საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების წევრმა სტუდენტებმა შაორის ახალგაზრდული ბანაკის საზეიმო გახსნაში მიიღეს მონაწილეობა.
შაორის ახალგაზრდული ბანაკი, ტრადიციულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ეგიდით გაიხსნა. პირველ ნაკადად, ბანაკი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, მათ შორის საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფების წევრებს, საერთო ჯამში, 96 ახალგაზრდას მასპინძლობს.
შაორის ახალგაზრდული ბანაკის საზეიმო გახსნის ღონიძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, სახელმწიფოს რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარმენ მარგველიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფები: ვაჟთა სახალხო კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, გოგონათა ვოკალური ანსამბლი „ქალდეა“, „მარე“, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ შაორის ახალგაზრდული ბანაკის გახსნის ღონისძიებაზე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი საღამო კი „თეატრალურის კვარტეტისა“ და ახალგაზრდობის სააგენტოს კულტურული მიმართულების კურატორის, მომღერალ დავით შანიძის კონცერტით დასრულდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კოვიდპანდემიის შემდეგ, შაორის სრულად განახლებული ბანაკი, ახალგაზრდების დასვენებისა და შემეცნებითი აქტივობისთვის, წელს, ყველაზე მასშტაბური ადგილი იქნება და ზაფხულის სეზონზე, 8 ნაკადად, 800 ახალგაზრდას უმასპინძლებს.
„მეამაყება, რომ პირველი ნაკადი დაკომპლექტებულია ჩვენი საუკეთესო პარტნიორი ორგანიზაციის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებით. ეს უნივერსიტეტი, მრავალი ათეული წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო, არამედ კულტურის კერაც არის. ამიტომაც, მე მჯერა, ეს ბანაკი, პირველი ნაკადის სახით, იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ნაყოფიერი, მათ შორის იმ სტუმრების მონაწილეობით, რომლებიც სპეციალურად, ჩვენი ახალგაზრდებისთვის მოვიწვიეთ. უნივერსიტეტის სტუდენტებს ვულოცავთ ბანაკში ჩამოსვლას, ვუსურვებთ აქტიურ, შემეცნებითა და სიახლეებით დატვირთულ დღეებს. მადლობას ვუხდით სახელმწიფოს რწმუნებულს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და მის ადმინისტრაციას, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, ჩვენს ქალთა ორგანიზაციას. მათი უშუალო ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა შაორის ახალგაზრდული ბანაკის ეფექტიანი ფუნქციონირება. პარტნიორობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატს, კანცლერს – კარლო კოპალიანსა და უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის მიმართულების ხელმძღვანელს, დავით ოქიტაშვილს, რომელიც ერთგვარი ხიდია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც საზეიმო ღონისძიებაზე მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელას მასტერკლასს ჩაუტარებს საქართველოში ერთ-ერთი საამაყო და წარჩინებული ანსამბლი „ბასიანი“ და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, რომელიც ამავდროულად, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ხელმძღვანელობს. თეა წულუკიანის განცხადებით, სტუ-ის ვაჟთა კაპელის წევრებისთვის ანსამბლი „ბასიანი“ მასტერკლასს ფოლკლორის ცენტრში გამართავს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, უნივერსიტეტის სახელით, მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრს, თეა წულუკიანს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას იმ შესაძლებლობისთვის, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აქტიური დასვენების, მრავალმხრივი განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის, ფიზიკური თუ ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და ახალგაზრდა თაობებში ეროვნული და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას უკავშირდება. როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ღრმად არის დარწმუნებული, რომ ახალგაზრდებისთვის შაორის ბანაკში გატარებული დღეები, როგორც სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, დაუვიწყარი იქნება.
შაორის ახალგაზრდულ ბანაკში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ერთვებიან სპორტულ ტურნირებსა და შემეცნებით ღონისძიებებში, მათთვის ეწყობა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ინტერაქციური ღონისძიებები, ტარდება შეხვედრები ცნობილ სპორტსმენებსა და ხელოვანებთან. საბანაკე ხუთდღიანი პროგრამა 21 ივლისს დასრულდება.