როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წელს, სკოლებისთვის ელექტრონული ჟურნალის წარმოება უკვე სავალდებულოა, თუმცა, რესურსის დანერგვას წინ უძღოდა ერთწლიანი გამოსაცდელი პერიოდი. პილოტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით, განათლების მართვის საინფორმაციო სამსახურმა მასწავლებლებს განახლებული ელექტრონული ჟურნალი შესთავაზა. სწავლის დაწყების წინ ორდღიანი ვებინარი ჩატარდა, ჟურნალის განახლებული ფუნქციონალის შესახებ.
რა ხარვეზები გამოვლინდა პილოტირების პროცესში, ყველაზე მატად რაზე ჩიოდნენ მასწავლებლები და რა სიახლეები დაემატა ელექტრონული ჟურნალის ფუნქციებს – ამ თემებზე გვესაუბრება საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნინო ეფხოშვილი.
– საპილოტე წელი დასრულდა და ახალი სასწავლო წლიდან ელექტრონული ჟურნალის წარმოება სრულად სავალდებულოა სკოლებისთვის. რა აჩვენა გავლილმა პერიოდმა, რა სახის ცვლილებები შევიდა ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესში?
– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი გამოსაცდელი პერიოდი, ეს იყო მძიმე პანდემიური პერიოდი, როცა ხან დისტანციურად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი და ხან პირისპირ, იყო შერეული ტიპის სწავლებაც, როცა მასწავლებლები საკლასო ოთახებშიც ატარებდნენ გაკვეთილებს და ონლაინ რეჟიმშიც. ბუნებრივია, სისტემა არ იყო მზად ამისთვის და ჟურნალის წარმოებაც ხარვეზებით მიმდინარეობდა. თუმცა, ეს გარდამავალი პერიოდი იყო და არც გვქონდა მოლოდინი, რომ ყველა მასწავლებელი ერთნაირად გაართმევდა თავს, ამიტომაც ჰქონდათ უფლება, მატერიალურადაც ეწარმოებინათ ჟურნალი. ჩვენთვის მთავარი იყო იმ ხარვეზების გამოვლენა, რომელთა გათვალისწინება გაუმარტივებდა მათ ელექტრონულ ჟურნალში მუშაობას, როცა ეს სავალდებულო გახდებოდა. ვფიქრობ, საპილოტე წელმა ამის საშუალება მოგვცა.
ახლა, რაც შეეხება ცვლილებებს: როგორც აღვნიშნე, სწავლების ტიპის ცვლილებებმაც მოახდინა გარკვეული უარყოფითი გავლენა, კერძოდ, ვერ ხდებოდა შეფასებების სრულყოფილად ასახვა სისტემაში, უფრო სწორად, ასახვა ხდებოდა, მაგრამ მასზე წვდომა არ ჰქონდათ მასწავლებლებს, ყველა მასწავლებელს არ უჩანდა ეს ინფორმაცია; ხშირად ვაწყდებოდით ასეთ პრობლემას – მოგეხსენებათ, ესგ-ის მიხედვით, თუ შემაჯამებელ წერაში მოსწავლეს არ აქვს შეფასება ან უწერია „არა“ – ეთვლება 0 ქულად. სემესტრულ შეფასებაში 0 ქულა იღებს მონაწილეობას. რაკი სისტემაში შემაჯამებელი დავალების ჩანიშვნა კალენდრიდან ხდება და ამ შემთხვევაში ენიჭება გაკვეთილს სტატუსი, თუ მოსწავლე იმ დღეს გაკვეთილს არ ესწრებოდა, აღიქმებოდა 0-ად და ეს პედაგოგებისთვის ახალი დამაბნეველი პრობლემა იყო. ფუნქციონალის დამატებით ეს მოვაგვარეთ, არის მოთხოვნის გვერდი, როცა 8-დღიან შუალედში შეუძლია მასწავლებელს ნიშნის შეტანა ელექტრონულ ჟურნალში, მაგრამ თუ, რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, ამ პერიოდში ეს ვერ მოხერხდა, დირექციის პასუხისმგებლობით, პედაგოგს კორექტირების უფლება ეძლევა.
პრობლემა იყო, აგრეთვე, მოსწავლეთა მობილობის ნაწილში, რაც გამოსწორებულია. როგორც კი განხორციელდება მობილობა, მაშინვე ხედავს მასწავლებელი — გამშვები სკოლა დაინახავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რაც მასთან სწავლის პერიოდს ეხება, ხოლო მიმღები სკოლის მასწავლებელი – მოსწავლის დაჯამებულ შეფასებას, რომ სემესტრული შეფასება გამოთვალოს.
დაბოლოს, პრობლემათა შორის იყო უწყვეტი ინტერნეტი და ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, რაც კვლავ გამოწვევად რჩება. ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს განათლების სამინისტრო დონორ ორგანიზაციებთან და, სრულად მოხსნის თუ არა, გაუმჯობესების იმედი ნამდვილად გვაქვს. იმასაც დავამატებ, რომ მთელი საპილოტე პერიოდი ჩვენ სისტემატური ურთიერთობა გვქონდა პედაგოგებთან და ვფიქრობ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი ყველა მოთხოვნა თუ რეკომენდაცია.
– მოთხოვნის გვერდის დამატება ახსენეთ. სხვა ფუნქციონალის დამატების საჭიროებაც ხომ არ გამოითქვა პედაგოგების მხრიდან?
– პირველ რიგში, ორიენტირებული ვიყავით იმ ფუნქციონალების ხარვეზების გარეშე მუშაობაზე, რაც სასწავლო წლის დაწყებისთვისაა აუცილებელი და ეს მოხერხდა. სპეციალური ფუნქციონალი გაკეთდა სსსმ ბავშვებისთვის, მომავალში, ამ მიმართულებით და ზოგადადაც, წლის ბოლომდე, სრულად გავითვალისწინებთ ყველა იმ საჭიროებას, რაც მასწავლებელთა წინაშე დადგება მიმდინარე სასწავლო წლიდან, როცა უკვე ყველა მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონული ჟურნალი აწარმოოს. განმავითარებელი შეფასების ნაწილშიც არის ცვლილება — მასწავლებელს შეუძლია, განმსაზღვრელი შეფასების ნაცვლად, განმავითარებელი შეფასება კომენტარის სახით დაწეროს; ელექტრონულ ჟურნალში აისახება „ახალი სკოლის მოდელის“ ფუნქციონალიც…
– როცა ამ ხარვეზებს აწყდებოდნენ მასწავლებლები, რაზეც ისაუბრეთ, როგორი იყო თქვენი რეაგირება?
– რეაგირება იყო მყისიერი. მათ ჰქონდათ რეკომენდაციები, ბეჭდური სახით. ვეხმარებოდით ინდივიდუალურად, ვიდეოლექციებით, გარდა ამისა, სოციალურ ქსელში შექმნილია ჯგუფი, სადაც ყველა პედაგოგია გაწევრიანებული და აქტიურად მიდის დისკუსიები ამ თემის ირგვლივ, ერთ-ერთი საშუალებაა ცხელი ხაზიც.
– ელექტრონული ჟურნალის წარმოება, პედაგოგების გარდა, მშობლებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსაც ევალებათ. რას გვეტყვით მათ შესახებ?
– დიახ, მათაც თავიანთი მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ პროცესში. ონლაინ სწავლებისას მშობელი ისედაც საქმის კურსშია, შვილის სასწავლო პროცესში ჩართვის თვალსაზრისით. ელექტრონული ჟურნალის როლი უფრო აქტუალური მაშინ გახდება მშობლებისთვის, როცა სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროჟურნალის წარმოება უკვე სავალდებულოა, მშობელსაც უფრო ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება შვილის სასკოლო ცხოვრების შესახებ. აკადემიური მოსწრების გარდა, ეს იქნება: განმავითარებელი შეფასება, დავალებები, ინფორმაციები სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ ექსკურსიების, მშობელთა კრების მოწვევის შესახებ და ა.შ. მოკლედ, სკოლისთვის ეს არის მშობლებთან საკომუნიკაციო პლატფორმა და საუკეთესო საშუალება, ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშაოს სკოლამ, მოსწავლემ და მშობელმა.
რაც შეეხება მანდატურებს, სკოლის დირექტორის ვალდებულებაა, ყველა სახის დარღვევა, ყოველდღიურად, აისახოს ჟურნალში, რასაც მანდატურებიც გაეცნობიან.
– ხომ არ გეგმავთ ამ მიმართულებით პედაგოგებთან მუშაობის გაგრძელებას?
– რა თქმა უნდა, ვგეგმავთ. 14-15 სექტემბერს ვებინარი ჩავატარეთ ახალი ფუნქციონალების დამატების თაობაზე, 2000-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ, ინტენსიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. როგორც ვთქვი, დეკემბრის ბოლომდე კიდევ დაემატება ფუნქციონალები, რათა მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული მასწავლებელთა მოთხოვნები და საჭიროებები, შემდეგ კი, მუშაობის პროცესში გამოჩნდება თუ რაიმე ხარვეზია და ერთად შევეცდებით გაუმჯობესებას.
ბოლოს აუცილებლად უნდა ვთქვა, რამდენად სერიოზული და შრომატევადია ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა პედაგოგებისთვის. ეჭვი არ მეპარება, წარმატებით გაართმევენ თავს ამ სიახლეს და სასურველ შედეგსაც მიაღწევენ.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი