ისტორიული ქალაქი, სოფელი ცურტავი, მდინარე ხრამის მარცხენა სანაპიროზე, თბილის-დმანისის საავტომობილო გზის ნაპირას მდებარეობს, ბოლნისიდან 18 კილომეტრის დაშორებით. ისტორიულ წყაროებში ის V საუკუნიდან მოიხსენიება.
ამ დროს აქ ქართლის პიტიახშის და საეპისკოპოსოების რეზიდენციები ყოფილა. ქალაქსა და მის რეგიონში ქართველი და სომეხი მოსახლეობა ცხოვრობდა. ცურტავი ცნობილი იყო როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო კერა — სწავლობდნენ ქართულ და სომხურ მწიგნობრობას. აქ მოღვაწეობდნენ: იაკობ ცურტაველი (ხუცესი) და მოსე ცურტაველი (ეპისკოპოსი); აქ უსწავლია სომეხ ისტორიკოსს, ლაზარ ფარპეცს (Vს).
ჟამთა სვლამ ბევრი რამ შეცვალა ცურტავის ცხოვრებაში: გარდასულ დღეთა სიდიადეზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ნანგრევები და XVIII საუკუნეში აშენებული ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიაც მეტყველებს, რომელიც მხოლოდ სალოცავი კი არა, ჯარის მოსასვენებელი ადგილიც ყოფილა. ახლა აქ დედათა მონასტერია. დღევანდელი ცურტავი, გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, შედარებით სხვა ტერიტორიას ეწოდება და იქ ძირითადი მოსახლეობა ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან.
პირველი დაწყებითი სკოლა მათთვის საუკუნის წინ, 1921 წელს გაიხნა, რომლის გამგედ მემედ რაზადე დაინიშნა. 1958 წლიდან სკოლა ჯერ 7-წლიანი გახდა, შემდეგ — 8-წლიანი, ხოლო 1966 წლიდან დღემდე საშუალო სკოლის სტატუსით ფუნქციონირებს. სტატისტიკა გვამცნობს, რომ ცურტავის საბაზო სკოლა სოფლის 1729 მკვიდრს დაუმთავრებია, ხოლო საშუალო განათლება 1000-ზე მეტს მიუღია.
დღეისათვის, ცურტავის საჯარო სკოლაში (დირექტორი — ავთანდილ მამედოვი) 175 მოსწავლის განათლების საქმეს 25 მასწავლებელი ემსახურება, მათგან ოთხმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. ესენი არიან ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლები: მარინა რამაზაშვილი, ირმა მაისურაძე, აბას აბასოვი და გეოგრაფიის მასწავლებელი გულუმხან ისმაილოვი.
არაქართულენოვან სკოლაში სახელმწიფო ენის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბუნებრივია, ამ ისტორიული სოფლის შესახებ, პირველ რიგში, მისმა მაცხოვრებლებმა უნდა იცოდნენ. ამიტომაც ქართულის გაკვეთილები, ამ მხრივ, თითქოს, დამატებით მისიასაც ითავსებენ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცოდნენ ქართული კულტურისთვის რაოდენ მნიშვნელოვანი მოღვაწის სახელს ატარებს მათი სოფელი, იცნობდნენ იაკობ ცურტაველს როგორც მწერალს და როგორც კარის მოძღვარს, აგრეთვე, ჩვენი რაიონის შვილს, დიდ ქართველ მწერალს, მეიგავეს, დიდაქტიკოსსა და პოლიტიკოსს, სულხან-საბა ორბელიანს. მისი ღვაწლის სრულფასოვნად წარმოჩენისთვის სკოლაში სპეციალური პროექტიც კი განხორციელდა, ჩვენი აზერბაიჯანელი მოსწავლეების მონაწილეობით. პროექტის მზადების პროცესში კიდევ უფრო ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს სულხან-საბას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, გაცილებით მეტი, ვიდრე ქართულის გაკვეთილებზე შეეძლოთ გაეგოთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ პროექტებით სწავლება ნამდვილად უკეთესი შედეგის მომტანია, განსაკუთრებით ჩვენნაირი სკოლებისთვის.
ცურტავის საჯარო სკოლა მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს მოსწავლეებს, პანდემიის პერიოდის სირთულეებსაც კარგად გავართვით თავი. მასწავლებლები დისტანციურად უხსნიდნენ მოსწავლეებს ახალ მასალას, აძლევდნენ დავალებებს და მათ ნამუშევრებსაც ამოწმებდნენ, იღებდნენ უკუკავშირს. გაკვეთილები ცხრილის მიხედვით ტარდებოდა, ასევე, მოსწავლეები „ტელესკოლასაც“ აქტიურად იყენებდნენ. პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც ისევ პირისპირ სწავლებას დავუბრუნდით, მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლაში ზედმიწევნით ვიცავდით განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ დაწესებულ რეგულაციებს.
ცურტავის სკოლა არ არის მრავალრიცხოვანი, მაგრამ რეფორმის მოთხოვნების შესაბამისად, აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა პროექტში, სპორტულ შეჯიბრებასა თუ შიდა სასკოლო ღონისძიებაში. ჩვენი კურსდამთავრებულები ჯავახიშვილისა და ილიას უნივერსიტეტების სტუდენტებიც არიან. მათი რიცხვი დღეისათვის ცოტაა, მაგრამ ტენდენციაა დადებითი და იმედი მაქვს, კარგი მოტივაციაც იქნება მომავალი კურსდამთავრებულებისთვის.