რუსუდან ტყემალაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი:
ცხადია, ცხელი ზაფხული გელოდებათ, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ, პირველ რიგში, იმით, რომ ჩვენი გამოცდა არის ადეკვატური თქვენ მიერ მიღებული ცოდნისა სკოლაში და ვფიქრობ, კარგი მომზადების პირობებში, თქვენ არ უნდა გაგიჭირდეთ ამ გამოცდის ჩაბარება.
ჩვენი ტესტი ოთხივე ენაში არის ზუსტად ერთნაირი. ტესტი შედგება შვიდი ნაწილისგან, აქედან ერთი არის მოსმენის დავალება, ამით იწყება ტესტი. მოსმენის დავალება გრძელდება, დაახლოებით, 10 წუთი. ამ ათ წუთში შედის როგორც პაუზები, მოფიქრების დროს აუცილებელი, ასევე ორჯერ გამეორება ტექსტისა და ამ ორჯერ გამეორებას შორის პაუზა, თავად მოსმენის ტექსტი ძალიან გრძელი არ არის. მას მოსდევს 8 დახურული სახის კითხვა. მინდა ყურადღება გავამახვილო და თქვენც გთხოვოთ, ვარჯიშისას, ამას მიაქციოთ ყურადღება, რომ კითხვებზე პასუხობთ არა მოსმენის შემდეგ, არამედ მოსმენისას. ეს არ არის მეხსიერების ტესტი, ეს არის სწორედ მოსმენის უნარის შესამწმებელი ტესტი. ანუ თქვენ უსმენთ ტექსტს, ეკრანზე გამოდის შეკითხვები, მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი, ირჩევთ ერთ-ერთ სწორ პასუხს და ნიშნავთ. ჩანაწერი არის ძალიან კარგი, შეგიძლიათ კომპიუტერში ნახოთ შარშანდელი ჩანაწერი. ჩვენი მხრიდან ხარისხი არის უზრუნველყოფილი. თუმცა, საგამოცდო სივრცეში თუ რაღაც ხმაური შემოდის ან რაღაც დისკომფორტი გაქვთ მოსმენაში, თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ თავიდანვე უთხრათ თქვენს დამკვირვებელს, ვინც არის საგამოცდო სივრცეში და ამას მიაქცევენ ყურადღებას. შემდეგ უკვე ამის გათვალისწინება აღარ მოხდება.
შემდეგი ხუთი დავალება არის: წაკითხულის გააზრება, სიტუაციური დიალოგის დალაგება, ლექსიკა, გრამატიკა – ეს ყველა დახურული სახის კითხვებია, თითოეულ სწორ პასუხს ენიჭება ერთი ქულა. გთხოვთ, ნუ იჩქარებთ, კარგად წაიკითხეთ ტექსტი, შეკითხვები ტექსტთან დაკავშირებით; ლექსიკური დავალება შედარებით უფრო რთულია იმიტომ, რომ კონტექსტი უნდა გაიაზროთ ტექსტისა. შეიძლება რაღაც სიტყვა იცოდეთ, დაუშვათ, ან რაღაც გრამატიკული კატეგორია, მაგრამ, როგორ ჩასვამთ მას, ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
მეექვსე დავალება არის სიტუაციური დიალოგი, ვთქვათ, გამოტოვებული წინადადებები კონტექსტუალურად სწორად უნდა ჩასვათ. აქაც გთხოვთ, ისევ და ისევ, მთლიანი კონტექსტი გაითვალისწინოთ – რაზეა საუბარი, სად უფრო ადეკვატურია ეს პასუხი დასმულ შეკითხვაზე. ეს, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო და კარგი დავალებაა ენობრივად.
ესე
თემა არის თექვსმეტქულიანი და სწორდება შეფასების ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით. ყველა თემას ასწორებს ორი გამსწორებელი და თუ პირველ და მეორეს შორის არის ქულობრივი განსხვავება, ეს ნაწერი მიდის მესამე გამსწორებელთან. 120-170 სიტყვაა სტანდარტი.
!!! მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ პასუხების ფურცელზე გამოყოფილი იქნება თხზულების ჩასაწერი ადგილი (უჯრა). გამოყოფილი ადგილის გარეთ დაწერილი ტექსტი არ გასწორდება. სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა რჩება 170.
მე გირჩევთ, ნუ გადააჭარბებთ ძალიან სიტყვების რაოდენობას. შეიძლება შეგიძლიათ დაწეროთ უფრო მეტი ამ თემაზე, მაგრამ, ამ შემთხვევაში, რაც მეტს წერთ (რაც არ უნდა კარგი მოსწავლე და აბიტურიენტი იყოთ), მით უფრო, ბუნებრივია, უცხო ენაა და ბევრ შეცდომას უშვებთ. ჩვენ ჩარჩო გავაკეთეთ პასუხების ფურცელში და ამ ჩარჩოში ჩაატევთ თქვენს ფიქრებსა და პასუხს, ასე ვთქვათ, ამ თემაზე. მოცემულია დებულება, რაღაც მოსაზრება, ვთქვათ, საინტერესო საკითხი და თქვენი პირადი აზრი უნდა გამოთქვათ ამასთან დაკავშირებით.
მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ფასდება თქვენი პირადი აზრი, დაზეპურებული, მზად მოტანილი კონტენტი, ანუ შინაარსი არ მიიღება, ძალიან ცუდად შეფასდება. თქვენი გულწრფელი აზრი, ასე ვთქვათ, თქვენი განწყობა ამ საკითხის მიმართ, თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება ჩააქსოვეთ თემაში და მერწმუნეთ, უფრო კარგ და მაღალ ქულას მიიღებთ.
რჩევები:
⇒ ტრადიციული მოთხოვნაა, უკვე რამდენი წელია, თუმცა, მაინც არის ხოლმე გაპარული შემთხვევები, რომ აბიტურიენტები წერენ სახელს და გვარს. ჩვენთან, ტრადიციულად, სახელის და გვარის მითითება ითვლება მინიშნებად და არ ფასდება ეს კონკრეტული ნაწერი, არა მთლიანად ტესტი. ხანდახან გვეკითხებიან, რომ დავწერო ილია ჭავჭავაძე ან უილიამ შექსპირი – კი ბატონო, მიუთითეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს ძალიან კონტექსტუალურად განპირობებული, თუ რატომ მოგყავთ დავუშვათ ამა თუ იმ ადამიანის ციტატა.
⇒ ძალიან გთხოვთ მეგობრებო, ყურადღებით წაიკითხოთ სპეციალურად მომზადებული კრებული ოთხივე ენაში, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა თქვენთვის, რომ უკეთ გაეცნოთ საგამოცდო ფორმატს, შეფასების კრიტერიუმებს. გარდა ამისა, ამ წლების განმავლობაში, ჩვენ დაგვიგროვდა უამრავი ტესტი, ყველა ქვეყნდება თავისი ჩანაწერებით. ასე რომ, აუცილებლად ძალიან კარგად უნდა იცნობდეთ საგამოცდო დროს, რომელიც არის ორსაათნახევრი, ფორმას, დავალებების რაოდენობას და ჩვენი ძველი ტესტები ამაში დაგეხმარებათ. ასე რომ, გთხოვთ, ივარჯიშოთ ამაზე. ასევე ივარჯიშოთ თქვენი პასუხების გადატანაზე პასუხების ფურცელზე. ტექნიკური მხარე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შინაარსობრივი მხარე და გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისიწინოთ.
გისურვებთ წარმატებას!