ნესტან ყაზარაშვილი
სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის სპეციალური განათლების მასწავლებელი
წლების წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სპეციალური განათლების მასწავლებლად დავიწყებდი მუშაობას. ბაკალავრიატში სწავლის დროს ასეთი საგანი ვისწავლე – „ინკლუზიური განათლება“, სწორეთ. აქედან იწყება ამ სფეროთი ჩემი დაინტერესება.
2018 წელს გაცვლით პროგრამაში გავიმარჯვე და 2 კვირის განმავლობაში, გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტის ერთ-ერთ ინტეგრირებულ დაწყებით სკოლაში გავდიოდი პრაქტიკას. ვესწრებოდი საგაკვეთილო პროცესს, ასევე, ფიზიოთერაპიასაც. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა ექსკურსიამ – მოსწავლეები, მასწავლებელთან ერთად, საზოგადოებრივი ტრასპორტით წავიდნენ მუზეუმის მოსანახულებლად. მოსწავლეებმა თვითონ შეიძინეს სამგზავრო ბილეთები, ზრუნავდნენ ერთმანეთზე, ეხმარებოდნენ გადაადგილებაში, უკითხავდნენ იმ ინფორმაციას, რასაც ერთ-ერთი მოსწავლე ვერ კითხულობდა. ამ ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარის განვითარების ხელშეწყობა. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო.
2021 წელს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში დავიწყე მუშაობა, როგორც სპეციალური განათლების მასწავლებელმა. მალევე, 2021 წლის 1 დეკემბერს კი, მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელში გავაგრძელე, სადაც ერთი სემესტრის განმავლობაში ვიმუშავე.
როდესაც სკოლაში პირველი სპეციალური განათლების მასწავლებელი ხარ, შენ მიმართ ჩნდება კითხვები: შენც მასწავლებელი ხარ? რა უნდა ასწავლო? როგორ უნდა ასწავლო? და ა.შ. მნიშვნელოვანია, კოლეგებს დაანახო შენი როლი სკოლაში, დაეხმარო მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში. წარმატების მისაღწევად აუცილებელია გუნდური მუშაობა. მნიშვნელოვანია, ასევე, მშობელთან ეფექტიანი კომუნიკაცია, რადგან მშობელსა და სკოლას შორის შუამავლის ფუნქცია გეკისრება, რაც ცალკე პასუხისმგებლობაა. ამგვარად, დიდი გამოწვევებია ჩვენ წინაშე და ჩვენი ვალდებულებაა მუდმივი პროფესიული განვითარება.
ორ წელზე მეტია, რაც სპეციალური მასწავლებელი ვარ. გავიარე ყველა სავალდებულო ტრენინგი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გვთავაზობს, მათ შორის, რეგიონული ტურის მონაწილეც ვიყავი, ვნახე თბილისის წარმატებული სკოლების მაგალითები. პროფესიულ განვითარებაზე გამუდმებით ვზრუნავ, რათა წარმატებით გავუმკლავდე ჩვენს სფეროში არსებულ გამოწვევებს.
როცა გამოწვევებზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ შემდეგს:
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეეების აქტიურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილზე ბავშვების წყნარად ყოფნა არ უნდა იყოს მასწავლებლის მიზანი. მით უფრო, რომ წყნარი არ ნიშნავს მშვიდს. გაკვეთილების დაგეგმვაში ჩვენც შეგვიძლია მონაწილეობა და რეკომენდაციების გაცემა.
- ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულებაა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება, ისგ ჯგუფის წევრებთან ერთად.
- სკოლის პერსონალი იმგვარ სასკოლო გარემოს უნდა ქმნიდეს, სადაც აღიარებული და გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის ნიჭი, მიდრეკილება, ინტერესები, შესაძლებლობები, საჭიროებები და სხვა ინდივიდუალური თავისებურებანი. სხვადასხვა აქტივობას ვახორციელებთ სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, ვაწყობთ ფილმების ჩვენებას, ვცდილობთ მოსწავლეთა ინფორმირებას და ტოლერანტული, მიმღები გარემოს შექმნას, რასაც წარმატებით გავართვით თავი.
- ერთ-ერთ გამოწვევად რჩება გარემოს ადაპტირება, რაც ძველი ინფრასტრუქტურის გამო ვერ ხერხდება. სკოლაში არ არის გარე და შიდა სპორტული მოედანი, არ არსებობს ბიბლიოთეკა… შესაბამისად, მოსწავლეები ვერ იღებენ საჭირო სერვისებს.
- სკოლას აქვს რესურსების პრობლემა, რადგან მცირე ბიუჯეტიანია და ვერ ახერხებს სხვადასხვა რესურსის შეძენას.
სწორედ ამიტომ გვიხდება ხოლმე სასწავლო რესურსების თავად შექმნა. გიზიარებთ ჩემ მიერ შექმნილ რამდენიმე რესურსს, რომლის დამზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია:
აქტივობა 1.
საჭირო რესურსები: მუყაო, მარკერები, სიმინდი, წებო და ბოთლის თავსახური.
მუყაოზე ვხატავათ წიწილებს და ვამაგრებთ ბოთლის თავსახურებს. ქვემოთ ვწერთ შესაბამის რიცხვს. მოსწავლემ თითოეული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის სიმინდის მარცვალი უნდა მოათავსოს ბოთლის თავსახურში. ამ გზით ვითარდება ნატიფი მოტორული უნარები და რაოდენობითი მნიშვნელობის აღქმა.
აქტივობა 2.
საჭირო რესურსები: მუყაო, ფერადი ფურცელი, წებო, მარკერები.
მუყაოს ქაღალდს ფერადი ფურცლით ვფარავთ. მის ერთი მხარეს ვამაგრებთ რიცხვებს და მეორე მხარეს – რაოდენობის აღმნიშვნელ მათემატიკურ ბორბალს. ამ გზით მოსწავლე სწავლობს რიცხვებისა და რაოდენობის ცნობას.
აქტივობა 3.
საჭირო რესურსები: მუყაოს ქაღალდი, მარკერები და წებოვანი ლენტი.
მუყაოს ქაღალდზე ვწერთ რიცხვებს, ვფარავთ წებოვანი ლენტით და განვალაგებთ იატაკზე. რიცხვთა თანმიმდევრობა ჩვენი სურვილისამებრ შეგვიძლია განვსაზღვროთ. ბავშვი დგება ჩვენ მიერ დასახელებულ რიცხვზე ისე, რომ სხვა რიცხვს არ დააბიჯოს. ეს აქტივობა ავითარებს: აზროვნებას, მსხვილ მოტორულ და მათემატიკურ უნარებს.
აქტივობა 4.
საჭირო რესურსები: მუყაოს ყუთი, 3 თეთრი ფურცელი, მარკერები, საკანცელარიო დანა, წებო, ბოთლი და სიმინდი. სიმინდის ნაცვლად შესაძლებელია ბრინჯის, წიწიბურას ან ოსპის მარცვლების გამოყენება.
მუყაოს ყუთზე ვაწებებთ ქაღალდს. მასზე ვხატავთ რომელიმე მწერს და ვაფერადებთ, ვუჭრით პირს, ქვემოდან კი, წებოს საშუალებით, ვამაგრებთ გადაჭრილ ბოთლს (როგორც ნაჩვენებია სურათზე). მოსწავლემ ამოჭრილში უნდა მოათავსოს ყუთში ჩაყრილი სიმინდი, რომელიც გადაჭრილ ბოთლში მოთავსდება. ეს აქტივობა ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, წვრილი მოტორული უნარების, ხელისა და თვალის კოორდინაციის განვითარებას.
აქტივობა 5.
საჭირო რესურსები: მუყაოს ქაღალდი, მარკერები, ფერადი ფურცელი, წებო და მაკრატელი.
მუყაოს ქაღალდზე ვხატავთ ერთ დიდ და 10 მცირე ზომის რგოლს. მცირე ზომის რგოლების ზომაზე ვჭრით სხვა რგოლებს და წებოთი ვაკრავთ ფერადი ფურცლისგან გამოჭრილ რგოლებს. მარკერით ვაწერთ ციფრებს, რომლებიც მოსწავლემ თანმიმდევრულად უნდა განალაგოს მცირე ზომის 10 წრეში (როგორც სურათზეა ნაჩვენები). აქტივობა ავითარებს ციფრთა ცნობის უნარს.