რა სიახლეებით იწყება ახალი სასწავლო წელი ეროვნული სასწავლო გეგმების მიმართულებით — ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა პასუხობს. გარკვეული სიახლეების გარდა, რომელიც ახალ სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსობრივი დანერგვისას განხორციელდება (განახლებული სასწავლო პროგრამები VII კლასში ყველა საგანში, ინკლუზიური განათლების მიმართულებით ალტერნატიული სასწავლო გეგმით მუშაობა და ა.შ.), ცვლილება შეეხო სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილსაც და სკოლებს მეტი თავისუფლება მიეცათ საათობრივი ბადის შედგენისას. ცვლილების თანახმად, სამი ვარიანტიდან, სკოლებს მათთვის სასურველი შეუძლიათ აირჩიონ და თავად მოამზადონ წლიური საგნობრივი პროგრამაც სტანდარტის მიზნებზე ორიენტირებულად. ამ საკითხების გარდა, მარიამ ჩიქობავა ყურადღებას ამახვილებს რეფორმის მთავარ ორიენტირზე — „ახალი სკოლის მოდელის“ მიმდინარეობაზე, რადგან მისივე თქმით: „რეალურად, ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი პროგრამა, რომელმაც სრულად გარდაქმნა სასწავლო პროცესი.“
მთავარი სიახლეები
პირველ რიგში, წელს სიახლე იქნება განახლებული სასწავლო გეგმის დანერგვა VII კლასში, შესაბამისად, გვაქვს განახლებული სახელმძღვანელოები ყველა საგანში. მეშვიდე კლასს დაემატა ახალი საგანი — მოქალაქეობა. როგორც ცნობილია, აქამდე სამოქალაქო განათლება მხოლოდ მეცხრე-მეათე კლასებში ისწავლებოდა, როგორც დამოუკიდებელი საგანი, ახლა საგნის სწავლებას უკვე მეშვიდე კლასიდან დავიწყებთ. ზოგადად, სამოქალაქო განათლების კომპონენტი დაწყებით საფეხურზეც გაძლიერებულია, მესამე-მეოთხე კლასებში შემოვიდა ინტეგრირებული კურსი „მე და საზოგადოება“ და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს მისი დანერგვა, ასევე გაძლიერდა სამოქალაქო განათლების მიმართულება „ჩვენს საქართველოში“, მეხუთე-მეექვსე კლასებში. ამ ჩამონათვალს, კი მეშვიდე კლასიდან, დამოუკიდებელი საგნის სახით, „მოქალაქეობა“ შეემატება და მისი სწავლება გაგრძელდება მეშვიდედან მეათე კლასის ჩათვლით, თუმცა, დანერგვა ეტაპობრივად წარიმართება.
საგანი ძალიან საინტერესო თემებს აერთიანებს, რაც ჩვენს ყოველდღიურ ყოფას, საზოგადოებასა და სკოლაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. მაგალითად, ბულინგს, მწვანე სკოლას — გარემოს დაცვასთან, ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საგანში შევიტანეთ, ასევე, ფინანსური წიგნიერების კომპონენტიც, რაც სრულიად ახალია და, ეროვნულ ბანკთან ერთად, ამ მიმართულებაზე ერთობლივად ვიმუშავეთ.
დასრულებულია გრიფირების პროცესიც და მეშვიდე კლასში მოსწავლეები ეროვნულ გეგმაზე დაფუძნებული განახლებული სახელმძღვანელოებით შეუდგებიან სწავლას. მეშვიდე კლასში, საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებითაც გვაქვს სიახლე. აქამდე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გვქონდა კომბინირებული საგანი, რომელიც აერთიანებდა ფიზიკას, ქიმიასა და ბიოლოგიას და მას, ძირითადად, ერთი მასწავლებელი ასწავლიდა. ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით, კომბინირებული საგანი დავშალეთ და ახლა მეშვიდე კლასში ბიოლოგია და ფიზიკა დამოუკიდებელი საგნის სახით შემოვა, ქიმიის სწავლება კი მერვე კლასიდან დაიწყება.
ვემზადებით გრიფირების ახალი კონკურსის გამოსაცხადებლად, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსთვის უკვე მერვე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირება გამოცხადდება.
რაც შეეხება ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილს, სკოლის ლიდერებისთვის/მენეჯერებისთვის ასეთი სიახლე გვაქვს — იმისთვის, რომ სკოლებს მეტი ავტონომიურობა მივცეთ, მით უფრო, თუკი სკოლებს ვაძლევთ უფლებას, რომ წლიური პროგრამაც თვითონ მოამზადონ, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ თავისუფლება საათობრივი ბადის შედგენისასაც. ცვლილების თანახმად, სკოლებს სამ ალტერნატივას ვთავაზობთ: ერთი — ჩვეულებრივ, რაც აქამდე იყო — კვირეული დატვირთვით გაწერილი საათობრივი დატვირთვა. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია გაჰყვეს ამ საათობრივ ბადეს და არაფერი შეცვალოს; მეორე ვერსიაა, თითოეული საგნისთვის დათმობილი ჯამური საათების სურვილის მიხედვით გადანაწილება: მაგალითად, პირველ სემესტრში შეიძლება უფრო მეტად იყოს აკუმულირებული რომელიმე საგნის საათები. მესამე ვარიანტი ასეთია — სკოლა თვითონ განსაზღვრავს, თავიდან ბოლომდე, საათობრივ ბადეს. ვფიქრობ, ამით უფრო კერძო სკოლები ისარგებლებენ. თუმცა, საჯარო სკოლებიდანაც შემოვიდა რამდენიმე ინიციატივა, რომ სურთ მესამე ტიპის ბადის არჩევა. ამ შემთხვევაში, სკოლებს ვთხოვთ, წარმოადგინონ დასაბუთება, რატომ უშლით ჩვენ მიერ განსაზღვრული კვირეული დატვირთვა — გაწერილი საათობრივი ბადე — ხელს; რაში მდგომარეობს ცვლილების არსი და რატომ ფიქრობენ, რომ ისინი ამ ცვლილებით და ახლად შექმნილი ბადით სასურველ შედეგს მიაღწევენ.
სიახლეებს შორის, ასევე, მინდა, ყურადღება გავამახვილო „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტზე. რეალურად, ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი პროგრამა. მართალია, წლების განმავლობაში, ტარდებოდა ტრენინგები და დიდი აქცენტი კეთდებოდა სახელმძღვანელოებზე, მაგრამ მსგავსი სისტემური მიდგომა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კუთხით, არასდროს ყოფილა. აქ ყველა კომპონენტია გააზრებული. რაც მთავარია, ეს გრძელვადიანად გათვლილი პროექტია.
რა მიდგომა ავირჩიეთ „ახალი სკოლის მოდელით“ — სკოლებში ვაგზავნით მხარდამჭერ ჯგუფებს, ეს არის 4-წევრიანი ჯგუფი, რომელიც შედგება: კურიკულუმის ექსპერტისგან, ტექნოლოგიების ექსპერტისგან, კურიკულუმის ასისტენტისგან და ლიდერობის სპეციალისტისგან. სკოლაში მხარდამჭერი ჯგუფი ყოველდღიური ქოუჩინგის რეჟიმში, პედაგოგებთან ერთად, გეგმავს სასწავლო პროცესს არა ცალკეული გაკვეთილებით, არამედ გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებით. სკოლები საკუთარ ორიგინალურ გზას სახავენ, თუ როგორ მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივ სტანდარტებს ცალკეული საგნების მიხედვით.
ჯერჯერობით, პროგრამა 65 სკოლაშია დაწყებული. ამ სკოლებში ერთი სემესტრი ვიყავით, მაგრამ რადგან პირველი ეტაპის სკოლებია, ამიტომ გადავწყვიტეთ, დამატებით, კიდევ ერთი სემესტრი დავრჩეთ. 2019 წლის შემოდგომაზე 65 სკოლას, რომელშიც ისევ გავაგრძელებთ მუშაობას, კიდევ 100 სკოლა დაემატება, სადაც პირველ-მეოთხე კლასებში ამავე პრინციპით ვიმუშავებთ. სკოლებიც შერჩეულია და მხარდამჭერი ჯგუფებიც. ასე რომ, წელს, დამატებით, კიდევ 100 სკოლაში დაიწყება „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა, გაზაფხულზე 200 სკოლა დაემატება, შემოდგომაზე კიდევ 200 — საერთო ჯამში, 2020 წელს, ოთხასამდე სკოლა დაემატება. ხუთ წელიწადში კი, ყველა სკოლა უნდა მოვიცვათ.
რა შეცვალა სკოლებში „ახალი სკოლის მოდელმა“
ჯერ შეფასება ნაადრევია, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს მოსწავლეთა შედეგებზე უნდა აისახოს. მაგრამ იმის თქმა, რა პროცესები დაიწყო, შეიძლება — სრულად გარდაიქმნა სასწავლო პროცესის დაგეგმვა; პროექტში აქცენტი ორ მთავარ მიმართულებაზე კეთდება — სასკოლო კულტურის განვითარება და ამ პროცესში მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის დანახვა.
პირადად შევხვდი 65-ვე სკოლას და მხარდამჭერ ჯგუფს, რადგან მაინტერესებდა როგორ მიდიოდა პროცესები — სად რა პრობლემები იყო. პროექტის ფილოსოფია ამგვარია: პრობლემები ერთად უნდა დავინახოთ და ერთად უნდა გადავჭრათ. არ არის არც დასჯის და არც წახალისების მომენტი, ყველაფერი თანამშრომლობას ემყარება. სკოლას ვეუბნებით, რომ თქვენი პრობლემა ჩვენი პრობლემაა და რომ წარმატებაც საერთო გვაქვს. მესმის, რომ ძალიან რთულია იმ ვერტიკალის დარღვევა, რაც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული — სამინისტროსგან მიდიოდა გარკვეული დირექტივები და სკოლებს ეს უნდა შეესრულებინათ. ამ შემთხვევაში, სკოლებს ვეუბნებით, რომ ჩვენ მათი პარტნიორები ვართ, ღიად უნდა ვისაუბროთ მათი პრობლემების შესახებ იმისთვის, რომ დავეხმაროთ. ამიტომაც ჰქვია „მხარდამჭერი ჯგუფები“, რომლის თითოეულმა წევრმა ძალიან კარგად იცის, არანაირი კონტროლი არ უნდა აწარმოონ პედაგოგებზე და სკოლებზე — ეს არის პროგრამა, რომელიც მხოლოდ თანამშრომლობაზეა აგებული და მონიტორინგის მიზანი კი — მხოლოდ მხარდაჭერაა განვითარებისთვის.
„ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში I-IV კლასებით დაიწყება, მაგრამ იანვრიდან, იმ 165 სკოლაში, რომელსაც გავლილი ექნება ეს საფეხური, უკვე V-IX კლასებში ვგეგმავთ პროგრამის დანერგვას. ახლა გავდივართ V-IX კლასების ინსტრუმენტების პილოტირებას (დოკუმენტაციის დატესტვა), რაც თბილისის 150-ე სკოლაში მიმდინარეობს.
მხარდამჭერი ჯგუფის წევრებიდან კურიკულუმის განვითარების ექსპერტებად მოქმედი, გამოცდილი პედაგოგები არიან, ზოგიერთი მათგანი ტრენერია, ლიდერობის სპეციალისტებიც ტრენერები, ან პედაგოგები არიან, ნაწილი დირექტორია. ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია ასისტენტები — შევეცადეთ მოგვეზიდა ახალ უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდები, გარკვეული სპეციალობის ან განათლების სპეციალისტები. ჩვენი სურვილია, საგანმანათლებლო სფეროში ახალგაზრდა ძალა „შემოვიტყუოთ“. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს პროცესები მათთვის იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ, მათმა დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, საგნის გამოცდა ჩააბაროს და თავისი მომავალი სკოლას დაუკავშიროს. ძალიან გვიხარია, სკოლებში ახალი ძალის შესვლა და ახალგაზრდული მუხტის შეტანა.
მოგეხსენებათ, პედაგოგების დიდი ნაწილი მაინც მიჯაჭვულია სახელმძღვანელოზე, სულ ეჩქარებათ, დროზე გაიარონ სახელმძღვანელო და რამე არ გამორჩეთ. ყველაფრის ახსნასა და ყველა ტიპის აქტივობის მოსწრებას ცდილობენ. მათ ვეუბნებით, რომ არსად გვეჩქარება, მთავარია, კარგად გაიაზრონ, სტანდარტით დადგენილი მიზნების მისაღწევ გზაზე რა შუალედური მიზნები შეიძლება არსებობდეს. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია კომპლექსური დავალებები, რომლებიც სწორედ შუალედური მიზნების როლს ასრულებს. მოსწავლემ, ვიდრე მოცემული თემის გავლას დაიწყებს, წინასწარ იცის ბოლოს რა კომპლექსური დავალება უნდა შეადგინოს. შესაბამისად, რა ცოდნა დასჭირდება მის შესასრულებლად, ამას მასწავლებელი ყოველდღიური აქტივობების სახით გეგმავს, ანუ მთელი სწავლა-სწავლების პროცესი ამისკენაა მიმართული. კომპლექსური დავალება იგივე პროექტული ტიპის დავალებაა და, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთდროულად, მრავალ საგნობრივ ცნებაზე გადის. დავალებები, ძირითადად, რეალურ ცხოვრებასთან კავშირშია — ის, რაც მოსწავლეს ყოველდღიურად გამოადგება. პედაგოგს სრულად აქვს გააზრებული როგორ მიდის სტანდარტით განსაზღვრული შედეგებისკენ — მიზნობრივად დაგეგმილ პროცესში სახელმძღვანელო დასჭირდება, სხვა ტიპის ელექტრონული რესურსი თუ სხვა წიგნი, ამას უკვე თვითონ გადაწყვეტს.
„ახალი სკოლის მოდელში“ უმნიშვნელოვანესია შეფასების კომპონენტი. სკოლებში შესვლამდე პრეშეფასება ჩავატარეთ, რაც, ერთი მხრივ, სასკოლო კულტურის კვლევას და, მეორე მხრივ, ყველა საგანში მოსწავლეთა აკადემიური ცოდნის დონის დადგენას გულისხმობდა. ერთი წლის შემდეგ, ისევ ჩავატარებთ შეფასებას, რომ ვნახოთ, გვაქვს თუ არა პროგრესი. პროექტის ფილოსოფიაა ყველა სკოლის დახმარება მისი საჭიროების შესაბამისად, სკოლები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან, არც პედაგოგები და კლასები, უბრალოდ, ამ შეფასებით გვაინტერესებს დავინახოთ, თითოეულ მოსწავლეს, კლასს აქვს თუ არა წინსვლა — უკეთესია თუ არა გუშინდელ დღეზე. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. საგნობრივი შეფასება სააზროვნო უნარების კვლევაზე ორიენტირებული ტესტით წარიმართა — სასკოლო კულტურის მიმართულებით, ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, დირექციასთან და ახლა შედეგების დამუშავება მიმდინარეობს. 65-ვე სკოლას, სასწავლო წლის დასაწყისშივე მიეწოდება თავისი პროფილი, რომ ზუსტად იცოდნენ, რომელია მათი სუსტი და ძლიერი მხარეები, რას მიაქციონ ყურადღება.
სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის შეფასება
ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ფარგლებში, წელს, პირველად ჩატარდა გრიფირების პროცესი და ძალისხმევა არ დავიშურეთ მისი სრულფასოვნად წარმართვისთვის. მინისტრის ამბიციაც ეს იყო — პროცესი ყოფილიყო ძალიან ობიექტური, გამჭვირვალე და მაქსიმალურად თანამშრომლობაზე დაფუძნებული. ცხადია, ამ პროცესში ყოველთვის იქნება უკმაყოფილო მხარე (ის, ვისი სახელმძღვანელოც ჩავარდა), მაგრამ მთავარია, არავის დარჩეს განცდა, რომ ვიღაც უსამართლოდ დაიჩაგრა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი და სამომავლოდაც ეს იქნება. სამწუხაროდ, პროცესი ძალიან დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობდა, მაგრამ ამ ვადებშიც, მაქსიმალურად შევეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო მიგვეცა სახელმძღვანელოების დაწერისთვის. მგონი პირველად მოხდა, რომ ერთი კლასის წიგნზე ავტორებმა 4 თვე იმუშავეს. ახლა ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავზარდოთ ეს დრო 5 თვემდე და გრიფირების შემდეგი ეტაპი უფრო ადრე დავიწყოთ. წელს, VIII კლასის სახელმძღვანელოების გრიფირება გამოცხადდება, ასევე, გამოცხადდება VII კლასის ფრანგული ენისა და რუსული ენის სახელმძღვანელოების კონკურსი, რადგან წინა გამოცხადებაზე ფრანგულში განაცხადი არავის შემოუტანია, ხოლო რუსული ენის შემთხვევაში — გრიფი ვერც ერთმა სახელმძღვანელომ ვერ მიიღო.
წინა გრიფირების პროცესი კარგად გავაანალიზეთ. პირადად მე, ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა გამომცემლებთან, ფიზიკურ პირებთან, ვთხოვდი, ეთქვათ თავიანთი მოსაზრებები, რადგან მათი თვალით დანახული ხარვეზები და შენიშვნები შემდეგი ეტაპის სრულყოფისთვის მნიშვნელოვანია. მათი შენიშვნებიდან ბევრი რამ მართლაც გავითვალისწინეთ. მაგალითად, დავამატეთ კონცეფციის შეფასების ეტაპი — ადრეულ ეტაპზევე, როგორც კი გამოცხადდება კონკურსი, ერთ თვეში, ვთხოვთ გამომცემლებს (ცხადია, ვისაც სურვილი ექნება), წარმოადგინონ, რა კომპონენტებისგან შედგება ერთი საჩვენებელი თავი, რომ წინასწარვე ვუთხრათ სწორი გზით მიდიან თუ არა, გარკვეულ რეკომენდაციასაც მივცემთ. გარდა იმისა, რომ საგნობრივი ექსპერტების კონსულტაციები გვაქვს დაგეგმილი, წელს კიდევ უფრო მეტი ყურადღება რეცენზენტებს დაეთმობათ. წინა წლებში, გრიფირების პროცესში, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რეცენზენტი იყო ჩართული, დაახლოებით, 200-მდე (მეტ-ნაკლები უკმაყოფილება ამ კუთხითაც იყო). რეცენზენტს აუცილებლად უნდა შეეძლოს თავისი აზრის დასაბუთება და მკაფიოდ არგუმენტირება, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ მისი შეფასება ობიექტურია, რომ არ მოერიდება არც შენიშვნის მიცემას და არც უარყოფითი ქულის დაწერას, თუკი ეს საჭირო გახდება. გრიფირების პროცესში მონაწილე ყველა რგოლმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ საბოლოოდ ყველაფერი ბავშვებს ეხება.
გასული წლის ხარვეზი — „თამაშგარე“ დარჩენილი
მაღალქულიანი სახელმძღვანელოები
შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ეს პრობლემა არ დამდგარა, იმიტომ, რომ თუკი მაღალქულიანმა სახელმძღვანელომ გრიფი მიიღო, მიუხედავად იმისა, რამდენმა სკოლამ აირჩია, მაინც დაიბეჭდა. თუმცა, ხარვეზი იყო სხვა მიმართულებით (მივიღე ინფორმაცია გამომცემლებისგან და ერთი-ორი პედაგოგიც შეგვეხმიანა), რომ სკოლებში მაინც ჰქონდა ადგილი ცალკეულ შემთხვევებს, როცა მასწავლებელმა ვერ გააკეთა არჩევანი, რადგან გადაწყვეტილება დირექციამ მიიღო. ამიტომ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და ვგეგმავთ, ეს პროცესი უფრო სრულყოფილად წარიმართოს, გამომცემლებს წინასწარვე მივცეთ შესაძლებლობა, სკოლებთან შეხვედრები ჩაატარონ. უფრო მეტიც, გვინდა, ჩვენ ჩავუდგეთ ამ პროცესს სათავეში, რომ ყველა მასწავლებლამდე მივიდეს ახალი სახელმძღვანელოს შესახებ ინფორმაცია და მას ჰქონდეს დრო მის გასაცნობად, რომ არჩევისას, რეალურად, მისი ხმა დაფიქსირდეს. ამიტომ, ამ კუთხით, ადრეულ ეტაპზევე დავიწყებთ მზადებას.
გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნების შესახებ
მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები, რადგან პირადად ნაკლებად ვიყავი ამ პროცესებში ჩართული. „დედა ენა“ სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და საჩუქრად გადაეცემა ყველა სკოლას. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე რა წიგნითაც ასწავლიდნენ, მაგალითად, პირველ კლასში, ახლა აუცილებლად ამ „დედა ენით“ უნდა ჩაანაცვლონ. უბრალოდ, ეს არის საჩუქარი სამინისტროსგან და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია ის სასწავლო პროცესშიც გამოიყენოს.
ბუქების რეალური ფუნქცია
ბუქები პირველკლასელებს ისევ გადაეცათ საჩუქრად და, რაც მთავარია, ბოლოს და ბოლოს, მან რეალური ფუნქციაც შეიძინა. „ახალი სკოლის მოდელში“ ერთი დიდი მიმართულება ტექნოლოგიების მიზნობრივი ინტეგრირებაა სწავლა-სწავლების პროცესში. სამწუხაროდ, როცა პროექტის ფარგლებში საჭირო გახდა ბუქების მიზნობრივად გამოყენება, აღმოჩნდა რომ მათი უმეტესობა რეალურად მწყობრიდან იყო გამოსული და ვერ გამოიყენებდნენ. ამიტომ ბუქების რესურსი გავაძლიერეთ და, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მას უკვე აქტიურად გამოიყენებენ. ამდენად, აღარ იქნება არც ფუჭად დახარჯული მილიონები და არც ბუქი — მხოლოდ პირველკლასელის საჩუქრად ქცეული ნივთი, ამიერიდან ის რეალურ დატვირთვას შეიძენს.
ევროპული ენების სწავლება
სიმართლე გითხრათ, უკმარისობა მაქვს მე პირადად ევროპული ენების სწავლების კუთხით და ვფიქრობ, ფრანგულ ინსტიტუტთან და გოეთეს ინსტიტუტთან ერთად, დავგეგმოთ ღონისძიებები, რომ სკოლებში გაძლიერდეს ევროპული ენების სწავლება. ხშირად მშობლები არჩევანს რუსული ენის სასარგებლოდ აკეთებენ, რისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ძალიან დაჩაგრულია ფრანგული და გერმანული ენები, ზოგადად, ევროპული ენები. ამიტომ, გვინდა კარგად ავუხსნათ მშობლებს, რომ ჩვენი შვილების მომავალს სწორედ ხარისხიან საგანმანათლებლო ინსტიტუციებში, ანუ ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაში ვხედავთ, რომ ახლა ძალიან ბევრი შესაძლებლობაა გრანტების მოპოვების კუთხით და ამისთვის აუცილებელია ევროპული ენების აკადემიურ დონეზე ცოდნა. ამიტომ მნიშვნელოვანია, უპირატესობა სწორედ ევროპული ენების სწავლებას მივანიჭოთ. რუსული ენის სასაუბროდ (მაგალითად ტურისტებთან) გამოსაყენებლად კი, სრულიად საკმარისია მოსწავლეებისთვის საშუალო საფეხურზე შეთავაზებული რუსული, როგორც მესამე უცხოური ენა. ამ კუთხით, გვინდა მეტი საინფორმაციო კამპანია ვაწარმოოთ და მშობლები დავარწმუნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული ენების სწავლება.
ალტერნატიული სასწავლო გეგმა —ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლების მიმართულებით სიახლეა ალტერნატიული სასწავლო გეგმის დამტკიცება მძიმე გონებრივი დარღვევის და აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის. მართალია, აქამდე სკოლები რაღაცნაირად ახერხებდნენ ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამ საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენას, მაგრამ, ეს მათ ძალიან უჭირდათ. ამიტომ, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, სრულიად მოდიფიცირებული და ძალიან პრაქტიკული დოკუმენტი მომზადდა ყველა საგანში — ქართული, მათემატიკა, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, ბუნებისმეტყველება. იმედი გვაქვს, მასწავლებლისთვის ეს მართლაც კარგი დამაკვალიანებელი სახელმძღვანელო გახდება. ეს მათ ინდივიდუალური გეგმის შედგენას გაუადვილებთ — ერთგვარი ხიდი იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას შორის.
სკოლა გამოკვეთს თავის უნიკალურ სახეს
ძალიან დიდი იმედით ვხვდებით ამ სასწავლო წელს. რეფორმის ყველაზე მთავარი მიმართულება მაინც „ახალი სკოლის მოდელია“, იმის მიუხედავად, რომ ჯერ ცოტა სკოლაა ჩართული (ჯამში 165), ისეთი ტალღაა გავრცელებული და იმდენი სკოლა რეკავს და ინტერესდება, როგორ ჩაერთოს, რომ პერსპექტივა საიმედოა.
ყველას განურჩევლად ვუსურვებ წარმატებას და მივულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ პირველი ნაკადის სკოლებს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავგანწირვამდე მისული შრომისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დაწყებამდე, გააზრებული გვქონდა, რა რთული და კომპლექსური იქნებოდა პროცესი, მაინც წარმოუდგენელი იყო ის შრომა, რაც მათ გასწიეს (ერთი მხრივ — მხარდამჭერმა ჯგუფებმა, მეორე მხრივ — სკოლებმა). სწავლის შუა პერიოდში, როცა სკოლებს ისედაც უამრავი სხვა მიმდინარე საქმე ჰქონდათ, თავს დაატყდათ რეფორმის ტალღა. პირველმა სირთულეებმა სწორედ მათზე გადაიარა.
სულაც არ არის მარტივი, გადახედო საკუთარ მრავალწლიან პრაქტიკას, კრიტიკულად შეაფასო და მერე სწავლა-სწავლების სრული ტრანსფორმაცია დაიწყო, ახალი მიიღო. მესმის პედაგოგების, რომლებიც თავიდან, ალბათ, ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ პროექტს. ძალიან რთულია, დამღლელი საგაკვეთილო პროცესის მერე, დამატებით, ყოველდღიურად, რამდენიმე საათი დაჯდე და კიდევ გონებრივი სამუშაო გაწიო, თან როცა არ იცი, ბოლოს რა შედეგს მიიღებ, რამე გამოვა თუ არა. ამიტომ მინდა პედაგოგებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ძალიან გვეძვირფასება ყველა წუთი, რომელიც თქვენ დახარჯეთ, ყველა მატრიცა, რომელიც თქვენ შეავსეთ, ყველა კომპლექსური დავალება, რომელიც თქვენ მოიფიქრეთ. შეიძლება ზოგიერთი მათგანი იდეალური არ არის, მაგრამ ეს სიტყვა, ამ შემთხვევაში, პირობითია, მთავარია, რომ დაინახეთ და დასახეთ თქვენი ორიგინალური გზა, რომელიც სასწავლო მიზნებამდე მიგიყვანთ, რომელსაც კიდევ ბევრჯერ შეცვლით და მოარგებთ მოსწავლეებს. ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი მოთხოვნაც ეს არის, რომ სამიზნე (სტანდარტი) ყველასთვის ერთია, მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა ყველა სკოლისთვის განსხვავებული.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ნათლად ვხედავთ, როგორ კვალავენ ამ გზას თავად სკოლები და პედაგოგები. ამიტომ ის სასკოლო კურიკულუმები ჩვენთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ექსპერტების მიერ, თუნდაც, იდეალურად შედგენილი დოკუმენტები. თქვენი ნაფიქრი თითოეულ სკოლას უნიკალურობასა და ორიგინალურობას ანიჭებს, მას გამორჩეულსა და განსაკუთრებულს ხდის.
ახლა გარდამტეხი მომენტი დგება. ახალი სასწავლო წლიდან, ყოველდღიურ საგაკვეთილო პრაქტიკაში, უნდა დაინახოთ ის ყველაფერი, რაზეც პედაგოგებმა ამდენი იშრომეთ. ახლა დგება მომენტი, როცა თქვენ მიერ დაგეგმილი პროცესი ან ქაღალდზე დაწერილი დარჩება, ან მდგრადად დაინერგება კლასში. ამ პროცესს მხოლოდ ჩვენ არ ველით მოუთმენლად, არამედ ის ასი სკოლაც, რომელიც სექტემბრიდან ერთვება პროექტში, ასევე, შემოგყურებენ სხვა პედაგოგები, რომელთა სკოლები მომდევნო წლებში ჩაერთვებიან.
მუდმივად ვეუბნები ჩვენს ქოუჩებს (მწაფავებს), სკოლის ლიდერებსა და პროექტში ჩართულ პედაგოგებს — თქვენი იმედი გვაქვს, თქვენ ხართ ჩვენი მეომრები, ასეც ვიტყვით — ბრძოლის ხაზი გადის თქვენზე. მართლა ბრძოლაა ეს ყოველდღიური დამღლელი შრომა, თუმცა, ჯილდოც შეუფასებელია — როცა დარწმუნდებით, რომ ამ ყველაფერს მოსწავლეებიც იგრძნობენ, როცა საკლასო ოთახში დაინახავთ, რომ რაღაც გამოდის; თუნდაც, ერთი ნაბიჯით წახვალთ წინ და იტყვით, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესი შედეგია.
ესაუბრა ლალი ჯელაძე