სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ, გასული წლის ბოლოს, მომზადდა ბიულეტენი საჯარო სკოლების ავტორიზაციის შესახებ საქართველოში. ბიულეტენის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, ქალაქის საჯარო სკოლების 33%-ია ავტორიზებული, ხოლო სოფლის სკოლების – მხოლოდ 13%, დაბის სკოლების კი – 18%. სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, მხოლოდ ქართულენოვანი სკოლებია ავტორიზებული, მათ შორის სამი სკოლაა, რომელთაც გააჩნიათ რუსული, უკრაინული და აზერბაიჯანული სექტორები და ავტორიზებული საჯარო სკოლაა.
როგორც ცნობილია, 2023 წლამდე, მხოლოდ კერძო სკოლების ავტორიზაციის პროცესი ხორციელდებოდა. საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყება ჯერ კიდევ 2015 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა, საჯარო სკოლების არასაკმარისი მზაობიდან გამომდინარე, 2023 წელს დაიწყო საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაცია, რომლის დასრულებაც 2026-2027 წლამდე იგეგმებოდა და ავტორიზაციის პროცესში 2086 საჯარო სკოლა უნდა ჩართულიყო , თუმცა, ავტორიზაციის პროცესი გახანგრძლივდა 2030-2031 წლამდე.
საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის შედეგად სკოლები ოთხი მნიშვნელოვანი სტანდარტის მიხედვით ფასდება:
სტანდარტი 1. სკოლის ფილოსოფია – აღნიშნული სტანდარტი საკუთარ თავში აერთიანებს – 1.1. სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებებს; 1.2. სკოლის დაგეგმვას და განვითარებას;
სტანდარტი 2. სასკოლო კურიკულუმი, რომელიც მოიცავს კურიკულუმის შემუშავებას, განხორციელებას, მონიტორინგისა და შეფასების, კურიკულუმის გადასინჯვისა და რევიზიის პროცესს;
სტანდარტი 3. სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს პერსონალის მართვასა და განვითარებას, ადამიანური რესურსების და პროცესების მართვას, უსაფრთხოებას, ინფრასტრუქტურის, მატერიალური, ფინანსური, საინფორმაციო რესურსების მართვას;
სტანდარტი 4. მოსწავლეთა მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა უფლებების დაცვასა და მათი მხარდამჭერი ღონისძიებების ინსტიტუციონალიზაციას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიხედვით, „ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება შიდა და გარე მექანიზმების საშუალებით. ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმებს აყალიბებენ და ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მათი განხორციელება სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციაა. ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმია ავტორიზაცია“. საჯარო სკოლების ავტორიზაციამ უნდა უზრუნველყოს სკოლის ხარისხის საბაზისო დონე. რეფორმის კონცეფციის მიხედვით, ავტორიზაციის შედეგები მიმართულია სასკოლო საზოგადოების და თავად საგანმანათლებლო დაწესებულების, სკოლის საჭიროებებზე და გულისხმობს:
◊ სტანდარტების დადგენას (ზოგადი განათლებისთვის, ეს შეიძლება სტანდარტიზებული იყოს ყველა სკოლისთვის) სკოლის მისიის, ან საჯარო სკოლების შემთხვევაში, მათი ერთობლივი მისიის საფუძველზე;
◊ დამოუკიდებელ მუშაობას სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებთან, სკოლის აქტივობების და გეგმების განსახილველად დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
◊ დოკუმენტაციისა და სკოლის ადგილზე შესწავლას (შესაძლოა რესურსცენტრების გამოყენებით და სკოლის საბჭოებთან თანამშრომლობით), რათა მოხდეს ინფორმაციის დაზუსტება პირისპირ მუშაობის დროს და უფრო ღრმად იქნეს გამოკვლეული სკოლის საქმიანობის გამოწვევები და ძლიერი მხარეები;
◊ შეფასების დასკვნების საჯაროდ გამოქვეყნებას სამინისტროს, საზოგადოებისა და სკოლის ინფორმირებისთვის იმ ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას, მუდმივ მონიტორინგს და განმეორებით შეფასებას;
◊ პროცესის უწყვეტი ნაწილია ინსტიტუციური განვითარების გეგმის შედგენა, რითაც შესაძლებელი გახდება სკოლის სწრაფვა თვითმყოფადობისკენ და მუდმივი განვითარებისაკენ.
CCIIR-ის მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტენში, არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მიმოხილულია საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი, რომლის მიხედვით 2023 წლიდან დაწყებული პროცესი დღემდე მიმდინარეობს და 2024 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ავტორიზებულია 387 საჯარო სკოლა, რაც საჯარო სკოლების საერთო რაოდენობის 18,6%-ს შეადგენს. ავტორიზებულ საჯარო სკოლებში სწავლობს 194 212 მოსწავლე, რაც საჯარო სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 34%-ზე მეტს შეადგენს.
რეგიონების მიხედვით, ავტორიზებული სკოლების შედარებით მაღალი რაოდენობით გამოირჩევა თბილისი და იმერეთი; შედარებით დაბალი მაჩვენებლები აქვს რაჭა-ლეჩხუმს, ქვემო ქართლს, სამცხე-ჯავახეთს, აჭარას და გურიას.
ავტორიზებულ სკოლებში სწავლობს მოსწავლეთა 34%-ზე მეტი. შესაბამისად, საინტერესოა, რეგიონების მიხედვით, თუ რა შეფარდებაა ავტორიზებულ საჯარო სკოლებში არსებულ მოსწავლეთა რაოდენობასთან. ამ თვალსაზრისით, თბილისი გამოკვეთილი ლიდერია, სადაც მოსწავლეთა თითქმის 48% ავტორიზებულ სკოლებში სწავლობს, ასევე იმერეთის 44%, ხოლო დაბალი მაჩვენებელია ქვემო ქართლში, მოსწავლეთა მხოლოდ 11% და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – მოსწავლეთა 18% და გურია – 20%.
თბილისის გარდა მაღალი მაჩვენებელია, ავტორიზებულ სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის თვალსაზრისით, თვითმმართველ ქალაქებშიც. ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს რუსთავი, სადაც არსებული 26 სკოლის მხოლოდ 3 სკოლაა ავტორიზებული.
გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით, არსებობს მკვეთრი განსხვავება ავტორიზებულ და არაავტორიზებულ საჯარო სკოლებს შორის. ქალაქებში ავტორიზებული საჯარო სკოლების ხვედრითი წილი მაღალია, ხოლო სოფლებსა და დაბებში დაბალი. ხვედრითი წილის გარდა, 387 ავტორიზებული საჯარო სკოლიდან 166 ქალაქის სკოლაა, რაც ავტორიზებული სკოლების საერთო რაოდენობის 43%-ს შეადგენს, იმ დროს, როცა ქალაქის სკოლები საჯარო სკოლების საერთო რაოდენობის მხოლოდ 24%-ია.
ქალაქის საჯარო სკოლების 33% არის ავტორიზებული, ხოლო სოფლის სკოლების მხოლოდ 13%, დაბის სკოლების კი – 18%.
სკოლის ზომის მიხედვითაც მკვეთრი განსხვავებებია ავტორიზებულ და არაავტორიზებულ საჯარო სკოლებს შორის. 1-205 მოსწავლემდე საჯარო სკოლების მხოლოდ 12%-ია ავტორიზებული, ხოლო 1270 მოსწავლის და მეტი რაოდენობის ზომის სკოლების 53%-მდე.
სწავლების ენის მიხედვით საჯარო სკოლების ავტორიზაციის საკითხს რაც შეეხება, ამ თვალსაზრისით მხოლოდ ქართულენოვანი სკოლებია ავტორიზებული. მხოლოდ სამი სკოლაა, რომელთაც გააჩნიათ რუსული, უკრაინული და აზერბაიჯანული სექტორები და ავტორიზებული საჯარო სკოლებია. არც ერთი სხვა არაქართულენოვანი სკოლა ავტორიზებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ ახალი სკოლის მოდელის საპილოტე ოთხ სხვადასხვა ეტაპზე ჩართული 597 სკოლიდან ავტორიზებულია 183 ანუ საპილოტე სკოლების საერთო რაოდენობის 30%.
რა მიგნებები გააკეთა CCIIR-მა საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით?
პირველ რიგში, მიგნებებს შორის სახელდება საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის მუდმივად გადაწევა. ასევე, ყურადღება მახვილდება ქალაქებში ავტორიზებული საჯარო სკოლების ხვედრით წილზე, რომელიც გაცილებით მაღალია სოფლებისა და დაბების სკოლების ხვედრით წილთან შედარებით და იმაზეც, რომ მხოლოდ ქართულენოვანი სკოლებია ავტორიზებული.
გთავაზობთ ბიულეტენში მოცემული მიგნებების ჩამონათვალს, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მოამზადა.
✔️ 2023 წლის ცვლილებებამდე იგეგმებოდა ყველა საჯარო სკოლის ავტორიზაციის პროცესის დასრულება 2026-2027 წლისთვის, თუმცა ვადამ 2030-2031 წლამდე გადაიწია;
✔️ 2023 წლიდან დაიწყო საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი და 2024 წლის 15 სექტემბრამდე ავტორიზებულია 387 სკოლა, ანუ სკოლების საერთო რაოდენობის 18,6%;
✔️ ავტორიზებულ საჯარო სკოლებში სწავლობს 194 212 მოსწავლე, რაც საჯარო სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 34%-ზე მეტს შეადგენს;
✔️ რეგიონალურ ჭრილში ავტორიზებული სკოლების შედარებით მაღალი რაოდენობით გამოირჩევა თბილისი და იმერეთი; შედარებით დაბალი მაჩვენებლები აქვს რაჭა-ლეჩხუმს, ქვემო ქართლს, სამცხე-ჯავახეთს, აჭარას და გურიას;
✔️ ავტორიზებულ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ხვედრითი წილითაც გამოირჩევა თბილისი, სადაც მოსწავლეთა თითქმის 48% ავტორიზებულ საჯარო სკოლებში სწავლობს, ასევე იმერეთის მოსწავლეთა 44% განათლებას ავტორიზებულ საჯარო სკოლებში იღებს . ხოლო დაბალი მაჩვენებელია ქვემო ქართლში – მოსწავლეთა მხოლოდ 11%, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში – მოსწავლეთა 18% და გურიაში – 20%;
✔️ ქალაქებში ავტორიზებული საჯარო სკოლების ხვედრითი წილი მაღალია, ხოლო სოფლებსა და დაბებში დაბალი;
ტთბილისის გარდა, მაღალი მაჩვენებელია, ავტორიზებულ სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის თვალსაზრისით, თვითმმართველ ქალაქებშიც, ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს რუსთავი, სადაც არსებული 26 სკოლის მხოლოდ 3 სკოლაა ავტორიზებული;
✔️ სკოლის ზომის მიხედვითაც მკვეთრი განსხვავებებია ავტორიზებულ და არაავტორიზებულ საჯარო სკოლებს შორის. 1-205 მოსწავლემდე საჯარო სკოლების მხოლოდ 12%-ია ავტორიზებული, ხოლო 1270 მოსწავლის და მეტი რაოდენობის ზომის სკოლების 53%-მდეა ავტორიზებული;
✔️ მხოლოდ ქართულენოვანი სკოლებია ავტორიზებული. მხოლოდ სამია, რომელთაც გააჩნიათ რუსული, უკრაინული და აზერბაიჯანული სექტორები და ავტორიზებული საჯარო სკოლებია. არც ერთი სხვა არაქართულენოვანი სკოლა ავტორიზებული არ არის.