მერაბ მიგინეიშვილი
აბაშის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
2020-2021 სასწავლო წელი განსაკუთრებულად გამორჩეულია, რადგან ის იწყება მაშინ, როცა მსოფლიო კორონავირუსის უდიდეს გამოწვევას ებრძვის. ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში, ზაფხულის არდადეგების პერიოდშივე, დაიწყო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, ახალი საპირფარეშოების მშენებლობა. სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვებით, სკოლები დროულად მომარაგდა დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარებით, თერმოსკრინინგის აპარატებით. ყველა საჯარო სკოლა სასწავლო წლის დასაწყისში აკმაყოფილებდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და მათზე გაიცა სკოლის საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების ნებართვა. სკოლების მიერ შემუშავდა საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმა, გამოიყო სხვადასხვა პროცედურებზე პასუხისმგებელი პირები და შემუშავდა ამ პროცესში მშობელთა ინფორმირებისა და მათი ჩართულობის მექანიზმები.
მოგეხსენებათ, ამჟამად სკოლებში ხორციელდება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულებაა „ახალი სკოლის მოდელი“. აღნიშნულ პროექტში, 2019 წლიდან, ჩართულია აბაშის №1 საჯარო სკოლა. პროექტის განხორციელების პერიოდში საგანმანათლებლო რესურსცენტრი აქტიურად უწევდა სკოლას თანადგომას საორგანიზაციო საკითხების ოპერატიულად და დროულად გადაწყვეტაში. პროექტის დადებითი მხარეებიდან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სკოლის პედაგოგები, სწავლა-სწავლების პროცესში, უფრო მეტად კონტაქტობდნენ კოლეგებთან, მოსწავლეებთან, ადმინისტრაციასთან, თემთან, მშობლებთან. მართალია, „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტი დაწყებით საფეხურზე ხორციელდებოდა, მაგრამ მაღალი კლასების პედაგოგები, საკუთარი სურვილით, იყენებდნენ ახლებურ მიდგომებს და საინტერესო შედეგებსაც აღწევდნენ. მთელი საპილოტე პერიოდის განმავლობაში მოდელი ხორციელდებოდა კურიკულუმის და ლიდერობის ექსპერტების ჩართულობით. მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის, ასევე, განსაკუთრებით საინტერესო იყო ტექნოლოგიების ექსპერტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, რომელმაც სკოლას საშუალება მისცა, გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში, უმტკივნეულოდ გადასულიყო დისტანციურ სწავლებაზე. მოსწავლეებს და მასწავლებლებს კი, შესაძლებლობა მიეცათ ჩართულიყვნენ ონლაინ რეჟიმის შესაბამის პლატფორმებში და ორგანიზებულად წარემართათ სასწავლო პროცესი, მეტი კომუნიკაცია ჰქონოდათ მოსწავლეთა მშობლებთან.
პროექტი „ახალი სკოლი მოდელი“ დღესაც გრძელდება, სკოლები უკვე რეალურად მუშაობენ ისეთ სიახლეებზე, როგორიცაა სასკოლო კურიკულუმების შედგენა, კომპლექსური დავალებები. საგანმანათლებლო რესურსცენტრი და საჯარო სკოლები დღე-დღეზე ველოდებით საგნობრივ ექსპერტებს, რომლებიც დაწყებით და საბაზო საფეხურზე, ყოველდღიურად, დაეხმარებიან სკოლებს სასკოლო კურიკულუმის შედგენაში, დანერგვასა და მიმდინარეობის პროცესების გაანალიზებაში. მისასალმებელია, რომ საგნობრივი ექსპერტები იმუშავებენ არა მარტო პროექტში ჩართულ სკოლებთან, არამედ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთანაც, რითაც მოამზადებენ საფუძველს პროექტის დასანერგად, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ სკოლების რაოდენობა.
დოდო დოლიძე
აბაშის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“, 2019 წელს, I-IV კლასებში დაინერგა და 4 პროექტი სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სასკოლო ცხოვრებაში გაჩნდა ახალი რგოლი — მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც პედაგოგებს, სკოლის ბაზაზე, რამდენიმე მიმართულებით უწევდა კონსულტაციას — სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, სკოლის მართვის ეფექტური მიდგომის განვითარება, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება. „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვის შემდეგ სკოლა გახდა, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზაცია. მხარდამჭერი ჯგუფის ჩართულობით, სკოლაში შეიქმნა სასკოლო სასწავლო გეგმა (კურიკულუმი) I-IV კლასების ყველა საგნისათვის. დაწყებითი კლასების პედაგოგებს საკმაო გამოცდილება დაუგროვდათ კომპლექსური დავალებების შექმნის, რომელსაც საბაზო საფეხურის პედაგოგებს უზიარებენ. კომპლექსურმა დავალებებმა სასწავლო ფერხულში ჩააბა ყველა მოსწავლე, რამაც გაზარდა მათი მოტივაცია და გაკვეთილები სახალისო გახადა. 2020-2021 სასწავლო წელს, ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მუშაობას საბაზო საფეხურზე განაგრძობს. შერჩეული არიან პედაგოგები საგნების მიხედვით, რომლებიც ონლაინ რეჟიმში დაესწრებიან მეგზურების ტრენინგებს და შემდეგ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს კათედრის წევრებს გააცნობენ.
ჩვენი სკოლა სწავლის დაწყებისთვის სათანადოდ მომზადებული აღმოჩნდა. მაქსიმალურადაა დაცული სოციალური დისტანცია როგორც დასვენებაზე, ისე სწავლის პროცესში. სკოლამ ახალი სასწავლო წელი ოფიციალურად შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით დაიწყო. სწავლის დაწყებამდე, სკოლაში შემოვიტანეთ თერმოსკრინინგის აპარატები, სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერები. სასწავლო პროცესი ისე დაიგეგმა, რომ მცირე სივრცეში, ერთდროულად, ბევრი მოსწავლე არ ყოფილიყო. გადავედით ორცვლიან სწავლებაზე. დაწყებითი კლასის მოსწავლეები (I-IV) და დამამთავრებელი კლასები (XII) პირველ ცვლაში არიან, ხოლო დანარჩენი კლასები — მეორე ცვლაში. სკოლაში დაცულია ყველა სახის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმა.
ქეთევან შეყრილაძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი:
პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ არა მარტო ახალია, არამედ არის სწორი ხედვა სკოლის განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ მართალია მცირე ხნით, მაგრამ მეც ვიყავი ამ პროექტის აქტიური მონაწილე — ლიდერობის ექსპერტი. „ახალი სკოლის მოდელი“ პასუხს სცემს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს, როგორიცაა — რას ვასწავლით (საგნებს, საკითხებს, თემებს), რისთვის ვასწავლით (მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებისათვის) და როგორ ვასწავლით (კეთებით, კომპლექსური დავალებებით), რადგან ჩინური ანდაზისა არ იყოს — „მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ“ — ყველაზე შედეგიანი სწორედ კეთებით სწავლებაა.
ჩვენს მუნიციპალიტეტში გაორმაგდა პროექტში ჩართული სკოლების რიცხვი, ორს კიდევ ორი დაემატა, სადაც სამუშაო ჯგუფები ამ მიმართულებით იმუშავებენ. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გვექნება ონლაინ შეხვედრები კვირაში 3-ჯერ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, იქნება ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრები სკოლებთან.
რუსუდან უსუფაშვილი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
სასკოლო კურიკულუმის გასავითარებლად, სკოლა მოზარდების შემეცნებითი და შემოქმედებითი ასპარეზი უნდა გახდეს. „ახალი სკოლის მოდელის“ მიხედვით, სწორედ ეს ორი მიზანი განხორციელდა: ამაღლდა სწავლა-სწავლების ხარისხი და შეიქმნა ისეთი გარემო, სადაც კარგი მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად მეტი შესაძლებლობაა. გარდა ამისა, მოგვეცა „კეთებით“ სწავლის საუკეთესო საშუალება.
„ახალი სკოლის მოდელმა“ აქცენტი მასწავლებლების მხარდაჭერასა და დახმარებაზე გადაიტანა, ზოგადად, პროექტი მიმართულია სკოლის, როგორც ერთიანი გუნდის, განვითარებაზე.
სკოლისთვის შეთავაზებული დოკუმენტები სწავლა-სწავლების, რესურსების, მეთოდების, სტრატეგიებისა და შეფასებების დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს მოიცავდა. კარგი შედეგი მოგვცა კომპლექსური დავალებების ბანკმა, რომელიც საკლასო ოთახში რეალიზდება. ამასთან, პედაგოგების თანადგომით, მოხერხდა სასწავლო პროცესის მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსებით გამდიდრება.
კობა ბარდაველიძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის №1 საჯარო სკოლის დირექტორი:
2019-2020 სასწავლო წელს ჩხარის საჯარო სკოლაში წარმატებით დაინერგა „ახალი სკოლის მოდელი“. ქოუჩებთან პირველივე შეხვედრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისი წინამორბედებისგან — მეტად იყო ორიენტირებული კონკრეტული სკოლის საჭიროებებზე. შესაბამისად, ტრენინგთა სერიის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ პროფესიონალიზმით გამორჩეული ექსპერტთა მხარდამჭერი ჯგუფი: ლიდერობის ექსპერტი ქეთევან შეყრილაძე, კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი სოფო სიუკაევა, კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტის თანაშემწე შორენა გვენეტაძე და ექსპერტი ტექნოლოგიების მიმართულებით თეა დოლაკიძე.
თანამშრომლობის პირველ ეტაპზე განისაზღვრა სკოლის ინდივიდუალური პროფილი, მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად განისაზღვრა და შეფასდა სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები. რეალური სურათის დანახვის შემდეგ, დავიწყეთ კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. შევქმენით სასკოლო კურიკულუმები, რომლის ძირითადი ორიენტირი მოსწავლე იყო. საგანმანათლებლო სერვისი, რომელსაც კურიკულუმების მეშვეობით ვთავაზობთ მოსწავლეებს, მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებზეა მორგებული. რეფორმის ფარგლებში, ვითვალისწინებთ სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებს:
აქტიური სწავლა-სწავლება — მიღებული ინფორმაცია ცოდნად გადაიქცევა, როცა მოსწავლე თავადაა ჩართული შემოქმედებით პროცესში. კომპლექსური დავალებები საშუალებას გვაძლევს, მოსწავლემ ახალი ცოდნა წინარე ცოდნაზე დაფუძნებით მიიღოს;
ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება — მოსწავლეთა გონებაში ცნებების და მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბება, რაც მას ცოდნის გამთლიანებაში ეხმარება;
სწავლის სწავლა — იმ სტრატეგიების გაცნობიერება, რომლებსაც მოსწავლე სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს. სასკოლო კურიკულუმზე მუშაობა საკმაოდ ეფექტურად და ნაყოფიერად წარიმართა ჩვენი სკოლის პედაგოგებისთვისაც, თითქოს ყველაფერი კარგად ნაცნობია, მეთოდებიც მრავალჯერ ნაცადი, თუმცა მათი გამოყენების შესაძლებლობა გაკვეთილზე ახალი კუთხითაა დანახული.
მხარდამჭერთა ჯგუფის ექსპერტები მართლაც რომ მეგზურები იყვნენ რეფორმის დანერგვის პროცესში. ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ პედაგოგებთან, აძლევდნენ მყისიერ და კონსტრუქციულ უკუკავშირს, ერთად განიხილავდნენ ყველა დეტალსა თუ პრობლემას, პედაგოგებს მრავალფეროვანი რესურსებით უზრუნველყოფდნენ, რამაც ხელი შეუწყო მათ პროფესიულ ზრდას და სკოლის ერთიან გუნდად ჩამოყალიბებას.
„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისას გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა, კლასში არ რჩება პასიური მოსწავლე, ასრულებენ კომპლექსურ დავალებებს, ჩართული არიან შემოქმედებით პროცესში, ქმნიან, იძიებენ, აანალიზებენ, უკავშირებენ, ახდენენ მიღებული ცოდნის სინთეზს. საგაკვეთილო პროცესი უფრო დინამიური და საინტერესო გახდა. შესაბამისად, ამაღლდა სწავლა-სწავლების ხარისხი.
„ახალი სკოლის მოდელის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში, რამაც ხელი შეუწყო როგორც გაკვეთილის გამრავალფეროვნებას, ასევე მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შესძინა საჭირო და მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც დაგვეხმარა, პანდემიის დროს, რამდენიმე ნაბიჯით წინ აღმოვჩენილიყავით დისტანციური სწავლების პროცესში.
მოსწავლეზე ორიენტირებული „ახალი სკოლის მოდელის“ იმპლემენტაცია ნამდვილად საინტერესო და მრავლისმომცემი, ცოცხალი პროცესი იყო. დარგის ექსპერტების აქტიური და დაუღალავი შრომით შევძელით მიგვეღწია მიზნისთვის: ჩამოგვეყალიბებინა კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს შესძენს.
ინეზა ზამთარაძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
ჩემი აზრით ნებისმიერი ახალი მოდელი, განსაკუთრებით განათლებაში, ეფუძნება წინარე კვლევებს, რომლებიც, თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული პრობლემების გამოკვეთას და მათი მოგვარებისკენ მიმართულ ქმედებას. როგორც სკოლის ხელმძღვანელი, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ველოდები პროფესიონალთა ჯგუფს, ახალ რგოლს, რომელიც სკოლის ბაზაზე პედაგოგებს რამდენიმე მიმართულებით გაუწევს კონსულტაციას, კერძოდ: სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება და სხვ.
ვფიქრობ, ამ მოდელის ფარგლებში მასწავლებლების მიერ გაწერილ ყოველდღიურ გეგმებს გრძელვადიანი მიზნები ჩაანაცვლებს, რა უნდა აკეთოს მასწავლებელმა, რა მიზანს მიაღწიოს, რა შედეგზე გავიდეს მოსწავლე. მნიშვნელოვანი იქნება, რომ სკოლამ შეძლოს ისეთი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, რომელიც მოსწავლის განვითარების რეალური გზა იქნება.
ელისო მურადაშვილი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
ყოველთვის გვქონდა სურვილი, ჩავრთულიყავით ამ პროექტში, რადგან „ახალი სკოლის მოდელი“ მასწავლებლის მხარდაჭერა-დახმარებაზე ორიენტირებული პროექტია. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ პროექტი მიმართულია სკოლის, როგორც ერთიანი გუნდის განვითარებაზე და არა მცირე რაოდენობით ელიტური მასწავლებლების გამოკვეთაზე, აქცენტი კეთდება სასკოლო კულტურის ყველა მხარეზე და არა რომელიმე ერთ-ერთზე. „ახალი სკოლის მოდელს“ წინამორბედი პროექტებისგან გამოარჩევს, ერთი მხრივ, მასშტაბები, მეორე მხრივ კი — კონცეპტუალური მიდგომები.
გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტის გავლენით მასწავლებელი უკეთესად შეძლებს თემების, საკითხების, რესურსების, საკვანძო შეკითხვებისა და კომპლექსური დავალებების შერჩევას იმის მიხედვით, თუ რა დასჭირდებათ მის მოსწავლეებს. სახელმძღვანელო მათთვის ერთ-ერთი და არა ერთადერთი რესურსი იქნება. ემოციურად უსაფრთხო გარემო, გუნდური მუშაობა და ყოველდღიური თანადგომა საშუალებას მოგვცემს მასწავლებლებს, საკუთარ თავში ვიპოვოთ რესურსი სასწავლო საქმიანობის გასაუმჯობესებლად, მოსწავლეთა ინტელექტუალური ძალების გაშლა-განვითარების ხელშესაწყობად და უკეთესი შედეგების მისაღწევად. მოლოდინი გვაქვს, რომ სკოლაში კიდევ უფრო წარმატებულად შევძლებთ პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას, უკლებლივ ყველა მოზარდს მივცემთ საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას და XXI საუკუნის გამოწვევათა შესაბამის ახალგაზრდას გავუშვებთ სკოლიდან.