ბულგარეთის მთავრობის და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობით დაიწყო ორწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში სკოლის მიღმა დარჩენილი ყველაზე დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. სამმხრივი პროექტის დაწყების მიზეზი კი, ქვეყანაში არსებული სერიოზული გამოწვევა გახდა. იუნისეფის 2016 წლის კვლევის თანახმად, 5-17 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 2% სკოლაში არ დადის – სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების საერთო რაოდენობამ 11 200-ს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ბავშვისთვის ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი არ არის, სავარაუდოდ, ეს პრობლემა, განსაკუთრებით მწვავედ, სოციალურად და ეკონომიურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის დგას. თუმცა, ძირითად მიზეზებსა და ზუსტ რაოდენობაზე განათლების სამინისტროში ჯერ ვერ საუბრობენ, რადგან, როგორც უწყებაში განმარტავენ, ახლა მიმდინარეობს უწყებათაშორის პროგრამაზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც მოხდება სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირება. შესაბამისად, სამინისტროს ამ ეტაპზე არ აქვს პასუხი, რა არის კონკრეტული მიზეზი იმისა, რომ ათასობით ბავშვი სკოლის მიღმა რჩება. ასევე უცნობია ის ასაკობრივი სეგმენტი, სადაც პრობლემა ყველაზე მწვავედ იჩენს თავს.
განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ იუნისეფის მიერ წარმოდგენილი კვლევის გარდა, მსგავსი კვლევა, 2018 წელს, სამინისტრომაც ჩაატარა და მათი მონაცემებით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დაიწყო ფიქრი სამინისტრომ რეალურ მიზეზებზე, რის გამოც ეს ბავშვები სკოლებში არ დადიან და გაჩნდა სერიოზული საზრუნავი – როგორ დააბრუნონ ისინი სკოლაში. ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, მათ არ აქვთ უფლება, სიღრმისეულად ჩაიხედონ და იკვლიონ მიზეზები, რაც, გარკვეულწილად, აფერხებს პროცესებს. „სწორედ ამის გამო, ჩვენ დავიწყეთ სამთავრობო პროგრამის შემუშავება. ეს იქნება უწყებათაშორისი პროგრამა, რომელიც შეთანხმებულია ყველა იმ უწყებასთან, რომელიც პრობლემის იდენტიფიცირებაში უნდა იყოს ჩართული. პროგრამის დამტკიცების პროცედურა ახლა მიმდინარეობს, მისი დასრულების შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა, დავადგინოთ არა მარტო სტატისტიკა, არამედ სახელობითად – ვინ არიან ეს ბავშვები და სად ცხოვრობენ. პროცესში ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტებიც და სოციალური მუშაკებიც, რომლებიც მოგვეხმარებიან ამ ბავშვების მოძიებაში. ამის გარდა, პარალელურად, იუნისეფთან ერთად, ბულგარეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დავიწყეთ ახალი პროექტი. მის ფარგლებში შევძლებთ, შევიმუშაოთ შეკუმშული კურიკულუმი, ანუ სასწავლო გეგმა იმ ზრდასრული ადამიანებისთვის, რომლებსაც განათლება არასდროს მიუღიათ და აქვთ სურვილი, დაბრუნდნენ სკოლაში ან სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძელონ და დაეუფლონ პროფესიას. კურიკულუმი მათ მისცემს შესაძლებლობას, უღიარდეთ სავალდებულო საბაზო განათლება, დოკუმენტის საფუძველზე კი, შეძლებენ სწავლის გაგრძელებას პროფესიულ სასწავლებლებში.
ის ბავშვები, კი, რომლებიც სკოლაში ასაკის შესაბამის კლასს შეიძლება დაუბრუნდნენ, უპრობლემოდ ჩაირიცხებიან და მათი სწავლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით წარიმართება. რაც, პრინციპში, სისტემას უკვე დანერგილი და გამოცდილი აქვს. ახალი პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ შეძლებს იმ ზრდასრული ადამიანების დანახვას, რომელთა ჩარიცხვა, მათი ასაკის შესაბამის კლასში, დღეს წარმოუდგენელია. ამიტომ გადაწყდა, რომ ეს იქნება ცალკე სასწავლო პროგრამა და ეს ადამიანები, შეკუმშული პროგრამის ფარგლებში, შეძლებენ საბაზო განათლების მიღებას“.
მისივე თქმით, სამინისტრო განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის კიდევ ერთი პროექტს ახორციელებს: „პროგრამის ფარგლებში, ჩვენ შევედით ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ექვს დღის ცენტრში, რომლებიც მიუსაფარ ბავშვებთან მუშაობენ. ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ის სეგმენტია, რომელსაც სისტემები ვერ ხედავენ. მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრომ დაინახა და გარკვეულ სივრცეს უქმნის მათ განვითარებისთვის – გარემოს, საკვების, სხვადასხვა უნარების სწავლების და სხვა მიმართულებებით. ექვსივე ცენტრში, სადაც, დაახლოებით, 150 მიუსაფარი ბავშვია, ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას ვახორციელებთ, რაც, მათ, გარკვეულწილად, სკოლებში დაბრუნებაში ეხმარება. ვცდილობთ, ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან ჩარიცხულები, ჩავრიცხოთ სკოლებში, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში, მათ არ ვაიძულებთ. ტრანზაციას იმიტომ ვეძახით, რომ ვეხმარებით წერა-კითხვის, სოციალური ფუნქციური უნარების განვითარებაში და, პარალელურად, ვმუშაობთ სკოლებში ცნობიერების ამაღლებაზე, რომ მათი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში ეფექტიანი გახდეს.“
სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გარკვეული გამოწვევები მართლაც არსებობს და შესაძლებელია, ის ბავშვები, რომელთა იდენტიფიცირებაც კვლევისას მოხდა, 18 წლამდე ასაკის არიან და სავარაუდოდ, შეიძლება სკოლიდან პროფესიული განათლების მიღების მიზნით გავიდნენ. აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ არსებულ სტატისტიკას, მათი სახით, გარკვეული რაოდენობა მოაკლდეს. მათ რიცხვს, სავარაუდოდ, იმ ბავშვების სტატისტიკაც შეამცირებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან ან ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას გადიან. „შესაბამისად, სტატისტიკა ზუსტი არ არის და ამ მიმართულებით სამუშაო ბევრი გვაქვს. სამთავრობო პროგრამა (პროგრამაში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მუნიციპალიტეტები), რომელზეც უკვე ვისაუბრე, სწორედ ამის დადგენას გულისხმობს. მისი დამტკიცების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ, სახელობით დონეზე ვიკვლიოთ მიზეზები.“
რა მოხდება ზუსტი სტატისტიკის დადგენის შემდეგ? კონკრეტულად, რა ინტერვენციის განხორციელებას გეგმავს სამინისტრო? მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით, დაიწყება თითოეული იდენტიფიცირებული ბავშვის კარზე მიკაკუნება და იმ რეალური ინდივიდუალური მიზეზის დადგენა, რის გამოც მან სკოლა მიატოვა. დარწმუნებულია, რომ კონკრეტული ინდივიდუალური მიზეზების კვლევას დამატებითი მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება მოჰყვება. „როდესაც ვიკვლევთ მიზეზებს, ვადგენთ გამოწვევებს, რის წინაშეც დგას სისტემა და სათანადოდ ვერ პასუხობს ამ გამოწვევებს. ბუნებრივია, მოგვიწევს ახალი პროგრამების შემუშავება, რომელიც კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება.
რეალურად კი, როცა ქვეყანაში იკვეთება 11-ზე მეტი არასრულწლოვანი, რომელიც სკოლის მიღმაა დარჩენილი (მიზეზების მიუხედავად), ეს საგანგაშოა და სისტემას აუცილებლად უნდა ექნეს მყისიერი რეაგირება, დაიწყოს შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გატარება რაოდენობის შესამცირებლად.“ — ამბობს ეკატერინე დგებუძე.
ბოლო ორი ათეული წელია, საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, ხარისხიან განათლებაზე წვდომა რომ ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება, ამას კვლევებიც გვიჩვენებს და შესაბამისი უწყებებიც გვიდასტურებენ. ბუნებრივიცაა, რადგან სკოლის მიღმა დარჩენილი 11200 ბავშვი (5-17 წლამდე), თავის პლუს-მინუსებით, მართლაც სერიოზული ციფრია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში სულ 500 ათასი მოსწავლე გვყავს, ეს მართლაც საგანგაშო სიგნალია. ამას ისიც ემატება, რომ ქვეყანაში ძალიან მწირია განათლების მეორე შანსის მიმცემი პროგრამების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს და მოზარდებს დააბრუნებს ფორმალური განათლების სისტემაში, ჩართავს მოსწრების გასაუმჯობესებელ სავალდებულო განათლებაში, გამოასწორებინებს სწავლის შედეგებს და სკოლიდან შრომის ბაზარზე გადასვლას გაუადვილებს.
მიზეზების ძებნისას, ალბათ, უმთავრესია ყურადღების გამახვილება ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზზე – რა არის სისტემის ძირითადი ნაკლოვანება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას? „არასაკმარისად განვითარებული ტრენინგების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უნარებით აღჭურვილი მასწავლებლების მომზადებას; საჯარო დღის ცენტრებში მომვლელთა არასათანადო კვალიფიკაცია, არასაკმარისი სწავლის და სწავლების რესურსები მოსწავლეების აკადემიური ჩამორჩენის გასაუმჯობესებლად, ასევე, ფორმალურ კურიკულუმებში გაძლიერებული სასწავლო პროგრამების ნაკლებობა, რაც მოსწავლეებს ჩვეულებრივ სკოლაში წარმატებით ინტეგრირებაში დაეხმარებოდა.“ – ვკითხულობთ იუნისეფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბავშვის უფლებების კონვენციის 29-ე და 28-ე მუხლები პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ბავშვების საბაზისო განათლება. „დღეს არსებული სტატისტიკით კი, რეალურად, ბავშვის ერთ-ერთი მთავარი უფლება – მიიღოს სავალდებულო განათლება, დარღვეულია, – ამბობს იუნისეფის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე, – ამიტომაც შემოდის ძალიან აქტიურად ინკლუზიური განათლების ცნება, რომელიც გულისხმობს ყველა ბავშვის თანაბრად ჩართვას განათლებაში, მიუხედავად მისი საჭიროებისა.“
მაია ყუფარაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, პროექტის ფარგლებში, პირველ წელს, იმ მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნაზე, რომელიც მასწავლებელს პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებაში დაეხმარება, რომ შემდეგ მათ სწავლა-სწავლების პროცესი გააუმჯობესონ. „ქვეყნის მასშტაბით, ფუნქციონირებს ექვსი დღის ცენტრი, რომელიც მუშაობს როგორც გარდამავალი, ტრანზიტული ცენტრი ქუჩაში მომუშავე ბავშვებისთვის. ისინი ქუჩიდან სწორედ ამ ცენტრში გადიან ადაპტაციას, რეაბლიტაციას და მერე ხდება მათი ჩართვა სკოლებში. პროცესების სრულფასოვნად წარმართვისთვის უმნიშვენლოვანესი ფაქტორია, პედაგოგსა და დირექტორს ჰქონდეთ ის აუცილებელი უნარები, რომლის საშუალებითაც შეძლებენ მათთან სწორ მუშაობას. ზოგადად, მასწავლებელს უნდა შეეძლოს, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ყველა ბავშვთან მუშაობა, ეს მისი პირდაპირი ვალდებულებაცაა. მით უფრო, როცა ისეთი რისკის ჯგუფზე ვსაუბრობთ – 12-13-14 წლის მოზარდებზე, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან. აქედან გამომდინარე, რეალურად, სისტემას ორი უმთავრესი პრობლემა აქვს: ერთი, როგორ დაუბრუნოს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები შესაბამის ჯგუფს და მეორე, როგორ შეძლოს აკადემიურად მათი დაწევა სასწავლო პროგრამასთან.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, იგეგმება ადაპტირებული სასწავლო გეგმის – კურიკულუმის შექმნა, სხვადასხვა სასწავლო და საგანმანათლებლო მასალებით, ძირითადად, მასწავლებლებისთვის. ასევე, თვალსაჩინო მასალების შექმნა – მოსწავლეებისთვის, რაც მათ დაჩქარებულ სწავლებაში დაეხმარება. საერთო ჯამში კი, ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ადაპტირებას, სასკოლო გარემოში იოლად ჩართვას და, რაც მთავარია, სურვილის შემთხვევაში, მათ შემდგომ განათლებას.
ცენტრები და სკოლები სხვადასხვა პროგრამების მიხედვით მუშაობენ, მაგრამ არ არსებობს დაჩქარებული სასწავლო გეგმა. სწორედ ამან განაპირობა და დააყენა ძალიან კონკრეტული აკადემიური მასალის შექმნის საჭიროება, მათ შორის, ასეთი ადაპტირებული სასწავლო გეგმის, მასწავლებელთა გადამზადების გზამკვლევების მომზადების და ა.შ. როგორც გითხარით, ფრაგმენტულად, მსგავსი რესურსი არსებობს, მაგრამ მას არ აქვს სისტემური ხასიათი. მნიშვნელოვანია, რომ ამის საჭიროება კარგად დაინახა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. ერთობლივი პროექტი, გამოცდილ მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან ერთად, კიდევ უფრო გააძლიერებს იმ კადრებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებს, თუნდაც, ცენტრებს და გადაამზადებს კადრებს, რომლებიც, ამჟამად, მხოლოდ თავიანთ ინდივიდუალურ მოსაზრებებზე დაფუძნებით მუშაობენ. ხაზს ვუსვამ, რომ ეს უნდა იყოს ძალიან კარგად ორგანიზებული პროცესი, სადაც ყველა აღმზრდელსა თუ პედაგოგს გააზრებული ექნება, რა აქტივობები განახორციელოს, საჭიროების შემთხვევაში და კონკრეტულ ვადებში. ასევე კარგად უნდა იცოდნენ, რა მიღწევებზე უნდა გავიდნენ – რა სასწავლო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ ბავშვები. ვფიქრობთ, ეს პროგრამა სააღმზრდელო პროცესების გაუმჯობესების და სწორედ ასე ორგანიზებულად მუშაობის შესაძლებლობას გააჩენს“.
ბავშვების სკოლის მიღმა დარჩენის მიზეზებად კი, მაია ყუფარაძე, სხვა მრავალთან ერთად, ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებსაც ასახელებს, თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ ხშირად ბავშვები არალეგალური შრომის მსხვერპლი ხდებიან მშობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან. სწორედ ისინი აიძულებენ არასრულწლოვნებს, ქუჩაში გავიდნენ, იქ იცხოვრონ და იმუშაონ, რაც სერიოზულ გამოწვევად რჩება. მისი აზრით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ჩართვა სავალდებულო განათლებაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რასაც მხოლოდ ერთი უწყება ვერ განახორციელებს.
ხშირად დირექტორები იმასაც ჩივიან, რომ სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ბავშვები გარკვეულ წარმატებას აღწევენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მშობლები, რომლებიც კარგად ვერ აცნობიერებენ განათლების მნიშვნელობას, ისევ აიძულებენ შვილებს სკოლის დატოვებას. რას აკეთებს სამინისტრო ამ შემთხვევაში, როცა მშობელი არღვევს ბავშვის განათლების უფლებას? ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც არსებობს და მათი გადამისამართება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოებზე ხდება. თუმცა, პირველ რიგში, მთავარია, მოხდეს რეფერირება: „თუ მშობელი არღვევს მოსწავლის განათლების უფლებას, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა, სხვა უფლებებთან ერთად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხდება რეფერირება და საქმეში სოციალური მუშაკი ერთვება, ის ეხმარება ოჯახს, რომ ბავშვი ისევ დააბრუნოს სკოლაში.“
♦♦♦
ბულგარეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 15 სკოლა და 6 დღის ცენტრი ჩაერთვება, პილოტირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, განათლების მეორე შანსის პროგრამები საქართველოს ყველა სკოლაში დაინერგება, რათა მოზარდები ფორმალური განათლების სისტემას დაუბრუნდნენ, ხოლო სავალდებულო საბაზო განათლების მიღმა დარჩენილი ზრდასრული ადამიანები ზოგადი განათლების სწავლების პროცესში ჩაერთონ და, ძალიან მოკლე პერიოდში, მოხდეს სავალდებულო განათლების აღიარება, რაც შესაძლებლობას მისცემთ, სწავლა პროფესიული განათლების მიმართულებით დაუბრკოლებლად გააგრძელონ.
ლალი ჯელაძე