მერი გიბიშვილი
სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ. სნოს ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
უფლისწულის აღზრდის კონცეპტი განსაკუთრებით აქტუალური გახდა აღორძინების ხანის ლიტერატურაში. ქართულ მწერლობაში ამ მხრივ აღსანიშნავია გმირის აღზრდის საკითხი „ამირანდარეჯანიანისა“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“.
„ამირანდარეჯანიანში“ ნაწარმოების მთავარ გმირს, სრულიად ყრმას, მიაბარებენ აღსაზრდელად. შვიდი წლისას ასწავლიდნენ უკვე მშვილდოსნობას, ნადირობას, იარაღის ხმარებისა და ხიფათისგან თავის დაღწევის ხერხებს.
რუსთაველი პერსონაჟების დიდ ნაწილს უკვე ზრდასრულ ასაკში გვაცნობს. არაფერი ვიცით ავთანდილის, თინათინის, როსტევანისა და სხვათა გმირების ბავშვობისა და მათი აღზრდის შესახებ, თუმცა გარკვეული წარმოდგენა გვექმნება მათი ქცევა-მოქმედებებით, სამეფო და საკარო ურთიერთობების მიხედვით. მართალია არ ვიცით რა გზა გაიარეს პოემის პერსონაჟებმა ცოდნის მისაღებად, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა გმირი განათლებულია. განათლებული არისტოკრატია ავთანდილი, რომელსაც დიდი ცოდნა აქვს დაგროვილი, იგი განსწავლულია ფილოსოფიაში, კარგად იცნობს პლატონის სწავლებასაც. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან საქართველოში ფილოსოფიური ცოდნის მიღების წესი ძველთაგანვე არსებობდა და ამას აუცილებლად გამოიყენებდა რუსთაველი თავის პოემაში, რადგან ფილოსოფიის საფუძვლების სწავლა ერთ-ერთი აუცილებელი სასწავლო საგანი იყო წარჩინებულთა შვილების აღზრდაში. ფილოსოფიურ მეცნიერებაშია განსწავლული ვახტანგ გორგასალი (Vს), ფილოსოფიის მცოდნედ გვევლინებიან ასურელი მამები (VIს), IX საუკუნეში მოღვაწე გრიგოლ ხანძთელის სასწავლო საგნებში ფილოსოფიაც არის დასახელებული. ცხადია, რუსთაველს განათლებული არისტოკრატი ავთანდილი ფილოსოფიის ცოდნის გარეშე ვერ წარმოუდგენია.
უფლისწულის აღზრდის ერთ-ერთ სახედ რუსთაველი ფიზიკურ ვარჯიშს მიიჩნევს. ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი ფიზიკურად ჯანსაღი პიროვნებები არიან, მათ კარგად აქვთ ათვისებული „სამამაცო ზნენია“. გონებრივ აღზრდასთან ერთად ჰარმონიულობაში მოდის ფიზიკური აღზრდაც.
რუსთაველი უფრო დეტალურად გვაცნობს ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის ბავშვობას. მათი აღზრდის თემაც პოემის სიუჟეტურ განვითარებაშია ჩართული. ნესტანის დაბადებამდე, ფარსადანმა და მისმა მეუღლემ ტარიელი აიყვანეს შვილად და მისი სამეფოდ აღზრდა დაიწყეს. ტარიელი იხსენებს, რომ მას სამეფოდ ამზადებდნენ, ამიტომაც ასწავლიდნენ ლაშქრისა და ქვეყნის მართვას, სამეფო ქცევა-მოქმედებებს. ხუთი წლის ტარიელი უკვე კარგი მეომარია, კარგად აღზრდილი, დახვეწილი ქცევებითა და უნარებით. თხუთმეტი წლისა უკვე კარგად ჩამოყალიბებული და განათლებული პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვა. ნესტანის დაბადების შემდეგ, ერთხანს, ერთად ზრდიან, ხოლო შემდეგ ფარსადანი ააგებს ცალკე სამეფო სახლს და ნესტანს თავის დას, ქაჯეთში გათხოვილ დავარს მიაბარებს „სიბრძნისა სასწავლებლად“. აღსანიშნავია, რომ მომავალი მეფის აღმზრდელი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო. აღმზრდელის სწორედ სამეფო ოჯახიდან მონახვაა იმის ერთგვარი გარანტი, რომ მას ექნება სათანადო ავტორიტეტი, შესაბამისი აღზრდა-განათლება მისცეს მას. დავარი ნესტანისთვის სწორედ ასეთი ავტორიტეტი იყო. ის ზრდის ნესტანს გონიერ, ბრძენ და საღად მოაზროვნე ქალად. დავარის მიერ გადაცემულ ცოდნას ნესტანი არაერთხელ ავლენს, თავისი რთული ცხოვრების მანძილზე.
რუსთაველის პოემის სიუჟეტური თარგი, გარკვეულ მონაკვეთში, მე-12 საუკუნის საქართველოს სინამდვილეს ასახავს. სწორედ ასეთი ვითარებაა საქართველოში იმ დროს. თამარ მეფის აღმზრდელია მისი მამიდა, რუსუდანი. იქვე, იმავე სახლში, იზრდება დავით სოსლანი, შემდგომში თამარის ქმარი. გაბარების წესსაც იმჟამინდელი სინამდვილიდან იღებს.
რუსთაველის გაგებით, ადამიანი კარგად აღზრდილია, თუ ის არის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და არ არის ჩაკეტილი, არ ცხოვრობს განდეგილად. ადამიანებს ერთმანეთთან თავდადება და სამართლიანობა უნდა აკავშირებდეთ. რუსთაველისთვის უცხოა ეგოიზმი, კლასობრივი კარჩაკეტილობა. მისი პერსონაჟები ჰუმანური ადამიანები არიან, რომელთა მოქმედებას ყოველთვის ინტელექტი განსაზღვრავს.
„ვეფხისტყაოსნის“ პედაგოგიური იდეები არა მარტო ინდივიდის, არამედ მთელი საზოგადოების აღზრდასაც ემსახურება, „ხალხური პედაგოგიკის“ საფუძველია და მის შემადგენელ ნაწილადაც იქცა.