მელანო კობახიძე
საბჭოთა კავშირში, 1978 წელს, გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორმა, არჩილ სულაკაურმა ლევან ბოლქვაძის ერთადერთი წიგნი „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ გამოსცა. ისეთი წიგნის გამოცემა, რომელიც ამხელდა ავტორიტარულ რეჟიმებს, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, საბჭოეთს, მაშინ ძალიან საშიში და საფრთხილო საქმე იყო.

სიმბოლურია, რომ პირველად ეს წიგნი დღის სინათლეზე გამოიტანა იმ მწერალმა, რომელმაც „სალამურას თავგადასავალი“ დაწერა. ვინ, თუ არა სალამურას ავტორმა იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საუბარი სიკეთესა და ბოროტებაზე და მათ შორის არსებულ უდიდეს განსხვავებაზე; რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა, სალამურასავით მამაცი გმირების გამოძერწვა და მათი საგმირო საქმეების მკითხველამდე მიტანა; და რამდენად მნიშვნელოვანი იყო წიგნი, რომელშიც პერსონაჟები სამართლიანობის აღსადგენად ყველაფერს გაიღებდნენ.
სიმბოლურია ისიც, რომ ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ მწერლის ერთადერთი წიგნია, რადგან მწერალმა საბჭოეთში უმძიმესი ცხოვრება გამოიარა. ლევან ბოლქვაძე 21 წლის ასაკში უკვე პოლიტპატიმარი იყო. მან რვა წელი ლაგერში გაატარა. სწორედ ასეთი ქვეყანა იყო საბჭოეთი, და საბჭოეთი ძალიან ჰგავდა წიგნში აღწერილ მეფე ჩიგიდის ქვეყანას.
ნაწარმოებში არის ერთი საინტერესო მონაკვეთი: ციხე ხდება ერთადერთი ადგილი, სადაც ყვავილების გახარება ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუ მწერლის მინიშნებებს გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ მეფე ჩიგიდის ქვეყანაში ყველა ყვავილი დაჭკნა, ცომი აღარ ამოდის, ვერაფერი ცოცხლობს და ვერ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას. ესაა საუკეთესო ნიშანი იმისა, რომ ბოროტებადაპატრონებულ სახელმწიფოში სიკეთეს – და სიცოცხლე ნამდვილად ყველაზე დიდი სიკეთეა – აღარ დაედგომება. სიკეთისა და სიცოცხლისთვის ერთადერთი თავშესაფარი ციხეა, რადგან ციხეში სწორედ ისე უსამართლოდ არიან დატყვევებულები სიკეთის შემოქმედი ადამიანები, როგორც ლევან ბოლქვაძე გამოკეტა წითელმა რეჟიმმა. 70 წლის განმავლობაში, ამ რეჟიმმა უამრავი ლევან ბოლქვაძე წაგვართვა.
განსაკუთრებულია წიგნის პირველი გამოცემა, რადგან ანოტაცია თავად მწერალს ეკუთვნის. ლევან ბოლქვაძე წიგნის მთავარ პერსონაჟზე, 12 წლის ჭაბუკაზე წერს: „ეს ბიჭი არც ძალ-ღონით გამოირჩეოდა თავის ტოლებში და ვერც იმას ვიტყვით, მისმა გულმა შიში არ იცოდა რა იყოო, მაგრამ საქმეებიც მან ზღაპრის ფათერაკიან გზებზე გადაიხადა, რა სიკეთეც იქ დათესა, რომელ უშიშარ გმირსაც გინდა ეყოფოდა სახელად“.
თუ დავაკვირდებით, ასტრიდ ლინდგრენის „ძმებ ლომგულებში“ სწორედ ეს იდეაა გაცოცხლებული: შიშის დაძლევა, იმის ჩვენება, რომ ადამიანი ცხოვრების გზაზე, დაბრკოლებების წინაშე მდგარი ავლენს საკუთარ თავში დაფარულ სიმამაცეს, ავლენს ლომგულობას და ჭაბუკას დარ ბრძოლისუნარიანობას. ასე იქცა სკორპა ლომგული უშიშარ ბიჭად, ასე იქცა 12 წლის ჭაბუკა სიმამაცის სიმბოლოდ.
2014 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ მაშინ თითქმის ყველასათვის უცნობი მწერლის ერთადერთი შედევრი, 1978 წლის შემდეგ, პირველად გამოსცა. 2023 წელს კი, ბავშვებისა და მოზარდების საყვარელ სერიაში „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ განახლებული ფორმატით გამოიცა.
როგორც ყველა შესანიშნავი წიგნი და ყველა შთამბეჭდავი თავგადასავალი, ეს წიგნიც მთავარი გმირის მოგზაურობის სურვილით იწყება. ოდისევსმა ხომ სწორედ ხეტიალში გამოცადა საკუთარი თავი, ავთანდილმა ხომ სწორედ გზაზე დამდგარმა გაიგო, რა შეეძლო, და ავთანდილს ნამდვილად ძალიან ბევრი რამ შეეძლო. სწორედ ასე ხვდება 12 წლის ბიჭიც, რომ თუ საკუთარი თავის შეცნობა უნდა, ცხრა მთა უნდა გადაიაროს და საოცარი ქვეყნები ნახოს, უცხო ქვეყნები და უცხო თავგადასავლები. ასე აღმოჩნდება ჭაბუკა „სიკეთის ქალაქში“, სადაც, სინამდვილეში, სრული უსამართლობა სუფევს. ეს მეფე ჩიგიდის ქვეყანაა; აქ მეფემ დრო გააჩერა, წელიწადის დროები კი თავის ჭკუაზე შეცვალა.
ერთი მხრივ, ლევან ბოლქვაძე გვიამბობს ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი მეფის წარმოუდგენელ ახირებაზე – სამყაროს კანონზომიერების შეცვლის სურვილზე, მეორე მხრივ კი, გვიჩვენებს შემდეგს: ვიდრე ქვეყანაში ყველაფრის მიმღებელი, მორჩილი, მონური ინსტინქტებით გაჯერებული საზოგადოება უმრავლესობაში იქნება, ჭაბუკას, ინოს და ინოს ბაბუის მსგავს მამაც ადამიანებს ძალიან, ძალიან დიდხანს მოუწევთ ბოროტებასთან შეურიგებელი ბრძოლა.
ვფიქრობ, სწორედ ეს ორი ხაზი – ყველაფრის მიმღებლობა და მის საპირწონედ, ბოროტების სრული მიუღებლობა – არის ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი იდეა.
როცა მზიან და ნათელ გაზაფხულზე, ჩახჩახა მზით განათებულ ქუჩებში ქურქებში გამოწყობილი ხალხი გამოჩნდება, ბუხრებში ცეცხლი დაინთება, მოქალაქეები ციგურებით „სრიალს“ და „გუნდაობას“ დაიწყებენ, ხელში არარსებულ „თოვლს“ აიღებენ და გუნდად შეკრავენ, მამაკაცები კი სახურავებზე ავლენ, რათა იქიდან გულმოდგინედ ჩამოყარონ „თოვლი“, ეს იქნება ადამიანთა ემოციური, სულიერი და აზრობრივი განადგურების ნათელი მაგალითი; ასეთ ამბებს მივყავართ თავისუფალი სულის სრულ გაქრობასთან. შესაბამისად, მოქალაქეები, სინამდვილეში, მოქალაქის ყველა უფლებისგან განძარცვულები ხდებიან. ასე ხდება მეფე ჩიგიდის ქვეყანაში.
ამ ქვეყანაში მეეტლე იმასაც კი ახერხებს, ხელი მოიყინოს, რათა საბოლოოდ დაამტკიცოს, რომ გაზაფხული კი არა, ზამთარია, და ისე ყინავს, მოქალაქეებს სხეულის ნაწილები ეყინებათ. გარეთ კი მზე ანათებს…
„ხელმწიფის კაცები დადიოდნენ და ხალხს გარეთ ერეკებოდნენ, თოვლის საგველად, თან ყური დაცქვეტილი ჰქონდათ, ვინ რას ამბობს, ეჭვი ხომ არავის ეპარება, რომ ქუჩებში დეკემბრის თოვლი დევსო. მთელი ქალაქი გულმოდგინედ ცდილობდა ეჭვი არაფერში შეეტანა. ვინც განსაკუთრებით გამოიჩენდა თავს ამ „საზამთრო“ საქმიანობაში, იმას მეფისა და პრინცესის სახელით უხვად ასაჩუქრებდნენ“.
დიახ, ადამიანები არა მხოლოდ შიშის გამო ემორჩილებიან მეფე ჩიგიდის მიერ გაცემულ სრულიად აბსურდულ კანონებს, არამედ ჯილდოს მოლოდინში ერთმანეთს ეჯიბრებიან, აბა, რომელი უფრო მოიგიჟიანებს თავს? აკი ამბობს კიდეც წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი, რაც უფრო მეტ უაზრობას სთხოვენ ხალხს, მით უფრო მეტი ხალისითა და გატაცებით ასრულებს ყველა მოძალადეების სურვილსო.
ბიჭმა, რომელმაც 21 წლის ასაკში გულაგი იხილა, დაგვანახა, რომ ღირებულებების გათელვაში, ქვეყნისა და ადამიანის მორალურ დეგრადაციაში მხოლოდ ახირებული, სიგიჟეს აყოლილი მმართველები კი არ არიან დამნაშავე, არამედ ხალხი, მოქალაქეები, მათი დუმილით და ყველაფრისადმი მორჩილებით.
მეორე, რასაც მეფე ჩიგიდი აკეთებს, ეს დროის გაჩერებაა. დროის გაჩერება, რაღაც მხრივ, არარსებობასაც ნიშნავს, ხალხის საღათას ძილს მიცემას. ეს იმის გააზრების უნარის წართმევის მცდელობაცაა, რომ ცხოვრება განსაზღვრულია, რაღაც პერიოდით გვეძლევა და ბევრი რამ უნდა მოვასწროთ – როგორც ადამიანებმა და როგორც მოქალაქეებმა.
ჭაბუკა მხოლოდ 12 წლისაა, როცა ბოროტებას წინ აღუდგება. ლევან ბოლქვაძე 21 წლის იყო, როცა გადაასახლეს. შეუძლებელია, ჭაბუკაში მწერლის ის ღირებულებები არ დავინახოთ, რომლითაც ცხოვრობდა ლევან ბოლქვაძე. საბჭოეთისთვის სწორედ ღირებულებები და უკომპრომისობა იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რადგან გაჩერებულ დროს ასეთი ადამიანები არ ეგუებოდნენ, სწორედ ისინი მოქმედებდნენ და ხალხს მოძრაობისკენ – ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დანიშნულებისკენ მოუწოდებდნენ.
წიგნში ვკითხულობთ, საათში ოსტატმა ხალხის სული ჩააქსოვაო. საათის გაჩერება ხალხის სულის შებოჭვა იყო. იმიტომაც დაადუმა იგი მეფე ჩიგიდმა და აკი კიდეც წაერთვა ხალხს ძალა. საათის ამოქმედება კი ხალხის გამოღვიძებას მოასწავებს. გამოღვიძებულ ხალხს კი წინ ვერავინ დაუდგება.
საგულისხმოა ისიც, რა მოხდება დროის კვლავ ამოქმედების შემდეგ. რა მოხდება და, ერთ დროს უძლეველად აღიარებული მეფე ჩიგიდი წამებში ისეთ უუნარო, მიხრწნილ ბერიკაცად გადაიქცევა, ხალხს ჰგონია, რომ სასაცილო თოჯინას უყურებს. მოგვიანებით მოქალაქეები იაზრებენ, ეს თოჯინა კი არა, ის მეფე ჩიგიდია, რომლის ყველაზე აბსურდულ კანონებსაც ცოტა ხნის წინ ზედმიწევნით ასრულებდნენ.
„თუმცა რა ძალა აქვს მეფეს, როცა ხალხს ერთი პირი აქვს? გინდ იყოს და გინდა არა მეფე, რომელსაც განუდგნენ ქვეშევრდომები, ჯარი, პოლიცია“ – ლევან ბოლქვაძე პასუხისმგებლობას თითოეულ მოქალაქეზე ანაწილებს და ეს სწორია. მწერალმა უნდა შეგანჯღრიოს და დაგაფიქროს, ნამდვილად ხარ კი თავისუფალი ადამიანი? და თუ არ ხარ, იბრძვი მაინც ამ თავისუფლების მოსაპოვებლად? დაფიქრებულხარ, რომ ყველა ტირანს ძალას ხალხი ანიჭებს? ხალხი, რომელიც ჩუმადაა და თავდახრილია.
ჭაბუკამ და მისმა თანამოაზრეებმა, მათ შორის, თვით პატარა ეშმაკმა ტინიტომაც კი, პირადი მაგალითით ხალხს სწორედ ეს ასწავლეს. ეს უნდა გვასწავლოს ამ წიგნმა ჩვენც, მკითხველებს.
სიმბოლურია, რომ მეფე ჩიგიდის მიერ დამყარებულ უსამართლობაში ციხეებში ხვდებიან კეთილი, პროფესიონალი, ღირსეული მოქალაქეები. სიმბოლურია, რადგან ლევან ბოლქვაძის დამტუსაღებელ საბჭოეთშიც სწორედ იგივე ხდებოდა. ამიტომ ყვავილობდა ციხეში მცენარეები, რადგან სიბნელის მიუხედავად, ყვავილებს იქ მყოფი ადამიანების სინათლე ზრდიდა და ახარებდა.
ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ როგორც არ უნდა ეცადო, სინათლე, სიკეთე და სიმართლე წყალივით იპოვის გზას, უსამართლობას ქვასავით გახვრეტს და საკუთარ მდინარებას არ შეაჩერებს. თუ ადამიანი არა, ყვავილი მაინც იტყვის, არსობის პურის გამოსაცხობად საჭირო ცომი მაინც ამხელს, უტყვი ქმნილებები, უტყვი საგნები ამეტყველდებიან და ნებისმიერ შემთხვევაში, სიმართლე და სიკეთე სამუდამოდ ვერ შეიბოჭება, ვერ დატუსაღდება. სინათლე ბოლოს მაინც გამოაღწევს დილეგიდან, ციხის წყვდიადში ამოხეთქავს ყვავილების მაცოცხლებელი ძალა და მეფე ჩიგიდის ქვეყანას გამოაფხიზლებს.
„- რა ემართება, პროფესორო, სასახლის ყვავილებს? – მიმართა ჩიგიდმა სწავლულს.
– ყვავილი სიხარულისა და სიკეთის ნაყოფია, დიდო მეფეო.
– მერე?
– მე გამოვიკვლიე კარისკაცთა უმრავლესობა. სასახლეში სიკეთის დონე კატასტროფულად დაბალია, – მოახსენა პროფესორმა და პორტფელიდან კვლევის მასალები ამოალაგა.
– სასახლეში, თქვენო უდიდებულესობავ, უსიკეთობის ისეთი ჰავაა შექმნილი, რომ ვინც არ უნდა მოიყვანოთ, რა სიკეთეც არ უნდა ჰქონდეს, ორიოდე დღეში გული გაუცივდება. ბოროტება მოედო მთელს სასახლეს, დიდო მეფეო! ყველანი ბოროტების სენითა ვართ დაავადებული.
– როგორ თუ ყველანი?! – წარბი შეყარა მბრძანებელმა.
– რა თქმა უნდა, თქვენი გამოკლებით, დიდო მეფეო!“
ლევან ბოლქვაძე ბოროტების იმპერიას მაშინ ებრძოდა, როცა, ალბათ, ცოტა ადამიანს თუ სწამდა, რომ საბჭოეთი, შესაძლოა, ოდესმე დანგრეულიყო.
ჭაბუკაც სწორედ ასეთ ქვეყანაში იბრძვის სიკეთის დასაბრუნებლად; ასეთ ქვეყანაში ეხმარება ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ამის გამო სამაგალითოდ დაისჯება. ისჯება კიდეც. დიდი წიგნები, დიდი მწერლები და დიდი ლიტერატურა ხომ სწორედ ამას გვასწავლის, ვიპოვოთ საკუთარ თავში გმირი, რომელიც არასდროს შეუშინდება ბრძოლას.
„ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ უფროსებისთვის დაწერილი წიგნია – ღირებულებების გასააზრებლად თუ გასახსენებლად.
სწორედ ამიტომ, ისეთ პერსონაჟებთან ერთად, როგორებიც არიან ჩიპოლინო, სალამურა, ჰარი პოტერი, ან კიდევ ჯელსომინო, რომელიც ცრუთა ქვეყანაში ბოლო ხმაზე აჟღერებს სიმართლეს, ყოველთვის გვახსოვდეს ჭაბუკაც. ბიჭი, რომელიც გულის სიღრმეში ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ უკვალოდ არაფერს უვლიდა, რომ მთელ ამ უსაზღვრო ქვეყანაზე ერთი საერთო, განუყოფელი სიკეთით ედგათ სული ადამიანებს.