ეთერ ხეჩუაშვილი
ნიუტონის თავისუფალი სკოლის სპეციალური მასწავლებელი
მინდა გაგიზიაროთ ჩემი სამაგისტრო კვლევის – „სპეციალური მასწავლებლის რეფლექსიური წერის გაუმჯობესება ტრენინგით“ – შედეგები. კვლევა მიზნად ისახავდა, დაედგინა რამდენად იცნობენ მასწავლებლები რეფლექსიურ პრაქტიკას და რამდენად იყენებენ მას, საჭიროა თუ არა რეფლექსიური წერის უნარების გასავითარებლად სპეციალური კურსები და განსხვავდებიან თუ არა მაგისტრის და სხვა განათლების მქონე სპეციალური მასწავლებლები რეფლექსიასთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარების მხრივ. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა თვისობრივი კვლევა, ექსპერიმენტული ინტერვენციით, მონაწილეობდა ათი სპეციალური მასწავლებელი. ექვსი კვირის განმავლობაში აკეთებდნენ რეფლექსიურ ჩანაწერებს. მონაცემების დამუშავებისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება: პირველ რიგში, დასტურდება, რომ რეფლექსიური წერის უნარების განვითარებას სჭირდება სწავლება. თვითშეფასებაზე დაფუძნებულმა გამოკითხვამ გვაჩვენა, რომ სპეციალური მასწავლებლები კარგად იცნობენ რეფლექსიური პრაქტიკის მნიშვნელობას. უნარებს შორის განსხვავება მაგისტრებსა და არამაგისტრ მასწავლებლებს შორის არ ფიქსირდება.
რეფლექსიური პრაქტიკა რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკოსებისთვის, ამაზე ბევრი მკვლევარი თანხმდება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტად შეგვიძლია გამოვყოთ ის, რომ რეფლექსიური პრაქტიკის წარმოება დადებით კორელაციაშია თვითშეფასებასთან, ასევე, კრიტიკული აზროვნების განვითარებასთან, უწყვეტი სწავლების ხელშეწყობასთან და პროფესიულ ზრდასთან. ის ეხმარება პრაქტიკოსს, გამოავლინოს ძლიერი მხარეები, ასევე, გააუმჯობესოს გასაუმჯობესებელი საკითხები, რაც თავისთავად განაპირობებს პრაქტიკის შემდგომ განვითარებას.
სხვადასხვა ავტორის მიხედვით, რეფლექსიამ რომ აღნიშნული სარგებელი მოუტანოს მასწავლებელს, მნიშვნელოვანია, ის სწორად წარიმართოს, რეფლექსიის წარმოებას კი სჭირდება გავარჯიშება. კვლევის ფარგლებში, გამოვიყენე რეფლექსიური პრაქტიკის სხვადასხვა მოდელი. ამ მოდელების ცოდნა მასწავლებლებს დაეხმარება რეფლექსიური უნარების გაუმჯობესებაში.
⇒ პირველ რიგში, მინდა განვიხილო ბორტონის (1970) მოდელი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, ის პრაქტიკოსს იმ სამ მნიშვნელოვან კითხვას სთავაზობს, რომელზე პასუხებიც მას დააფიქრებს თუ რა გააკეთა, რას შეცვლის ეს ქმედება და რა შეიძლება გააკეთოს მომავალში. ბორტონი იყენებს სამ კითხვას: „რა? მერე რა? ახლა რა?“. ეს კითხვები პრაქტიკოსს უბიძგებს, გამოიკვლიოს ფაქტები და წარსული გამოცდილება, გააანალიზოს მათი მნიშვნელობა და შედეგები, შემდგომ განსაზღვროს პოტენციური ქმედებები მომავალში. აღნიშნულ სამ ძირითად კითხვას მოსდევს თავისი ქვეკითხვები, ისინი განსაკუთრებით ეხმარება დამწყებ პრაქტიკოსს რეფლექსიურ პრაქტიკოსად ჩამოყალიბებაში. პირველი კითხვაა „რა“ – ქვეკითხვები შემდეგნაირად ჟღერს:
„რა?“
რის მიღწევას ვცდილობდი?
რა ქმედებები განვახორციელე?
რა იყო მოსწავლეთა პასუხი?
რა გრძნობები გამოიწვია?
რა იყო კარგი და რა გასაუმჯობესებელი?
„მერე რა?“
მერე რას მეუბნება ეს?
მერე რა მინდოდა, როდესაც ამას ვმოქმედებდი?
მერე რა, რომ ეს მიდგომა გამოვიყენე?
მერე რა შეიძლებოდა გამეკეთებინა გასაუმჯობესებლად?
მერე რა არის ახალი გეგმა მოცემულ სიტუაციაში?
„ახლა რა?“
ახლა რა მჭირდება პროცესის გასაუმჯობესებლად?
ახლა რა საკითხების უფრო ფართო განხილვაა საჭირო, რომ ეს მოქმედება უფრო წარმატებული გახდეს?
ეს მოდელი ხელს უწყობს სიტუაციის უფრო ღრმა გაგებას და გადაწყვეტილებების გაუმჯობესებას.
⇒ შემდეგი მოდელი – რეფლექსიური წერის გაანალიზება – არის გიბსის (Gibbs,1988) მოდელი, რომელიც უფრო დეტალურია. გიბსის მოდელი ეფუძნება ექვსეტაპიან მოდელს: 1. აღწერა – რა მოხდა? 2. გრძნობები – რას გრძნობდი და როგორი რეაქცია გქონდა? 3. შეფასება – რამ იმუშავა/რამ არ იმუშავა? 4. ანალიზი – რა აზრი ჰქონდა ამ გაკვეთილს? 5. დასკვნა – რა ისწავლეთ? 6. სამოქმედო გეგმა – რას გააკეთებდი განსხვავებულად შემდეგ ჯერზე?
⇒ შემდეგი ავტორი, რომელიც რეფლექსიური პრაქტიკის კიდევ ერთ მოდელს – ოთხი ლინზის ეფექტს – გვთავაზობს, ბრუკფილდია (Brookfield, 1995, 2005). ავტორი თავის მოდელში ცდილობს, მასწავლებელთან ერთად, რეფლექსიის წარმოებაში გაითვალისწინოს მოსწავლეები და კოლეგები როგორც საკუთარი გადმოსახედიდან, ასევე თავისი მოსწავლეებისა და კოლეგის თვალით. გარდა ამისა, გამოყენებული სტრატეგია თუ ქმედება განიხილოს არსებული კვლევითი ლიტერატურის ჭრილში.
მოცემული მოდელების გაერთიანებით შეგვიძლია განვსაზღვროთ რეფლექსიის ძირითადი ნაბიჯები: 1. აირჩიე, 2. აღწერე, 3. გააანალიზე, 4. შეაფასე.
მნიშვნელოვანია, პრაქტიკოსმა გამიჯნოს რა არის რეფლექსიური პრაქტიკა და რა არა. რეფლექსიური პრაქტიკაა: გაუმჯობესებაზე ფიქრი, გამოწვევების გადალახვა, კარიერული ზრდა; რეფლექსიური პრაქტიკა არ არის: პირადი კრიტიკა, მხოლოდ კონკრეტული პერსონალისთვის დაშვებული, ერთჯერადი ღონისძიება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ წერის დროს არ გამოვიყენოთ შემფასებლური ფრაზები ან ბუნდოვანი სიტყვები, არ ვიყოთ მიკერძოებულები, მაგალითად: ძალიან კარგად, საინტერესო, ჭკვიანი, კარგად გამოსდის, არ გამოსდის, რთული, მარტივი და ა.შ. მნიშვნელვანია, წერისას გამოვიყენოთ გაზომვადი ტერმინები, რაც თავიდან აგვარიდებს ბუნდოვანებას, მაგალითად: დაუშვა ერთი შეცდომა, ინიციატივა გამოიჩინა ორჯერ, და ა.შ.
აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მრავალი პრაქტიკოსის მოსაზრებას, რომ რეფლექსიური პრაქტიკა ძალიან სასარგებლო გამოცდილებაა მასწავლებლებისათვის და მნიშვნელოვანია ამ უნარის დასწავლა, რათა პრაქტიკოსმა პროფესიული სარგებელი მიიღოს.