ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის – „სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების სტუდენტებისთვის“ – პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანი, დაწყებითი განათლების ბაკალავრიატი სტუდენტებისთვის, სოციალურ-ემოციური უნარების სწავლებაა. სტუდენტები ახალი სასწავლო კურსით გაეცნობიან და შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ემოციების მართვა, ურთიერთობები, თვითშეგნება, ემპათია და ალტრუიზმი, კომუნიკაციის უნარები და კრიტიკული აზროვნება, სტრესთან გამკლავება, მოზარდობის და ახალგაზრდა ასაკის ფსიქიკური პრობლემები და სხვა. სწავლების კურსი შედგება 15 გაკვეთილისგან, რომელიც მოიცავს ემპირიულ ინტერაქტიურ აქტივობებს, რეალურ თამაშებს და დისკუსიებს.
პროექტის ორივე ეტაპზე, კურსი ხელმისაწვდომია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პროგრამის სტუდენტებისთვის.
მეორე ეტაპზე, რომელიც 2024-25 წლებში განხორციელდება, სოციალურ-ემოციური კომპეტენციების სწავლება კიდევ 5 უნივერსიტეტშია დაგეგმილი: ილიას უნივერსიტეტში, თელავის, ქუთაისის, ბათუმის და კავკასიის უნივერსიტეტებში.
სასწავლო კურსის ავტორები არიან: სიმონ სურგულაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლონდონის კინგს კოლეჯის (King’s College London, UK) საუნივერსიტეტო კლინიკის კრიზისული სამსახურის ექიმი-ფსიქიატრი, კინგს კოლეჯის მოწვეული უფროსი ლექტორი; თინა ცომაია, აკადემიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსის თავმჯდომარე; გიორგი ჭანტურია, განათლების სპეციალისტი, განათლების კოალიციის დირექტორი. გიორგის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი; მედეა ზირაქიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „გამმას“ აკადემიური დირექტორი. იგი მოწვეული ლექტორია ილიას სახელმწიფო და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტებში.
სასწავლო კურსის ავტორი ბატონი სიმონ სურგულაძე ამბობს, რომ სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია. ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ რას აჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკა იმ ქვეყნებში, სადაც დიდი ხანია სკოლებში, კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დანერგილია სოციალურ-ემოციური უნარების კურსის სწავლება.
„ყველამ კარგად ვიცით, როგორი მძიმეა მასწავლებლის პროფესია, რამდენად რთული ურთიერთობების მოგვარება უწევს მასწავლებელს ყოველდღე. ცნობილია, რომ მასწავლებლებში ხშირია პროფესიული გადაწვა. ამიტომ არსებობს პროგრამები, რომელიც ეხმარება პროფესიონალებს ემოციური დატვირთვის მართვაში და გადაწვის პრევენციაში. ჩვენმა გუნდმა შარშან დაასრულა პროექტი, რომელიც მოიცავდა საშუალო სკოლებში სოციალურ-ემოციური უნარების სწავლებას. პროექტით გათვალისწინებული ტრენინგი, გამიზნული იყო სტრესის მიმართ მასწავლებლების მედეგობის გასაძლიერებლად. უკუკავშირი იყო ჩვენთვის ძალიან საგულისხმო: მათი აზრით, კარგი იქნებოდა ასეთი მომზადება უფრო ადრეც, საუნივერსიტეტო განათლების ფარგლებში, მიეღოთ. სწორედ ასეთ ტრენინგს ვგეგმავთ ჩვენს ახალ პროექტში.
სოციალურ-ემოციური სწავლების (სეს) პროგრამები მრავალ ქვეყანაში არსებობს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ასეთი პროგრამები მუშაობს 1990-ანი წლებიდან. პროგრამები იმის მიხედვით განსხვავდებიან, თუ რა ასაკის ადამიანებზეა გამიზნული, ასევე თავიანთი თემატიკით. თუმცა ყველა პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ადამიანს საკუთარი ემოციების და განწყობების უკეთ შემეცნებასა და მართვაში. ამერიკული პროგრამები თავმოყრილია CASEL (Collaborative for Academic, Social, and Emotional Learning) ვებგვერდზე: https://casel.org/. ჩვენი წინა პროექტი განხორციელდა ჩეხეთის რესპუბლიკის სპეციალისტებთან ერთად, მათი სასწავლო მოდულის გამოყენებით. ჩეხეთში სეს გაკვეთილები სასკოლო კურიკულუმის ნაწილია და მზარდი პოპულარობით სარგებლობს. მიგვაჩნია, რომ ჩეხეთის კონტექსტი, ამერიკულთან შედარებით, უფრო ახლოსაა ჩვენს კულტურასათან. სეს-ის დადებითი ეფექტი მრავალ პუბლიკაციაში აისახა. დამაჯერებლად არის ნაჩვენები სკოლის და კოლეჯების მოსწავლეებში ისეთი პოზიტიური ცვლილებები, როგორიცაა:
♦ გაუმჯობესებული დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ;
♦ ნაკლები შფოთვა და სტრესი;
♦ ემოციების რეგულირების გაუმჯობესება;
♦ შემცირებულია სარისკო და აგრესიული ქცევები;
♦ შემცირებული ნივთიერებების ავადმოხმარება; გაუმჯობესებულია სხვების მიმართ დამოკიდებულება;
♦ გაუმჯობესებული პრობლემების გადაჭრის უნარები
♦ გაუმჯობესებული აკადემიური მოსწრება.
ჩვენი სასწავლო კურსი (15 გაკვეთილი) მიეწოდება დაწყებითი განათლების სტუდენტებს, როგორც არჩევითი საგანი. კურსის საბოლოო ვარიანტზე შევჯერდებით თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ლექტორებთან ვორკშოპის დროს, რომლებიც კურსს მომავალ წელს გაუძღვებიან. ზოგადად, სეს-არის პოპულარული საგანი, რადგან იძლევა უნივერსალური უნარების შეძენის საშუალებას, რაც აადვილებს ადამიანის ადაპტაციას ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ. ჩვენი ღრმა რწმენით, აღნიშნული ცოდნის და უნარების ათვისება დაეხმარება მომავალ მასწავლებლებს, ხელი შეუწყონ პოზიტიური ფსიქოლოგიური გარემოს შექმნას სკოლებში, სადაც ისინი მომავალში იმუშავებენ“.
აღსანიშნავია, რომ პროექტს ახორციელებს ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი – საქართველოს Baltic tu Black Sea Alliance-Georgia). პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; ოქროს სპონსორები არიან: PASHA Bank Georgia, TBC ბანკი და RE-Bank.
მოამზადა მაკა ყიფიანმა