საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. სკოლა უვითარებს მოზარდს ყველა იმ ჩვევას, რომელიც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო.
ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება მოზარდებში, ზემო იმერეთში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლა. ამ ლამაზ სოფელში არსებულ ცოდნის ტაძარს დიდი ხნის ისტორია აქვს.
სოფელში, პირველად, 1896 წელს დაარსდა ერთკლასიანი (სამონასტრო) სკოლა. ამას ადასტურებს გაზეთ „ივერიაში“, 1894 წელს, გამოქვეყნებული ცნობა: „წელს, გაზაფხულზე, ხარაგაულის ბოქაულმა ალექსანდრე წერეთელმა შესთავაზა ხუნევის საზოგადოებას, სასწავლებელი დავაარსოთო, მაგრამ ხალხმა უარი განაცხადა. ვერ დაეთანხმა ხალხი, რადგან ისეთი სიღარიბე იყო ამ სოფელში, ერთი შაურის გაღებაც კი არ შეეძლო სოფლის მოსახლეობას. საჭირო გახდა ხალხში ახსნა-განმარტებითი მუშაობა. საუბრებმა შედეგი გამოიღო და მათი თანხმობით კიდეც გაიხსნა სკოლა“.
XIX საუკუნის 70-80-იან წლებში, საქართველოში, თავი იჩინა ვაზის საშინელმა დაავადებამ – „ფილოქსერამ“. გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა მის წინააღმდეგ და ამ საქმეში დიდი როლი ითამაშეს სკოლებმა. ხუნევის სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც საქარის სანერგე მეურნეობის იმდროინდელმა მმართველმა, უაღრესად განათლებულმა და პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებამ, ვ. სტაროსელსტკიმ მოაწყო ამერიკული ვაზის სანერგე და გაავრცელა ამ მხარეში ვაზის მყნობა.
ხუნევის სკოლასთან ამერიკული სანერგის მოწყობამ და მყნობის გავრცელებამ გაზარდა ხალხში სკოლის ავტორიტეტი და ნდობა. ხუნევის საზოგადოება ერთსულოვნად დათანხმდა წინადადებას ერთკლასიანი სამონასტრო სკოლის ორკლასიან სკოლად გადაკეთების შესახებ.
6 ნოემბერს, ბელაგორის ბოქაულის განკარგულებით, შედგა საზოგადო კრება. ხალხმა ყურადღებით მოისმინა ბოქაულის სიტყვა. გაცხადდა სურვილი და განაჩენიც დადგინდა – 1900 წელს ხუნევის ერთკლასიანი სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა.
1907 წელს ბერძენ ხელოსნებს აუგიათ ქვის კაპიტალური სასკოლო შენობა. ამ სკოლაში სწავლა ხუთწლიანი ყოფილა.
1933-34 სასწავლო წელს სკოლა გადაუტანიათ სოფელ ვერტყვიჭალაში, ხუნევის სახელით. ხუნევში კი ოთხკლასიანი სკოლა დარჩენილა. 1941-42 სასწავლო წლის ბოლოს, ხუნევის სკოლამ პირველი კურსდამთავრებულები გამოუშვა და 28 პირტიტველა ვაჟკაცი დიდ სამამულო ომში წავიდა.
ხუნევის სკოლის ოთხი კლასის ბაზაზე, 1990 წელს, გაიხსნა ხუნევის არასრული საშუალო სკოლა. იმჟამინდელი ხელმძღვანელობისა და სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით, 2002 წელს, არსებული სკოლა გაფართოვდა – სწავლა დაიწყო 60 მოსწავლეზე გათვლილ, კაპიტალურ, ლამაზად ნაგებ სასკოლო შენობაში.
ამჟამად ხუნევის 127-წლიანი ისტორიის მქონე სკოლაში სწავლება დაწყებით-საბაზო საფეხურზე მიმდინარეობს. ოღონდ, ესაა, კონტინგენტმა იკლო – ამჟამად 55 მოსწავლე გვყავს, 24 მასწავლებელი, რომელთაგან 23 სერტიფიცირებულია, ერთი – მაძიებელი. ჩვენი სკოლა შერწყმულია სოფელ გედსამანიის სკოლასთან ესეც რაიონის ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი სოფელია, ბიბლიური სახელწოდებით, სადაც საგანმანათლებლო კერას, ერთკლასიანი სასწავლებლით, 1922 წელს ჩაეყარა საფუძველი. 4 წლის შემდეგ კიდევ ერთი კლასი დაემატა, ხოლო 1940 წლიდან 8-წლიანი სკოლა გახდა. 2005 წლიდან, ოპტიმიზაციის შედეგად, სწავლა იქაც დაწყებით-საბაზო საფეხურებზე მიმდინარეობს. ჩვენი 11 მასწავლებელი გედსამანიელ ბავშვებსაც ასწავლის, ძირითადად, არაფორმალური განათლების ფარგლებში გვაქვს საერთო ღონისძიებები, მაგალითად, იქ სპორტული კლუბი მუშაობს, ხუნევის სკოლის მოსწავლეები, გაკვეთილების შემდეგ, კალათბურთის სექციაში ვარჯიშობენ; ერთობლივი გვაქვს სხვადასხვა თემატური ღონისძიებები, გაკვეთილები მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მხატვრული კითხვის წრის მეცადინეობები და ა.შ. ამ ორი სკოლის 9-კლასდამთავრებულები სწავლას ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში აგრძელებენ.
ასე რომ, ხუნევის სკოლა არ ღალატობს საუკუნოვან ტრადიციებს – ვცდილობთ, რეფორმის კვალდაკვალ, თანამედროვე, ხარისხიანი განათლება მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს.
გოჩა ჩადუნელი
სკოლის დირექტორი