ნაწილი I
ტიკები
დღეს მინდა დავწერო ტიკების მდგომარეობაზე. ტიკებად მიჩნეულია სწრაფი, უნებლიე, სტერეოტიპული და განმეორებადი მოძრაობები. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ICD-10-ის საფუძველზე მისი კოდი F.95-ია. ტიკის სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ყოველი 1000 ბავშვიდან, 3-8 ბავშვში გვხვდება ტიკების რომელიმე ფორმა და უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში.
მიუხედავად იმისა, რომ ტიკებს ძირითადად მოქმედებების სახით იცნობენ, ის ორ დიდ ჯგუფად იყოფა: მოტორულ ტიკებად – რომელშიც მოიაზრება წამწამების, მხრების, თვალების, კიდურების, ცხვირის, ენის ან ტუჩების კონკრეტული მოძრაობები და ფონურ ტიკებად – ბგერების გამოცემა, სრუტუნი, ხველა, უცენზურო სიტყვების და ფრაზების წარმოთქმა.
ტიკების კატეგორიზაციას კიდევ ერთი კრიტერიუმით ახდენენ, გამოიყოფა მარტივი და რთული ტიკები.
მარტივი ენით რომ ავხსნათ, რაც უფრო მეტი კუნთია ჩართული ტიკების განხორციელების დროს, მას რთულ ტიკად მიიჩნევენ, ის ასევე ხასიათდება მოქმედებათა ნელი და რამდენიმე ბიჯიან მოქმედებად, ხოლო მარტივ ტიკებად მიიჩნევა სწრაფი, უნებლიე და მარტივი მოძრაობები.
რაც შეეხება ფონურ ტიკებს, აქაც ხდება მარტივ და რთულ ტიკებად დაყოფა, მარტივია ფონური ტიკი, როდესაც ის ხანმოკლე და უნებლიე ხმის გამოცემას გულისხმობს: ჩახველება, სრუტუნი, კონკრეტული ბგერების წამოძახილი, ხოლო რთულია ფონური ტიკი, როდესაც ის კონკრეტული ფრაზების ან წინადადებების გამეორებას გულისხმობს. ეს უკანასკნელი ხშირად სოციალურად მიუღებელი სიტყვების (უხამსი სიტყვები) წარმოთქმას გულისხმობს, რომელსაც კოპროლალია ეწოდება.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოვიძიე, რომ არსებობს ტიკების ფანტომური სახეც, რომელიც გულისხმობს ტიკის გამომწვევ მიზეზს საკუთარი სხეულის მიღმა. ძირითადად, ტიკების გამომწვევ მიზეზად იგულისხმება უსიამოვნო შეგრძნება სხეულის იმ ნაწილში, რომელიც ჩართულია ტიკების განხორციელების პროცესში, თუმცა არსებობს ტიკების ფორმა, როდესაც ტიკების გამომწვევი შეიძლება იყოს სხვა ადამიანი ან სულაც ობიექტი. ასეთ დროს ტიკების მქონე ადამიანს აქვს სურვილი შეეხოს, დაკაწროს ან მოახდინოს რაიმე ტიპის ფიზიკური ურთიერთობა გარეშე პირთან ან საგანთან.
♦ ქრონიკულ ტიკად მიიჩნევა მდგომარეობა, როცა სახეზე გვაქვს ერთი ან რამდენიმე მოტორული ან ფონური ტიკი, მაგრამ არა ორივე მათგანი. ქრონიკული ტიკი, მინიმუმ, 1 წელი უნდა მიმდინარეობდეს და რემისია 3 თვე ფიქსირდებოდეს.
♦ გარდამავალია ტიკი, როდესაც სახეზე გვაქვს რამდენიმე, როგორც მოტორული, ისე ფონური ტიკი. გარდამავალი ტიკი 1 წლის მანძილზე ან უფრო ხანმოკლე დროში თავისით ქრება.
♦ როდის შეგვიძლია ჯანსაღი ეჭვი მივიტანოთ ტიკების მდგომარეობაზე?
გარდა ზემოთ აღწერილი მოტორული და ფონური ტიკებისა, ტიკის მდგომარეობა პირველად თავს იჩენს 5 წლამდე პერიოდში და უმეტესად გრძელდება 18 წლამდე. ტიკი გამოხატვის პიკს 10-12 წლის ასაკისთვის აღწევს. ტიკის გამოხატულება მცირდება ღამის საათებში.
♦ ვის მივმართოთ დიაგნოსტირებისთვის?
მნიშვნელოვანია ოჯახმა დროულად მიმართოს ფსიქიატრს. შემდეგ კი მოხდეს საჭიროებისამებრ გადამისამართება ნევროლოგთან და ფსიქოთერაპევტთან. ტიკების დროს ასევე ეფექტურია ქცევის გამოყენებითი ანალიზის და კოგნიტურ-ბიჰევიორული (CBT) თერაპიის გამოყენება ტიკების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან.
ნაწილი II
ტურეტის სინდრომი
მიიჩნევა, რომ ტურეტის სინდრომი ტიკური აშლილობის ყველაზე მძიმე ფორმაა. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით ICD-10 ის მიხედვით ტურეტის სინდრომი F 95.2 კოდით არის ცნობილი. ტურეტის სინდრომის დროს ვლინდება როგორც მოტორული, ისე ვოკალური ტიკები, ისინი ქრონიკული ხასიათისაა. ის პირველად აღწერა ფრანგმა ნევროლოგმა, ჟილ დე ტურეტმა, მდგომარეობის სახელიც სწორედ მის საპატივცემულოდ დაერქვა.
ტურეტის სინდრომის გამოვლენა ხდება 18 წლამდე ასაკში. იგი ქრონიკული ხასიათისაა, სიმპტომები, მინიმუმ, 1 წელი მიმდინარეობს. ხშირად ტურეტის სინდრომი თანაარსებობს ყურადღების დეფიციტთან და ჰიპერაქტიურობის სინდრომთან ერთად, სახეზეა ქცევითი აშლილობები, ბიპოლარული აშლილობა.
ტურეტის სინდრომის დროს ცვლილებები ფიქსირდება თავის ტვინის ნუშისებრ სხეულში, სარტყლის ხვეულში, ბაზალურ განგლიასა და შუბლის წილში. ასევე ტურეტის სინდრომის დროს უჩვეულოდ დიდი დოზით გამოიყოფა ნეიროტრანსმიტერი დოფამინი, რომელიც პასუხისმგებელია კუნთების მოძრაობაზე. ჩარევის დროს იშვიათად გამოიყენება დოფამინის ბლოკატორები ტიკების შესამცირებლად.
♦ ტურეტის სინდრომის დროს ტიკები შეიძლება გამოიხატოს შემდეგნაირად:
♦ ექოლალია – სხვისი სიტყვების და ხმების იმიტაცია, გამეორება.
♦ ექოპრაქსია – სხვათა მოძრაობების გამეორება და იმიტაცია.
♦ პალილალია – სიტყვის ბოლო ასოების ან წინადადებების ბოლო სიტყვის გამეორება.
♦ კოპროლალია – უხამსი სიტყვების და ფრაზების უნებლიე წამოძახილი.
♦ კოპროპრაქსია – უნებლიე უხამსი ჟესტები და მოძრაობები.
რეკომენდაციები
- მნიშვნელოვანია ბავშვთან არ მოხდეს ტიკებზე გაზგასმა. გაგეცინებათ და/თუ საერთოდ არ გაუმახვილებთ ყურადღებას, ეს გაზრდის იმის შანსს რომ ტიკები შემცირდეს.
- მიეცით მეტი დრო დავალებების შესრულებისას.
- ტიკების გამოვლენის სიხშირე კლებულობს ფიზიკურ ან გონებრივ აქტივობებში ჩართვისას, ამიტომ პროდუქტიულად გადაანაწილეთ ბავშვის დრო და დღის რუტინები.
- მოარიდეთ ბავშვი სტრესულ გარემოს, შეამცირეთ სტეროიდები და კოფეინის მიღება.
- ტიკების გამწვავების დროს გამოიყენეთ სარელაქსაციო აქტივობები.
- კონკრეტული ემოციების და ტიკების გამომწვევი სიტუაციების ამოცნობის სწავლება ბავშვისთვის, სტრესული ფაქტორისთვის სახელის დარქმევა და მასზე ალტერნატიული რეაგირების სწავლება.
სტატია მოამზადა ადრეული განვითარების სპეციალისტმა და განათლების ფსიქოლოგმა
სოფიო მელაძემ