3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ტოკიო რეკორდით დავასრულეთ

spot_img

ტოკიოს ოლიმპიადის ბოლო სამმა დღემ ჩვენთვის არცთუ კარგად ჩაიარა – მხოლოდ ერთი მედალი მოვიპოვეთ, თუმცა სწორედ ეს ჯილდო აღმოჩნდა ჩვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება: თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირში ერთ-ერთი ფავორიტი, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, ფინალში, ბოლო წამზე დამარცხდა ამერიკელ გეიბლ დან სტევესონთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა… თავისთავად, არც ვერცხლია ცუდი, თუმცა პეტრიაშვილმა მოგების ისეთი შანსი დაკარგა, ეს მედალი აშკარად გაუფერულდა… არადა, მან თავისი როლი მაინც შეასრულა.

პეტრიაშვილის შემდეგ ოლიმპიადაზე კიდევ ორი მონაწილე დაგვრჩა, მაგრამ ორივემ უმედლოდ დაასრულა გამოსვლა – თავისუფლ სტილში მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ და კარატისტმა გოგიტა არქანიამ, თუმცა მედლის მოპოვების შანსი ორივეს ჰქონდა.

როგორც გითხარით, პეტრიაშვილის ვერცხლი მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენთვის: ეს იყო ჩვენი დელეგაციის მერვე ჯილდო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ოლიმპიადებში დამოუკიდებლად ასპარეზობის პირობებში – ამდენი მედალი არასოდეს მოგვიპოვებია. არადა, პეტრიაშვილსაც რომ მოეგო, ხარისხობრივ მაჩვენებელსაც გავიმეორებდით – რეკორდი 3 ოქრო გვაქვს, ახლა კი ორს დავჯერდით. სწორედ რომ დავჯერდით, რადგან სხვადასხვა სახეობებში 5 ფინალი წავაგეთ.

ჩვენს ანგარიშზე 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. ოლიმპიური ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90) და ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+109) გახდნენ, ვიცე-ჩემპიონობას ასევე ძიუდოისტები – ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), გურამ თუშიშვილი (+100), ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130) და თავისუფალ სტილში მოჭიდავე პეტრიაშვილი დასჯერდნენ, ბრინჯაო კი მუხლმტკივანმა ძალოსანმა, ანტონ პლესნოიმ (96) “ასწია”, რის გამოც ამ მედალს ოქროს ფასი აქვს.

ეს მონაგარი ჩვენთვისაა ხვავრიელი, რადგან აქამდე მეტი არ გვქონია, თორემ აგერ, ავსტრალიელი მოცურავე ქალი ემა მაკოენი სამშობლოში 7 მედლით ბრუნდება, ამათგან 4 ოქროა; მეორე მოცურავემ, ოღონდ ამერიკელმა ქალებ დრესელმა 5 ოქრო დაისაკუთრა. ამათ გარდა, კიდევ 4 სპორტსმენია ისეთი, 3 ან მეტი ოქრო რომ დაისაკუთრა, ანუ საერთო გუნდურ ჩათვლაში, ოქროებით, ასე ცალკეული ათლეტებიც კი გაგვისწრებენ. თუმცა ვიმეორებთ, ჩვენთვის ეს შედეგი მიღწევაა: ზედიზედ 3 ოლიმპიადა დავამთავრეთ 7-7 მედლით (ცხადია, ოქროების რაოდენობა და ხარისხი განსხვავებული იყო), ანუ რაღაც დონეს მივაღწიეთ და სტაბილურად ვინარჩუნებდით მას, ახლა კი ცოტათი წინ წავიწიეთ.

ტოკიოში 35 სპორტსმენით უნდა გამოვსულიყავით, თუმცა 2 მათგანი შეჯიბრების დაწყებამდე მოეხსნა: ერთს დოპინგი აღმოუჩინეს, მეორეს კი კოვიდი ჯერ კიდევ თბილისში დაუდასტურდა. საბოლოოდ, თამაშებზე 33 სპორტსენით ვიასპარეზეთ და ამ 8 მედლით გუნდურ ჩათვლაშიც 33-ე ადგილზე გავედით.  ჩვენსავით 2 ოქრო კიდევ 10-მა ქვეყანამ დააგროვა, თუმცა მათ სწორედ ჭარბი ვერცხლის მედლებით ვაჯობეთ: ტაივანი, თურქეთი, საბერძნეთი, უგანდა, ეკვადორი, ირლანდია, ისრაელი, ყატარი, ბაჰამის კუნძულები და კოსოვო… შეგახენებთ, რომ ამ სიას ოქროს მედლების რაოდენობით ადგენენ, თორემ მედლების საერთო რიცხვით ტაივანიც (12) გვისწრებს და თურქეთიც (13). უკრაინას სულაც 19 მედალი აქვს, მაგრამ 44-ეა, რადგან მხოლოდ 1 ოქრო მოიპოვა.

ამ 10-ეულში რამდენიმეა ისეთი ქვეყანა, მათთვის გასწრება მართლაც რომ საამაყოა – თურქეთი, საბერძნეთი, ისრაელი. თუმცა, საბედნიეროდ, კიდევ ბევრ ეკონომიკურად განვითარებულსა და სპორტული თვალსაზრისით აწყობილ ქვეყანას ვუსწრებთ: უკრაინა, ბელარუსი, ავსტრია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ინდოეთი (არადა, შეადარეთ მათი მოსახლეობა ჩვენსას!), პორტუგალია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, არგენტინა, ყაზახეთი… დასახელება კიდევ ბევრისა შეიძლება, თუმცა ზემოხსენებული პარამეტრებით ყველაზე საყურადღებონი გამოვყავით. ბევრ მათგანს ეკონომიკურად კარგა ხანს ვერ შევედრებით, ბევრიც კი აწყობილი სისტემით და გამართული ინფრასტრუქტურით გვისწრებს. მაგალითად, ბელარუსში სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევს სპორტს, მაგრამ მაინც ვაჯობეთ. ან თურქეთის ბაზები და მათი მოსამზადებელი პირობები ავიღოთ… ბოლო 10-წლეულში ინფრასტრუქტურა აზერბაიჯანმაც იმ დონეზე განავითარა, ტოლს არ უდებს წამყვან ევროპულ ქვეყნებს და აკი, 2015 წელს, ბაქოში გამართული პირველი ევროპული თამაშების შემდეგ, ევროპელი სპეციალისტებიც ხშირად აღნიშნავდნენ, ასეთი ბაზები მხოლოდ წამყვან ქვეყნებში გვინახავსო. თუმცა, ტოკიოში აზერბაიჯანმა მხოლოდ 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, სომხეთმა – 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო. ამ დროს საქართველოს ოლიმპიური მზადების ბაზა არა აქვს და სავსებით სწორად შენიშნა ჩვენმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, რომელმაც მეცხრე ოლიმპიადაზე იასპარეზა და ამ თამაშების ერთ-ერთი გმირი გახდა, გუნდის წევრებმა ტოკიოში გავიცანით ერთმანეთიო. დაბოლოს, საქართველოს ის ქვეყანაა, დღესაც, 21-ე საუკუნეშიც გადარჩენისთვის რომ იბრძვის.

არადა, 33-ე ადგილამდეც ბოლო ორი დღის შედეგებით დავქვეითდით, როცა მონაწილეც აღარ გვყავდა ბევრი და უმედლოდაც დავრჩით, თორემ 6 აგვისტოს მონაცემებით ჯერ 26-ე, მერე 29 ადგილზე ვიყავით, დღე კი საბოლოოდ 31-ზე დავამთავრეთ, ორკვირიანი თამაშების უდიდესი ნაწილი კი სულაც 20-ეულში ან მის ახლოს – 21-ე ადგილზე ვტრიალებდით. არადა, ტოკიოში 5 ვერცხლი მოვიპოვეთ, ანუ ამდენი ფინალი წავაგეთ, თუნდაც ერთი მათგანის მოგება კი 26-ე ადგილზე აგვანაცვლებდა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. უფრო გულდასაწყვეტი დაკარგული ბრინჯაოებია, რომლებიც გუნდურ ჩათვლაში წინ ვერ წაგვწევდა, მაგრამ შიდა რეკორდს კი ხვავრიელად შეგვივსებდა: 5 ქართველი ოლიმპიელი გავიდა მეხუთე ადგილზე.

თუმცა, ბოლო ორ დღეს, ოლიმპიადაზე, გუნდურ ჩათვლაში, იმდენი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ჩვენი ჩაჩოჩება რა გასაკვირია: აშშ-მ ოქროს მედლებით გადაუსწრო ჩინეთს (რაოდენობრივად მანამდეც უგებდა) და პირველზე გავიდა; რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდი მეოთხე ადგილისთვის ეჭიდავებოდა დიდ ბრიტანეთს და 7 აგვისტოს ჩამოართვა კიდეც ეს პოზიცია, მაგრამ ბრიტანელებმა ზუსტად ბოლო 2 დღეში 2 ოქრო მოიპოვეს და, საბოლოოდ, გაუსწრეს დასჯილ გუნდს (შეგახსენებთ – რუსებს, დოპინგის გამოყენების გამო, ქვეყნის სიმბოლიკის გამოყენების უფლება არ ჰქონდათ – ვერ გამოდიოდნენ საკუთარი დროშით, ვერ უკრავდნენ ქვეყნის ჰიმნს, ზურგზე კი, ქვეყნის დასახელების ნაცვლად, ეწერათ აბრევიატურა როკ  – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი). თუმცა, რუსები საერთოდ არ უნდა დაეშვათ ოლიმპიადაზე, რადგან დოპინგის გამოყენებასა და ანალიზების გაყალბებაში თურმე მთელი სახელმწიფო ყოფილა ჩართული, მაგრამ სოკ-მა სპორტსმენები შეიცოდა და შანსი არ წაართვა. თუმცა, ძაღლის კუდი ხომ გაუსწორებელი რამეა და რუსული სპორტის მაღალჩინოსნებმა, ბოდიშის ნაცვლად, ნიშნის მოგებით განაცხადეს, ჩვენი ასეთი კარგი გამოსვლა საუკეთესო პასუხია ბრალდებებზეო, თითქოს დოპინგის გაყალბება სახელმწიფო პოლიტიკის რანგში სხვა ქვეყანაში იყო აყვანილი და ეს მათი მთავრობის მითითებით, აქტიური ფინანსური დახმარებით არ ხდებოდა. მოცურავეთა ტურნირში იყო ორი შემთხვევა, როცა რუსების გამოსვლის წინააღმდეგ ამერიკელმა სპორტსმენებმა გაილაშქრეს.

თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ ჩვენების გამოსვლას, ამ შედეგებით ევროპაში მე-20 ადგილზე ვართ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის კი – მესამეზე, რუსეთისა და უზბეკეთის შემდეგ.

ტოკიოში სპორტის 11 სახეობაში ვიყავით წარმოდგენილი, მედლები კი მხოლოდ 3 სახეობაში მოვიპოვეთ: ძიუდო, ძალოსნობა და ჭიდაობა. ამ 8 მედლიდან ზუსტად ნახევარი – 4 ჯილდო ძიუდოს ვაჟთა ნაკრებზე მოდის: 1 ოქრო და 3 ვერცხლი; ძალოსნობამ და ჭიდაობამ კი 2-2 მედალი მოგვიტანა. მოჭიდავეებმა ორივე სტილში თითო ვერცხლი მოიპოვეს, თუმცა ეს მათთვის ძალზე წარუმატებელი შედეგია.

ძალოსნებმა წინა თამაშებზეც 2 ჯილდო დაისაკუთრეს და მაშინაც ოქრო-ბრინჯაო იყო, თუმცა ბრაზილიაში ორივე პრიზიორი მძიმე წონაში გვყავდა, ახლა კი სხვადასხვა წონებშია. თანაც, ახლა ტალახაძის ფენომენალურმა გამოსვლამ და ყველა დისციპლინაში, ყველა მოძრაობაში, ყველგან და ყველაფერში დამყარებულმა მსოფლიო და ოლიმპიურმა რეკორდებმა, ორჭიდში 45 და 64 კილოგრამით ჩამოტოვებულმა მეტოქეებმა, ყველაფერი დაჩრდილა და ზოგადად ოლიმპიადის ერთ-ერთ მთავარ ამბად იქცა.

მთლიანად გუნდისა არ იყოს, ამდენი მედალი ძიუდოისტებისთვისაც სარეკორდოა – ადრე ჩვენი მაქსიმუმი 2 ჯილდო იყო. არადა, ჩვენებმა 3 ფინალი წააგეს და 3 ათლეტი მეხუთე ადგილზე გავიდა, ანუ წააგო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა. ამათგან თუნდაც ერთი შეხვედრის მოგება კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მოგვიტანდა. ბუნებრივია, ყველა მათგანის წაგება გულდასაწყვეტია, მაგრამ ერთს მაინც გამოვარჩევთ – ქალთა ტურნირში ეთერ ლიპარტელიანის (57) მარცხი, თორემ ისიც ისტორიულ შედეგს აჩვენებდა. ნახევარფინალში ჭიდაობაც და მეხუთეზე გასვლაც ისტორიულია ჩვენი ქალთა ძიუდოსთვის, მაგრამ მედლის მოპოვებით ბევრად უფრო წარმატებულ ისტორიას დაწერდა. თუმცა ეს საკითხი დროის ამბავია – ლიპარტელიანი მომავალ ოლიმპიადაზე ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იქნება, არათუ რიგითი მედლისა, იქამდეც ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირია და არაერთხელ გაამართლებს ფავორიტის იმიჯს. ეს თამაშები მისთვისაც დიდი სტიმული იქნება და საქართველოში ქალთა ძიუდოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

მომავალი ოლიმპიადა კი არც ისე დიდი ხნის შემდეგ – სულ რაღაც 3 წელიწადში, პარიზში, 2024 წელს ჩატარდება. იმედია, მის ჩატარებას პანდემია უკვე ვეღარ დააბრკოლებს, თამაშებს ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი – მაყურებელიც დაუბრუნდება და ჩვენებიც ახალ რეკორდებს დაამყარებენ.

ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები