წერილი მეორე
წინა სტატიაში განვიხილეთ, თუ როგორ შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ მოზარდების ცხოვრება, თუ როგორ გადაინაცვლა მეგობრობამ და ადამიანებთან ურთიერთობამ „ონლაინ ჩატებსა“ და ვიდეო ზარებში. ცვლილებასთან გამკლავება ყველას გაუჭირდა, განსაკუთრებით კი მშობლებსა და მასწავლებლებს. გამოქვეყნდა უამრავი სტატია, ჩატარდა შეხვედრები ფსიქოლოგებთან (თამარ გაგოშიძის — თემაზე: „მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობა სტრესულ გარემოში“, მაია ცირამუას — „მოზარდებთან მოლაპარაკების ხელოვნება“, ნატა მეფარიშვილის — „მშობლობა პანდემიის დროს“ და ა.შ. ), თუმცა მოზარდებთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ ისინი მაინც უფროსების ყურადღების მიღმა რჩებიან… გულისტკივილით წერენ: „საღამოა, დიდად არაფერი ხდებოდა. მთელი ოჯახი ვიყავით მისაღებ ოთახში, მაგრამ იყო საოცარი სიჩუმე. ყველანი ვიყავით ჩარგულები ტელეფონებში ან კომპიუტერებში. ბებოც კი უყურებდა რაღაც რეცეპტებს youtube-ზე. ჩვენი სიჩუმის ფონზე იყო ჩართული ტელევიზორი. ამბები გადიოდა, თუ რამდენი დაავადებული იყო მაგ მომენტში“…
რა ვურჩიოთ უფროსებს, რა მოვიმოქმედოთ რათა დავეხმაროთ მათ. ამას ემსახურება ჩვენი სტატიაც.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეებს, ზოგადად, უყვართ თანამშრომლობა, აქვთ კოლაბორაციისკენ მიდრეკილება, ახასიათებთ შემოთავაზებები, აღსანიშნავია მათი თანამოაზრეობა ნებისმიერ საკითხში. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მოვუსმინოთ და ვესაუბროთ როგორც თანატოლებს, თანამოაზრეეებს, თანამზრახველებს. მათთან ერთად შევათანხმოთ დღის გრაფიკი და გეგმა, რადგან ისინი უფროსებზე უკეთ უხამებენ საგნობრივ კომპეტენციას ტექნოლოგიებზე წვდომას, ეხმარებიან ერთმანეთს და მასწავლებელს, აწვდიან მასალებს, ჩანაწერებს, უყვართ სტრატეგიებისა და აქტივობების დაგეგმვა, უყვართ „ოქროს წესების“ გამოგონება და დაცვა. ჩვენგან მხოლოდ კომუნიკაცია სჭირდებათ და ახლა, როდესაც ისინი უმეტესად სახლში არიან, გულითადი საუბრებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა გვაქვს. მათი სიზარმაცისა და დეპრესიის ძირითადი მიზეზი კი დაღლილობაა, რადგან თანამედროვე მოსწავლეს მთელი დღე მაინც უფროსების მიერ აქვს გაწერილი — ონლაინ გაკვეთილები, ვარჯიში, მეგობრებთან საუბარი და ა.შ. თანაც, ეს ყველაფერი კარჩაკეტილ სივრცეში. რაც მეტი ასაკისაა მოსწავლე, მით უფრო მკაცრია მისი გრაფიკი, რამაც შეიძლება დაღალოს და სიზარმაცის მიზეზად იქცეს. თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი თავს არიდებს დამატებითი დავალებების მიღებას, დაფიქრდით, ძალიან ხომ არ გადაიტვირთა? მოზარდის განრიგში, რა მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს მისი ინტერესები, დასვენების დრო უნდა იყოს. მაშინაც კი, თუ იგი უბრალოდ ტახტზე წევს, არ უნდა გაიკიცხოს, მას არ უნდა „გავაგდებინოთ“ კომპიუტერი და დავაძალოთ წიგნის კითხვა. ნუ შეურაცხყოფთ და დასცინით მას. თუ თქვენ მას მუდმივად მოიხსენიებთ, როგორც უქნარას, ის მოირგებს კიდეც ამ როლს. მოტივაცია არის ადამიანის წარმატების გასაღები ნებისმიერ საქმეში. ამიტომ, დაეხმარეთ მოზარდს აკეთოს ის, რაც მას აინტერესებს. ზოგჯერ მოზარდის სიზარმაცის უკან წარუმატებლობის შიშია ჩაბუდებული — მას ეშინია წაგების, ვერგამკლავების, ურჩევნია უბრალოდ არაფერი აკეთოს. მიიღეთ დახმარება მათგან, ვინც თქვენი შვილისთვის ავტორიტეტია. მოუყევით მარცხის სარგებელზე. კაცობრიობის გამოცდილებაში, წარმატებას აღწევს არა ის, ვინც ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებს, არამედ ის, ვისაც შეცდომების არ ეშინია. არც ერთი შეკითხვა, არც ერთი მოსაზრება, სხვადასხვა ფორმით გამოხატული, არც ერთი „საპროტესტო განცხადება“ არ არის უკუსაგდები. მოვუსმინოთ აქტიურად, დავუსვათ შეკითხვები, ჩავეძიოთ: შენი აზრით, რა შეიძლებოდა უკეთესად ყოფილიყო? მათ მოსაზრებებს მშვიდად მოვუსმინოთ და თუ ჩვენთვის მიუღებელი იქნება ეს მოსაზრება, ვიფიქროთ იმაზე, თუ რატომ გაუჩნდათ მათ ეს აზრი. ვიმსჯელოთ ერთად მოვლენებზე, შევხედოთ სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა ადამიანის პერსპექტივით. მოვიძიოთ სანდო წყაროებიდან ინფორმაცია, წავიკითხოთ, განვიხილოთ სერიოზულად, მონაცემებისა და ფაქტების ანალიზით. დაუშვებელია: მოზარდების პიროვნების ნეგატიური შეფასება: „თქვენი თაობა სულ ხელიდან წავიდა“… „ამის ნაცვლად გაკვეთილები გესწავლა, არ სჯობდა?“ მოზარდები ამბობენ, რომ რაიმეს გაკეთებას აზრი არ აქვს… „რა აზრი აქვს?“ — ფრაზას იყენებს ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვის თავიდან ასაცილებლად და ეს რაიმე ცხოვრებისეულ ცვლილებას უკავშირდება, მაგალითად, რეგულაციების ცვლილებას, ან სკოლის დისტანციურ სწავლების ფორმატში განახლებას. თუ „რა აზრი აქვს?“ განწყობა დიდხანს გრძელდება და ვეჭვობთ, რომ მის მიღმა სერიოზული სიტუაციაა, მაშინ აუცილებლად ჩავრთოთ სპეციალისტი. გვახსოვდეს, რომ დეპრესია მოზარდებში საკმაოდ ხშირია და შესაბამისი რეაგირებაა საჭირო, თუმცა შეგვიძლია გამოსავალიც მოვიფიქროთ. მაგალითად, მოვძებნოთ ისეთი აქტივობა, რომელიც მშობლებისთვისაც საინტერესო იქნება და მოზარდებისთვისაც, შეიძლება მოვძებნოთ ისეთი ადგილი, სადაც ყველას უხარია სეირნობა. ერთად იარეთ საყიდლებზე… ხანდახან თქვენს სამსახურის საქმეებში ჩაახედეთ, ან უთხარით, რომ პრობლემა გაქვთ და დაიხმარეთ, მისი რჩევა მოისმინეთ… მშობელიც გამოთქვამს თავის აზრს, გამოხატავს ემოციას და მოზარდიც. მოსაზრებები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ გამოხატვის ფორმები აუცილებლად ურთიერთმისაღები. სწორედ ამგვარ ურთიერთობას შეგვიძლია ვუწოდოთ ჰარმონიული და განვითარებაზე ორიენტირებული და არა იმას, რომელიც რომელიმეს უპირობო მორჩილებით (როგორც მეტყვი…) და მხოლოდ ერთმანეთისათვის მოსაწონი ქცევით (როგორც გინდა…) სრულდება. ბავშვის რეაქციათა განმაპირობებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დამოკიდებულია მშობლის რეაქციებზე და ცხადია, რომ მოზარდი მით მეტად არის ტრავმირებული, რამდენადაც მეტად ტრავმირებულია მშობელი, რომელიც საკუთარი პრობლემების გამო მხარდაჭერით ვერ უზრუნველყოფს მას. აჩვენეთ, რომ ნამდვილად გაინტერესებთ მისი ცხოვრება.
და თუ მაინც ვერაფერი მოიფიქრეთ, იქნებ ლიტერატურული ნაწარმოებები დაგეხმაროთ. გამოსავლის მოსაძებნად სწორედ ლიტერატურა მიმაჩნია. ლიტერატურა საუკეთესო პირობას ქმნის მოვლენათა ამოცნობისა და ახალ-ახალ კონტექსტში გააზრებისათვის. მოზარდს შეუძლია მხატვრული მწერლობის სქემები და მოდელები უნივერსალურად აღიქვას და მასზე დაფუძნებით განივითაროს ინტელექტუალური ინტუიცია, ჩამოიყალიბოს ღირებულებები, გამოიმუშაოს რესპექტაბელური დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენებისადმი, დააფასოს ადამიანური რესურსი, განივითაროს მადლიერების კულტურა, ისწავლოს სიცოცხლის გაფრთხილება.
ჩესტერფილდის „წერილები ვაჟიშვილს“ ეხება სწავლის, აღზრდის, ზნეობისა და ეთიკის საკითხებს. წერილები განკუთვნილი იყო მხოლოდ ჩესტერფილდის ვაჟისთვის. ის არ შექმნილა ფართო საზოგადოებისათვის და გასაგებია, რომ მათში ხშირია ისეთი სახის რჩევა-დარიგებანი, რომლებიც ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ წერილები 1774 წელს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე დიდი წარმატება ხვდა წილად. XVIII საუკუნის ბოლომდე იგი 26-ჯერ გამოიცა. ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ვოლტერი წერდა: „ეს სასარგებლო წიგნია და მართლაც, ყველას სჯობს, რაც კი ოდესმე დაწერილა აღმზრდელობით თემაზე“. ჩესტერფილდის თანამედროვე კრიტიკოსი, დოქტორი ჯონსი, წერილებს ამ სიტყვებით აფასებდა: „ეს წერილები შეიძლება ხელში მივცეთ ყველა ყმაწვილს“. ასევე, საინტერესოა ამერიკელი მწერლის, ჯონ სტეინბეკის წერილი შვილისადმი სიყვარულის თაობაზე. 1958 წელს უფროსმა ვაჟმა, ტომმა, მისწერა მამას, რომ შეყვარებული იყო. ჯონ სტეინბეკი მთელი სერიოზულობით და თანაგრძნობით მოეკიდა ბიჭის პირველ გრძნობას და მისმა სიბრძნით, სინაზითა და წინდახედულობით სავსე პასუხმაც არ დააყოვნა. წერილი დღესაც არ კარგავს აქტუალურობას და გზავნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ან ჰყვარებია.
ყველასათვის საყვარელმა ოტია იოსელიანმაც შვილთან ურთიერთობა ზღაპრებით დაიწყო. წერილებს კი მას წლების განმავლობაში სწერდა. მწერალი კრებულში „წერილები დაჩის“ თითქმის ყველა იმ თემას შეეხო, რომლებითაც ადამიანის ცხოვრება განისაზღვრება. შესაძლოა ამ წიგნს ეპისტოლარული რომანიც კი ვუწოდოთ. ადამიანის უმთავრეს თვისებად ოტია იოსელიანს ერთგულება მიაჩნია, რომლის გარეშე ვერც ჭეშმარიტი მორწმუნეობაა შესაძლებელი და ვერც მამულიშვილობა. მწიგნობრობა, განათლება, ცოდნის შეძენა კი ერთადერთ საშუალებად ესახება, რომელსაც შეუძლია გვაქციოს თანამედროვედ და მთელი კაცობრიობის განვლილი გზის თანაზიარად.
საყურადღებოა მიხეილ ჯავახიშვილის „ჩვენი დროის ათი მცნება“, რომელიც დიდმა მწერალმა თავის ქალიშვილს — ქეთევანს ჩაუწერა უბის წიგნაკში, ერთი ძვირფასი ფრაზაც კი საკმარისია ამ ტექსტიდან: „შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი“.
ეს წიგნები თუ წერილები ნამდვილ, მარადიულ ფასეულობებზეა დაფუძნებული, რომლებშიც ჩანს როგორც შვილებისადმი ნდობითა და პატივისცემით აღსავსე დამოკიდებულება, ისე თავად მათი ცხოვრებისეული მრწამსიც, ბუნებაც და მისწრაფებებიც. თუმცა, ვფიქრობ, მთავარი მაინც ის ხიდია, რომელიც მათი ნაწერებით ორ თაობას შორის გაიდო.
ერთად ვცადოთ თაობათა ხიდის გამთელება.
წარმატებას გისურვებთ!