ნინო მაჩხანელი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის სტუდენტი
შესავალი
ინკლუზიური განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესია ყველა მოსწავლისთვის, მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებთ.
ინკლუზიური განათლების უმთავრესი მიზანი – ყველა მოსწავლე, მათ შორის არსებული განსხვავებებისა და თავისებურებების მიუხედავად, სკოლაში ერთად უნდა სწავლობდეს.
ზოგადი განათლების რეფორმისა და ესგ-ს ფარგლებში, ინკლუზიური განათლების პრინციპებია: პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება, მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, აზროვნების დამოუკიდებლობა და ახალი უნარ-ჩვევების განვითარება, სწავლების უნივერსალური დიზაინი, დიფერენცირებული მიდგომა, კონსტრუქტივისტული პრინციპები, მოსწავლის სიღრმისეული ცოდნისა და კომპეტენციის განვითარება, საგნობრივი სტანდარტის ფარგლებში განსაზღვრული საფეხურებრივი მიზნობრივი ორიენტირი, ზოგადი უნარები და ღირებულებები, რომლებიც მოსწავლეს სკოლაში სწავლისას უნდა განუვითარდეს, დამოუკიდებელი და სწორი ღირებულებების მქონე მოქალაქის ფორმირება, მოსწავლისთვის ნაცნობი, მისი ასაკობრივი ინტერესის, ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისი კონტექსტის შერჩევა.
ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად და სსსმ მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სრული და ყოვლისმომცველი ინტეგრაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ჰოლისტურ განვითარებას, რაც გულისხმობს სსსმ მოსწავლის:
♦ აკადემიური უნარების შეფასებას
♦ ადაპტური სფეროს შეფასებას
♦ კოგნიტურ შეფასებას
♦ ფიზიკური სფეროს შეფასებას
♦ სოციოემოციურ შეფასებას
♦ ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების შეფასებას.
აკადემიური უნარები მოიცავს:
1) წერის
2) კითხვის
3) თხრობის
4) ანგარიშის უნარების განვითარებას
კოგნიტური უნარები:
- აღქმა
- ყურადღება
- მეხსიერება
- აზროვნება
ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების შემადგენელია:
◊ იმპრესიული უნარები
◊ ექსპრესიული უნარები
სოციოემოციური სფერო შედგება:
ο თვითცნობიერებისგან
ο თვითრეგულაციისგან
ο ურთიერთობათა სისტემისგან
ფიზიკური უნარები ორი სახისაა:
⇒ მსხვილი
⇒ ნატიფი
ადაპტური უნარები:
Δ თვითმოვლა
Δ დამოუკიდებლობა
აღნიშნული უნარების შეფასებისთვის მასწავლებელს სჭირდება მოსწავლის საჭიროებებისა და ინდივიდუალური ან/და ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისი სხვადასხვა აქტივობის განხორციელება.
ამ მიზნით მასწავლებელი ფართოდ იყენებს მრავალფეროვან თამაშებსა და დავალებებს სხვადასხვა დარღვევის პროფილაქტიკისთვის.
აქტივობები დისგრაფიისა და დისლექსიის პროფილაქტიკისთვის:
- დისგრაფიის პროფილაქტიკა
დისგრაფია – წერის პროცესის ნაწილობრივი დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია გონებრივი ფუნქციების არასაკმარის ფორმირებასთან (ან დაშლასთან), რომლებიც მონაწილეობენ წერილობითი მეტყველების განხორციელებასა და კონტროლში. დისგრაფია ვლინდება წერის მუდმივი, ტიპური და განმეორებადი შეცდომებით, რომლებიც არ ქრება თავისთავად, მიზანმიმართული ვარჯიშის გარეშე. დისგრაფიის დიაგნოზი მოიცავს წერილობითი სამუშაოების ანალიზს, ზეპირი და წერილობითი სიტყვის გამოკვლევას სპეციალური ტექნიკით. აღმზრდელობითი მუშაობა, დისგრაფიის დასაძლევად, მოითხოვს ხმის გამოთქმის დარღვევების აღმოფხვრას, ფონემური პროცესების, ლექსიკის, გრამატიკის, თანმიმდევრული მეტყველების, არამეტყველური ფუნქციების განვითარებას.
- დისლექსიის პროფილაქტიკა
დისლექსია – კითხვის ნელი ტემპი, ასოების ამოცნობის სირთულე, გრაფიკულად მსგავსი ასოების შეცვლის სირთულეები, ასოების ერთნაირად აღქმა, სიტყვის ასო-ბგერითი შემადგენლობის ანალიზის დარღვევა, წაკითხულისა და წაკითხულის აღქმის გააზრების დარღვევა, შეცდომების მუდმივი და განმეორებადი ბუნება.