ვარვარა მნოიანი
„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვის კოორდინატორი თიანეთის მუნიციპალიტეტში
მშობელი სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მშობელთა მონაწილეობა უფრო საინტერესოს და აქტიურს ხდის სასწავლო პროცესს სწავლების ყველა საფეხურზე. სამწუხაროდ, მშობლები ნაკლებ ყურადღებას იჩენენ შვილების სასწავლო პროცესის მიმართ. არა იმიტომ, რომ არ სურთ, უბრალოდ, აღარ სცალიათ, რადგან მათი უმრავლესობა, წლებია, საზღვარგარეთიდან არჩენს ოჯახს. აქ მყოფებიც შორიდან უყურებენ სასკოლო ცხოვრებას, სხვადასხვა მიზეზის გამო.
სკოლა კი მუდმივად განვითარებადი ორგანიზმია. აქ, თითქმის ყოველდღიურად, უამრავი სიახლე ინერგება და ამ პროცესში მშობელთა ჩართულობაც ისევე აქტუალურია, როგორც მოსწავლეებისა და მასწავლებლების. გამომდინარე აქედან, დღის წესრიგში დადგა სასკოლო ცხოვრებაში მონაწილე მშობელთა რაოდენობის გაზრდის საკითხი. იდეა მოსწავლეთა თვითმმართველობის სხდომაზე მომწიფდა, ხოლო შემდეგ სასკოლო საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა.
მსოფლიო პანდემია და მისგან გამოწვეული სირთულეები ვერც მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის №1 საჯარო სკოლას აუვლიდა გვერდს. გასული სასწავლო წლიდან პანდემიამ მოსწავლეებისა და მშობლებისგან ციფრული ცოდნა მოითხოვა. ამ მიზნით, დავგეგმეთ ტრენინგი და სხვა სახის აქტივობები. ძალიან მალე საჭირო გახდება, ამ მიმართულებით, მშობელთა ცნობიერების გაზრდაც (ელექტრონული ჟურნალი, ონლაინ გაკვეთილები და სხვა), რათა მათ სრულყოფილად შეძლონ სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა.
პირველ შეხვედრაზე მშობლებს პროექტის გეგმა და კვლევის შედეგები გავაცანით, მათგანაც მოვისმინეთ წინადადებები, შევარჩიეთ სამი პუნქტი:
⇒ მშობლების დაახლოება მოსწავლეებთან, მათი სასკოლო ცხოვრების გაცნობა;
⇒ მშობლების ციფრული ცნობიერების ამაღლება და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;
⇒ მოსწავლეებში ციფრული ცნობადობის ამღლება ონლაინ უკუკავშირის უზრუნველყოფის მიზნით.
პროექტის მიზანია, პირველ ეტაპზე, სკოლის ცხოვრებაში მშობელთა მონაწილეობის გაზრდა, სხვადასხვა ღონისძიებაში მათი ჩართულობით, ხოლო შემდგომ ეტაპზე, მოსწავლეებსა და მშობლებში ცნობიერების გაზრდა უკვე ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით დაიგეგმება.
პირველი ეტაპისთვის დაიგეგმა შემდეგი აქტივობები:
⇒ კითხვის საათი;
⇒ საუბრები მშობელთა პედაგოგიზაციისთვის შემდეგ თემებზე:
ა) ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ბ) ჯანმრთელი ცხოვრების წესი;
გ) როგორ ვმართოთ ბრაზი;
დ) კონფლიქტების პრევენცია;
ე) ჰიგიენის საკითხები;
ვ) თავისუფალი დროის სწორი დაგეგმვა;
ზ) ინტერნეტსაშიშროება და ბავშვი;
თ) ბავშვთა უფლებები, რეფერირების საკითხები.
ამ თემებზე საუბრებს ატარებდნენ მასწავლებლები და სკოლის ექიმი, ვაწარმოებდით გამოკითხვას, დასწრების აღრიცხვას და ვაფორმებდით ოქმებს.
შეხვედრების სერია „მხიარული სტარტებით“ გაიხსნა, მონაწილეობდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები.
ბავშვებთან დასაახლოებლად მათი ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა გამოვიყენეთ — კითხვის საათი. მშობლები, რიგ-რიგობით, კვირაში ერთხელ, ერთი გაკვეთილის განმავლობაში, წინასწარ უკითხავდნენ, ბავშვებთან ერთად შერჩეულ ნაწარმოებს და შემდეგ, ასევე ერთად, განიხილავდნენ.
დანარჩენი ღონისძიებები გეგმის მიხედვით ტარდებოდა.
მშობლის საათის სასიამოვნო და თვალსაჩინო შედეგმაც არ დააყოვნა: მშობლის ჩართულობით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსში „ყველაზე წიგნიერი გუნდი“, VI-კლასელებმა სამივე ტურში წარმატებით იასპარეზეს.
პროექტის მეორე ეტაპზე დაიგეგმა რიგი შეხვედრა როგორც ბავშვებთან, ისე მშობლებთან — მშობლები გაეცნენ თიმსში მუშაობას, ასევე, იმას, თუ როგორ ხდება შედეგების გაზიარება, შვილების შრომის შედეგების ნახვა, მათი უსაფრთხოების დაცვა ინტერნეტსივრცეში; ბავშვებმა კი ისწავლეს ონლაინ სივრცეში თავდაცვა, უკუკავშირის ეფექტიანად დაბრუნება, მაიკროსოფტის პროგრამების სასწავლო მიზნით გამოყენება, საკუთარი ნაშრომების უსაფრთხოდ შენახვა და საიმედო საიტებზე განთავსება.
ყველა დაგეგმილი შეხვედრის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი. ყველა ღონისძიება დადებითად იქნა შეფასებული მთავარი შემფასებლების — ბავშვების მიერ. შედეგიც ხომ მაშინ არის თვალსაჩინო, როცა ბავშვი იღიმის…
ამ შედეგებზე თვალსაჩინო კი, მშობლების სიმშვიდეა, ვინაიდან მათ შეექმნათ სწორი წარმოდგენა შვილების შრომაზე, წარმატებაზე. მართალია დისტანციურად, მაგრამ მათ ბევრად აქტიურად ჩაიხედეს სასკოლო ცხოვრებაში, შვილების საჭიროებებში და ისიც გააცნობიერეს, რომ თვითონაც შეუძლიათ მეტ-ნაკლებად მართონ პროცესები.
პარალელურად, სკოლაში წარმატებით ხორციელდება სხვა პროექტებიც და მათ შესახებაც აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას „წერილებით მთიდამ“.