ხრეითი ერთ-ერთი უძველესი სოფელია ზემო იმერეთში. მდიდარი და მრავლისმომცველია მისი ისტორია. ხრეითის პირველ დასახლებათა შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ქართველი და უცხოელი ავტორები – ვახუშტი ბაგრატიონი, ჟან ფრანსუა გამბა, გუნდენშტეინი, ნიკიფორე ტულოჩანოვი, ალექსანდრე იევლევი… მათი შრომები შეიცავს XVII საუკუნის შუა ხანების იმერეთის სამეფოს აღწერილობას, სადაც ხრეითი ციხე-ქალაქადაა მოხსენიებული. აკადემიკოს აკაკი შანიძის განმარტებით და პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის ნაშრომში „რა გქვია შენ?“ სოფლის სახელწოდება ასეა ახსნილი: სუფიქსია -ით, ფუძეა „ხრე“, რაც კლდიან-ღორღიან ადგილს ნიშნავს. სოფლის პირველი დასახლება ადრეულ რკინის ხანას უკავშირდება, შემდეგ გარემოებათა გამო: ახლომახლო ტერიტორიაზე აღმოჩენილია რკინის ხანის მიწის დამამუშავებელი იარაღები. სამჭედლოს, კერძოდ, საბურველის ნაშთები, თიხის მილების ნაწილები, ქურა, რკინის ნადნობის გროვა, წიდა და სხვა. სოფლის მიდამოებში აღმოჩენილი საიდუმლოებანი საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ხრეითის განახლების ისტორიაში ორი ეტაპი გამოიყოფა: პირველი უკავშირდება ადრეულ რკინის ხანას. მეორე – გვიან ფეოდალურს, XVII საუკუნეს, როდესაც უკვე ახალი დასახლება ხდება. ინტერესს აძლიერებს 1895 წელს გაზეთ „კვალში“ (№147) დაბეჭდილი ინფორმაცია:
„სოფელ ხრეითში ამა წლის მარტის ხუთსა რიცხვსა, გლეხს ვინმე გიგო შეყილაძეს მიწის დამუშავების დროს უპოვია ერთი ბეჭედი და ორი ბროლის მძივი. ბეჭედზე აღმოჩნდა წარწერა „ქ. ალექსანდრე მონაღვთისა ძე მეფისა ბაგრატისა“. ის არის ალექსანდრე IV, რომელიც მეფობდა 1683-1690 და 1691-1695 წლებში. ზოგიერთი წერილობითი წყაროს და, აგრეთვე, გადმოცემის თანახმად ხრეითის მოსახლეობა რაჭიდან დამკვიდრებულა, დაუწყიათ აუთვისებელი მიწების დამუშავება, მოჰყავდათ სიმინდი, იშვიათად – ხორბალი, ქერი, მისდევდნენ მესაქონლეობას. დროთა განმავლობაში სოფლის ისტორიულ ანალებში ნათლად იკვეთება სასკოლო სწავლების ჩამოყალიბების აუცილებლობა, თუმცაღა, ხრეითის სასკოლო ცხოვრების ისტორიის შესახებ შედარებით მწირი ცნობები მოგვეპოვება. წარსულის გაკვეთილების ნაწილობრივ აღდგენისა და ჩვენს წინაპარ მასწავლებელთა საქმიანობის გაცოცხლებისათვის, სასკოლო ტრადიციების წარმოჩენის მიზნით, გადავწყვიტეთ საზოგადოებას გავაცნოთ ხრეითის საგანმანათლებლო ისტორია.
XIX საუკუნის 90-იან წლებამდე, სკოლების სიმცირისა და ხელმიუწვდომობის გამო, საშინაო აღზრდაში მთავარი როლი მღვდელს ჰქონდა, რომელიც საღვთო რჯულსა და წერა-კითხვას ასწავლიდა სწავლას მოწყურებულ ხალხს. აქვე უხდებოდა ხელობის შესწავლაც, რასაც მეოჯახე ქალი უძღვებოდა, ერთ-ერთი ასეთი ტიპის სკოლა ხრეითში გაიხსნა 1891 წელს, რომელიც წერილობით წყაროებში ხრეითის სამრევლო სკოლის სახელით არის ცნობილი:
„ზემო იმერეთში შორაპნის მაზრის სოფელ ხრეითში ლოლაძეების წმინდა გიორგის ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო სკოლა – ერთკლასიანი“. ამავე წყაროში საუბარია სოფლის მდებარეობის, უგზოობის, მკაცრი ჰავის შესახებ („ცნობის ფურცელი“, 1897 წლის 15 ნოემბერი, №381, გვ. 3-4).
სამრევლო სკოლაში წერა-კითხვასა და ღვთისმეტყველების საკითხებს ასწავლიდა მღვდელი ერმალო ჯაფარიძე, ამ სკოლისათვის საკუთარი წიგნები შეუწირავს სერაპიონ მიხელიძეს, რომელსაც სამადლობელ წერილს უძღვნის სკოლა („ცნობის ფურცელი“, 1897 წლის 30 დეკემბერი, №414, გვ. 3-4).
1911 წელს ალექსანდრა ჯაფარიძე (შემდგომში მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელი ქალი) ამთავრებს ქუთაისის ქალთა გიმნაზიას, ბრუნდება მშობლიურ სოფელ ხრეითში და 1913 წელს ხსნის წერა-კითხვის სწავლების სკოლას, სადაც გამგეც და ყველა საგნის მასწავლებელი თვითონ ალექსანდრა ჯაფარიძე იყო. ამ პერიოდში სახალხო განათლების ლიბერალიზაციის კანონი იძლეოდა სახალხო სკოლების დაარსების უფლებას და სწავლის უფლებაც ყველა წოდების ადამიანს ჰქონდა. ალექსანდრა ჯაფარიძე ხრეითის პირველი სახალხო სკოლის მასწავლებელი იყო.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველსავე წელს, სოფლის ცენტრში, გაიხსნა პირველი ოთხკლასიანი სკოლა, რომელიც განთავსებული იყო ოროთახიან ფიცრულ შენობაში. ამ სკოლის პირველი მასწავლებლები იყვნენ: ტატიანა ჯაფარიძე, რაისა ანტონის ასული კანდელაკი და დავით შეყილაძე.
1933 წელს 4-კლასიანი სკოლა შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა, რომლის დირექტორი იყო ბიძინა ერმალოს ძე ჯაფარიძე, პედაგოგიურ მოღვაწეობას კი ეწეოდნენ: დავით შეყილაძე, პაშა ჯაფარიძე, ალექსანდრე შეყილაძე, ბიქტორ დევიძე, პატუ ლოლაძე და მუსიკის მასწავლებელი ქსენეფონტე ლოლაძე. სოფლის გეოგრაფიულმა მდებარეობამ და სასკოლო ასაკის ბავშვთა სიმრავლემ განაპირობა ხრეითში კიდევ ორი დაწყებითი სკოლის გახსნა – 1933 წელს, მიხელიძეების უბანში ოთხკლასიანი სკოლა გაიხსნა, ხოლო შეყილაძეების ოთხკლასიანი დაწყებითი სკოლა – 1935 წელს; 1939-40 წლებში სრული საშუალო სკოლა გაიხსნა. ახლად გახსნილი საშუალო სკოლის პირველი დირექტორი ბაგრატ აბესაძე გახდა, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ: ელ. წულუკიძე, უ. წერეთელი, ა. კუპატაძე, ივ. ტაბატაძე, გ. გოცაძე, დ. შეყილაძე, თ. ჯაფარიძე, ალ. შეყილაძე, პ. ჩინჩალაძე, ნ. წულუკიძე და სხვები.
1964 წელს, სოფლის ცენტრში, აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი სამსართულიანი კაპიტალური სასკოლო შენობა 400 მოსწავლეზე, სკოლის დირექტორი იყო შოთა ბიწაძე, პედაგოგიურ მოღვაწეობას კი ეწეოდნენ: ივ. მიქაცაძე, ა. შეყილაძე, ვ. შეყილაძე, დ. ბაქრაძე, ა. გამცემლიძე, თ. ჯაფარიძე, ივ. ტაბატაძე, ო. ჩუბინიძე, გ. გოგსაძე, ნ. შენგელია, გ. ასათიანი, თ. ცუცქირიძე, თ. კალატოზიშვილი, ე. წულუკიძე, მ. ბერიშვილი, ა. კუპატაძე, თ. ცერცვაძე, ა. ჩემბაროვა, ჯ. ჯაფარიძე, გ. ბაქრაძე, ე. ჩიქვილაძე და სხვები.
1970 წელს კი ექსპლუატაციაში შევიდა მიხელიძეების არასრული საშუალო სკოლის ორსართულიანი კაპიტალური სასკოლო შენობა, სკოლის დირექტორი იყო ვლადიმერ ცერცვაძე, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ: ე. სოფრომაძე, ვ. აბაშიძე, ქ. ჯაფარიძე, ზ. შერგილაშვილი, შ. გოცაძე, ჯ. სოფრომაძე, შ. ხვედელიძე, გ. კირკიტაძე, ბ. ბახტურიძე, ნ. ტყემალაძე, ვ. შეყილაძე და სხვები.
მოგვიანებით, შეყილაძეების დაწყებითი სკოლისათვის კვლავ აშენდა ორსართულიანი სასკოლო შენობა; სკოლის გამგე – ბეგლარ მოდებაძე, პედაგოგები – ვერა შეყილაძე, მარიამ გვილავა, მარიამ შეყილაძე.
