31 მარტი, ორშაბათი, 2025

„სიტყვა, რომელიც გეჩოთირება, ვცდილობ გაშორო, რაც შემიძლია“

spot_imgspot_img

ეროვნული საგანმანათლებლო პროექტი „ძალიან გავრცელებული, მაგრამ… არასწორი“

ქართული ენა ჩვენი ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ისტორიის ქვაკუთხედია. იგი არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი თვითმყოფადობის, ტრადიციებისა და საერთო ღირებულებების განუყოფელი ნაწილია. „თუ სიტყვა ფერს კარგავს, ერი – სახეს“ – ეს სიტყვები ზუსტად ასახავს იმ იდეას, რომ ენა ჩვენი ხასიათისა და სულიერების ანარეკლია; განძია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და თითოეული ქართველის მორალურ პასუხსიმგებლობად იქცევა.

ჩვენი ენის სიწმინდის დაცვა დღეს, როდესაც უცხოური გავლენები ძლიერია, ჩვენი განსაკუთრებული ვალდებულებაა. ენის დაკარგვა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალების დაკარგვა არ არის – ეს ჩვენი იდენტობის გაქრობას ნიშნავს. სწორედ ენის სიწმინდის დაცვასა და ენობრივი კულტურის ამაღლებას ემსახურება მიმდინარე ეროვნული საგანმანათლებლო პროექტი „ძალიან გავრცელებული, მაგრამ… არასწორი“ (პროექტის ხელმძღვანელები: ნანა ლომაია – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; ზაზა შულაია – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი).

პროექტში ჩართულია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 24 სკოლა. მიმდინარე პროექტში უშუალოდ მასწავლებლები ვესაუბრებით მოსწავლეებს იმ შეცდომებზე, რომლებიც ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, დამკვდირდა ქართულ მეტყველებაში. ამჯერად მოსწავლეებთან ბატონმა ზაზა შულაიამ ისაუბრა და ახსნა, როგორ აჩენს სხვა ენებიდან სიტყვებისა თუ გამოთქმების პირდაპირი თარგმნა – კალკირება – პრობლემებს ქართულ ენაში, ჩვენს წერითსა თუ ზეპირ მეტყველებაში. მაგალითებითა და მოსწავლეების ჩართულობით, მან ნათელი გახადა, რომ კალკი არა მხოლოდ არღვევს ენის სტრუქტურულ მთლიანობას, არამედ აზიანებს მის შინაგან ხასიათს, აკარგვინებს სილამაზესა და ბუნებრიობას.

ქალბატონმა ნანა ლომაიამ გაგვაცნო პარონიმების გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები – როგორ ხშირად მოგვდის შეცდომები და ვქმნით აზრობრივ გაუგებრობებს. მისი ახსნა, თანმიმდევრული და მკაფიო მაგალითებით,დაეხმარა მოსწავლეებს, გაერჩიათ სწორად და არასწორად გამოყენებული სიტყვები.

ქალბატონმა ბელა პაპავამ კი ენაზე ბარბარიზმების გავლენის შესახებ ისაუბრა. მან ნათლად დაგვანახა, როგორ შემოაღწიეს უცხოურმა სიტყვებმა ქართულ ენაში და რა ზიანი მოაქვს მათ გაუფილტრავ გამოყენებას. სიტყვები, როგორიცაა „პივა“, ნაცვლად „ლუდისა“ ან „პადვალი“, „სარდაფის“ მაგივრად – თითქოს ყოველდღიური, უმნიშვნელო შეცდომებია, მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვები ჩვენი ენის ბუნებას არღვევს.  თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რათა დავიცვათ და გავაძლიეროთ ჩვენი მშობლიური ენა!

პროექტის შედეგები უკვე შესამჩნევია – დისკუსიებისა და პრეზენტაციების შედეგად, ჩვენს მოსწავლეებში გაჩნდა კრიტიკული მიდგომა ენობრივი შეცდომების მიმართ. ახლა, როცა ვწერთ ან ვსაუბრობთ, გაცილებით მეტი სიფრთხილით ვუყურებთ სიტყვებს, ვცდილობთ, სწორად და გამართულად ვიმეტყველოთ.

ჩვენი მომავალი ნაბიჯები არ შემოიფარგლება მხოლოდ მასწავლებელთა აქტიურობით – ვიწყებთ ახალ ეტაპს, სადაც ჩვენი მოსწავლეები გახდებიან ენის დამცველები. ისინი აღარ იქნებიან მხოლოდ მსმენელები, არამედ თავად გახდებიან ის ადამიანები, რომლებიც სხვებს აუხსნიან, რა საფრთხეს შეიცავს ენის დანაგვიანება და როგორ უნდა დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე.

ქართული ენა ჩვენი სისხლ-ხორცია, ჩვენი სულიერი სამშობლო.

ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის, რადგან „ენა არის სიმდიდრე, რომლის დაკარგვას არ გვაპატიებს მომავალი!“

ნათია შაინიძე

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ბელა პაპავა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება