საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერულ აკრედიტაციას იწყებს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის აკრედიტაციის ექსპერტებისათვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა. აკრეტიდაციის ექსპერტები აკრედიტაციის განახლებულ სტანდარტებს, პროცედურებსა და შეფასების პრინციპებს გაეცნენ, რათა შეფასების პროცესის საბოლოოდ სპეციფიკაზე მოხდეს შეჯერება.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში დაგეგმილია ასევე ინფორმაციული შეხვედრები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ხელს შეუწყობს კლასტერული აკრედიტაციის პროცესისათვის უკეთ მომზადებასა და შეფასების პროცესის თანმიმდევრულ და ეფექტიან განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის 83/ნ ბრძანებით შევიდა ცვლილება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში. აღნიშნული ცვლილებით ამოქმედდა განახლებული კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტები, პროცედურები და საფასურები, რაც გულისხმობს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამები შეფასდება კლასტერული აკრედიტაციის მოდელისა და პრინციპების მიხედვით.
კლასტერული აკრედიტაციის პროცესის სრულფასოვნად განსახორციელებლად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრი თანმიმდევრულად ახორციელებს შესაბამის მოსამზადებელ სამუშაოს. პირველ ეტაპზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრებთან, რომლებსაც დეტალურად გააცნეს კლასტერული აკრედიტაციის სპეციფიკა, რის შემდგომ 2022 წლის 15 და 18 ივლისს, გაიმართა შეხვედრები/ტრენინგები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის აკრედიტაციის ექსპერტებისათვის. შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ განახლებული კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტებს და პროცედურებს, ასევე იმსჯელეს საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული შეფასების სპეციფიკაზე. მნიშნელოვანია ისიც, რომ კლასტერული აკრედიტაციისთვის განახლდა შეფასების პროცესისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია.
2022 წელს დაგეგმილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, განახლდა აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი – ჩატარდა არსებული ექსპერტების ატესტაცია და კორპუსი გამდიდრდა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით.
კლასტერული აკრედიტაციის დროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ ინდივიდუალური პროგრამების ნაცვლად, სააკრედიტაციოდ წარადგინონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები დაჯგუფებული სახით. კლასტერში პროგრამების დაჯგუფება მოხდება შინაარსობირი ნიშნით. კლასტერული აკრედიტაციის სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ახალი სისტემა იძლევა საშუალებას, ექსპერტების მიერ შეფასდეს, თუ როგორ ვითარდება კონკრეტული უმაღლესი განათლების დარგები და მიმართულებები, როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტული ინსტიტუციის ფარგლებში.