რუსუდან ქარჩავა
სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებელი
წაკითხვისა და გააზრების პროცესი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ერთდროულად მიმდინარეობს.
მიმაჩნია, რომ მოზარდის კარგ მკითხველად ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. კითხვა, სწავლის ძირითადი იარაღია, თუ მოსწავლე შეცდომებით კითხულობს, ის ვერ იაზრებს ტექსტს.
მხატვრული ტექსტის გაგება – გააზრების პრობლემა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია, რათა ეფექტურად წარმართოს სასწავლო პროცესი. ჩემი პედაგოგიური კვლევისას ერთად მოვუყარე თავი იმ ძირითად სტრატეგიებს, რომელთაც ტექსტის გააზრებისათვის ხშირად ვიყენებ. ჩემი დაკვირვებით, მათი სასწავლო პროცესში სისტემატურად გამოყენება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხატვრული თუ საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებას. ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ სტრატეგიებს და მათ მოკლე აღწერას. შესაძლოა თითოეული მათგანის მოდიფიცირება და მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაზე მორგება.
1) მნიშვნელოვანია დაწყებით კლასებში, ფონოლოგიური ცნობიერების არსის წინარე აკადემიური უნარის განვითარება, რომელიც წარმოადგენს კითხვისა და წაკითხულის გააზრების წინაპირობას. ამისათვის საჭიროა სიტყვის იდენტიფიცირება, სიტყვის დამარცვლა, მათი რაოდენობის განსაზღვრა, წინადადების სიტყვებად სეგმენტირება და წაკითხული წინადადების გააზრება. ამ მიზნით ვიყენებ თვალსაჩინოებებს, სქემებს; საჭიროების შემთხვევაში, ვშლი კონკრეტულ მასალას დეტალებად და შემადგენელ ასპექტებად, რათა მოსწავლემ აღიქვას მიღებული ინფორმაცია.
შესაძლებელია ტექსტში მარცვლების გამოყოფა, მარცვალ-მარცვალ წაკითხვა, არეული მარცვლებისგან სიტყვის მიღება, სიტყვების თანმიმდევრობის დაცვით წინადადების შედგენა. ვიზუალური სწავლებისთვის ვიყენებ დიდ პლაკატებს, სადაც სხვადასხვა ფერით გამოვყოფ მარცვლებს სიტყვებში; მოიფიქრონ რაც შეიძლება მეტი სიტყვა გარკვეული მარცვლის გამოყენებით, მუშაობენ წყვილებში/ჯგუფებში.
აქვე ხაზს გავუსვამ, სწავლების პროცესში აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის, რადგან ერთ ჯგუფში სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეებთან გვიწევს მუშაობა. აუცილებელია დიფერენცირებული სწავლება, რომელსაც საჭიროების შესაბამისად ვიყენებ.
2) ახალი ტექსტის ახსნის დროს ვიყენებ ილუსტრაციას, ვადგენთ კავშირს სათაურსა და ილუსტრაციას შორის. მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს – რაზე იქნება საუბარი მოთხრობაში? რამ მიგანიშნათ ამის შესახებ? ვთხოვ, ჩამოთვალონ რა სიტყვები ახსენდებათ ამ ილუსტრაციის დანახვისას. ეს აქტივობა ეხმარება ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
3) ტექსტის გააზრებას, ასევე, ხელს უშლის არასწორად შერჩეული ტექსტი, ვგულისხმობ სიდიდესა და სირთულეს. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ტექსტს. აუცილებელია, რთული და დიდი ტექსტის დაყოფა ნაწილებად (შესავალი ნაწილი, შუა და დასკვნა). დიდი ტექსტის უმოკლეს დროში დამახსოვრებისთვის ვიყენებ შემდეგ აქტივობებს: მოსწავლეებს ვთხოვ ფოკუსირდნენ ტექსტის არა ზეპირად დამახსოვრებაზე, არამედ მისი არსის გაგებაზე. ტექსტს ყოფენ აბზაცებად და ასათაურებენ. სათაურში გამოყენებულია საკვანძო სიტყვები, რაც უადვილებს მათ ტექსტის გახსენებას, აქვე ვუსვამ შესაბამის კითხვებს და პასუხობენ. მნიშვნელოვანია, ტექსტის ვიზუალიზაციის შექმნა, ხმამაღალი კითხვა. შესაძლებელია ხმის ჩაწერაც.
4) ასევე, შესაძლებელია, ტექსტთან ერთად, „ვარაუდების სქემა“ დავურიგო, სადაც გამოყოფილი მაქვს ტექსტის სტრუქტურის სამივე ნაწილი მკვეთრი ნუმერაციით (შესავალი, შუა ნაწილი და დასკვნა). სანამ ტექსტის პირველ (შესავალ) ნაწილს წაიკითხავენ, ვთხოვ, შეავსონ მოცემული სქემის პირველი სტრიქონის უჯრები კითხვებზე პასუხით:
♦ სათაურის წაკითხვის შემდეგ როგორ ფიქრობ, რა მოხდება?
