ნინო ხუნდაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელოვნების ჯგუფის ხელმძღვანელი
ჩვენი ჯგუფი ამზადებს ტესტს ეროვნული გამოცდისთვის, რომელიც ტარდება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. ტესტი სრულად ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, რომელიც შექმნილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით; ვიზუალური მასალა, რომლითაც დატვირთულია ჩვენი ტესტი, აღებული იქნება სწორედ ამ სახელმძღვანელოებიდან. ტესტი 70-ქულიანია და მის შესასრულებლად თქვენ გეძლევათ 3 საათი, რომელიც, მერწმუნეთ, რომ სავსებით საკმარისია სრულყოფილად დავალებების შესასრულებლად.
დავალებები შედგება დახურული და ღია კითხვებისგან.
დახურული კითხვები არის შედგენილი 7 ან 8 დავალებისგან, რომლებიც ერთ ვიზუალურ მასალას შეეხება, ანუ ეს არის ერთი არქიტექტურული ნაგებობა, მხატვრობის (ფერწერის ან გრაფიკის) და ქანდაკების ნიმუში. ამ ვიზუალურ მასალას თან ერთვის 7 ან 8 კითხვა.
ზოგიერთი დავალება ნამდვილად ითვალისწინებს ფაქტობრივი მასალის ცოდნას, მაგრამ ზოგიერთ დავალებას შეიძლება ისე გაართვას აბიტურიენტმა თავი, რომ მას გარკვეული საკითხის ნამდვილად არ სჭირდება იმიტომ, რომ მოცემულია კითხვა, ასევე ვიზუალური მასალა და მასზე დაკვირვების საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ მარტივად ამოიცნოთ სწორი პასუხი.
ღია დავალებები სხვადასხვაგვარია – არის მარტივი, რომელიც წინადადებაში სწორი ტერმინის ჩასმას მოითხოვს. არის დავალებები იმის დასადგენად მოყვანილი, ჭეშმარიტია თუ მცდარი ფორმულირება.
ასევე არის 3 დავალება, რომელიც ითვალისწინებს ანალიზს და 1 დავალება, რომელიც შედარებითი ანალიზის შესრულებას ითვალისწინებს, ეს გახლავთ ყველაზე მაღალქულიანი, 15-ქულიანი დავალება.
დავალებები იმგვარად არის შედგენილი, რომ აუცილებელია ამოიცნოთ დარგი, ჟანრი თუ ტექნიკა ან ტექნოლოგია, იმსჯელოთ იმ თავისებურებებზე, რომელიც ახასიათებს ხელოვნების ნიმუშს და მის შესაბამისობაზე ეპოქასთან, ერთმანეთს შეადაროთ სხვადასხვა დროს თუ სხვადასხვა ავტორის მიერ შესრულებული ხელოვნების ნიმუშები და ასევე, ერთი ავტორის მიერ შესრულებული ნიმუშები.
თუ ადამიანი მიანიშნებს იმ თავისებურებებზე, რომელსაც ხედავს ხელოვნების ნიმუშში, მაგრამ მან არ იცის რომელი ეპოქის არის ეს ნიმუში, შეუძლია მხოლოდ თავისი მიგნებების შესახებ ისაუბროს და, სულ ცოტა, იმ ქულების ნახევარს დაიმსახურებს – 4 ქულიდან 2 ქულას, შესაძლოა 3 ქულაც მიიღოს ან 15-ქულიან დავალებაში, სულ მცირე, 7 ქულა მაინც დაიმსახუროს.
რჩევები
⇒ ყურადღება უნდა მიაქციოთ აუცილებლად კითხვას, პირველ რიგში, თუ როგორ არის ეს კითხვები ფორმულირებული. ხშირად, კითხვაშია უარყოფის შემცველი ფორმულირება, ანუ რა არ არის სწორი, რომელი არ წარმოადგენს სწორ პასუხს, რომელი არ ახასიათებს და ამგვარად, დახურულ კითხვებში, შესარჩევ პასუხებში, მოცემული იქნება 3 ისეთი ფორმულირება, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ხელოვნების ნიმუშისთვის და მხოლოდ 1 იქნება მისთვის შეუსაბამო.
⇒ ღია დავალებების შემთხვევაში, დავალებისთვის გასაცემი პასუხების დიდი ნაწილი პირობაში უკვე ჩადებულია.
ასე რომ, ყურადღებით გაეცანით დავალებებს, წაიკითხეთ პირობა და ის მოთხოვნები, რომელიც ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად იქნება განსაზღვრული.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფის რეკომენდაციები აბიტურიენტებს