია უფრო გააცოცხლა ჩვენთვის და საშუალებას მოგვცა, საკუთარი წარმოსახვით წარმოგვედგინა ისტორიული ეპიზოდები, რომლებიც წყაროებში არ გვხვდება.
აქვე მინდა ვახსენო ერთი საინტერესო საკითხი – „აბოს წამების“ შესწავლისას დაგვაინტერესა, იყვნენ თუ არა წამებულები, „მეთერთმეტე ჟამის მუშაკები“. თანამედროვეობაში, აღმოჩნდა, რომ ეგვიპტის კოპტურ ეკლესიას 21 თანამედროვე მოწამე ჰყავს, რომლებიც ლიბიელმა ტერორისტებმა აწამეს 2015 წელს, ისინი კოპტელი მეთევზეები იყვნენ. მათ შემთხვევით შეცურეს მუსლიმი ტერორისტების მიერ კონტროლირებად წყლებში, რის გამოც დაატყვევეს. ძალიან ცნობილი ფაქტია, რომ ისინი ზღვის ნაპირზე დაჩოქილები, მლოცველ მდგომარეობაში, აღესრულნენ. ამასთან დაკავშირებით ამერიკული ფილმიც ყოფილა გადაღებული, სახელწოდებით „მუქარა“ (ფოტოს აქვე დავურთავ).
ჩვენ საშუალება მოგვეცა, ონლაინ ჩართვა მოგვეწყო ფილოლოგ ოქტაი ქაზუმოვთან, განვიხილეთ მისი წერილები „აბოს ღალატი“ და „ჰაგიოგრაფიის სწავლებისათვის“. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში არ დავეთანხმეთ ავტორს, ვფიქრობ, საინტერესო დიალოგი შედგა, რითაც ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა კამერის მიღმა. „წამებანის“ დასრულების შემდეგ კი, V-X საუკუნეების პერიოდში დაწერილი ქართული ნაწარმოებები: „ევსტათი მცხეთელის წამება“ და „კოლაელი ყრმების მარტვილობაც“ აღმოვაჩინეთ, რომელთა შესახებ მასწავლებელმა გვიამბო.
აქვე მინდა, მოკლედ, გიორგი მერჩულის „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზეც“ ვთქვა, ის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია საქართველოს საეკლესიო და კულტურული ისტორიისთვის. გრიგოლ ხანძთელი, ქართველი საეკლესიო მოღვაწე და ბერი, სათავეში ედგა სამხრეთ საქართველოში სამონასტრო ცხოვრების გაძლიერებასა და სულიერ-კულტურული საქმიანობის განვითარებას.
ამ ნაწარმოების გაცნობისას აღმოვაჩინე ისეთი ელემენტები, რომლებიც ჰაგიოგრაფიისთვის ნაკლებად დამახასიათებელია. ცნობილია, რომ ამ ჟანრის ტექსტებში ყურადღება, ძირითადად, წმინდანის სულიერ მხარეზე, პიროვნულ სიმდიდრესა და სიწმინდეზე მახვილდება. თუმცა, „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ეს პრინციპი ტექსტის დასაწყისშივე ირღვევა, რადგან აღწერილია გრიგოლის ფიზიკური გარეგნობა, შემოდის რომანული ეპიზოდები, რაც აქამდე არსებული ჰაგიოგრაფიული თხზულებებისთვის უჩვეულოა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებში, ზოგან, არ არის დაცული ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, რაც ტექსტს განსხვავებულ ელფერს სძენს. ეს, თავისთავად, უფრო საინტერესოს ხდის მას. უნდა ვთქვა, რომ „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ დიდად მომხიბლავი აღმოჩნდა და, რაც მთავარია, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.
მოსწავლეების მიერ ნაწარმოების უკეთ გაგების მიზნით, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ჩატარდა მრავალი შემეცნებითი აქტივობა. ვეცნობოდით სხვადასხვა ვიდეოკოლაჟს, რომელიც ნაწარმოების შესახებ საინტერესო და აქამდე უცნობ ინფორმაციას გვაწვდიდა. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აქტივობა იყო ქვიშით გადმოცემული ისტორიის ნახვა, როცა მხატვარმა, ჩვენ თვალწინ, ქვიშით გააცოცხლა ნაწარმოების მთავარი ეპიზოდები. ამ ტიპის და სხვა აქტივობებმა ხელი შეგვიწყო ტექსტის არსის უკეთ გააზრებასა და მასში გადმოცემული ემოციების განცდაში.
გრიგოლმა თავისი სიცოცხლე არა მხოლოდ სარწმუნოების დაცვას მიუძღვნა, არამედ განათლებისა და კულტურის განვითარებას. მის მიერ დაფუძნებული მონასტრები, განსაკუთრებით ხანძთის მონასტერი, საქართველოს სულიერ და კულტურულ ცენტრებად იქცა.
ბოლოს კი, მსურს პასუხი გავცე ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს: უნდა ისწავლებოდეს თუ არა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები სკოლაში.
ჩემი აზრით, ასეთი ტიპის ნაწარმოებები სასკოლო პროგრამის ფარგლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. ჰაგიოგრაფიას, ანუ წმინდანთა ცხოვრების აღწერის ლიტერატურულ ჟანრს, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ქართულ კულტურაში. იგი არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი საშუალება იყო. ქართველი წმინდანების ცხოვრებისა და ღვაწლის აღწერა ყოველთვის ხელს უწყობდა ქრისტიანობის, როგორც ეროვნული იდენტობის, საფუძვლის გაძლიერებას.
ვფიქრობ, პრობლემა, რომელსაც მასწავლებლები და პროფესორები განიხილავენ, ამ ნაწარმოებების სირთულეში არ მდგომარეობს. მთავარი გამოწვევა ისაა, თუ როგორ უნდა შეასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეს ჰაგიოგრაფია ისე, რომ გაუღვიძოს ინტერესი და სიყვარული ამ ჟანრის მიმართ. მთავარი პრიორიტეტი როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვის, არის სწავლების ფორმა – „ასწავლო რთული მარტივად“, როგორც ამას ჩემი ქართულის მასწავლებელი იტყოდა.
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლის პროცესმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს როგორც ეროვნულ-კულტურული თვითშეგნების, ასევე ღრმა სულიერი ღირებულებების განვითარებაში. ვფიქრობ, ჰაგიოგრაფია ის თავშესაფარია, რომელსაც შეგნებული ცხოვრების მანძილზე ადამიანი მრავალჯერ უნდა მიუბრუნდეს, რათა წუთისოფლის სირთულეების გადალახვისას ხელახლა აღმოაჩინოს აქ საჭირო კითხვებზე პასუხები.
P.S. კლასში ერთგვარი გამოკითხვა ჩავატარე, რომელ ნაწარმოებს ანიჭებდნენ ჩემი მეგობრები უპირატესობას, შედეგები – დიაგრამაზე: