4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

სპმთპ-ის პრეზიდენტის განცხადება

spot_img
საჯარო სკოლის მასწავლებლის ხელფასი 450-550 ლარია?
მცირეკონტინგენტიან სკოლებში მასწავლებლებს სამართლიანად ეძლევათ სტატუსის დანამატი?

სპმთპ-ის პრეზიდენტის განცხადება

ძვირფასო კოლეგებო,

უკანასკნელ პერიოდში, სოციალურ ქსელებში დაიწყო მსჯელობა საჯარო სკოლის მასწავლებელთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით. გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრებები და წინადადებები, რაც მოითხოვს განმარტებებს ჩვენი მხრიდან. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლის ანაზღაურება მხოლოდ ,,საბაზო თანამდებობრივი სარგო“ არ არის. იგი შედგება ორი ნაწილისგან: საბაზო თანამდებობრივი სარგო და დანამატები, მათ შორისაა სტატუსის დანამატიც. ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით, სტატუსის დანამატების პარალელურად, ეტაპობრივად გაზრდილიყო საბაზო ხელფასი, შემდეგი გარემოებების გამო: საბაზო ხელფასიდან გამოითვლება დამრიგებლობის, 18 საათზე მეტი დატვირთვის, კლასკომპლექტის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის დანამატები. 2016 წლის შემდეგ საბაზო ხელფასი არ გაზრდილა, შესაბამისად, არ გაიზარდა ზემოთ ჩამოთვლილი დანამატებიც და რაც მთავარია, მასწავლებლის მიერ ჩატარებული ერთი გაკვეთილის საფასური, საშუალოდ, 6 ლარიდან 8 ლარამდეა.

საბაზო ხელფასის გაზრდის მოთხოვნით არაერთგზის მივმართეთ სამინისტროს, გამოქვეყნებულია საჯარო განცხადებებიც. 2023 წლის 15 თებერვალს სამინისტროდან მივიღეთ პასუხი. გთავაზობთ ამონარიდებს წერილიდან: ,,ამჟამად სამინისტროს მიერ მუშავდება მასწავლებელთა ერთიანი სახელფასო პოლიტიკა, რაც, ასევე, მოიცავს სადამრიგებლო დანამატის გაზრდის საკითხსაც“, ….. „სამინისტროსა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს შორის არსებული მრავალწლიანი კონსტრუქციული თანამშრომლობის პრაქტიკა გაგრძელდება მასწავლებელთა კეთილდღეობისა და ღირსეული სახელფასო ანაზღაურების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში“. როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ პერიოდში მინისტრი იყო მიხეილ ჩხენკელი. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მინისტრის ცვლილებასთან ერთად იცვლება მიღებული გადაწყვეტილებები, პასუხი ახალი მინისტრისგან დღემდე არ მიგვიღია იცვლება თუ არა სახელფასო პოლიტიკა.

სამწუხაროდ, მინისტრების ხშირი ცვლილება აფერხებს და, ზოგ შემთხვევაში, თვისობრივად ცვლის ჩვენ მიერ დაყენებული აქტუალური პრობლემების გადაჭრის პროცესს. ბოლო 10 წელიწადში 6-ჯერ შეიცვალა მინისტრი. მოვიყვან ერთ მაგალითს: 2016 წლიდან ვაყენებდით საკითხს, „იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ აქვს სტატუსის სრული დანამატის გაცემისათვის საჭირო საათების რაოდენობა, სტატუსის დანამატი უნდა მიეცეთ სრულად ყველა საგნის ყველა მასწავლებელს“. 2017 წლის 6 ნოემბერს, მივიღეთ წერილობითი პასუხი სამინისტროდან, ცვლილებების პროექტი და განმარტებითი ბარათი. გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან: ,,თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, მასწავლებლების თანაბარ პირობებში ჩაყენების მიზნით მიზანშეწონილია 126/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნას ცვლილება და განისაზღვროს, რომ მასწავლებელს მიეცემა დანამატის სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი საგნისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე“. წერილს ხელს აწერდა იმ დროინდელი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც მალევე გადადგა თანამდებობიდან. მას შემდეგ 4-ჯერ შეიცვალა მინისტრი. საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა და სამინისტროს დაპირებებისა, რა მიზეზით არ შეასრულა სამინისტრომ მიღებული გადაწყვეტილება, დღემდე პასუხი არ გვაქვს.

რატომ ცვლიან ახალი მინისტრები წინა მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, გაუგებარია. შედეგად, დღემდე გადაუჭრელია, ჩვენ მიერ, წლების წინ დაყენებული შემდეგი საკითხები:

☑️ საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდა;

☑️ მცირეკონტინგენტიან სკოლებში მასწავლებელთა მიმართ არათანაბარი დამოკიდებულება სტატუსის დანამატის გაცემასთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღვნიშნე ზემოთ. ეს პრობლემა ძირითადად ეხება საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების მასწავლებლებს;

☑️ საჯარო სკოლის ადმინისტრაცია/ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა;

☑️ მრავალწლიანი სტაჟისა და დამსახურების მქონე ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისათვის 50%-იანი საგამოცდო ბარიერის განსაზღვრა, ისევე, როგორც ეს გათვალისწინებულია „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“, უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისათვის; სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ გადაუჭრელ საკითხებს დაემატა ახალი მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები: ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით და გაურკვეველი ვადით გადაიდო კარიერული წინსვლის გამოცდა; შეჩერებულია განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის განსაკუთრებული წესით სტატუსის მინიჭების საკითხი, რაც განსაზღვრულია „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“.

ამ გადაწყვეტილებებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა პედაგოგთა დიდი ნაწილი – ყოფილი პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები, უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები.

ალბათ დამეთანხმებით, ასეთი გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაშია დეკლარირებულ განცხადებასთან „მე ვიზრუნებ პედაგოგთა უფლებების დასაცავად!“

ერთი სიტყვით, სისტემაში შექმნილია არასტაბილური გარემო კარიერული წინსვლისთვის. მზადდება კიდევ ახალი რეფორმა. რა სიურპრიზები გველოდება, ჯერჯერობით უცნობია.

სოციალურ ქსელებში მასწავლებელთა მოთხოვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მოთხოვნების სამართლიანობას.

მასწავლებლების მიერ, ბოლო პერიოდში წამოჭრილი პრობლემების შესახებ არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული, ამიტომ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მოგვეწოდებინა ინფორმაცია.

მუშაობას ვაგრძელებთ.

იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის!

ძალა ერთობაშია!

პატივისცემით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები