„საქართველოში მე არ მეგულება მეორე ქალი პედაგოგი, რომელსაც ისე სახელოვნად გაევლოს თავისი ცხოვრების გზა, როგორც ქალბატონ ქრისტინე ხარშილაძეს გაუვლია.“
ნოდარ ბასილაძე პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
23 აგვისტო, 2022წ.
„…რუხ ფარაჯას და პილოტურას — ჩვენს მძიმე წარსულს,
ამ ფოტოსურათს, უკვე ქცეულს ჩვენს ისტორიად,
გმირულ ბრძოლებში გამარჯვების სურნელი მოაქვს
თუმც ნატყვიარი, და სისხლის კვალიც გამოჰყოლია.“
ამონარიდი ქრისტინე ხარშილაძისადმი
მიძღვნილი ლექსიდან „რუხი ფარაჯა“. (თამაზ ხუნაშვილი)
ზუსტად 100 წლის წინ, 1922 წლის 17 ოქტომბერს, საჩხერის რაიონის სოფელ ნიგვზარაში, ნიჭიერი და მშრომელი გლეხების, მაკარ ხარშილაძისა და ვერა ნეფარიძის ოჯახში, დაიბადა პირველი შვილი, რომელსაც სახელად ქრისტინე დაარქვეს, თუმცა მას ყველა ნინას (შემდეგში ნინა მასწავლებელს) ეძახდა.
მისი განვლილი ცხოვრების ურთულესი გზიდან გამომდინარე, ძნელია თქმა, ბედნიერ ვარსკვლავზე იყო თუ არა იგი დაბადებული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ერნესტ ჰემინგუეის — „თითოეული ადამიანი იბადება რომელიღაც საქმისათვის. ყველას, ვინც დედამიწაზე დააბიჯებს, თავისი მოვალეობანი აქვს ცხოვრებაში“, ან კობა იმედაშვილის — „ყოველ კაცს თავისი ტვირთი აქვს ცხოვრებაში ასაწევი და იმდენადაა მისი ცხოვრებაც ფასოვანი, თუ ეს ტვირთი სამშობლოს სამსხვერპლოზე მისატანი ზვარაკია“ — სიტყვებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ბედნიერი დაბადება.
ქრისტინეს მიერ სახელოვნად განვლილი ცხოვრების გზის შესახებ ათეული წლებია იწერება სტატიები საქართველოს პრესაში. დაიწერა ასევე წიგნები: „თბილისიდან — ბრესლაუმდე“ (გამოიცა ორჯერ), „ზნეობის გაკვეთილი“. ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტში — Google და ა.შ.
ზემოთქმულის დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის — ედუარდ შევარდნაძისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის — როინ მეტრეველის მილოცვა დაბადების 80 წელთან დაკავშირებით: „…მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ათეული წლების განმავლობაში ემსახურეთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს. თქვენ მიერ ღირსეულად და უმწიკვლოდ განვლილი გზა ჭეშმარიტად სამაგალითოა მომავალი თაობებისათვის… ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი აღზრდილები ღირსეულ წვლილს შეიტანენ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში…“ (ედუარდ შევარდნაძე, „საქართველოს რესპუბლიკა“, 12.12.2002წ).
2003 წლის 8 მარტი. საქართველოს მთავრობის სხდომათა დარბაზი. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ღირსების ორდენს გადასცემს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, საქართველოს დამსახურებულ პედაგოგს, ქრისტინე ხარშილაძეს.
„…ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დაამთავრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თქვენ ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი იყავით, რომლებმაც დიდი სამამულო ომის დაწყებისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლები და სტუდენტობის ლამაზი წლები ფრონტის ცხელ ხაზზე გაცვალეთ. ვალი მოიხადეთ სამშობლოს წინაშე. 1945 წელს ნაომარი, დაჭრილი და დაქანცული, მაგრამ მტერზე გამარჯვებული დაბრუნდით და კვლავ სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძეთ სწავლა… თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გულთბილად მოგილოცავთ 80 წლის იუბილეს და გისურვებთ კვლავაც ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას“ (როინ მეტრეველი, „საქართველოს რესპუბლიკა“; 4.11.2002წ. გვ.5). თუმცა უმჯობესია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ:
სოფელ კორბოულში არსებული სკოლის შვიდწლიანი კლასის დამთავრების შემდეგ, ქრისტინე ხარშილაძემ სწავლა ქ. ჭიათურის პირველ საშუალო სკოლაში განაგრძო, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1940 წელს და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ცხოვრება სტუდქალაქში დაიწყო. რთული იყო პირველი გაუბედავი ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეძლო და ყველაფერი კარგად გამოუვიდა: სწავლობდა ბეჯითად, ხშირად უგზავნიდა წერილებს ოჯახს, დედას ამხნევებდა და დედმამიშვილებსაც ბეჯითი სწავლისაკენ მოუწოდებდა, ერთი სიტყვით, ჩვეულებრივ სტუდენტურ ცხოვრებას ეწეოდა.
ასე გავიდა ერთი წელი და, თუ შეიძლება ითქვას, სწორედ ამ ბედნიერების ჟამს მოუსწრო ქრისტინეს ომმა: ქვეყანა 1941 წლის 22 ივნისს მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვია. გიგანტური ფრონტის ყველა უბანზე ქუხდნენ ზარბაზნები, გრიალებდნენ თვითმფრინავები. ომის საზარელი სუნთქვა თითქოს უნივერსიტეტის აუდიტორიებამდეც აღწევდა.
1942 წლის აპრილში ქრისტინე ხარშილაძემ მტკიცედ გადაწყვიტა დაეტოვებინა უნივერსიტეტი და, საკუთარი განცხადების საფუძველზე, მოხალისედ წასულიყო ფრონტზე. „მე მსურს დავიცვა ჩემი ქვეყნის მიწა-წყალი. გთხოვთ ჩამრიცხოთ წითელი არმიის რიგებში“ — იკითხებოდა მის განცხადებაში. 13 აპრილს შემკრებ პუნქტში გამოცხადდა და ჩაიცვა ჯარისკაცის ფარაჯა, რომელიც ომის დამთავრებამდე არ გაუხდია. ასე რომ, 13 აპრილი, მისი ცხოვრების პირველი წითელარმიული დღე გახდა. 19 წლის სტუდენტი ქალიშვილის ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება სამშობლოს წინაშე მის მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა. როგორც ქრისტინეს, ისე მისი თანატოლების ქცევა, რომლებმაც თავისი ცხოვრების საუკეთესო წლებზე, სტუდენტურ ცხოვრებაზე უარი თქვეს და ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებნენ, ვფიქრობ, გმირობის ტოლფასი იყო.
ქრისტინე 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკში ჩარიცხეს პროჟექტორისტად. პოლკი თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო დაბანაკებული თბილისის მახლობლად — მცხეთაში, წყნეთში, ლილოსა თუ სხვა ადგილებში. საზენიტო ბატარეიები და საცეცხლე წერტილები შემაღლებულ ადგილებზე ჰქონდათ განლაგებული: დღისით და ღამით ფხიზლად დარაჯობდნენ დედაქალაქს, იცავდნენ მტრის თვითმფრინავების თავდასხმისაგან. ხოლო 1943 წლის სექტემბერში, 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკმა და, მასთან ერთად, ქრისტინემაც დატოვა საქართველო და დასავლეთის ფრონტზე გადავიდა.
ქრისტინე მონაწილეობდა მრავალი ქალაქისა და დასახლებული პუნქტის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში. იცავდა მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდს, რომელზეც გადიოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო ლიანდაგი.
1945 წლის მარტში 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკი გადაიყვანეს ქ. ბრესლაუს გათავისუფლებისათვის ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად. ქალაქი გაპარტახებული იყო. ცეცხლი ჩაუქრობლად ენთო ქუჩებში. ალყაში მოქცეულ ფაშისტებს იარაღის დაყრა არ სურდათ. საზენიტო-საარტილერიო პოლკს უნდა გაენადგურებინა მტრის თვითმფრინავები, რომლებიც ტყვია-წამლისა და სურსათ-სანოვაგის მიწოდებას ცდილობდნენ ალყაში მყოფი ფაშისტებისათვის.
24 მარტის მზიანი დილა იდგა. მანქანებიდან გადმოსული მებრძოლები ქალაქ ბრესლაუს მახლობლად მდებარე ერთ-ერთი დანგრეული ეკლესიის ეზოში დაბანაკდნენ. აქ შეჩერების მიზანი მცირეოდენი დასვენება და ბრესლაუს გარშემო მებრძოლთა განაწილებისათვის გეგმის შედგენა იყო. მოულოდნელად ცაზე მტრის „მესერშმიტები“ გამოჩნდნენ, რომელთაც პოლკის მთლიანად განადგურება განეზრახათ, რათა მებრძოლებს სათანადო ადგილებამდე ვერ მიეღწიათ. ატყდა საჰაერო განგაში. საბრძოლო მდგომარეობაში იქნა მოყვანილი ზარბაზნები. ფაშისტთა თვითმფრინავები ჰაერში ტალღურად მოძრაობდნენ და სეტყვასავით ყრიდნენ ბომბებს. საპასუხო ცეცხლი გაიხსნა მიწიდანაც. ეს ყველაფერი წამებში მოხდა. საზარელმა გრიალმა მოიცვა არემარე, გეგონებოდათ დედამიწა გასკდაო.
სწორედ ამ დროს უმტყუნა ქრისტინეს ბედმა. ტყვიებმა იპოვნეს სამიზნე: ქრისტინე ქვემო კიდურებსა და ღვიძლის არეში დაიჭრა. ახსოვს, რომ ხოხვით ძლივს შეაღწია ერთ-ერთი ახლომდებარე სატვირთო მანქანის ქვეშ, მაგრამ შემდეგ რა მოხდა, არ იცის, რადგან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა; არ ახსოვს როგორ გადაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. რომ არა განგების ნება და დასტაქარის ოსტატობა, შესაძლოა, იგი სამუდამოდ მიჯაჭვოდა ინვალიდის სავარძელს. იმ დღეს, გერმანელთა ამ შემოტევის გამო, პოლკის მრავალი მებრძოლი დაიჭრა და დაიღუპა.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ქალბატონი ნუცა შალიკაშვილი თავის მოგონებებში წერს: „…ფრონტიდან კილომეტრნახევარში იდგნენ ჩვენი მეზენიტეები, როცა მტრის სამმა თვითმფრინავმა შემოუტია მათ პოზიციებს, მეზენიტეებმა ერთი მაშინვე დაწვეს. გამხეცებულმა ფაშისტებმა ტყვიამფრქვევის ცეცხლი დაუშინეს ჩვენებს. „იუნკერსები“ ისე დაბლა დაფრინავდნენ, რომ აშკარად ჩანდა ფრიცების სახეები, სწორედ მაშინ დაიჭრნენ ქრისტინე ხარშილაძე, თინა კილაძე და სხვები“. გამოჯანმრთელების შემდეგ ქრისტინე კვლავ დაუბრუნდა ნაწილს და ქ. ბრესლაუს განთავისუფლებისათვის ბრძოლა განაგრძო.
1945 წლის 6 მაისს ფაშისტებმა იარაღი დაყარეს. უკრაინის 1-ლი ფრონტის ჯარებმა, ხანგრძლივი ალყის შედეგად, 7 მაისს, მთლიანად დაიკავეს ქალაქი და ციხე ბრესლავლი (ბრესლაუ). ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის 415-ე საზენიტო არტილერიის პოლკი წითელი ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, ქრისტინე ხარშილაძეს უმაღლესი მთავარსარდლის მადლობაც გადასცეს. 1945 წლის 9 მაისს ქრისტინემ, თავის პოლკთან ერთად, მტერზე გამარჯვება იზეიმა.
1945 წლის აგვისტოში ომგადახდილი, მრავალჭირგამოვლილი, საბრძოლო ჯილდოებით მკერდდამშვენებული ქრისტინე საქართველოში დაბრუნდა. 1 სექტემბერს უნივერსიტეტში გამოცხადდა და სწავლა კვლავ მე-2 კურსიდან განაგრძო. ლექციებს უკითხავდნენ საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერები: ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ევგენი ხარაძე, მიხეილ ნოდია, მათე მირიანაშვილი, ლევან გოკიელი, გივი ხუციშვილი, პოლიექტოვ-ნიკოლაძე და სხვანი. მასთან ერთად ჯგუფში სწავლობდნენ შემდგომში სახელოვანი მეცნიერები: მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქალბატონი ნათელა კახნიაშვილი და დოცენტი, ბატონი გიორგი ალექსანდრია, მასავით მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, სახელოვანი ქართველი მოჭადრაკის, ნანა ალექსანდრიას, მამა.
1949 წელს ქრისტინემ წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, დაუბრუნდა თავის მშობლიურ სოფელს და მუშაობა დაიწყო კორბოულის საშუალო სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად. ბრძოლაგამოვლილი, ჯილდოებით მკერდდამშვენებული ახალგაზრდა მასწავლებელი, საიმედო დასაყრდენი იყო უამრავი ახალგაზრდისათვის, რომლებიც ცოდნას იძენდნენ და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე გამოსასვლელად ემზადებოდნენ. მოგვიანებით თვითონ ქრისტინე იგონებდა, თუ რა სულგანაბული უსმენდნენ მას ახალგაზრდები, როგორ უღვივდებოდათ გულში სამშობლოს სიყვარული და როგორი პატივისცემით იმსჭვალებოდნენ სამშობლოსათვის დაღუპული ვაჟკაცებისა და ქალიშვილებისადმი.
1951 წელს ქრისტინე ცოლად გაჰყვა ანდრო მაჭარაშვილს, რომელიც შემდეგში 31 წლის განმავლობაში მუშაობდა კორბოულის ჯერ მეორე და შემდეგ პირველი საშუალო სკოლების დირექტორად, ხოლო 9 წლის განმავლობაში — სასწავლო ნაწილის გამგედ. მათ შეეძინათ შვილები: ეთერ და რევაზ მაჭარაშვილები.
საჩხერის რაიონის განათლების განყოფილებაში დიდად აფასებდნენ ამ ნაბრძოლი ქალის შრომისუნარიანობას და პედაგოგიურ ალღოს. ახასიათებდნენ როგორც საგნის ღრმად მცოდნეს, დიდი პასუხისმგებლობის მქონესა და სწავლების მოწინავე მეთოდებით აღჭურვილს. მოსწავლეებს ასწავლიდა საგანს, ხოლო დამწყებ და ახალგაზრდა პედაგოგებს — სწავლების ხერხებსა და მეთოდებს. უჩვენებდა, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ პროგრამული მასალის მაღალხარისხოვნად სწავლება. უნდა ითქვას, რომ მათემატიკა იყო ერთ-ერთი ის საგანი, რომლის სწავლება სკოლაში უმაღლეს დონეზე იდგა; რაც არა მხოლოდ ქრისტინე ხარშილაძის, არამედ იმ „მათემატიკური სკოლის“ უძლიერეს პედაგოგთა დამსახურება იყო, რომელთა გვერდითაც მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა ქრისტინე პედაგოგიურ მოღვაწეობას: ალიოშა მაჭარაშვილი, თამარ ხუროშვილი, მარიამ კულიჯანოვა, პეტრე ლაბაძე, ნუნუ დარბაიძე, ციური ცარციძე, ეთერ მაჭარაშვილი და სხვ. მოკლედ, ქრისტინე ხარშილაძე პედაგოგიურ გუნდს ამშვენებდა, ხოლო ეს გუნდი — ქრისტინეს.
კორბოულის 1 საშუალო სკოლაში ქრისტინე ხარშილაძემ 46 წელი იღვაწა და ერთგულად ემსახურა მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. ქრისტინეს ყოფილი მოსწავლე, შემდეგში მცხეთის რაიონის განათლების განყოფილების უფროსი უშანგი ხარშილაძე იგონებდა: „ის იყო ჭეშმარიტი პატრიოტი. ალალად უყვარდა თავისი ქვეყანა, სრულიად საქართველო. ახალგაზრდობას ასწავლიდა, თუ როგორ უნდა ამაყობდნენ ისინი პატარა, მაგრამ სწორუპოვარი სამშობლოთი“. ვფიქრობ უპრიანია ჩამოვთვალოთ ყველა ის ჯილდო, რომლებიც მიღებული აქვს თავისი სიცოცხლის მანძილზე და რომლებიც მის ყველა წარმატებასა და მიღწევებზე ღაღადებენ:
საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება; უფროსი მასწავლებლის წოდება; დიდი სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი; ხალხთა მეგობრობის ორდენი; საპატიო ნიშნის ორდენი; ღირსების ორდენი; მედალი კავკასიის დაცვისათვის, მედალი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისათვის, უმაღლესი მთავარსარდლის მადლობა ქალაქ ბრესლაუს დაუფლებისათვის ბრძოლებში ბრწყინვალე საბრძოლო მოქმედებებისათვის; მრავალი საბრძოლო მედალი და ა.შ.
2014 წელს, 92 წლის ასაკში, ქრისტინე ხარშილაძე გარდაიცვალა, ხოლო 2015 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის 1 საჯარო სკოლას (დირექტორი — ბატონი ბეგლარ არჯევანიძე) ქრისტინე ხარშილაძის სახელი მიანიჭა. მართლაც რა მშვენივრად წერდნენ სახელოვანი ქართველი მგოსნები:
„თუ რომელიმე ხალხის გაცნობა გინდა, იმ ქვეყნის ქალები უნდა გაიცნო, შეისწავლო… ისინი არიან თავისი ქვეყნისა და ხალხის მაჩვენებელი, როგორც ბარომეტრი ტაროსის“ (აკაკი);
„ფასს დასდებს ბოლოს ქვეყანა, ვისაც რამ დაგვითესია“ (ვაჟა).
მიმდინარე წელს სკოლას დაარსებიდან 150 წელი შეუსრულდა, ხოლო ქრისტინე ხარშილაძეს — დაბადებიდან 100 წელი. ამ უაღრესად მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, სულ ახლახან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, გამოიცა ჩემი 250-გვერდიანი ნაშრომი „შენ, ჩვენო დიდო იმედო“, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ლევან ივანაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გაგა დარბაიძეს და მუნიციპალიტეტის მთელ გუნდს.
რევაზ მაჭარაშვილი -ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ორგზის ღირსების ორდენის კავალერი, მრავალი წიგნის ავტორი, ამავე სკოლის აღზრდილი