ირმა გრიგალაშვილი
სსიპ თბილისის N214 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწავლა-სწავლების ხარისხს დიდწილად განსაზღვრავს სასწავლო გარემო. მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ მოსწავლეებს შეუქმნას თანამშრომლობითი, ინკლუზიური, ორგანიზებული, კომფორტული და უსაფრთხო ატმოსფერო. ამდენად, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. „ასეთი გარემოს შესაქმნელად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასკოლო საზოგადოების წევრების (სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების, მშობლების, მოსწავლეების) თანამშრომლობას… სკოლაში ურთიერთობათა სისტემა უნდა ემყარებოდეს ზრუნვასა და მხარდაჭერას“ (გზამკვლევი მესამე თაობის ესგ-ის მიხედვით, 2022).
პოზიტიური გარემოსთვის ზრუნვას სკოლების უმეტესობა სასწავლო წლის პირველივე დღიდან ცდილობს და მეტ-ნაკლებად აღწევს კიდეც შედეგს: მოსწავლეებს ხვდებათ განახლებული ინვენტარი, სასწავლო-სამუშაო რესურსები, სახელმძღვანელოები, საზეიმოდ მორთული და განსაკუთრებული წესით დალაგებული საკლასო ოთახები… თუმცა აღნიშნული მიზნის განხორციელება აქ არ უნდა მთავრდებოდეს. თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კეთილგანწყობილი და მამოტივირებელი გარემოს ორგანიზებას სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მათ შორის, სკოლის დაწყების პირველივე დღიდან.
სკოლის პირველი დღე მოსწავლეებისთვის სხვადასხვაგვარი ემოციის მომგვრელია. ზოგი აღფრთოვანებულია მეგობრების ნახვით, ახლად შეძენილი ნივთებისა თუ სამოსის გამომზეურებით, ინდივიდუალური სტილის გამოხატვით, ზოგი ღელავს კიდეც ბევრი ახალი რამის გამო: ახალი მასწავლებლები, ახალი მეგობრები და, შესაძლოა, ახალი სკოლაც კი. მათგან უმეტესობას კი გული სწყდება, რომ ზაფხული დამთავრდა და კვლავ ძველებურ რუტინას უნდა დაუბრუნდნენ. მნიშვნელოვანია, ასეთ დროს, მასწავლებელმა გააღვივოს ახლის სწავლისა და პიროვნული განვითარების ენთუზიაზმი.
პირველ დღეს, როგორც წესი, მასწავლებლები საუბრობენ – განიხილავენ ქცევის წესებს, სასწავლო კურსებს, მოკლედ აჯამებენ წინა წლის შედეგებს, აღნიშნავენ მიღწევებსა და გამოწვევებს, სახავენ სამომავლო გეგმებსა და იდეებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი სწავლების პირველ კვირაში პედაგოგები მიმართავენ სხვა ტიპის აქტივობებსაც, რათა წაახალისონ მოსწავლეთა თვითგამოხატვა, აამაღლონ სასწავლო პროცესში ჩართულობისა და თანამშრომლობითი მუშაობის მოტივაცია. ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ სათანადო აქტივობების ჩამონათვალს:
I. თხზულება სათაურით „ჩემ შესახებ“
ეს მეთოდი განსაკუთრებით მაშინაა საჭირო, როდესაც მასწავლებელი მისთვის ახალ კლასთან იწყებს მუშაობას და სურს, დაუახლოვდეს მოსწავლეებს, გაიგოს მათი ხასიათი, მისწრაფებები და სურვილები. გთავაზობთ სავარაუდო შაბლონს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს თხზულების აგებაში, ხოლო მასწავლებელს – მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში.
◊ შესავალი:
სახელი და ასაკი …
გადმოეცით, მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ …
პიროვნული თვისებები:
გამაცანით თქვენი ძლიერი მხარეები …
გამიზიარეთ გამოწვევები, რომელთა დაძლევაზეც მუშაობთ …
◊ აკადემიური ინტერესები:
ჩამოწერეთ საყვარელი საგნები და აღნიშნეთ, რატომ გიყვართ ისინი? …
ჩამოწერეთ საგნები, რომლებშიც გსურთ შედეგების გაუმჯობესება …
◊ მიზნები და მოლოდინები:
გამიზიარეთ, რა მიზნები გაქვთ ამ სასწავლო წლისთვის …
რას ელით მასწავლებლისგან და გაკვეთილებისგან …
◊ ინტერესები სკოლის გარეთ:
მამცნეთ თქვენი ჰობისა და გატაცებების შესახებ …
გაიხსენეთ აქტივობები, რომლებშიც მონაწილეობთ სკოლის შემდეგ …
◊ მომავლის ხედვა:
რა პროფესია ან კარიერა გაინტერესებთ …
როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დაგეხმაროთ სკოლა ამ მიზნების მიღწევაში …
◊ დასკვნა:
გამიზიარეთ რამე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტი ან მოვლენა, ამბავი, რომელიც გსურთ, რომ მასწავლებელმა იცოდეს თქვენ შესახებ …
თხზულებით მიღებული ინფორმაცია მასწავლებელს საშუალებას მისცემს, შეიმუშაოს ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლისთვის, შეძლოს სასწავლო პროცესის ადაპტირება მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
II. შევავსოთ კითხვარი, სახელწოდებით „სწავლის რომელი სტილი გაქვს შენ?“
სწავლის სტილი არის ინდივიდუალური მიდგომა, რომელსაც ადამიანი იყენებს ინფორმაციის აღქმის, დამუშავებისა და დამახსოვრებისთვის. ეს არის გზა, რომლითაც ის ყველაზე ეფექტურად სწავლობს. ყველაზე მეტად გავრცელებული კლასიფიკაციით, სწავლის სტილის რამდენიმე ძირითადი სახეობა არსებობს:
ვიზუალური – სწავლის ეს სტილი აქვს ადამიანს, რომელიც საუკეთესოდ სწავლობს ვიზუალური მასალებით: სურათებით, დიაგრამებით, ვიდეოებით.
აუდიალური – სწავლის ამ სტილის მქონე ადამიანები უკეთ სწავლობენ მოსმენით: ლექციების, აუდიო წიგნების ან დისკუსიების საშუალებით.
კინესთეტიკური სწავლის ტიპი აქვთ ადამიანებს, რომელთაც უადვილდებათ სწავლა კეთებით – პრაქტიკული სავარჯიშოებით, ექსპერიმენტებით, როლური თამაშებით.
ტაქტილური – სწავლის ამგვარი სტილი აქვთ მათ, ვინ უპირატესობას ანიჭებს ტექსტებთან მუშაობას, წიგნების კითხვას, ჩანაწერების გაკეთებას, დიაგრამებისა და ცხრილების შედგენას.
მულტიმოდალური – ზოგიერთი ადამიანი იყენებს სხვადასხვა სტილის კომბინაციას, ეფექტური სწავლისთვის.
განათლების სპეციალისტებისთვის ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. მათი თქმით, „სასურველია, რომ მასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის სტილი და მის მიერ გამოყენებული სწავლების მეთოდები მაქსიმალურად მოარგოს მათ ინდივიდუალურ სტილს“ (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი – nplg.ge).
გთავაზობთ კითხვარის სავარაუდო ფორმას:
III. კითხვარი: როგორია შენი სწავლის სტილი?
ძვირფასო მოსწავლეებო, გთხოვთ, წაიკითხოთ ყურადღებით და უპასუხოთ შემდეგ კითხვებს. თქვენი პასუხები დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ სწავლობთ ყველაზე კარგად.
ინსტრუქცია: თითოეული კითხვის გასწვრივ მონიშნე „დიახ“ ან „არა“.
- მიყვარს სურათებისა და დიაგრამების ყურება, როცა ვსწავლობ.
🔲 დიახ 🔲 არა
- კარგად მახსოვს, რასაც ვუსმენ გაკვეთილზე.
🔲 დიახ 🔲 არა
- მირჩევნია თვითონ გავაკეთო რაღაცები, ვიდრე წავიკითხო მათ შესახებ.
🔲 დიახ 🔲 არა
- ადვილად ვსწავლობ, როცა ვწერ ან ვკითხულობ.
🔲 დიახ 🔲 არა
- კარგად მახსოვს ინფორმაცია, როცა ვხედავ ფერად სურათებს ან რუკებს.
🔲 დიახ 🔲 არა
- მიყვარს მუსიკის ან აუდიო წიგნების მოსმენა.
🔲 დიახ 🔲 არა
- მომწონს, როცა შემიძლია ავდგე და ვიმოძრაო გაკვეთილზე.
🔲 დიახ 🔲 არა
- კარგად ვიმახსოვრებ, როცა ჩანაწერებს ვაკეთებ.
🔲 დიახ 🔲 არა
- ვიდეოების ყურება ახალი თემის უკეთ გაგებაში მეხმარება.
🔲 დიახ 🔲 არა
- მიყვარს ჯგუფური დისკუსიები გაკვეთილზე.
🔲 დიახ 🔲 არა
- მომწონს პრაქტიკული სავარჯიშოების კეთება.
🔲 დიახ 🔲 არა
- წიგნის კითხვა მეხმარება ახალი ინფორმაციის დამახსოვრებაში.
🔲 დიახ 🔲 არა
მადლობა კითხვარის შევსებისთვის!
ეს კითხვარი შედგენილია ისე, რომ გამოავლინოს მოსწავლის მიდრეკილება სწავლის სხვადასხვა ტიპისადმი. მასწავლებელმა უნდა დაითვალოს „დიახ“ პასუხების რაოდენობა თითოეული ტიპისთვის. რომელ სტილთანაც ყველაზე მეტი „დიახ“ იქნება, ის არის მოსწავლის დომინანტური სწავლის სტილი.
რა თქმა უნდა, შეგვიძლია კითხვარში დავამატოთ სხვა კონკრეტული შეკითხვები, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მაგ.:
⇒ როგორი გარემო გეხმარებათ ყველაზე კარგად კონცენტრირებაში?
აბსოლუტური სიჩუმე/მსუბუქი ფონური ხმაური, მუსიკის ფონზე მუშაობა/ბუნებაში ყოფნა/ბიბლიოთეკა ან სასწავლო ოთახი;
⇒ როგორ ამჯობინებთ ახალი ინფორმაციის დამუშავებას?
ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად/ზოგადი სურათის დანახვა პირველად, შემდეგ დეტალებში ჩაღრმავება/პრაქტიკული მაგალითების განხილვა/თეორიული კონცეფციების შესწავლა;
⇒ როგორ გირჩევნიათ, რომ მასწავლებელმა მოგაწოდოთ უკუკავშირი?
წერილობითი კომენტარები თუ პირისპირ შეხვედრები, დეტალური ახსნა-განმარტებები თუ მოკლე, კონკრეტული რჩევები;
⇒ რა გეხმარებათ ყველაზე მეტად, ინფორმაციის დამახსოვრებაში?
განმეორება და გადახედვა/სხვებისთვის ახსნა/პრაქტიკული გამოყენება;
⇒ როგორ ამჯობინებთ დავალებების შესრულებას?
ერთ დაჯდომაზე, ინტენსიურად/მცირე ნაწილებად, რეგულარული შესვენებებით/საბოლოო ვადამდე ბევრად ადრე დაწყებით/საბოლოო ვადასთან ახლოს, გარკვეული წნეხის ქვეშ.
ეს დეტალური კითხვები დაეხმარება მასწავლებელს მოარგოს სწავლების მეთოდები მოსწავლეების საჭიროებებს, შეიმუშაოს მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობები, დაგეგმოს ისეთი გაკვეთილები და დავალებები, რომლებიც უკეთ შეესაბამება მოსწავლეების შესაძლებლობებს, შექმნას ოპტიმალური სასწავლო გარემო კლასში.
IV. მისწერე წერილი საკუთარ თავს
მასწავლებელს შეუძლია დაფაზე დაწეროს ან ფურცლებზე დაბეჭდოს ამგვარი წერილის ფორმატი, ხოლო მოსწავლეები შეავსებენ ცარიელ ადგილებს და დაამატებენ საკუთარ იდეებსაც, რაც დაეხმარება მათ ფოკუსირებაში და, იმავდროულად, მისცემს თავისუფლებას კრეატიულობისთვის. გთავაზობთ წერილის ფორმატს:
• მისალმება: „ძვირფასო (საკუთარი სახელი), სასწავლო წლის ბოლოს,…“
• მიზნები:
აკადემიური მიზანი: „წელს მინდა მივაღწიო…“
პირადი მიზანი: „მინდა გავაუმჯობესო…“
სოციალური მიზანი: „მეგობრობის მხრივ, იმედი მაქვს…“
• მოლოდინები:
„ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესო საგანი იქნება…“
„ყველაზე მეტად მაინტერესებს ვისწავლო…“
• გამოწვევები:
„ვვარაუდობ, რომ ყველაზე რთული იქნება…“
„ამ გამოწვევის დასაძლევად, ვგეგმავ…“
• სამომავლო თვითშეფასება:
„იმედი მაქვს, წლის ბოლოს ვიტყვი, რომ მე…“
„მინდა ვიამაყო იმით, რომ…“
• დამშვიდობება: „წარმატებებს გისურვებ! შენი (საკუთარი სახელი)“.
აქტივობა მნიშვნელოვანია სასწავლო წლის დასაწყისში, შემდეგი მიზეზების გამო: მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გააანალიზონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, დაფიქრდნენ სწავლის პროცესზე; ეხმარება მათ, ნათლად ჩამოაყალიბონ თავიანთი მიზნები, რაც ზრდის მოტივაციას მათ მისაღწევად და გაზომონ პროგრესი წლის ბოლოს, რაც გულისხმობს ფიქრს გრძელვადიან პერსპექტივაზე.
ეს აქტივობა არა მხოლოდ მოსწავლეებს ეხმარება თვითშეფასებასა და მიზნების დასახვაში, არამედ მასწავლებელსაც აძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას თითოეული მოსწავლის შესახებ, რაც ხელს უწყობს ინდივიდუალური მიდგომის დანერგვას სასწავლო პროცესში.
V. „ორი სიმართლე, ერთი ტყუილი“
სკოლის პირველ დღეს დადებითი ატმოსფეროს შექმნისა და მოსწავლეებს შორის სოციალური ბარიერების შემცირების მიზნით, მასწავლებელმა შესაძლოა მიმართოს საგაკვეთილო თამაშებსაც, მაგალითისთვის დავასახელებ თამაშს „ორი სიმართლე, ერთი ტყუილი“. აქტივობის ორგანიზება შემდეგნაირად შეიძლება:
• მომზადება: აუხსენით მოსწავლეებს თამაშის წესები, მიეცით რამდენიმე წუთი, რომ მოიფიქრონ ორი სიმართლე და ერთი ტყუილი საკუთარ თავზე;
• თამაშის პროცესი: მოსწავლეები სხდებიან წრეში ან რჩებიან მერხებთან, თითოეული მოსწავლე რიგრიგობით აკეთებს სამ განცხადებას თავის შესახებ. დანარჩენი კლასი მსჯელობს და ცდილობს გამოიცნოს, რომელია ტყუილი;
• გამოცნობა: მოსწავლეები აწევენ ხელს ან იყენებენ ბარათებს (1, 2, 3) რომ მიუთითონ, რომელი განცხადება მიაჩნიათ ტყუილად. შეგიძლიათ ჩაატაროთ სწრაფი გამოკითხვა ან მისცეთ მოსწავლეებს საშუალება, ახსნან თავიანთი არჩევანი;
• გამჟღავნება: მოსწავლე ამჟღავნებს, რომელი იყო ტყუილი და ჰყვება მოკლე ისტორიას ნამდვილ ფაქტებზე;
• ვარიაციები: შეგიძლიათ დაუმატოთ ქულების სისტემა სწორი გამოცნობისთვის; მცირე ჯგუფებში თამაში, თუ კლასი დიდია. მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ თავიანთი განცხადებები და გაცვალონ ფურცლები;
• დასკვნითი ეტაპი: თამაშის ბოლოს, განიხილეთ რა ისწავლეს ერთმანეთის შესახებ. წაახალისეთ მოსწავლეები, გამოთქვან აზრი, როგორ დაეხმარა ეს აქტივობა ერთმანეთის გაცნობაში.
ეს თამაში ეხმარება მოსწავლეებს გაიცნონ ერთმანეთი სახალისო გზით და, ამავდროულად, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. მართალია, „ორი სიმართლე და ერთი ტყუილი“, ძირითადად, გაცნობის მიზნით გამოიყენება, მაგრამ ის შეიძლება სასარგებლო იყოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსწავლეები უკვე იცნობენ ერთმანეთს. აი, რამდენიმე მიზეზი: მოსწავლეებს შეუძლიათ გაიგონ ახალი, უჩვეულო ფაქტები ერთმანეთის შესახებ, რაც ეხმარება მათ არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში, ქმნის საერთო გამოცდილებას; ავითარებს მოსმენისა და დაკვირვების უნარებს, ახალისებს კრიტიკულ აზროვნებას (მოსწავლეები იყენებენ ლოგიკას და დაკვირვებას ტყუილის გამოსაცნობად). ამ თამაშს შეუძლია გაამხიარულოს კლასი და შექმნას პოზიტიური განწყობა. მეტი ენთუზიაზმისთვის წაახალისეთ მოსწავლეები, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ნაკლებად ცნობილი ფაქტები საკუთარი თავის შესახებ. დაამატეთ წესი, რომ ტყუილი უნდა იყოს დამაჯერებელი და არა აბსურდული. ამ გზით, თამაში კვლავ სასარგებლო და გასართობი იქნება იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც უკვე იცნობენ ერთმანეთს.
ლიტერატურა:
სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, სწავლის ტიპები (სტილი), პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16835
გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, 2022 წ.