ხათუნა ხაჟომია
თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის №1 და ილია ჭავჭავაძის სახელობის ფოთის №5 საჯარო სკოლების წამყვანი სპეციალური განათლების მასწავლებელი
როცა ამ სირთულეს წავაწყდი, გამახსენდა აინშტაინის სიტყვები: „წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია! ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი სამყაროს მოიცავს“. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ცოდნასთან ერთად და, ამასთანავე, ცოდნაზე მეტად წარმოსახვა მჭირდებოდა.
ტოტალურად უსინათლო მოსწავლე, სიტყვები და მე…
რა არის საგაკვეთილო პროცესი? მუდმივი საუბარი, დიალოგი, კითხვები, პასუხები, სიტყვები, ფრაზები, წინადადებები… და ასე უსასრულოდ… ზარის დარეკვამდე.
პირველი კლასი… ია… ანბანი… აი ია… აი უთო… აი თოხი… აი ხე… და კიდევ უამრავი სიტყვა დედაენიდან და კითხვები: მასწავლებელო, როგორია ია? რა არის თოხი? რა არის უთო? რა არის დაფა? რას წერენ ბავშვები დაფაზე?
მეორე დღეს, რესურსოთახის ფანჯრის რაფაზე, იის ქოთანი მოვათავსე. მოსწავლის პაწაწინა თითები მოვიქციე ხელისგულებში და ასე, ორივემ ერთად, ხელის შეხებით „ვნახეთ“ იის ფოთოლი, იის ყვავილი, ღერო… ვუთხარი: „ყვავილს უნდა გავუფრთხილდეთ, ფოთოლი არ უნდა მოვწყვიტოთ“. რას ნიშნავს „მოვწყვიტოთ?“. აქ უკვე მივხვდი, რომ რაც უფრო მეტს ვესაუბრებოდი მოსწავლეს, მით უფრო მეტი სიტყვის შინაარსის ახსნა იყო საჭირო. საკლასო ოთახამდე, დერეფანში, ფანჯრის ყველა რაფასთან ვჩერდებოდით, „ხელებით დავინახეთ“ ყვავილები, ფოთლები. კლასში შესულებმა ჩვენ უკვე ვიცოდით იის მნიშვნელობა.
სახლში მისულმა სხვადასხვა ნაჭრისგან პატარა ზომის ტანსაცმელი შევკერე: შარვალი, მაისური (ის, რასაც ჩემი მოსწავლე ატარებდა) და შეკერილ ტანსაცმელთან ერთად სკოლაში ჩემი გოგონას სათამაშო უთო წავიღე. აქტივობა საინტერესო აღმოჩნდა ჩემი მოსწავლისთვის: მერხზე დავდე ტანსაცმელი, ჯერ ერთად დავაუთოვეთ, შემდეგ თვითონ ცდილობდა დამოუკიდებლად დაუთოებას, თან „ხელებით დავინახეთ“ – მას რომ ეცვა, ის შარვალი უფრო გრძელი იყო თუ ჩემი შეკერილი, მისი მაისური უფრო დიდი თუ ჩემი შეკერილი…
ყოველი გაკვეთილი ახალი გამოწვევა იყო. რთული იყო ტექსტის შინაარსის გაგება.
„რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ორმოსთან“
– მოდი ჩემთან! – ვეუბნები მოსწავლეს. დავდექით ერთმანეთის პირისპირ, ჩავჭიდე ხელები და ვეუბნები, რომ ახლა სხეული მაღლა უნდა ასწიოს, გამოუვიდა! ახტა, ასევე სწრაფად დახტა, მაგრამ ფეხებზე დამახტა.
– შენ მე დამაბიჯე! ეს დაბიჯებაა! რატომ დამაბიჯე? (ვიცი, რომ შემთხვევით მოუვიდა, მაგრამ ნაწყენი ხმით ვეუბნები)
იცინის.
– რა ვქენი?
– ჰო, დამაბიჯე! აი, მეც დაგაბიჯებ ახლა!
დავაბიჯე… იცინის… გულიანად იცინის…
– მე შენ დაგაბიჯე 🙂
– შენ მე დამაბიჯე! – მიდასტურებს ის.
ეზოში გავედით, პლასტმასის სამუშაო იარაღით მიწა ამოვიღეთ, ჩაღრმავება გავაკეთე და ისევ „ხელებით დავინახეთ“ ორმო.
ინსცენირებაც გამოგვივიდა: რწყილი (ამ შემთხვევაში ჩემი მოსწავლე) ახტა, დახტა, მივიდა ორმოსთან…
შემდეგ იყო ბრაილის შრიფტის შემსწავლელი ტრენინგები, იქამდე კი უამრავი რამ – დაწყებული თვალებახვეული სიარულით ოთახებში (რომ მოსწავლის ადგილას წარმომედგინა თავი), დედაჩემის გამომცხვარი „ა“ და „ი“ ასოების ფორმის მქონე პურებით, დამთავრებული სხვადასხვა მოთხრობების ინსცენირებით.
⇒ რა უნდა გავითვალისწინოთ სწავლების დროს:
♦ ზოგადი ინსტრუქციები არაფრისმთქმელია უსინათლო მოსწავლისთვის და დავაბნევთ;
♦ ინსტრუქცია უნდა იყოს კონკრეტული: „გადადგი ორი ნაბიჯი“;
♦ კინესთეტიკური მეთოდის გამოყენება უფრო ეფექტურია, ვიდრე ვერბალური – მოჰკიდეთ მოსწავლეს ხელი და შეასრულებინეთ გარკვეული მოძრაობა;
♦ როცა რაიმე სიტყვის მნიშვნელობას ასწავლით, მაგალითად, „დაფა“, მიეცით საშუალება, ხელებით შეეხოს მთლიანობაში საგანს;
♦ გაითვალისწინეთ, სწავლისთვის ისინი საჭიროებენ მეტ დროს და მრავალჯერ გამეორებას.