ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეებს აღნიშვნის გარეშე არც ერთი სასკოლო ღონისძიება არ გამოუტოვებიათ. 28 მაისს, სკოლაში, ბიბლიოთეკის კვირეულთან დაკავშირებით, ლიტერატურული კომპოზიცია „სოფელო, ჩემო სოფელო…“ გამართეს. საღამოს უძღვებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი და ამავე სკოლის ღვაწლმოსილი დირექტორი ეკატერინე ჭიჭინაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის უფროსი თამაზ დაუშვილი, მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და გაზეთ „ამბროლაურის მოამბის“ რედაქციის წარმომადგენლები, რედაქტორი დალი დარახველიძე, ველევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი დავით გოგსაძე, სასკოლო საზოგადოებისა და თემის სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე ლიზიმ და ნიკოლოზმა ლექსები წაიკითხეს და თავიანთი ნამუშევრებიც წარმოადგინეს.
„დრო ყველაფერს ცვლის და თავის დაღს ასვამს. მიწაც ბერდება. ცვალებადობას განიცდის ენაც. იცვლება ლექსიკური ფონდი. ძველი სიტყვები – არქაიზმები, გამოდის ხმარებიდან, შემოდის ახალი სიტყვები – ნეოლოგიზმები, მაგრამ ზოგი სიტყვა მნიშვნელობას იცვლის. სიტყვა „სოფელი“ ძველად ქვეყანას, დედამიწის ზურგს, მსოფლიოს ნიშნავდა. დროთა განმავლობაში ამ ლექსიკური ერთეულის მნიშვნელობა დავიწროვდა და მიწათმოქმედი მოსახლეობით დასახლებული ერთი გეოგრაფიული პუნქტის აღმნიშვნელი ტერმინი გახდა. ჩვენი თემი, მიწათმოქმედი მოსახლეობით დასახლებულ 4 სოფელს აერთიანებს: კვირიკეწმინდას, ველევს, ბეთლევსა და შხივანას. 1912 წლის კალენდრის მიხედვით, ველევში, 518 მცხოვრები იყო, ბეთლევში – 269, შხივანაში – 448; კვირიკეწმინდაში, მესხების უბანში თურმე 80 უღელი ხარი იბმებოდა, 72 მოზამთრე ოჯახი იყო. დღეს კი ველევში 27 ოჯახია მოზამთრე, კვირიკეწმინდაში – 13, ბეთლევში – 19, შხივანაში – 5. მიუხედავად ყველაფრისა, სოფლის სიძლიერის კვალი ჩვენ სკოლას დღესაც ეტყობა,“ ლიზი და ნიკოლოზი ერთმანეთს ენაცვლებიან სოფლის ისტორიასა და დღევანდელობაზე საუბარში.
