თამარ ისაკაძე
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების პროგრამის კონსულტანტი, ფსიქოლოგი
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებს, სასწავლო წლის დაწყების წინ, შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა შეკითხვები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოსწავლის ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში, აკადემიური წინსვლა, სოციალური ადაპტაცია, კომუნიკაცია და ფუნქციური განვითარება, ასევე ადამიანური და მატერიალური რესურსების მობილიზება, ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლების მხარდაჭერა მოიაზრებს მშობლისა და სკოლის მჭიდრო თანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებას, მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას, პროგრესის შეფასებას, ასევე, მოსწავლის არა მხოლოდ სასწავლო მიზნებზე ორიენტირებას, არამედ მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და სოციუმში ადაპტაციის ხელშეწყობას.
ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც დახმარებას გაუწევს მშობელს შვილის სკოლასთან ადაპტაციაში:
- ბავშვის საჭიროებების შეფასება და გაანალიზება
სასურველია, მშობელი დარწმუნებული იყოს, რომ საფუძვლიანად ესმის ბავშვის სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროებები, რადგან ეს დაეხმარება შვილის უფლებების ადვოკატირებასა და სკოლასთან ეფექტურად მუშაობაში. მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასებას, როგორც ცნობილია, ახდენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი. მნიშვნელოვანია, მშობელი გაეცნოს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნას და სწავლის დაწყებამდე, სკოლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფთან ერთად, დასახოს პრიორიტეტული მიზნები, რომელთა მიღწევაც მას ეფექტიანად მიაჩნია შვილის განვითარებისა და პროგრესისთვის. აღნიშნულ შეხვედრებს კოორდინირებას უწევს კლასის დამრიგებელი ან/და სპეციალური მასწავლებელი, თუმცა ინიციატივა დამატებითი შეხვედრების ორგანიზების შესახებ შესაძლებელია, მშობელმაც გამოთქვას.
- სამართლებრივი უფლებებისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაციის ფლობა
რეკომენდებულია, მშობელი იცნობდეს იმ კანონებსა და რეგულაციებს, რომლებიც არეგულირებს ინკლუზიურ განათლებას ქვეყანაში. ინკლუზიური განათლების ეროვნული მოდელი თანდათანობით დაინერგა საქართველოში, სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემის კვლევის, ანალიზის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე. საქართველოში ინკლუზიური განათლების განმახორციელებელი პროცედურები რეგულირდება შემდეგი ძირითადი სამართლებრივი აქტებით: ა) კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; ბ) საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის ბრძანება №16/ნ „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ (ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობის პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია); გ) ეროვნული სასწავლო გეგმის (2018-2024 წწ) VIII თავი ინკლუზიურ განათლებას ეთმობა.
სასურველია, სკოლებმა უზრუნველყონ მშობლებისთვის აღნიშული დოკუმენტების გაცნობა და წარუდგინონ მათ საკუთარი ხედვა, თუ როგორ გეგმავენ სასწავლო წლის მიმდინარეობის პროცესში კანონმდებლობებში ასახული ვალდებულებების პრაქტიკაში დანერგვას და განხორციელებას.
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში მონაწილეობა (ისგ)
საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლებას და მას სსსმ მოსწავლეთა სწავლების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიზანია ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ინდივიდუალური შედეგების მიღწევაში, მისი ამჟამინდელი უნარების გათვალისწინებით, შესაბამისად, ისგ-ს მიზანია მოსწავლის პროგრესის უზრუნველყოფა. ისგ გუნდი, რომელიც აერთიანებს მშობლებს, მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს და შესაძლო სხვა სპეციალისტებს, პერიოდულად იკრიბება, რათა განიხილონ მოსწავლის ძლიერი მხარეები, საჭიროებები და საგანმანათლებლო მიზნები. მნიშნელოვანია, მშობელმა ითანამშრომლოს ისგ ჯგუფის წევრებთან შვილის საჭიროებებზე მორგებული გეგმის შესაქმნელად. გეგმა უნდა ასახავდეს მიზნებს, სერვისებს, აკომოდაციებსა და მოდიფიკაციებს, რომლებიც საჭიროა მოსწავლის სწავლის მხარდასაჭერად.
- სკოლასთან კომუნიკაცია
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც აქტიურად ინერგება ინკლუზიური განათლების განვითარება, მშობლებს სკოლასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდებენ. მნიშვნელოვანია, მშობლის ურთიერთობა მასწავლებლებთან, სპეციალურ მასწავლებელთან და, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციასთან, რათა თანამშრომლობით იქნეს შესაძლებელი მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილება.
- მხარდამჭერი სერვისების მოძიება
სსსმ მოსწავლისთვის, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება ის სპეციალისტები, რომლებიც დამატებით მუშაობენ მასთან სკოლის სივრცეში აკადემიური, კოგნიტური, ფუნქციური, ქცევითი, სოციალური, მოტორული და სხვა უნარების განვითარებაზე. თუ ხართ მშობელი, იკითხეთ სკოლაში დამხმარე სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ, როგორიცაა ასისტენტი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია.
- ტრანზიციის დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა
თუ თქვენი შვილი ადრეული ინტერვენციის პროგრამიდან ან სკოლამდელი მომსახურებიდან სკოლაში გადადის, დარწმუნდით, რომ არსებობს კარგად დაგეგმილი ტრანზიციის პროცესი, რათა ცვლილება მაქსიმალურად შეუფერხებლად წარიმართოს. ინკლუზიურ განათლებაში სკოლამდელი აღზრდიდან სკოლაში გადასვლა მნიშვნელოვანი და ზოგჯერ რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს ფრთხილად დაგეგმვას, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ბავშვების ინდივიდუალურ მხარდაჭერას. ტრანზიციის პროცესი სასურველია ბავშვის სკოლაში წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიგეგმოს. ეს იძლევა დროს შეფასებებისთვის, კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის და მზაობას ინდივიდუალური გეგმის შემუშავებისთვის.
ასევე, დაგეგმეთ ვიზიტები ახალ სკოლაში, რათა ბავშვი გაეცნოს გარემოს, შეხვდეს მასწავლებლებს და პერსონალს. ამ ვიზიტებმა შეიძლება ხელი შეუწყოს შფოთვის შემცირებას და გარდამავალი პროცესის გამარტივებას, ასევე რუტინის ათვისებას.
ტრანზიცია შეიძლება იყოს ემოციურად რთული ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ემოციური მხარდაჭერა და რესურსები, რათა დაეხმაროს ოჯახებს, გაუმკლავდნენ ნებისმიერ შფოთვას ან სტრესს.
- მოსწავლის სოციალური და ემოციური მხარდაჭერის ხელშეწყობა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკადემიური, არამედ სოციალური და ემოციური მხარდაჭერის ხელშეწყობა. ასევე მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უჭერს მხარს სკოლა ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საერთო კეთილდღეობისა და წარმატებისთვის გადამწყვეტია სოციალური და ემოციური განვითარება როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალურ გარემოში. თითოეული მოსწავლე უნიკალურია და მათი სოციალური და ემოციური საჭიროებები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. მშობელს შეუძლია იკითხოს, არის თუ არა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს კომუნიკაციას თანატოლებთან. სოციალური უნარების განვითარებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როლური თამაში, მოდელირება და რეალური ცხოვრებისეული სცენარები.
ჯგუფური აქტივობების და თანამშრომლობითი გამოცდილების ჩართვა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, სოციალური უნარები სტრუქტურირებულ გარემოში გამოიყენოს.
მნიშნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და ის მეთოდი ან სტრატეგია, რომელიც ერთ მოსწავლეს საუკეთესოდ ერგება, შეიძლება მეორესთვის არ გამოდგეს. მნიშვნელოვანია ვიყოთ მოქნილები და მიზანზე ორიენტირებულნი შვილის საჭიროებების ადვოკატირებისა და საგანმანათლებლო გამოცდილების უზრუნველყოფის გზაზე.