21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სთორი

spot_img

მზის სხივებმა ფანჯარაში შეიჭვრიტა. გოგონამ თვალები მოიფშვნიტა და ოთახი მოათვალიერა, ტელეფონს მისწვდა ხელით. საათი ნახა და შეცბა, რამდენ ხანს მძინებიაო. ლოგინიდან წამოხტა, ხალათი შემოიცვა, ფარდა გადასწია და ფანჯარა გააღო. სააამური  დილა იყო.  ოთახი მზის სხივებით აივსო. გოგონამ საწოლი დაალაგა და ოთახიდან გავიდა. ტელეფონზე შეტყობინება მოსვლოდა.  პასუხი სწრაფად გასცა. ჯინსის შარვალი და სპორტული მოსაცმელი კოხტად მოირგო და ზურგჩანთა აიღო.

– წავედი, დე! – გასძახა დედას და ხტუნვა-ხტუნვით ჭიშკრისკენ გასწია.

– არ დაიგვიანო! – მისწვდა დედის ხმა.

გოგონა უბნის ვიწრო შარაზე მიდიოდა, მზე თვალებს სჭრიდა, სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა. უბანს გასცილდა, აღმართი აიარა და გაშლილ მინდორზე გავიდა. ნაშემოდგომევს ისევ ამწვანებულიყო მდელო, ისევ აჭყეტდნენ თვალებს ნაგვიანევი ღიღილოები, აქა-იქ საქონელი და ცხენები ძოვდნენ.

მარჯვნივ გაიხედა. ბექობზე ლამაზი სილუეტი დაინახა. სწრაფი ნაბიჯით წავიდა, ისე დაადგა თავზე, ბიჭმა ვერც კი გაიგო.  გვერდით ფოტოაპარატი და ჭოგრიტი ედო. თვითონ კი თითქოს ერთ წერტილს მისშტერებიაო, თვალს არ აშორებდა პატარა ლიკლიკა ღელეს და მის გაღმა აჭრელებულ ბუჩქებსა და ხეებს. ზოგიერთი ხე მთლად შიშველი იყო, ზოგი – მორთული.

გოგონამ თავისთვის ჩაილაპარაკა:  მოვედი. ბიჭი შეცბა, ფეხზე წამოხტა, გოგონას ზღვასავით ცისფერ თვალებში ეშმაკურად ჩახედა და უნებლიედ ჰკითხა, მოხვედი? გოგონას შერცხვა, წითლად შეეფაკლა ღაწვები და მორცხვად ჩაილაპარაკა: მოვედი.

– ჩამოვსხდეთ ცოტა ხნით, – შესთავაზა ბიჭმა. გოგონას წინააღმდეგობა არ გაუწევია. უხმოდ დასხდნენ.

პატარა ღელე მზის სხივებზე ვერცხლისფერ წვრილ ძაფს მოგაგონებდათ.  სასიამოვნოდ მიხტოდა ფერად ქვებზე და ბუტბუტით თითქოს რაღაც ამბავს ჰყვებოდა.

– რომ შემეძლოს, ამ სილამაზეს და სიმყუდროვეს არ დავთმობდი, არ მივატოვებდი.

– ამ ადგილს ნახიდური ჰქვია, – ხმა ამოიღო გოგონამ.

– ნეტავ რატომ? – იკითხა ბიჭმა.

– ალბათ ადრე ეს ღელე დიდი მდინარე იყო და ზედ ხიდი იყო გადებული. ფოტოები პროექტისთვის მინდა, მასწავლებლის დავალება უნდა შევასრულოთ, – გაუბედავად თქვა გოგონამ.

– მოდი, შენგან დავიწყებ! – ბიჭმა ფოტოაპარატი მოიმარჯვა.

მზის სხივებზე გოგონას სწორი, ლამაზი თმა ელავდა, თეთრ, ყირმიზ სახეზე ზღვისფერი თვალები უბრწყინავდა, ღიმილის დროს ბაგეებიდან მარჯნის მძივებივით თეთრი კბილები მოუჩანდა…  წამით ჩაფიქრდა, მომღიმარ სახეზე მარგალიტივით ერთი ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა, ისევ არ დაინდო წარსულის ლანდებმა… გაახსენდა… ოღონდ ბუნდოვნად.

თვალუწვდენელი ჰოლი, პატარა, ნაწნავებიანი, თეთრი, ცისფერთვალება გოგონა  მუდარის თვალებით უყურებდა  ჰოლის ბოლოს მტირალ დედას  და ხელს იწვდენდა საშველად. მერე თეთრხალათიანი ექიმები, თბილი, ალერსიანი თვალები. ბურუსიდან გამოსული ისევ დედის ცრემლიან თვალებს ხედავდა, ეფერებოდა, გულში იკრავდა დედა, ნელა უსვამდა ხელს ოფლიან შუბლზე. მერე ისევ ხელში აყვანილი დაჰყავდა მამას… დედას…

დიდი ნებისყოფით ითმენს ყველაფერს…

ბოლოს… რა ბოლოს…

ყველაფერი შეიცვალა.

ბიჭი ფოტოაპარატით გარშემო ურბენდა, აპარატის ჩხაკუნი მათ სიცილ-ხარხარში იკარგებოდა.

– ამაღამ „სთორზე“ გნახავ, – გაიღიმა ბიჭმა

მზის უკანასკნელი სხივები ბაგირივით გაიჭიმა, მიდამოს ჩრდილი მოეფინა.

არ დაიგვიანო, თითქოს ცოცხლად ჩაესმა დედის ხმა გოგონას.

– გვიანია, წავიდეთ, – თქვა გოგონამ.

– წავიდეთ.

– ლამაზი საღამო იყო არა?

გოგონა ისევ თავის ფიქრთა ჯაჭვს გაჰყვა. თითქოს არც გაუგონია.

– რამდენი რამ… რამდენი ტკივილი, ბრძოლა საკუთარ თავთან, ჯერ კიდევ სამი წლის ასაკიდან… მაგრამ არაუშავს, მე ეს ყველაფერი გადავლახე, დავძლიე. აკანკალებული ხელით პირველი ასოებიც დავწერე, მერე კი არ დავწერე, დავხატე კიდეც. დავიმორჩილე ხელი, გული, გონება და დღეს მე ყველაფერი შემიძლია. ახლა ჩემს ნაშრომს ყურადღებით კითხულობენ ღირსეული, გონიერი და ბრძენი ადამიანები: მათი მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერს შევძლებ, აუცილებლად შევძლებ!

– კარგად ხარ? – ეკითხება მორიდებით ბიჭი.

– კარგად ვარ, ძალიან კარგად, ბედნიერი ვარ, ბედნიერი…

ბიჭს გაეღიმა.

უხმოდ დაეშვნენ დაღმართზე. ბედნიერების უსაზღვრო მორევში მიცურავდნენ, იქ, სადაც ბედნიერება არ სრულდებოდა.

გოგონა ჭიშკარს მიუახლოვდა.

– მოხვედი, შვილო? – გამოაფხიზლა დედის ხმამ.

მზე გორას მიეფარა.

სთორი, – ჩაილაპარაკა მან და ღიმილიანი შევიდა სახლში.

მარიამ ჩაჩანიძე

სსიპ ხარგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლა

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები