საკლასო ოთახში მასწავლებლები ბევრ სირთულეს ვაწყდებით და მათთან გასამკლავებლად სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს და მეთოდებს ვიყენებთ.
მაგალითად, მოსწავლეებში ხშირად შეინიშნება ტოლერანტობის ნაკლებობა, ეს კი ის საბაზო უნარია, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების წევრებისათვის. ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ხშირად მივმართავ ისეთ აქტივობებს, რომელიც მოსწავლეებში ტოლერანტობას განავითარებს.
ქეისებით და დილემებით სწავლება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ღირებულებები/დამოკიდებულებები ადამიანის უფლებებთან, კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით, ჩამოუყალიბდეთ განსხვავებული აზრის მიმღებლობა. ეს არის პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღებას, კონტექსტიდან გამომდინარე გამოუმუშავდებათ ემპათიის გრძნობა.
კოლბერგის თეორიის მიხედვით, დილემაზე დაფუძნებული სწავლება ფოკუსირებულია მორალური მსჯელობის განვითარებაზე. ის მოსწავლეებისგან მოითხოვს დაფიქრდნენ საკუთარ ფასეულობებზე, იფიქრონ შემოქმედებითად და ლოგიკურად, თანაუგრძნონ სხვებს. ამასთანავე, კვლევების მიხედვით (McNmee, 1977, Blasi, 1980), სწორი მორალური მსჯელობა არ არის მორალური ქცევის პირდაპირპროპორციული. სწორი მორალური მსჯელობა ავტომატურად არ აუმჯობესებს მორალურ მოქმედებას, ადამიანები ავტომატურად არ იქცევიან თავიანთი განსჯის შესაბამისად. თუმცა ადამიანები, რომლებიც აღწევენ მორალური აზროვნების მაღალ საფეხურებს, უფრო ხშირად იქცევიან თავიანთი მსჯელობის შესაბამისად, ვიდრე დაბალ საფეხურზე მყოფნი. (Kohlberg & Candee, 1984). ამიტომ აუცილებელია მოსწავლეებს ხშირად შევთავაზოთ ისეთი დილემები, რომელიც მათგან მორალურ, ეთიკურ ღირებულებებზე მსჯელობას მოითხოვს.
მაგალითისთვის გიზიარებთ ჩემ მიერ შექმნილ, უმეტესწილად, ნამდვილ ამბებზე დაფუძნებულ რამდენიმე ქეისს და დილემას, რომლებსაც ჩემს სასწავლო პრაქტიკაში ვიყენებ, თანდართული ღია კითხვებით, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს სიღრმისეულად გააანალიზონ მოცემულობა და არგუმენტირებულად გამოთქვან საკუთარი მოსაზრება.
ერთ-ერთი ქეისი, „მასწავლებლის მოყოლილი“, ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ეტაპზე მოსწავლეები აანალიზებენ მხოლოდ პირველ ნაწილს. გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდს, დამოკიდებულებას. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები პირველ ნაწილზე მუშაობას დაასრულებენ, ეცნობიან მეორე ნაწილს, სადაც მოცემულია ამბის დასასრული და ირკვევა დაფარული სინამდვილე. მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ პირველ და საბოლოო მოსაზრებებს, აცნობიერებენ, რომ წინასწარი განსჯა უმეტესწილად მცდარია. ასეთი მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, ემპათიისა და ტოლერანტობის განვითარებას.
ქეისები და დილემა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://drive.google.com/drive/folders/1FGSdyDV5uLna0jxauXZo3PZbxiJVPoVR?usp=sharing
სწავლების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ასევე არის მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის ამაღლება. ყველა თანხმდება, რომ მოტივაცია მთავარი ბიძგი და ძალაა სწავლა-სწავლების საკითხში. ვიცით როგორ თავდაუზოგავად მიიწევს მიზნისკენ მოტივირებული ადამიანი. მოსწავლეთა მოტივირება ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ყოველი გაკვეთილისთვის ვცდილობ ისეთი გარემო, სასწავლო რესურსები და აქტივობები შევქმნა, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია წავახალისო. შინაგანი მოტივაციის გასაზრდელად ბევრი სტრატეგია არსებობს. მაგალითად, ცვატა ბერძენიშვილი სტატიაში „სტრატეგიები სწავლის მოტივაციის გასაზრდელად“, ერთ-ერთ სტრატეგიად თამაშით სწავლას ასახელებს. სტატიაში ვკითხულობთ: „აქციეთ სასწავლო ამოცანა გართობად. ბევრი გაკვეთილი შეიძლება წარიმართოს სიმულაციების და თამაშების გზით. თუ მართებულად გამოვიყენებთ, ასეთი გაკვეთილები შეიძლება ძალიან ღირებული და იმავდროულად, სახალისოც იყოს“ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. მასწავლებლის წიგნი. „სწავლების ფსიქოლოგია“) .
სწორედ ამ თვალსაზრისის გათვალისწინებით შევქმენი სასწავლო სამაგიდო თამაში „დიქტატორი და მოქალაქეები“. ეს არისი შემეცნებით, სამოტივაციო, კრიტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებული აქტივობა, რომელიც კონსტრუქტივისტული სწავლების პრინციპების გათვალისწინებითაა შექმნილი. თამაშის პროცესში ხდება გაჟღერებული ტერმინების, ცნებების თავისთავადი შესწავლა და გაცნობიერება, პროცესი მოიცავს როგორც სასწავლო, ასევე სახალისო ელემენტებს. ის ქმნის კარგ მოტივაციას და ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლის კონსტრუირებას. ყალიბდება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული დამოკიდებულება და მკვიდრი წარმოდგენები. ამ რესურსის დახმარებით მოსწავლეთა მოტივაცია მატულობს, სასწავლო პროცესი განსხვავებული, პოზიტიური, სახალისო ხდება. მოსწავლეები სასწავლო მასალას თამაშის პროცესში თავისთავად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეისწავლიან და აანალიზებენ.
თამაშის მეთოდური გზამკვლევის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/12qiKtpEVrGC-KtFqCcccT5fzisXhtd2X/view?usp=sharing
გისურვებთ სასიამოვნო და შემოქმედებით სასწავლო პროცესს.
დამატებითი კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: topuria19@yahoo.com
მარიამ თოფურია – სსიპ რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი