მსოფლიოს სასკოლო გიმნაზიადა
აგვისტოს ბოლოს, რიო დე ჟანეიროში, მსოფლიოს სასკოლო ოლიმპიადა – გიმნაზიადა ჩატარდა, რომელშიც 50 ქვეყნის 2000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. პროგრამაში სპორტის 18 სახეობა იყო, თუმცა საქართველო მხოლოდ ერთში გამოვიდა, ოღონდ ორ დისციპლინაში – თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ორივე ნაკრები 4-4 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებმაც დიდი წარმატებით იჭიდავეს და თითქმის 100%-იანი შედეგი დადეს: 7 ოქრო და 1 ვერცხლი, ამას გიმნაზიადის თასიც დაემატა, რომელიც მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში მოიპოვეს.
ეს იყო 15-წლამდელთა ტურნირი, რასაც ჭაბუკთა უმცროს ასაკსაც უწოდებენ, ჭიდაობაში კი ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატს სასკოლო ევროპის პირველობადაც მოიხსენიებენ. ზოგადად, მსგავსი ოლიმპიადების პროგრამაში წონების მხოლოდ ნახევარი შედის, თითო წონის გამოტოვებით, ოღონდ „თავისუფალში“ თუ, პირობითად, კენტი წონები უწევს, ბერძნულ-რომაულში, პირიქით, ლუწი წონებია. თუმცა, ამჯერად, თანმიმდევრობა მთლად ასე მკაცრად არ იყო დაცული – წონებს მასპინძლები არჩევენ, რაშიც შეზღუდვა არა აქვთ, მაგრამ ბრაზილიაში 4-4 ფალავანით გამოსვლა სწორედ ამით იყო განპირობებული და არა იმით, რომ სხვებმა კვალიფიკაცია ვერ გაიარეს.
ამ ოქტეტიდან თავისუფალ ჭიდაობაში ოთხივე ჩემპიონი გახდა, ბერძნულ-რომაულში კი 3 ოქრო და 1 ვერცხლი მოვიპოვეთ. თუმცა, ის ერთიც იგებდა ფინალს, მაგრამ მეტოქემ ბოლო წამებზე გაუთანაბრა ანგარიში და რაკი ბოლო ქულა მისი იყო, მოქმედი წესებით, გამარჯვებაც მას დარჩა.
ტურნირზე პირადი პირველობის შემდეგ „გიმნაზიადის თასიც“ გათამაშდა, რომელშიც ბრაზილიის, აშშ-სა და მსოფლიოს ნაკრებები მონაწილეობდნენ. ჩვენი რვავე სპორტსმენი შედიოდა მსოფლიოს ნაკრებში – თავ-თავიანთ სტილში და რვავემ მოიგო თავისი შეხვედრა! „გიმნაზიადის თასიც“ სავსებით დამსახურებულად ერგო მსოფლიოს ნაკრებს და, ცხადია, ჩვენებსაც.
გთავაზობთ ჩემპიონ-პრიზიორებს და მათ სკოლებს, თუმცა მანამ ერთი ინფორმაციაც – ევროპის სპორტის კვირეულს, რომელიც 23-29 სექტემბერს ჩატარდება, საქართველოც უერთდება.
♦ თავისუფალი ჭიდაობა
I ადგილი
მათე ცინაძე (48) – ქუთაისის №37 საჯარო სკოლა
დავით პაპუკიშვილი (57) – გორის №9 საჯარო სკოლა
კობა გოგუაძე (62) – ბათუმის №22 საჯარო სკოლა
გიგია ლუქუნიძე (85) – რუსთავის№15 საჯარო სკოლა
♦ ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
I ადგილი
ლუკა ხაინდრავა (52) – თბილისის №139 საჯარო სკოლა
ერეკლე თავბერიძე (57) – ოზურგეთის №4 საჯარო სკოლა
ლუკა მარტიაშვილი (75) – საგარეჯოს №3 საჯარო სკოლა
II ადგილი
დავით შავაძე (44) – წალკის №2 საჯარო სკოლა
ევროპის ჩემპიონატი სასტენდო სროლაში
რამდენიმე დღის წინ, ხორვატულ ოსიეკში, ევროპის ჩემპიონატი დასრულდა სასტენდო სროლაში, სადაც ახალგაზრდებში გოგონათა შორის ისტორიული მედალი მოვიპოვეთ – ელიზავეტა ბოიარშინოვა მრგვალ სტენდზე სროლაში ევროპის ჩემპიონი გახდა. სპორტის ამ სახეობაში საკმაოდ დიდი ისტორია გვაქვს, თუმცა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მსგავსი მიღწევა არ გვქონია.
არადა, ბოიარშინოვა ისეთი წვალებით ჩავიდა ხორვატიაში… ჯერ იყო და თურქეთში ტრანზიტით გავლისას იარაღის გადატანაზე შეექმნა პრობლემა. როგორც იქნა, ეს საკითხი ჩვენი სახელოვანი მსროლელის, ნინო სალუქვაძის პირადი კონტაქტებით მოგვარდა (პირადად დაურეკა თურქეთის ფედერაციას დახმარების თხოვნით), შემდეგ ავიარეისი გადაიდო და ისევ აირია ყველაფერი (ეს უკვე მთელ გუნდს შეეხო, თუმცა, ბოიარშინოვას იარაღი მაინც ყველაზე მწვავე პრობლემად რჩებოდა)… შემდეგ იყო დარეკვები, ფაქსები, თხოვნები საორგანიზაციო კომიტეტთან, რომ ტრანსპორტი მოგვიანებით დაეხვედრებინათ, ფორმალობების მოსაგვარებლადაც ჩვენებისთვის გამონაკლისი დაეშვათ…
პირველი დღის შემდეგ ბოიარშინოვა (მას მამა – დენის ბოიარშინოვი წვრთნის) მე-12 ადგილზე იყო 10-ქულიანი დანაკარგით და მაშინ ფინალში გასვლაც კი ძნელად წარმოსადგენი იყო, არათუ ამხელა წარმატება. თუმცა, მეორე დღეს, დარჩენილ 2 სერიაში, კარგად ისროლა და 112 ქულით ფინალურ ექვსეულში შევიდა. არადა, რეიტინგში მეშვიდე იყო, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი ბრიტანელმა სპორტსმენმა მოიგო, რომელმაც შესარჩევი ეტაპისთვის ევროპის რეკორდიც კი დაამყარა, მაგრამ ის სარეიტინგო ქულებისთვის იბრძოდა და ფინალში ვერც გავიდოდა. ასე მოხვდა ჩვენი მსროლელი ფინალში, მაგრამ იქაც ბოლო სერიამ უშველა – ერთ-ერთმა სლოვაკმა მსროლელმაც 112 დააგროვა, თუმცა ბოლო სერიაში ელიზავეტა ბოიარშინოვას უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა და მედლისთვისაც გააგრძელა ბრძოლა.
აი, ფინალში კი ბოიარშინოვამ მართლაც კარგად ისროლა – პირველი 26 გასროლიდან ყველა გამოიყენა და ერთი ხანობა მდევრებს 4 ქულითაც კი გაექცა. მართალია, შემდეგ ჩავარდნებიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ 60 გასროლიდან 53 ქულა მაინც დააგროვა. ამდენივე ჰქონდა გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონ სლოვაკ მიროსლავა ჰოკოვასაც. ისინი ბოლო ეტაპებზე კვალში ედგნენ ერთმანეთს და შეხვედრა ქულა ქულაში მიდიოდა. ჰოკოვა მასზე ადრე ისროდა და ბოლო სერიაში, როცა მან 4-ივე სამიზნე დაამსხვრია, ჩვენს მსროლელს აცილების უფლება არ ჰქონდა. ბოიარშინოვამ არც ააცილა – ნერვები მაქსიმალურად მოთოკა და 4-ივე გასროლა გამოიყენა. ცივსისხლიანობა დამატებითი სერიის დაწყებისთანავე გამოავლინა – სლოვაკმა 2-დან ერთი გასროლა ააცილა, ელიზავეტამ კი ორივე გამოიყენა და ჩემპიონიც გახდა.
ირაკლი თავაძე