ამჟამად სოფელს ორი სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება ემსახურება, სამი კორპუსით – სსიპ ალექსანდრა ჯაფარიძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის №1 საჯარო და სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის №2 საჯარო სკოლები. ორივე სკოლაში 150-მდე მოსწავლის სასწავლო-სააღმზრდელო საქმეს 70-ზე მეტი პედაგოგი ემსახურება. სსიპ ალექსანდრა ჯაფარიძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის №1 საჯარო სკოლის დირექტორია მიხეილ ლაშხი, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან: რამაზ ცერცვაძე, თამაზ მიქაცაძე, აბესალომ გამცემლიძე, მურთაზ კუპატაძე, ქეთევან აბესაძე, თეა მუმლაძე-ცერცვაძე, ზინა შერგილაშვილი, ნინო ზეინკლიშვილი, ნონა ხოხაშვილი, დარეჯან შეყილაძე, ლელა შეყილაძე, ლალი ლოლაძე, ირმა ჩაგელიშვილი, მარიამ გოგესაშვილი, მაყვალა ცერცვაძე, მარინე ცერცვაძე, მაია დევიძე, თინათინ სამხარაძე, ლია აბრამიშვილი, ნიაზ სოფრომაძე, შორენა აბესაძე, ქეთევან გოგოლიძე და სპეციალური მასწავლებელი თეონა გაფრინდაშვილი.
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის №2 საჯარო სკოლის დირექტორია დოდო მოდებაძე, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან: სულხან მიქაცაძე, თამარ მიხელიძე, მაია მიქაცაძე, გოგა მოდებაძე, ციალა კაპანაძე, მედეა შეყილაძე, ვერიკო ლეკიაშვილი, რიტა რიაბკინა, ნათია ერგემლიძე, შორენა აბესაძე და სხვ.
ხრეითში აღიზარდნენ: მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი ალპინისტი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე, ცნობილი დრამატურგი, მსახიობი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მიხეილ ჯაფარიძე (1904-1964), პუბლიცისტი და მოაზროვნე, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დამაარსებელი ტრიფონ ჯაფარიძე, ბორჯომის მთავარი ექიმი ზაქრო ლოლაძე, უკრაინაში ერთ-ერთი ოლქის საავადმყოფოს განაგებს სიმონ კაპანაძე, შემდგომში რესპუბლიკის შრომითი საექიმო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე იყო თამაზ ჯაფარიძე;
საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდა თაობის აღზრდას ემსახურებოდა პროფესორი ვიქტორ ჯაფარიძე, პედაგოგიურ უნივერსიტეტში კი მოღვაწეობდა კონსტანტინე შეყრილაძე, საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის ხმის რეჟისორად მუშაობდა გივი კაპანაძე, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში კათედრის გამგედ – პროფესორი მერაბ გოცაძე, ხრეითის სკოლის აღზრდილია დავით კაპანაძე, რუსთავის ექსპერიმენტული სკოლის „ჩირაღდანი“ დირექტორი, სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის დოცენტი თენგიზ კაკრიაშვილი, იურისტები – კაზმერ ცხადაძე, კახა სოფრომაძე, ექიმი ნევროლოგი ბუხუტი მიხელიძე, აწ განსვენებული თემურ ლოლაძე, მედსანნაწილის მთავარი ექიმის მოადგილე ზურაბ ლოლაძე, ქეთევან მიხელიძე, პედიატრი ნანი სამაკაშვილი, სტომატოლოგი ნაილი მიქაცაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი თეიმურაზ ჯაფარიძე, ინჟინერი ე. ჯაფარიძე, თ. სოფრომაძე.
ჩვენი სკოლის აღზრდილები არიან ბიზნესმენები – დავით ჯაფარიძე და ზვიად ცერცვაძე, რომელთა ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, აშენდა ხრეითის ზეციხის წმინდა გიორგის ეკლესია. სკოლის აღზრდილი ბიზნესმენის, ქალბატონი ია ცერცვაძის ფინანსური მხარდაჭერით, სკოლაში მოეწყო სამოქალაქო განათლების ოთახი და განხორციელდა რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტი.
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის მოთხოვნათა შესაბამისად, საჯარო სკოლების პედაგოგიური კოლექტივების ძირითადი მიზანია, რომ სკოლა გახდეს წარმატებული, კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ეყოლება პროფესიული კადრები, ექნება კეთილმოწყობილი ბაზა და შეძლებს განუვითაროს მოსწავლეებს ცოდნის მიღების სურვილი და სწავლისადმი ინტერესი.
თამაზ მიქაცაძე – და-ძმა ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმის დირექტორი, სოფ. ხრეითის №1 და №2 საჯარო სკოლების ყოფილი დირექტორი