4 ნოემბერი, სამშაბათი, 2025

უმაღლესი განათლების  სისტემის  რეფორმის  შვიდი პუნქტის  მოკლე  ანალიზი და ხედვა

ნანა ბურძენიძე – დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი, მასწავლებლის  ეროვნული  პრემიის გამარჯვებული

საქართველოს განათლების სისტემის წინაშე მდგომი გამოწვევები მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. წარმოდგენილი შვიდპუნქტიანი კონცეფცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ხარისხის, სამართლიანობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. ქვემოთ მოკლედ წარმოვადგენ ჩემს ხედვას თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.

  1. უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია

სტუდენტების უდიდესი ნაწილი დედაქალაქში სწავლობს, რაც აძლიერებს რეგიონული უთანასწორობის პრობლემას. დიახ, აუცილებელია რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება, ინფრასტრუქტურის განახლება და მიზნობრივი საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა ქალაქებში. რეფორმამ უნდა მოახდინოს სტუდენტების „დაბრუნება რეგიონებში“ განათლებისა და განვითარების შესაძლებლობებით. გამოვყოფ რეგიონულ სპეციალიზაციას. მნიშვნელოვანი იქნება, რომ რეგიონულ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ დარგობრივი ფოკუსი – მაგალითად, აგროინოვაციები კახეთში, ტურიზმი აჭარაში, ენერგეტიკა იმერეთში. ეს გაზრდის სტუდენტთა მოზიდვას და ეკონომიკურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე.

თუ სახელმწიფო შეძლებს რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებას, რამდენიმე წელიწადში მივიღებთ ახალგაზრდობის დაბრუნებას რეგიონებში, ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციას, განათლების სისტემის რეალურ ხელმისაწვდომობას ყველა კუთხეში, დედაქალაქის ზედმეტი გადატვირთვის შემცირებას.

  1. რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა

მოქმედი უნივერსიტეტების რაოდენობა არ შეესაბამება ქვეყნის რეალურ საგანმანათლებლო რესურსებს. საჭიროა უნივერსიტეტების ქსელის ოპტიმიზაცია, კადრების გადანაწილება და ხარისხზე დაფუძნებული დაფინანსება. მნიშვნელოვანია, პრიორიტეტი მიენიჭოს ხარისხს და არა რაოდენობას. თუ ეს რეფორმა სწორად განხორციელდება, მივიღებთ უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირებას, მაგრამ ხარისხის ზრდას, სტუდენტთა განათლების რეალურ და არა ფორმალურ თანასწორობას. ასევე, სახელმწიფოს მიერ ეფექტიანად მართვად სისტემას, რომელიც ემსახურება ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ მიზნებს.

  1. უსისტემო საკადრო პოლიტიკა

აკადემიური პერსონალის შერჩევა და დატვირთვა, ხშირ შემთხვევაში, სპონტანურია. დაბალი ანაზღაურება ამცირებს მოტივაციას და აფერხებს პროფესიულ ზრდას. აუცილებელია მწყობრი საკადრო სტრატეგიის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი პოტენციალის სრულ გამოყენებას, ისე უცხოელი სპეციალისტების მიზნობრივ მოზიდვას. უნივერსიტეტში მთავარი კაპიტალი ადამიანია, და სწორედ მას უნდა დაეფუძნოს რეფორმა. და თუ საკადრო პოლიტიკის რეფორმა სწორად განხორციელდება, უნივერსიტეტები მიიღებენ უფრო სტაბილურ, ერთგულ აკადემიურ პერსონალს, ახალგაზრდებისთვის კვლევითი კარიერა რეალურ პერსპექტივად იქცევა, გაიზრდება სწავლების ხარისხი, როცა მოტივირებული და პროფესიულად განვითარებული ლექტორები გახდებიან სისტემის ბირთვი, საქართველო შეძლებს საერთაშორისო აკადემიურ წრეებში ინტეგრაციას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.

  1. სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა

კვლევის კულტურა არასაკმარისად არის ინტეგრირებული სასწავლო პროცესში. უნდა შეიქმნას სწავლება-კვლევის ერთიანი მოდელი, რომელიც გააძლიერებს სამეცნიერო საქმიანობას, სახელმძღვანელოების ადგილობრივ წარმოებას და ინოვაციური მიდგომების დანერგვას. მიმაჩნია და ვფიქრობ, ამაში ვერც ვერავინ შემომედავება, რომ უნივერსიტეტი უნდა იქცეს ცოდნის შექმნის და არა მხოლოდ გადაცემის სივრცედ.

დიახ, თუ სწავლება და კვლევა გახდება ინტეგრირებული, უნივერსიტეტები გადაიქცევიან ცოცხალ სამეცნიერო სივრცეებად და არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებად, სტუდენტები ისწავლიან კვლევის მეთოდებს და კრიტიკულ აზროვნებას, მნიშვნელოვნად გაიზრდება განათლების ხარისხი და ინოვაციური პოტენციალი.

  1. სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის

მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ჩართულობა უმეტესად ფორმალურია. საჭიროა საგარეო თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი კვლევითი პროექტები, სტუდენტთა მობილობის პროგრამების გაფართოება, ხარისხის სტანდარტების ჰარმონიზაცია. საერთაშორისო ინტეგრაცია უნდა იქცეს განვითარების ბერკეტად, და არა სტატისტიკურ მიზნად.

თუ ეს მიმართულება სწორად განვითარდა, ქართული უნივერსიტეტები გახდებიან საერთაშორისო ქსელის აქტიური წევრები, ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე, სწავლება გახდება დინამიკური, ინოვაციური და თანამედროვე ეკონომიკის საჭიროებებზე მორგებული.

  1. გაუმართავი დაფინანსების სისტემა

მიმდინარე საგრანტო მოდელი არ ითვალისწინებს ფაკულტეტთა განსხვავებულ საჭიროებებს და ვერ უზრუნველყოფს სტრატეგიული მიზნების დაფინანსებას. საჭიროა დიფერენცირებული, შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა, რომელიც მხარს დაუჭერს პრიორიტეტულ დარგებსა და რეგიონულ უნივერსიტეტებს. დაფინანსება უნდა ემსახურებოდეს განათლების ხარისხს და ქვეყნის განვითარების მიზნებს.

დაფინანსების სსიტემის სწორი და მიზანმიმართული ცვლილების შედეგად კი უნივერსიტეტები აღარ იბრძოლებენ არა მხოლოდ რაოდენობისთვის, არამედ ხარისხისთვის, რეგიონული უნივერსიტეტები მიიღებენ რეალურ შანსს განვითარებისათვის, დაფინანსება გახდება გამჭვირვალე, სამართლიანი და შედეგებზე ორიენტირებული.

  1. სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა

ბევრ უნივერსიტეტს ფიზიკურად მოძველებული და რესურსით განუვითარებელი გარემო აქვს. არ არსებობს სათანადო პირობები სტუდენტური ცხოვრების, კვლევის ან სპორტის განვითარებისთვის. აუცილებელია გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული სტრატეგია, სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მშენებლობა.

ინფრასტრუქტურის პოლიტიკის სწორად დაგეგმარებით კი უნივერსიტეტები გადაიქცევიან ისეთ სივრცეებად, სადაც სწავლა, კვლევა და სტუდენტური ცხოვრება ერთმანეთთან იქნება ინტეგრირებული, ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ დედაქალაქისკენ მიგრაცია, რეგიონებში გაჩნდება ახალი კულტურული და ინოვაციური კერები, უნივერსიტეტების მატერიალური ბაზა გახდება სახელმწიფოს ღირსეული სახე და განათლების ხარისხის გარანტი.

ამ ანალიზიდან გამომდინარე ნათლად ჩანს შვიდივე მიმართულების მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან. რეფორმა კი წარმატებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ იგი განვითარდება როგორც ერთიანი სისტემა, სადაც განათლება, კვლევა, ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი ერთობლივად ემსახურება ქვეყნის განვითარებას. რეფორმის საბოლოო მიზანი კი უნდა იყოს ძლიერი, ინოვაციური და სამართლიანი უნივერსიტეტი, როგორც საქართველოს პროგრესის და უკეთესი მომავლის საწინდარი.

რაც შეეხება თერთმეტწლიან სწავლებას, ჩემი ხედვა ასეთია: უნდა დარჩეს 12-წლიანი სწავლება.

11-წლიან სწავლებაზე გადასვლა, თავისთავად, ბევრ პრობლემებს გამოიწვევს:

პირველი და უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, გარკვეულწილად, კარი ეხურებათ ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში. ევროპის უნივერსიტეტებში ერთ-ერთი პირობა ხომ ისაა, რომ ახალგაზრდას აუცილებლად უნდ ჰქონდეს 12-წლინი სწავლების დოკუმენტი. 11-წლიან სწავლებაზე დაბრუნება გაართულებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და უნივერსიტეტების აღიარებას. 12-წლიანი სწავლება ხომ გვაახლოებს ევროპული განათლების სტანდარტებთან (ბოლონიის პროცესთან). 11-წლიანზე დაბრუნება – ეს იქნება ჩვენი განათლების სისტემის უკუსვლა, რაც ართულებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და გაცვლითი პროგრამებისა თუ სტიპენდიების ხელმისაწვდომობას. ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს სკოლების უმრავლესობაში მე-12 კლასის მოსწავლეები თითქმის არ დადიან გაკვეთილებზე. ასეა მე-11 კლასშიც, მცირე გამონაკლისის შეთხვევაში. იქნებ სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა ვიზრუნოთ. ვიზრუნოთ იმაზე, რომ სწორედ საბაზო საფეხურზე მოხდეს მოსწავლეთა მომზადება უმაღლესი სასწავლებლებისთვის. დასაფიქრებელია ის გარემოებაც, რომ გარდამავალ წელს გვეყოლება ძალიან ბევრი აბიტურიენტი, ვისაც სურს უმაღლესში ჩაბარება. ბევრი ახალგაზრდისთვის ეს იქნება სტრესი. 11-წლიან სწავლებაზე გადასვლაში ასევე ვხედავ სწავლების ხარისხის შემცირების საფრთხეს. ის მასალა, რაც ადრე ისწავლებოდა, უნდა გადანაწილდეს სხვა კლასებში. მოსწავლეებს მოუწევთ მეტი მოცულობის მასალის ათვისება ნაკლებ დროში. ყველა საგნის სტრუქტურა უნდა დაიწეროს თავიდან, რაც მოითხოვს დიდ დროს და ფინანსურ რესურსს. მასწავლებლებს შეუმცირდებათ საათობრივი ანაზღაურება. თუნდაც მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი განათლების სამინისტრო, ამ პროცესის განხორციელების მაგივრად, იზრუნებს იმაზე, რომ მიეხედოს მე-11 და მე-12 კლასებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების სკოლაში სიარულს, გაკვეთილების ჩატარებას და მოსწავლეებისთვის იმ ცოდნის მიღებას, რაც მათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

აქტუალური თემები

რეფორმის შესახებ

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

პროფესიული განათლება