ველევის სკოლის დირექტორი ეკატერინე ჭიჭინაძე სკოლაში სამუშაოდ, 1974 წლის 1 აპრილს, ზუსტად 50 წლის წინ მივიდა. მაშინ აქ 64 მოსწავლე სწავლობდა. დამსახურებული პედაგოგი წუხს იმის გამო, რომ სოფელი დღითი დღე იცლება. „როცა სკოლაში პირველად მოვედი, ხანდაზმული პედაგოგები ამბობდნენ, მოსწავლეთა რაოდენობა ძალიან ცოტააო და სკოლის არსებობის საფრთხეზე საუბრობდნენ. მაშინ ველევის თემში სამი სკოლა ფუნქციონირებდა: ველევის არასრული, კორტისა და შხივანის დაწყებითი სკოლები. მალე, კორტისა და შხივანის დაწყებითი სკოლები დაიხურა, რადგან 60-იანი წლების ბოლოს, კლასები, რომელშიც 5 მოსწავლეზე ნაკლები სწავლობდა, გაუქმდა, რასაც სოფლების მასიური დაცლა მოჰყვა. სკოლის დახურვა რომ არასწორი იყო, გვიან მიხვდნენ, მაგრამ საქმის დაძვრაა ძნელი, თორემ დაძრულის შეჩერება – შეუძლებელი. სოფლებში იმდენი ხალხი იყო, მისალმებას ვერ ავუდიოდი, მეუხერხულებოდა ველევში – ცაცხვის ძირას, ე.წ. „სკამეინკასთან“ და წკადისში – წყაროსთან ჩავლა. ახლა კი ადამიანის დანახვაა სანატრელი. ხანდაზმული, კერას მიჯაჭვული, ადამიანები ვალმოხდილნი მიდიან. შთამომავლობამ, უკეთესი საარსებო გარემოს ძებნაში, დატოვა მამამაპისეული სახლ-კარი და სოფელში აღარავინ ბრუნდება. სანამ კერა თბილი და კვამლიანი იყო, მშობლებისადმი მოვალეობის გრძნობა და ბავშვობის მოგონებები ეზიდებოდათ სოფლისაკენ, მაგრამ გამოკეტილი კარი და წარსულის მოგონებები გულს მძიმე ლოდად აწვება, ახლა მხოლოდ აღდგომას თუ მოვლენ გარდაცვლილთა მოსახსენიებლად. მომრავლდა დაკეტილი სახლები და ბოქლომდადებული ჭიშკრები. ქალაქში წასული შთამომავლობისთვის სოფელი მხოლოდ სანახაობა და დასასვენებელი ადგილია. არადა სოფელსა და ეზო-კარს მოვლა სჭირდება. შექმნაა ძნელი, გაველურებასა და გაპარტახებას ერთი ქალამნის ცვეთის პერიოდიც ყოფნის.
ყოველ დილით მივუყვები გზა სკოლისაკენ და თვალს ვარიდებ გადაქცეულ ღობეებსა და შემომპალ მესერებს, გული მტკივა. მომხმარებლად ვიქეცით, დასვენება გვინდა, ნებივრობა, შექმნა და პატრონობა – არა. გაზაფხულს ვნატრობდი, გაფოთლილი ხეებიდან რომ აღარ დამენახა კვიტაშვილის ჩანგრეული სახლი, მიყრუებული და გაპარტახებული მაცაბერიძეების უბნის გადაღმა კუთხე. იქ ხომ ოდესღაც სიცოცხლე დუღდა… 13 ბავშვი გამოდიოდა ამ კუთხიდან, დღეს კი… აქ არავინაა. ვინ იცის რა იქნება ხვალ?!
ბოლო წლებში სოფელში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა: ყველა ოჯახი უზრუნველყოფილია სასმელი წყლით, ელექტროენერგიით, 1972-1973 წლებში გაყვანილ იქნა სამანქანო გზა, გასულ წელს კი დაიგო თანამედროვე სტანდარტის ბეტონის გზა, შენდება ეკლესია… მაგრამ სოფელი მაინც იცლება.
გავყურებ სკოლის ფანჯრიდან მიჩუმებულ სოფელს და დარდი ღრუბელივით მეხვევა. სოფლის სილამაზეზე რომ წერენ აღფრთოვანებით და იმის იქით არ იხედებიან, საჭირვარამოს ვერ ხედავენ,“ – სინანულით ამბობს სკოლის დირექტორი.
ღონისძიებაზე ნიკამ ისტორიის მასწავლებელის, თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით, სოფელ ველევის ისტორიული ძეგლების შესახებ მომზადებული საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა. წაიკითხა ქართველი პოეტების ლექსები, სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებული ბუკლეტები გადასცა. „გვიყვარს ჩვენი სოფელი და ვერ ველევით. ვსწავლობთ მის წარსულს, ისტორიულ ძეგლებს: კვირიკეწმინდაში ხშირად ვნახულობთ ტაძარსა და კვიტაშვილის კოშკს, სათვალთვალო კოშკი ყოფილა ველევშიც, გოგსაძეების უბანში, დღესასწაულებზე – გიორგობას, სამებობას, ღვთისმშობლობას, ვსტუმრობთ სალოცავ ადგილებს და ვფიქრობთ ძეგლების წარსულზე“.
ეკატერინე ჭიჭინაძე, ხელოვნების მასწავლებელი: „მოსწავლეებთან ერთად ვაგროვებთ ხალხური შემოქმედების ნიმუშებს, გვინდა მივუსწროთ, გადავარჩინოთ და შემოვუნახოთ შთამომავლობას. რომ გვგონია, მორჩა, ყველაფერი ჩავიწერეთ, მოულოდნელად აღმოჩნდება ახალი. სისტემატურად ვმონაწილეობთ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებაში, ჩვენი ნაშრომები იბეჭდება სასახლის კრებულებში. ძალიან გამახარა ლიზი გოგსაძემ. მან რუსიკო გორგიაშვილისგან ჩაწერილ მასალაში, კორკოტობის რიტუალის სრულიად ახალი, აქამდე უცნობი ნიუანსი გაგვაცნო. მადლობა მას ამისთვის“.
ლიზი ამბობს, რომ ის და ნიკოლოზი, მასწავლებლებთან ერთად, არც ერთ მნიშვნელოვან თარიღს არ ტოვებენ აღუნიშნავად. ახლახან აღნიშნეს დედამიწის დღე და ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც ჩაატარეს.
„ვამაყობ, რომ მსოფლიოში არსებულ თოთხმეტ დამწერლობას შორის ქართული დამწერლობაცაა, „ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც შეიძლება გამოითქვას რაგინდ რა ენით. ქართული ისე მდიდარია, შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებით იგი მსოფლიო ენაა – წერს ნიკო მარი. მას გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. ენები კი უნდა ვისწავლოთ, მაგრამ განათლება, უპირველეს ყოვლისა, მშობლიურ ენაზე უნდა მივიღოთ, რადგან ადამიანის შესაძლებლობის სრული რეალიზება მხოლოდ მშობლიურ ენაზეა შესაძლებელი,“ – ამბობს ლიზი და სტუმრებს ირაკლი აბაშიძის ლექსს უკითხავს.
„ჩვენ კაცთმოყვარე, ტოლერანტი ერი ვართ – აგრძელებს ნიკოლოზი, – სტუმარიც გვიყვარს და სტუმრის მოსვლას ღვთის წყალობად მივიჩნევთ, ყველაფერ საუკეთესოს სტუმრისთვის ვინახავთ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, თავხედობას არავის ვაპატიებთ – სწორედ ამას გვასწავლის „შემომეყარა ყივჩაღი“, არც ის ხალხი ვართ, მტრობა გულში ჩავიდოთ, ჩვენ უკიდეგანო სიყვარულიც შეგვიძლია, რასაც გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი“ გვასწავლის. ახლახან გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ II მსოფლიო ომიდან თემის 152 შინმოუსვლელს, იმ ქარიშხლიანი დღეების მოგონებად მხოლოდ სამკუთხა ბარათებიღა შემოგვრჩა, ომის მონაწილეთაგან აღარავინ არის ჩვენს თემში ცოცხალი,“ – ამბობს ნიკოლოზი და ლიზი კითხულობს მირზა გელოვანის ლექსს „ნუ მწერ“.
დაბოლოს, ადამიანის ცხოვრება ელვის ნათებას ჰგავს სამყაროს უსასრულობაში, აქაურობის მარადიულ მფლობელადაც კი მიგვაჩნია თავი. ბევრი იმის ცდაშია, რა ირგოს სოფლიდან, არ ფიქრობს იმაზე, რას ქმნის სოფლისთვის. ვეცადოთ ვალმოხდილნი შევუერთდეთ მარადისობას, თუ ამას გავითვალისწინებთ, აღორძინდება სოფელი.