მელანო კობახიძე
ნაწილი II
აგუსტინ ფერნანდეს პასი – „მეკობრეთა სკოლა“
ერთი მასწავლებლის ძალა
რამდენიმე დღის წინ იმ სკოლასთან ჩავიარე, რომელშიც ვსწავლობდი. ჩემი სკოლის დანახვამ და გადაუღებელმა, კოკისპირულმა წვიმებმა ერთი ესპანურენოვანი წიგნი გამახსენა, რომელიც მასწავლებელმა დაწერა და რომელიც გადაუღებელი წვიმების სეზონით იწყება.
ამ წიგნს „მეკობრეთა სკოლა“ ჰქვია, მისი ავტორი კი, აგუსტინ ფერნანდეს პასი, მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა სკოლაში გალისიურ ენასა და ლიტერატურას. ბავშვების ფიქრების ამოცნობა და უფროსებამდე მიტანაც პირადმა გამოცდილებამ ასწავლა.
2005 წელს „მეკობრეთა სკოლა“ ედებეს ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული გახდა საბავშვო ჟანრში.
ერთხელ, როდესაც აგუსტინი სამსახურში მიდიოდა, ავარიაში მოყვა, რომლის დროსაც მარცხენა ხელი დაიზიანა. ამ ამბავმა აგუსტინი დეპრესიაში ჩააგდო. მალევე ის სამსახურს ტოვებს და თავისი დის, ტიტას მსგავსად, მასწავლებლობას გადაწყვეტს და, საბოლოოდ, ცხოვრების უდიდეს ნაწილს სკოლას და მოსწავლეებს მიუძღვნის.
მწერალი და მასწავლებელი წლების განმავლობაში მრავალი სასწავლო მასალის შემუშავებაში მონაწილეობდა, ასევე იყო ლიტერატურული სახელმძღვანელოების ავტორი.
როდესაც მასწავლებლობის წლები დაასრულა და პენსიაზე გავიდა, გამოსაშვებ ცერემონიაზე წარმოთქვა სიტყვა „შეცვალე სამყარო და შეცვალე შენი ცხოვრება“. ინტერნეტში მწერლის გვერდიც არსებობს, რომელსაც აგუსტინის სიტყვები ამშვენებს: „ჩემი სიხარული ის იქნება, აღმოვაჩინო ყველა საოცრება, რასაც ცხოვრება გვიმზადებს“.
აგუსტინს გამოქვეყნებული აქვს სამოცზე მეტი წიგნი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია თექვსმეტ ენაზე. ის მრავალი ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ასტრიდ ლინდგრენის სახელობის ჯილდოები.
მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ხდება, აგუსტინი ეცნობა საბავშვო ლიტერატურის ისეთ დიდ სახელებს, როგორებიცაა: ჯანი როდარი, როალდ დალი, ასტრიდ ლინდგრენი და სხვა.
როალდ დალის საოცარი წიგნი „მატილდა“ ავტორს იმ წიგნშიც აქვს ნახსენები, რომელზეც დღეს მინდა გესაუბროთ.
წიგნის „მეკობრეთა სკოლა“ მთავარი პერსონაჟი 9 წლის მარტაა, რომელიც ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გალისიაში ცხოვრობს. მის სოფელში ხშირად წვიმს. ერთხელაც გოგონას ძალიან მოაბეზრებს თავს გადაუღებელი წვიმა და ინატრებს, რომ ნავებით გადაადგილება შეძლოს, ისე, როგორც ამას ვენეციაში აკეთებენ.
მალე დაუჯერებელი ამბავი მოხდება: მარტას სკოლა ადგილს მოსწყდება და მდინარეს გაჰყვება… თავგადასავალიც სწორედ აქ იწყება…
„სკოლას არაფრის გულისთვის არ გააცდენდა. იქ ხომ მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო წუთებს ატარებდა. ადრე სულაც არ მიუხაროდა სკოლაში, მერე კი ყველაფერი შეიცვალა, როცა ანა მისი მასწავლებელი გახდა და მარტას საშინაო დავალებები სახალისო, მრავალფეროვან საქმიანობად იქცა“ – სწორედ ესაა ერთი მასწავლებლის ძალა; მასწავლებელს აქვს ძალა, მოსწავლეებისთვის სინათლედ იქცეს, მათთვის სკოლა ისეთ სივრცედ აქციოს, სადაც ისინი სულმოუთქმელად გამოქანდებიან.
იმისათვის, რომ ანა მასწავლებელმა მოსწავლეებს სკოლისადმი სიყვარული და აღტაცება შეუნარჩუნოს, პირველ ყოვლისა, სკოლის დირექტორის გაუთავებელი საყვედურების ატანა უწევს. იმის ნაცვლად, რომ მსგავსი კადრი სკოლის დირექციამ ხელისგულზე ატაროს და დაუფასოს ბავშვების სიყვარული, საქმისადმი ენთუზიაზმი და მრავალფეროვანი მიდგომები, ანას დირექტორი გამუდმებით ჩარჩოებში მოქცევისკენ მოუწოდებს; მიუთითებს, რომ აუცილებელია, სასწავლო გეგმა ზედმიწევნით შეასრულოს.
ანა კი დირექტორს უხსნის, რომ ერთ თემაზე ამდენი ხნის განმავლობაში იმიტომ გაჩერდნენ, რომ ბავშვებს ძალიან აინტერესებდათ ცხოველების მოშენება. ანას სურს, რომ მოსწავლეების ინტერესი დააკმაყოფილოს, დირექტორი კი აცხადებს, რომ ეს სკოლაა და არა ბიბლიოთეკა…
ანა მასწავლებელი მოსწავლეებს „ჩემს ბავშვებს“ უწოდებს, დირექტორს კი აღიზიანებს ანას სიყვარული, საქმისადმი ფაქიზი მიდგომა, მისი ენთუზიაზმი.
„ზღაპრებისთვის კარგად გრჩება დრო!“ – ამბობს მკაცრად. და ალბათ ვერავინ დააჯერებს, რომ ზღაპრები ფანტაზიის, წარმოსახვის უნარის განსავითარებლად საუკეთესო საშუალებაა.
ასეთი მიდგომების გამო, დირექტორი, მისის კლარა, არავის მოსწონდა. მას ნებისმიერ დროს შეეძლო, მოსწავლეებისთვის შარი მოედო. არც სიცილი უყვარდა და ბრაზდებოდა, როცა ვინმეს იქ დაინახავდა, სადაც, მისი აზრით, არ უნდა ყოფილიყო.
ქალბატონ კლარას მოსწავლეები მის ტრანჩბულს ადარებენ. მის ტრანჩბული აგუსტინ ფერნანდეს პასის საყვარელი ავტორის, როალდ დალის, პერსონაჟია, უსასტიკესი სკოლის დირექტორი – ვეება, პირქუში და ბრაზიანი ქალი, რომელსაც ყველა ბავშვი ჭირის დღესავით ეჯავრება.
ამასთანავე, მისის კლარა ანას გამუდმებით ადარებს დამიანს, ანას კოლეგას, რომელიც პროგრამას ზედმიწევნით მიჰყვება, მაგრამ, როგორც მარტა ამბობს, მისი მოსწავლეები გაკვეთილებიდან ყოველთვის გაბეზრებული, საცოდავი სახეებით გამოდიან ხოლმე.
როდესაც სკოლა, გადაუღებელი წვიმების შედეგად, ადგილს მოსწყდება და გემივით ცურვას იწყებს, დამიანი სასოწარკვეთაში ვარდება, რადგან მოსწავლეებს ვეღარ იმორჩილებს. პროგრამიდან გადახვევა სასოწარკვეთაში აგდებს. ანა მისი აზროვნების შეცვლას ცდილობს, უნდა, როგორმე დაანახვოს, რომ ამ შთამბეჭდავ თავგადასავალში ბავშვებიც ჩართოს და მათ ტკბობის უნარი არ დააკარგვინოს.
სინამდვილეში, დანიელსაც ძალიან უნდა, დატკბეს ამ მოულოდნელი თავგადასავლით, მაგრამ თვალწინ სულ მისის კლარას განრისხებული სახე უდგას და არ შეუძლია, ამ სიმკაცრეს არ დამორჩილდეს.
ამ დროს კი ანა დირექტორის წინააღმდეგ მიდის. ამ წინააღმდეგობით ის დანარჩენ კოლეგებსაც აძლევს საშუალებას, თავიანთი აზრი თამამად გამოხატონ.
ეს ძალიან დამაფიქრებელი მონაკვეთია. როდესაც სისტემაში, ამ შემთხვევაში, სასკოლო სივრცეში, მხოლოდ წესებსა და ჩარჩოებს მიჰყვებიან, აუცილებელია, მასწავლებლებმა გაიხსენონ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისთვის აუცილებელი სკოლის შემოქმედებითი ბუნება. ანა ბედავს, რომ დაუჯერებელ თავგადასავალში გახვეულ სკოლაში, სადაც ისევ მხოლოდ და მხოლოდ ფურცლებზე, რიცხვებსა და გეგმებზე საუბრობენ, შემდეგი სიტყვები გააჟღეროს: „განსაკუთრებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით გაუქმდება პროგრამით გათვალისწინებული სწავლება. გირჩევთ, იმოქმედოთ სიტუაციის მიხედვით“.
ერთი გამბედავი ხმა სხვა ადამიანებსაც აძლევს საშუალებას, გააჟღერონ გულწრფელი ფიქრები და სხვისი ზეგავლენის ქვეშ აღარ მოექცნენ. ეს წიგნი გვაფიქრებს იმაზე, რომ არ შეიძლება, მასწავლებელი მორჩილი იყოს; მასწავლებელი უნდა ცდილობდეს, საკუთარი მოსაზრება არგუმენტირებული მსჯელობით დაიცვას, იყოს გაბედული და თუ ხედავს, რომ რაღაც აუცილებლად შესაცვლელია, ამ ცვლილებებისთვის თავდაუზოგავად იბრძოლოს.
მასწავლებლები, რომლებიც აქამდე უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ დირექტორს, ანას სიმამაცით შეგულიანებულები ამბობენ:
„ – დიახ, დავუშვათ გამონაკლისი! როგორც სკოლა მიჰყვება მდინარეს, ისე მივყვეთ ჩვენც ცხოვრების დინებას!“
„ – თანახმა ვარ, დროებით გადავუხვიოთ პროგრამას. დაე, მორევმა, სადაც სურს, იქ მიგვიყვანოს!“
„ – ვაცადოთ ჩვენს მოსწავლეებს, დატკბნენ არაჩვეულებრივი თავგადასავლით!“
ერთი გამბედავი ადამიანი სხვებისთვის დიდი ხნის ნანატრი და განუხორციელებელი სურვილების ასრულების ბიძგად, ერთგვარ კომპასად იქცევა ხოლმე. ანა სწორედ ასეთი მასწავლებელია. ის დამიანში თავგადასავლის მაძიებელ პიროვნებას აღვიძებს. და ერთ დღესაც, მოულოდნელად, ანას კლასში მეკობრე ჩნდება, რომელიც დამიანს კი ჰგავს, მაგრამ მეტისმეტი მონდომებით ამტკიცებს, რომ ის მეკობრეების კაპიტანი კიდია.
„ – დამიანმა წუხელ დაგვტოვა, ქალბატონო ანა, მის მაგივრად კი კაპიტანი კიდია თქვენ წინაშე. ზღვის კანონი აამოქმედა მათთვის, ვისაც მხოლოდ თავისუფლება უყვარს და თავზე მხოლოდ ზეცა და ვარსკვლავები ხურავს“.
კაპიტანი კიდი, იგივე დამიანი, ხმამაღლა, მქუხარე ხმით მოუწოდებს ბავშვებს:
„დამთავრდა მოსაწყენი გაკვეთილები!“
„დამთავრდა დაკეტილი ბიბლიოთეკა!
„დამთავრდა ბნელ ოთახებში გამოკეტვა!“
„დამთავრდა უაზრო ბრძანებები!“
„გაუმარჯოს მეკობრეთა სკოლას!“
დასასრულს, ავტორი პერსონაჟების შესახებ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის. ეს მონაკვეთი წიგნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. თვით ქალბატონი კლარა, რომლის მიმართ, შეუძლებელია, დადებითი განცდა გაგვიჩნდეს, განსხვავებული კუთხითაა აღწერილი. და ავტორი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა ძალიან ცუდად იქცევიან, ძველად, შესაძლოა, ასეთები სულაც არ ყოფილიყვნენ.
ასე მაგალითად, ქალბატონ კლარას დიდი ხნის წინ, როცა მასწავლებელი იყო, ძალიან უყვარდა თავისი პროფესია. თუმცა, თითქოს მოაჯადოვესო, ისე რომ თავადაც ვერ მიხვდა, გული გაუქვავდა. ახლა მხოლოდ ფურცლები და ციფრები ადარდებს. მისი მიზანია, დაწინაურდეს, და ოდესმე საგანმანათლებლო ცენტრის გენერალურ დირექტორად დაინიშნოს.
დასანანია, რომ ერთ დროს საქმისადმი გულწრფელი სიყვარულით სავსე ადამიანის გული წარმატების დაუოკებელმა სურვილმა ამგვარად გარდაქმნა.
წიგნში გვხვდება კიდევ ერთი პერსონაჟი, სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც კლარას უსიტყვოდ ემორჩილებოდა და აკონტროლებდა, ზუსტად შესრულებულიყო დირექტორის მიერ დაწესებული სასჯელი. წიგნის ბოლოს კი ვკითხულობთ, რომ თურმე, ბატონი მარტინი, პატარაობისას, თუ რამეს დააშავებდა, მამამისი ქამრით სცემდა ხოლმე. ახლა გული კმაყოფილებით ევსება, როცა მისი დანახვით შეშინებულ მოსწავლეებს ჩაუვლის გვერდით. ეს არავისთვის უთქვამს, მაგრამ ეზოში მხიარულად მოთამაშე ბავშვების ცქერისას ყოველთვის შური და სევდა ეუფლება.
გასაკვირი არაა, რომ დამიენი, რომელიც წიგნის ბოლოს მეკობრედ გარდაისახება, სინამდვილეში ყოველთვის თავგადასავლების მოყვარული იყო. თურმე მას ბავშვობიდანვე უყვარდა სათავგადასავლო წიგნები და ფილმები და მუდამ თავგადასავალზე ოცნებობდა, მაგრამ მისი მაძიებელი არასდროს ყოფილა. ცდილობდა, მუდამ მოწესრიგებული და მორჩილი ყოფილიყო, რომ მის ხელმძღვანელებს მოსწონებოდათ. იმ რამდენიმე დღემ, როცა სკოლა გემად გადაიქცა, მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. დამიანის გულის ერთ ნაწილში სამუდამოდ გაცოცხლდა დიდებული კაპიტანი კიდი.
„თუ არ ვცდები, სწორედ თქვენ ხართ ის ძრავა, რომელიც ამ შენობას ამოძრავებს. წარმოსახვას გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე გვგონია. სინამდვილეში, ეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია. მით უმეტეს, თუ ადამიანები შეთანხმებულად მოქმედებენ. თქვენ: „საშიში პიროვნება ხართ, მეგობარო. ერთ რამეს ვერ ვხვდები, ეს ყველაფერი მოსწავლეებს თქვენ ჩააგონეთ, თუ პირიქით, მათ ჩაგაგონეს? თუმცა ამ შემთხვევაში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“ – ეუბნება ანას ანტია, სამეცნიერო ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც გამოუცნობ მოვლენებს იკვლევს. ანა ნამდვილად აღმოჩნდა ის ძრავა, რომელმაც შენობის შიგნითაც მოახერხა ხავსმოდებული იდეების, ოცნებებისა და მისწრაფებების ამოძრავება, განახლება და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.
ანამ ეს ყველაფერი ერთი იდეის ღრმა რწმენითა და ერთგულებით შეძლო. ეს მოსაზრება მან თავის დღიურში ჩაიწერა: „მხოლოდ სკოლას შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს სამყარო“.
ამ სიტყვებმა კიდევ ერთი შესანიშნავი ავტორი, ენის ბლაიტონი, და მისი წიგნი „მელორი ტაუერსი“ გამახსენა. მელორი ტაუერსი პანსიონის ტიპის სკოლაა ინგლისში. აქ მხოლოდ გოგონები სწავლობენ და აქვე ცხოვრობენ; იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას ოჯახისგან შორს; მეცადინეობენ, ერთობიან, უშვებენ შეცდომებს და აღწევენ წარმატებებს. ამ სერიის ერთ-ერთი პერსონაჟი კი ასეთ სიტყვებს ამბობს: „წარმატებად მივიჩნიოთ, თუ აქედან კეთილშობილ, შეგნებულ და სამართლის მოყვარე ახალგაზრდებს გავუშვებთ. ისეთებს, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის საიმედონი იქნებიან. ჩვენი მარცხი კი ის იქნება, თუ ყოველივე ამას ვერ ჩაგინერგავთ!“
სწორედ ასე სწამს მარტას ანა მასწავლებელსაც. და ამ რწმენით ახერხებს შეცვალოს, გამოასწოროს, გარდაქმნას, უკეთესი გახადოს სკოლაც და სკოლის წევრებიც.
ასეთია ერთი მასწავლებლის ძალა.