♦ რატომ გგონია ასე?
♦ სინამდვილეში რა მოხდა?
უკანასკნელ კითხვას პასუხს გასცემენ ტექსტის სხვა ნაწილების ეტაპობრივად წაკითხვასთან ერთად. საყურადღებოა, რომ მოსწავლეებმა, თავიანთი მოსაზრებების გასამყარებლად, არგუმენტი უნდა მოიყვანონ ტექსტიდან. ყოველივე ეს ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მიზნად ისახავს მოსწავლეთა აქტიურ ჩართვას კითხვის პროცესში. ბავშვები ცდილობენ კითხვების დასმას, ვარაუდების გამოთქმას და არგუმენტირებულ მსჯელობას, რაც მთავარია, ამ მეთოდის გამოყენებით, ყველა მოსწავლე რთულ ტექსტსაც კი ადვილად გაიაზრებს, არ ეფანტება ყურადღება კითხვისას და ბოლომდე დაინტერესებულ მკითხველად რჩება.
5) ლექსიკურ ერთეულზე მუშაობისას ვიყენებ „მონიშვნით კითხვის“ მეთოდს. კითხვის პროცესში მათთვის გაუგებარ სიტყვებს ფანქრით უსვამენ ხაზს. ასევე ვიყენებ კონტექსტის მიხედვით სიტყვის ამოცნობის ხერხს, სინონიმების დასახელებას; ტექსტიდან ამობეჭდილ წინადადებაში გამოტოვებული ლექსიკური ერთეულის ჩასმას; სიტყვების შედარებას განმარტებებთან.
6) ტექსტის გააზრებისათვის მნიშვნელოვანია სწორად დასმული კითხვები. ხშირად ვიყენებ ღია კითხვებს, რომელზეც შეიძლება გაეცეს პასუხების რამდენიმე ვარიანტი და რომელიც შემდგომ დიალოგისკენ უბიძგებს. მოსწავლეები თვითონ ქმნიან კითხვების „ბანკს“, თავად სვამენ კითხვებს, რომლის პასუხს ტექსტში პოულობენ. ეს, ძირითადად, ცოდნაზე ორიენტირებული კითხვებია. ვიყენებ „კითხვების გვირილას“, ანუ „ბლუმის გვირილას“ (ბენჟამინ ბლუმი). ვსვამ საანალიზო და შემაფასებელ კითხვებს:
რატომ? რა მოხდება, თუ…? რას ფიქრობ ამის შემდეგ?
7) პერსონაჟების შესახებ საუბრის დროს გამოვყოფ მთავარ და არამთავარ გმირებს და ვახასიათებთ. პერსონაჟის დახასიათებისთვის ვიყენებ:
ნიმუში I
ფიქრობს, აკეთებს, ამბობს, გრძნობს, შედეგი.
ნიმუშიII
პერსონაჟის გარეგნობა, თვისებები, მიდრეკილებები, განცდები, ავტორის დამოკიდებულება მისდამი. რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ნაწარმოების მოქმედ პირთან? რას ფიქრობს, რას განიცდის?
ნიმუში III
გმირი გამოგონილი პერსონაჟია თუ რეალური? რა თვისებები უწყობს ხელს გმირის წარმატებას? რა პრობლემის წინაშე დგას გმირი და რამდენად ახერხებს მის გადალახვას? როგორია გმირი – დადებითი თუ უარყოფითი?
8) მოიძიონ ტექსტიდან სხვადასხვა კატეგორიის მახასიათებელი სიტყვები, მაგალითად: მოიძიონ არსებითი სახელი, რომელსაც დაესმის კითხვა – ვინ? მოქმედების, რაოდენობის, გრძნობების, ემოციების გამომხატველი სიტყვები. ასევე შემიძლია, წინასწარ დავამზადო ბარათები, სადაც ჩამოწერილი იქნება სიტყვები ამ მახასიათებლების მიხედვით და გამოიცნონ რომელი მათგანია გამოყენებული ტექსტში.
9) ეპიზოდური თანმიმდევრობის გახსენების მიზნით, მოსწავლეებს ვთავაზობ ილუსტრაციებს ან ტექსტიდან ამობეჭდილ წინადადებებს. მათ მოვლენები თანმიმდევრობით უნდა დაალაგონ. ილუსტრაციებს დაურთონ სიტყვები და შექმნან კომიქსი. შესაძლებელია არეული აბზაცების დალაგებაც.
გამოყენებული ლიტერატურა:
მასწავლებელის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. I ნაწილი.