ქეთევან გარაყანიძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლიტერატურის მასწავლებელი
მაქს ფრიში – „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“
ჟოზე სარამაგუ – „სიბრმავე“
მაქს ფრიშისა და ჟოზე სარამაგუს რომანებს შორის ვრცელი დრო დგას, მაგრამ „სიბრმავესა“ და ფრიშის შესანიშნავ რომანს, „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, უკვდავი მეტაფორა აერთიანებს.
სიბრმავე – მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი მინიშნება, ყველაზე მეტად ნაფიქრი და განსჯილი თაობების მიერ
მ. ფრიშის რომანის პერსონაჟის სიბრმავე მოჩვენებითია, წინასწარგანზრახული და მიზანმიმართული დაბრმავება, უფრო სწორად, თავის ბრმად მოჩვენება, ხოლო ჟოზე სარამაგუს რომანში – პანდემიური, როცა ხალხს მოვლენა მოულოდნელად ატყდება თავს და საყოველთაო საფრთხედ გადაიქცევა.
განტენბაინი (მ. ფრიშის რომანის პერსონაჟი), წარსულში ფილოსოფიის ლექტორი, ერთ დღეს, თავად გადაწყვეტს, გაითამაშოს საკუთარი ახალი ცხოვრება და უსინათლო კაცის პოზიციიდან დააკვირდეს ადამიანებს, დაინახოს და შეაფასოს ახლობელთა წრე, მათი მორალური მრწამსი. სარამაგუს რომანში კი სიბრმავე, როგორც უკვე ვთქვით, პანდემიური მოვლენაა და მოულოდნელად ვრცელდება.
სიბრმავე და საზოგადოება
მაქს ფრიშის რომანში, „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, საზოგადოებრივი განწყობა სხვათა პრობლემების მიმართ ცალკეულ პირთა დამოკიდებულებებში ვლინდება: აქ ვხვდებით ექიმს, რომელიც ბრმის ცნობას ისე გასცემს, არ ინტერესდება პაციენტის რეალური მდგომარეობით. ვხვდებით ცოლს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საყვარელ მამაკაცს ნორმალური საარსებო პირობები ჰქონდეს, მაგრამ, განტენბაინის აზრით, მათ ურთიერთობას თანაგრძნობა აკლია, სწორედ ამ განცდას მიჰყავს ის საბედისწერო შეცდომამდე.
განტენბაინს, ქუჩაში, თავის ბრმად წარდგენის პირველ დღეს, როცა ადამიანები ეხმარებიან, სინდისი ქენჯნის, თავი გაიძვერა ჰგონია, ხოლო ქუჩაში გაცნობილ ქალთან სახლში სტუმრობისას ექსპერიმენტს ატარებს: ისეთ რამეებს ამბობს, რაც, წესითა და რიგით, ბრმამ ვერ უნდა შეამჩნიოს, თუმცა ქალი ამ კითხვებში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს, რაც განტენბაინს ადამიანთა გულგრილობისა და უგულისყურობის გამოვლინებად მიაჩნია.
ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“ პრობლემის დანახვისა და შეფასების სხვა მასშტაბს გვთავაზობს: აქ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც დაბრმავდნენ, მაგრამ ყველა სხვა ადამიანს, ვისაც პანდემიური სიბრმავე ჯერ არ შეჰყრია, თვალი აუხილეს, წარმოადგენინეს საკუთარი გულგრილობის შესაძლო შედეგები. „სიბრმავეში“ მოვლენათა ასახვის პროცესი დედუქციურ ანალიზს მოითხოვს, მაქს ფრიშის რომანში ასახული მოვლენები კი ინდუქციურ აზროვნებას ემყარება და დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას მხოლოდ კერძო მაგალითების განზოგადების შედეგად იძლევა.
ჟოზე სარამაგუს ერთ-ერთ პერსონაჟს, მძარცველ ბრმას, რომელიც დაბრმავებამდე თავის ჩინდაკარგულ მსხვერპლს საშინლად მოექცა (შინ მისვლაში დაეხმარა და ავტომობილი მოჰპარა), ჰგონია, რომ თუ ახლა კარანტინის ზონიდან გააღწევს და ალაყაფის კართან როგორმე მივა, იქ მყოფი ჯარისკაცები აუცილებლად შეიბრალებენ და საავადმყოფოში გააქანებენ, მაგრამ ცდება, ჯარისკაცებმა ტყვია დაახალეს, თანაგრძნობის მოლოდინი გადამეტებული აღმოჩნდა.
სიბრმავე და გულგრილობა
„ადამიანი შედგება გულგრილობისა და ღვარძლისგან“ – აცხადებს სარამაგუს ოკულისტი გმირი, რომელმაც პანდემიის საფრთხის შესახებ ჯანდაცვის ორგანოს საქმის კურსში ჩაყენება გადაწყვიტა, მაგრამ თავადაც კარგად იცის, ეს პრობლემის მოგვარების კი არა, ამ ადამიანთა მდგომარეობის გაუარესების გზაა. კანონი კანონია. სამინისტრო ექიმისგან ინფორმაციას იღებს, თუმცა ირონიაა, რომ ექიმიც ბრმავდება, რაც ავტორის საინტერესო იდეაა — კაცი, რომელმაც სიბრმავის შესახებ ყველაფერი იცის, თავადაც უჩინო ხდება, არაფერი შეუძლია. გამოუვალი მდგომარეობის უკეთესი მეტაფორა, ალბათ, ვერც მოიძებნება.
თვალის ჩინდაკარგული ადამიანების ყოფას სარამაგუ საყოველთაო არეულობის ფონზე აღწერს. აქ არიან სიბრმავე შეყრილი და ჯერ კიდევ ჯანმრთელი მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ როლებს სწორედ ისე ასრულებენ, როგორც ეს რეალურ პანდემიურ გარემოში მოხდებოდა: დაავადებულთა იზოლირება, თანაგრძნობის ეტაპობრივი შემცირება და საზოგადოებრივი გულგრილობის სრული გაშიშვლება მკითხველის თვალწინ. ამ ფონზე, სარამაგუს რომანში, მხოლოდ შეყვარებული ქალი (ოკულისტის ცოლი) რჩება ერთადერთ ადამიანად, რომელსაც სიბრმავის ვირუსი არ შეჰყრია, მიუხედავად იმისა, რომ კარანტინში მყოფი ქმარი ერთი წუთითაც არ მიუტოვებია. მან იცრუა, რომ ბრმაა და ბრმათა შორის თვალხილული საკუთარ თავზე იღებს გასაჭირში მყოფთა დახმარების ურთულეს მისიას. ავტორის მინიშნება გადარჩენის ერთადერთ მეტაფორაზე თვალსაჩინოა – სიბრმავის პირისპირ, თვალხილული და ყოვლისშემძლე მხოლოდ სიყვარულია.
ცხადია, რომ კაცობრიობის არსებობის გზაზე მრავალგზის შეთანხმებული ადამიანური მოვალეობების სრული უარყოფა ისე მოხდა, რომ დასკვნები მხოლოდ მწერლობამ (ლიტერატურამ) გამოიტანა. სიტყვებმა: თანაგრძნობა, თანადგომა და ემპათია მხოლოდ ლექსიკური ერთეულების ფუნქცია შეინარჩუნეს, მნიშვნელობები კი ეტაპობრივად დაკარგეს. ამ ფონზე, სიბრმავე კვლავ საუკუნეთა მიჯნის ლიტერატურის მკითხველთა დიდი მოლოდინის, დიდი იმედგაცრუების, დიდი მიგნებებისა და ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხების ძიების მთავარ მეტაფორად რჩება.