წიგნის ქართულ ბაზარზე, წლების განმავლობაში, მეტ-ნაკლები სიხშირით, იყიდებოდა ფალსიფიცირებული მხატვრული ლიტერატურა და სასკოლო სახელმძღვანელოები. დღეს „შავმა ბაზარმა“ გამორჩეულად მასშტაბური სახე მიიღო, კონტრაფაქციური პროდუქციის მომრავლება სერიოზულ პრობლემებს უქმნის გამომცემლობებს.
ასევე წლების განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა კონტრაფაქციული გამოცემების ბეჭდვისა და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიების შემუშავებაზე, რადგან ყველა თანხმდება, რომ კონტრაფაქციული პროდუქციის ბეჭდვა და გაყიდვა არღვევს ავტორისა და გამომცემლის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, იმავდროულად, ზიანს აყენებს მომხმარებლის (მათ შორის ბავშვების) ჯანმრთელობას. როგორც ჩანს, ეფექტური სტრატეგიების შემუშავება ვერ მოხერხდა, რადგან ეს პრობლემა, დღეს, უფრო მეტი სიმწვავით დგას. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ გაყალბებული წიგნებით არა მარტო ბაზრობებზე, არამედ წიგნის მაღაზიებშიც ვაჭრობენ. ამ ფონზე, ლოგიკური იქნებოდა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან პრობლემის მოგვარების სურვილის არსებობის შემთხვევაში.
გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორი, თამარ ლებანიძე ამბობს, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა და შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ისტორიულიც კი. „მხატვრული ლიტერატურის (საბავშვოც და დიდების) მასობრივად გაყალბების პირველი შემთხვევა ჩვენ უკვე ამ საუკუნის დასაწყისში გვქონდა, მაგრამ ყველაზე მასშტაბური დარტყმა იყო 2007 წელს, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი სახელმძღვანელო გააყალბეს, მაშინ, დაახლოებით, 50 000 ლარის ზარალი ვნახეთ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შევისყიდეთ არალეგალურად გამოცემული ეგზემპლარები, მერე ფორმალური სასამართლო პროცესიც გაიმართა, ძალიან კომიკური და მოსამართლემ, ერთი მხრივ, დაადგინა, რომ ეს წიგნები უნდა გაგვენადგურებინა, მეორე მხრივ კი, რადგან დამნაშავე ვერ მოიძებნა, საქმე დახურა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად კანონიერი იყო მისი გადაწყვეტილება, რადგან იმ მომენტში ჩვენ ადვოკატი არ გვყოლია, მაგრამ უსამართლო რომ იყო, ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, მოსამართლე-გამომძიებელი გარიგებული იყვნენ იმ სტამბებთან და დისტრიბუტორებთან, რომლებიც აწარმოებდნენ და ყიდდნენ ე.წ. „ლევი“ წიგნებს. ამის შემდეგ, პრობლემამ, რა თქმა უნდა, იმატა და შეიძლება ითქვას, რომ მასშტაბური სახე მიიღო. რამდენჯერმე ვცადეთ, უკვე იურისტების დახმარებით, სახელმწიფო ორგანოების ყურადღება მიგვექცია ამ პრობლემაზე, ფინანსურ პოლიციასაც დავუკავშირდით, მაგრამ, კვლავ და კვლავ, ამან შედეგი არ გამოიღო. პირიქით, პარადოქსია, მაგრამ ჩვენ ვხდებოდით ბითუმად მოვაჭრეებისა და მესტამბეების მხრიდან თავხედური დამოკიდებულებისა და აგრესიის მსხვერპლი, აბსოლუტური დაუსჯელობის სინდრომი. არაერთხელ ვიწვნიეთ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება.“
თამარ ლებანიძე ამბობს, რომ ხელიც კი ჩაიქნიეს და, წლების განმავლობაში, აღარ აქტიურობდნენ. თუმცა, მისი აზრით, შავი ბაზრის დარეგულირება შესაძლებელია. მაგალითად თურქეთი მოჰყავს, სადაც იგივე პრობლემა იდგა, მაგრამ რამდენიმე ეფექტური მექანიზმი აამუშავეს და პრობლემაც მოაგვარეს. სათანადო სტრუქტურებს სთავაზობდნენ კიდეც ამ მექანიზმების განხილვას, იქნებ მათი გამოცდილება საქართველოსთვისაც მისაღები ყოფილიყო, მაგრამ უშედეგოდ.
„მერწმუნეთ, ვერც ერთი ჩვენი უცხოელი კოლეგა ვერ იგებს საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ერთი მხრივ, ფრანკფურტში ჩავედით და ევროპას „თვალი დავუყენეთ“ და მეორე მხრივ, აქ, ამ ქალაქში (და არა მარტო თბილისში, არამედ ძალიან ბევრ რაიონულ ცენტრში) ყვავის შავი ბაზარი. ამის ახსნა უცხოელი კოლეგებისთვის წარმოუდგენლად რთულია და სამარცხვინო. როდესაც თავი მოგაქვს, რომ შენს ქვეყანაში ეს სფერო აღმავლობას განიცდის, ასეთი სერიოზული დარტყმა ნამდვილად ჩრდილოვანი ეკონომიკის მანიშნებელია. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან, ვერც ერთხელ, რეალური დახმარება ვერ მივიღეთ. თუმცა, დახმარება ცუდი სიტყვაა, არავის დახმარება არ გვჭირდება, აქ კანონის აღსრულებაზეა ლაპარაკი. სამწუხაროდ, ვერც ერთხელ შედეგს ვერ მივაღწიეთ.“
პრობლემა რომ მრავალი წელი მძიმე ტვირთად აწევთ გამომცემლობებს, ამას კახა რუსიძე, გამომცემლობა „მერიდიანის“ დირექტორიც ადასტურებს: „ბოლო დროს, ფინანსური სამსახური დაინტერესდა ამ საკითხით, რაც, პრინციპში, კარგია. ძალიან პრობლემატური საკითხია. გასულ წლებში ჩვენც გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა გაყალბებული წიგნების, ფინანსური სამსახურის უფროსთანაც კი ვიყავი შესული, რეაგირებაც დაიწყეს, მაგრამ სამართლებრივი მხარე ბოლომდე არ არის მოწესრიგებული, ამიტომ ყალბისმქმნელებს გახსნილი აქვთ ხელ-ფეხი. თვითონ ის ფაქტი, რომ ახლა შესაბამისი სამსახურების მხრიდან მეტი დაინტერესებაა, ძალიან მნიშვნელოვანია. ფინანსურმა პოლიციამ მაღაზიებიდან რამდენიმე გამომცემლობის წიგნები ამოიღო საკმაოდ დიდი რაოდენობით — სადგურის მიდამოებში საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს. ეს პრობლემა სასწრაფოდაა მოსაგვარებელი. ალბათ პარლამენტშიც და სხვა შესაბამის სტრუქტურებშიც უნდა იმსჯელონ ამაზე, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, მოგვარდეს. ძალიან უხეშად ირღვევა ჩვენი საავტორო უფლებები . წარმოიდგინეთ, რომ ისინი, ვინც „ლევად“ ბეჭდავენ ე.წ. ყალბ წიგნებს, არც გადასახადებს იხდიან, არც ავტორს აძლევენ ჰონორარს და არც გამომცემლობაში შედის არაფერი, ამავდროულად, ძალიან სერიოზულ კონკურენციას ქმნიან.“
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ჯერ კიდევ 2016 წელს, საუბრობდა ამ პრობლემაზე და შესაბამის სტრუქტურებს ახსენებდა, რომ კონტრაფაქციული გამოცემები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად გადასაჭრელი საკითხია, რომელიც გამომცემლებს აწუხებს. გაყალბებული გამოცემებით სერიოზული მატერიალური ზიანი ადგებათ გამომცემლობებსა და ავტორებს, უხეშად ირღვევა მათი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. აღნიშნული ფაქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების პირდაპირ დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.
2019 წლის 10 ოქტომბერს, გამომცემლებმა და ავტორებმა ოფიციალური განცხადებით მიმართეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის უფროსებს — მოუწოდებენ, სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. გთავაზობთ ამონარიდს ამ განცხადებიდან:
„მიმდინარე წელს კონტრაფაქციური (ყალბი, „ლევი“) წიგნების, მათ შორის სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის წარმოება/გაყიდვამ მიიღო განსაკუთრებით დიდი მასშტაბი.
გამომცემლების გვერდის ავლით, ყალბი წიგნების წარმოებისას ხელყოფილია საავტორო და საგამომცემლო ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
კონტრაფაქციული წიგნები საფრთხის მატარებელია მომხმარებლის, განსაკუთრებით ბავშვის ჯანმრთელობისთვის, რადგან ეს წიგნები დამზადებულია იაფი, უხარისხო პოლიგრაფიული მასალებით, შეიცავს სხვადასხვა მავნე, მომწამლავ ნივთიერებას.
კონტრაფაქციული წიგნები უმეტეს შემთხვევაში იყიდება ჩეკისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე, აზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტს, ხელს უწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას…“
ამის პარალელურად, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ სპეციალური სამახსოვრო ბარათებიც დაამზადა – „წიგნის მოვაჭრეთა საყურადღებოდ“, სადაც მათ აფრთხილებს, რომ კონტრაფაქციული წიგნების, მათ შორის სასკოლო სახელმძღვანელოების, წარმოება და გაყიდვა დანაშაულია.
„კონტრაფაქციური წიგნების ბეჭდვა და გაყიდვა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლის მიხედვით. ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1571, 1572 და 1573 მუხლები, რა დროსაც კანონდამრღვევი დაჯარიმდება 500-დან 5000 ლარამდე.
გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ თქვენს სავაჭრო ადგილას აღმოჩენილი იქნება კონტრაფაქციული წიგნები (მათ შორის, სასკოლო სახელმძღვანელოები), თქვენ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“
სამახსოვრო ბარათები ბაზრობებზე „ლევი“ წიგნებით მოვაჭრეებს, ე.წ. დახლის მოვაჭრეებს დაურიგეს. მიუხედავად იმისა, რომ აქ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ბარათების ადრესატები ამ აქციას არასერიოზულად ხვდებოდნენ, სიცილით. ამას შეიძლება ორი ახსნა ჰქონდეს: ან ამ ადამიანებს მართლა არ ესმით, რომ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს სჩადიან, ან მათ უკან იმდენად გავლენიანი პირები დგანან, რომ დაუსჯელობის განცდა უჩნდებათ.
გამომცემელთა ნაწილი ფიქრობს, რომ თუკი ადრე „ლევი“ ტირაჟებს დიდი სტამბები უშვებდნენ, ახლა, ისინი ასეთ საქმეებში აღარ მონაწილეობენ, პატარა, მინი-სტამბებია გახსნილი, ე.წ. იატაკქვეშა სტამბები, რომლებიც გადასახადებსაც კი არ იხდიან. არსებობს ვარაუდი, რომ წიგნებით მოვაჭრეები, ე.წ. მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც გამომცემლობებთან თანამშრომლობენ და იციან, რომელ წიგნებზეა მოთხოვნა საზოგადოებაში, თვითონ უკვეთავენ იატაკქვეშა სტამბებს „ლევი“ ტირაჟებს და თვითონვე ავრცელებენ ბაზრობებზე.
გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი კახმეგ კუდავა, ჩვენთან საუბარში („ახალი განათლება“ №33), გამოთქვამდა ვარაუდს, რომ, დიდი ალბათობით, ვისაც მათი დისკები აქვს მიბარებული და ბეჭდავს სახელმძღვანელოებს, მაგალითად, 19 ათას ეგზემპლარს, დაბეჭდავს 20 ათასს და ათასს შავ ბაზარზე გაუშვებს. „ჩვენ ამის გაკონტროლების საშუალება არ გვაქვს. ეს ის ხალხია, ვისაც მონოპოლია აქვს ბეჭდვაზე. აგერ უკვე მერამდენედ, პირდაპირი შესყიდვის გზით იბეჭდება სახელმძღვანელოები.“
ყველა შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს სახელმწიფოს პოზიცია — გატარდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. თუკი ევროპისკენ მივისწრაფით და ვაღიარებთ დემოკრატიულ ღირებულებებს, კარგი იქნებოდა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება და, შესაბამისად, საავტორო და საგამომცემლო ინტელექტუალური საკუთრების უფლების პატივისცემა.
კიდევ ერთი, სახელმწიფოსა და გამომცემლებს შორის გაჩენილი უთანხმოების ფონზე, არ დაგვავიწყდეს ის ბავშვები, ვის ხელშიც უხარისხო პოლიგრაფიული მასალით დამზადებული, ჯანმრთელობისთვის საზიანო კონტრაფაქციული წიგნი მოხვდება. ახლა ჯერი სახელმწიფოზეა, ვნახოთ, რამდენად სწრაფი და ეფექტური იქნება რეაგირება.
ლალი თვალაბეიშვილიო