ნინო გოჩაშვილი
სსიპ ქალაქ თბილისის №74 საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი
მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ათვისების, ცოდნის გადმოცემის უნარით და შესაძლებლობებით, შესაბამისად, მათი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ გამოხატვის (ცოდნის გადმოცემის, ექსპრესიის) მრავალფეროვანი საშუალება. ამისათვის სასურველია, სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, პედაგოგმა სწავლების უნივერსალური დიზაინი გამოიყენოს. აღნიშნული საკითხი ითვალისწინებს ისეთი გაკვეთილების, მასალების და რესურსების შექმნა/მომზადებას, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა მოსწავლე. მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განსხვავებული სწავლების სტილი.
⇒ რას გულისხმობს და რა პრინციპებს ეფუძნება სასწავლო პროცესის უნივერსალური დიზაინი
სასწავლო პროცესის უნივერსალურ დიზაინს სამი ძირითადი პრინციპი აქვს. ესენია:
1) სასწავლო პროცესის უნივერსალური დიზაინი არის სწავლისა და სწავლების იმგვარი ხედვა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ყველა მოსწავლეს მივცეთ წარმატების თანაბარი შესაძლებლობა;
2) სწავლების უნივერსალური დიზაინი მოქნილობას სძენს მოსწავლეებისთვის მასალის მიწოდების, მოსწავლეების მიერ მასალაზე მუშაობისა და საკუთარი ცოდნის გამოხატვის ფორმებს;
3) სასწავლო პროცესის ამგვარი მიდგომით დაგეგმვა ყველა მოსწავლისთვის ხელსაყრელია, მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც განსხვავებულად სწავლობს და ფიქრობს.
უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით დაგეგმილი სასწავლო პროცესის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა რესურსის გამოყენებით, მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი ხდება სასწავლო მასალა, შინაარსი და მეთოდი. მოგეხსენებათ, რომ უცხოური ენების გაკვეთილი დამატებითი სასწავლო რესურსის გარეშე წარმოუდგენელია.
ინფორმაციის ვიზუალურად მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ვინაიდან ინფორმაციის უმეტესი ნაწილი გარემოდან, სტანდარტულად, სწორედ მხედველობით აღიქმება. სასწავლო მასალის ვიზუალურად მიწოდება პოსტერების სახით, ვიდეორგოლების ან სლაიდშოუების მეშვეობით ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესს.
ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ეფექტური გზით გადმოსცენ საკუთარი ცოდნა, მაგ., კლასში მოსწავლეთა უმრავლესობისთვის შეიძლება ადვილი იყოს დავალების წერილობით შესრულება, თუმცა დისგრაფიის მქონე ბავშვისთვის დავალების ასეთი ფორმით შესრულება სირთულეებთან იქნება დაკავშირებული და ბევრად წარმატებული იქნება, თუ ის შეკითხვას ზეპირად გასცემს პასუხს. ამით მასწავლებელს მიეცემა შესაძლებლობა, ობიექტურად შეაფასოს ბავშვის რეალური ცოდნა, თუ რამდენად კარგად აითვისა მან საკითხი.
ბავშვის ჩართულობის და სწავლის მამოტივირებელი ფაქტორები შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს. ამ თვალსაზრისით, ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან – ერთი ნაწილი ადვილად ერთვება სასწავლო პროცესში, მაშინ, როდესაც მეორე ნაწილი გარიყულია; ინდიფერენტულია, დათრგუნულია ან უფრო მეტიც, — შეშინებულია. მოსწავლეების ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ინდივიდუალურ მუშაობას, მაშინ, როცა მეორე ნაწილს ჯგუფში მუშაობა მოსწონს.
სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს სწავლების უნივერსალური დიზაინის შვიდი ფუნდამენტური კრიტერიუმი:
1) სამართლიანი გამოყენება – დიზაინი უნდა იყოს მოთხოვნადი და გამოყენებადი სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთა მიერ;
2) მოქნილობა – დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს ინდივიდუალური შესაძლებლობების მრავალფეროვნებასა და არჩევანის უპირატესობას;
3) სიმარტივე და ინტუიციური მოხმარება – მომხმარებელი მარტივად და ინტუიციურად უნდა იყენებდეს საგანს, მისი გამოცდილების, განათლების, ენობრივი უნარ-ჩვევების ან კონცენტრაციის არსებული დონის მიუხედავად;
4) აღქმადი ინფორმაცია – დიზაინი მარტივად აღქმადი უნდა იყოს მოსარგებლისთვის, მიუხედავად მისი სენსორული შესაძლებლობების ან გარემო პირობებისა;
5) საფრთხისგან დაცული – დიზაინმა მინიმუმამდე უნდა შეამციროს უცაბედი ან გაუაზრებელი მოქმედებით გამოწვეული საფრთხეები და უსიამოვნო შედეგები;
6) მცირე ფიზიკური ძალისხმევა – დიზაინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველასათვის ეფექტურად და კომფორტულად, მინიმალური ფიზიკური დანახარჯებით;
7) ზომისა და სივრცის სწორად გამოყენება – საზოგადოებრივ დაწესებულებებში უზრუნველყოფილია სათანადო ზომა და სივრცე წვდომის, გამოყენებისა და მანიპულაციისთვის, მიუხედავად მოსარგებლის სხეულის ზომის, პოზისა და მობილობისა.
აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, ინგლისური ენის სწავლებისას, შესაძლებელია მრავალი აქტივობის გამოყენება. მაგალითად, კონცენტრაციის უნარის გასაძლიერებლად მაგიდების განლაგების ხშირი ცვლა: წრეში ჯდომა, ფრონტალური კონფიგურაცია, „U“ კონფიგურაცია და კუნძულის კონფიგურაცია.
♦ თუ მოსწავლეები სხედან წრეში, ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია, ყველა ყურადღების არეალშია და, შესაბამისად, ენის სწავლებაც სრულყოფილად ხორციელდება. მაგიდების ასეთი განლაგება უბიძგებს მოსწავლეებს აქტიურობისკენ.
♦ თუ მაგიდები „U“-ს ფორმით არის განლაგებული, მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ესაუბრონ ერთმანეთს და ასევე მასწავლებელს, გამოიყენონ რვეულები და სხვა სასწავლო მასალები. მოსწავლეებს შეუძლიათ დაინახონ და მოუსმინონ არა მხოლოდ მასწავლებელს, არამედ თანაკლასელებსაც.
კანადურმა კვლევამ „The Surprisingly Powerful Influence of Drawing on Memory“ („ხატვის გასაოცრად ძლიერი ზემოქმედება მეხსიერებაზე“) დაადგინა, რომ ადამიანებს ორჯერ უფრო მეტი ინფორმაციის დამახსოვრება შეუძლიათ, თუ ისინი მათ ნახატებად აქცევენ. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ხატვისას ტვინში აქტიურდება ვიზუალური, კინესთეტიკური და ლინგვისტური არეალები. ამგვარად დასწავლილი მასალა უფრო ფოკუსირებულად აღიქმება და სწრაფად ილექება მეხსიერებაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ხატვისას, მოსწავლეებს არ შევუზღუდოთ შემოქმედებითი სივრცე.
სწავლების პროცესში მასწავლებელმა უნდა გააღვიძოს ბავშვის ინტერესი, რამდენადაც ინფორმაცია, რომელიც მისი ინტერესის, ყურადღების მიღმაა, ვერ იქნება ხელმისაწვდომი მისთვის. მეტიც, არა მხოლოდ არსებული ინფორმაცია იქნება მიუწვდომელი ბავშვისთვის, არამედ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებული დანარჩენი ინფორმაციაც — ახლა ან მომავალში.
მოსწავლის შეფასება – დროული, ადეკვატური, კონსტრუქციული და ბავშვისთვის გასაგებ ენაზე გაკეთებული უკუკავშირი ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორია მისი მოტივაციის შესანარჩუნებლად. ამასთან, შეფასებისას, მნიშვნელოვანია ბავშვს შევუქოთ მცდელობა და მიზანდასახულობა: მაგ. „ყოჩაღ! ასე გააგრძელე, ასეთი მონდომებით აუცილებლად მიაღწევ წარმატებას“.
ასევე მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი ემოციების მართვა და განვუვითაროთ თვითმოტივაცია; დავეხმაროთ, დაისახონ პიროვნული მიზნები და ჩავუსახოთ რწმენა, რომ ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია; ბავშვებს ვასწავლოთ თუ როგორ გაუმკლავდნენ წარუმატებლობას და იმედგაცრუებას; შეაფასონ საკუთარი მიღწევა არა მხოლოდ კონკრეტული უნარის შეძენის თვალსაზრისით, არამედ მისი გამოყენების კუთხით – რამდენად ხელსაყრელია ამ უნარის/ცოდნის ფლობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენება უდიდეს შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს და მოსწავლეს სრულყოფილი სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.