რევაზ მაჭარაშვილი პროფესიით ინჟინერია, ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, მაგრამ უკანასკნელ წლებში იგი ახალ ამპლუაში მოგვევლინა – გამოსცა შესანიშნავი ნაშრომები ქართული პედაგოგიკის ისტორიაში. ჯერ იყო და, 2022 წელს გამოიცა მისი მონოგრაფია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის ქრისტინე ხარშილაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაზე, სათაურით – „შენ, ჩვენო დიდო იმედო“, რომელსაც, წლების განმავლობაში, სათავეში ედგა მისი მამა – ანდრო მაჭარაშვილი და მასთან ერთად მოღვაწეობდა დედა, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, მათემატიკოსი, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, 4 ორდენისა და მრავალი მედლის კავალერი ქრისტინე ხარშილაძე, რომელსაც იმ წელს შეუსრულდა დაბადებიდან 100 წელი. (2015 წლიდან აღნიშნული სკოლა ქალბატონ ქრისტინე ხარშილაძის სახელს ატარებს).
ბატონი რევაზ მაჭარაშვილი არ დაკმაყოფილდა თავის სკოლაზე დაწერილი ერთი წიგნით და მომდენო წელს მეორე ნაწილი შემოგვთავაზა, იმავე სათაურით, რომელშიც, ძირითადად, საუბარია 2022 წლის 28 ნოემბერს გამართულ სკოლის დაარსების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომის მსვლელობაზე და ყველა იმ პირზე, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო აღნიშნული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებაში.
როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო და, სულ ახლახან, ბატონმა რეზომ გამოსცა კიდევ ერთი მეტად საინტერესო და საჭირო წიგნი – „განათლების კერები საჩხერის მუნიციპალიტეტში“, რომელშიც წარმოდგენილია ამჟამად ფუნქციონირებადი 40 საჯარო სკოლის ისტორია. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება საქართველოში. ასეთი ნაშრომი, ჩვენი აზრით, ჯერჯერობით, არავის შეუქმნია ქართულ ენაზე. ასე რომ, ბატონი რეზო ამ საქმის პიონერია, რომელმაც ქართული პედაგოგიკის ისტორიაში ახალი გზა გაკვალა, რაც უაღრესად რთული და მეტად საპატიო ამოცანაა. ასეთი საქმის მაღალ დონეზე შესრულება ყველას როდი ძალუძს. ეს მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. სწორედ ასეთ ადამიანებზე უყვარდა ხოლმე თქმა დიდ გალაკტიონს: „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!“
თავად სარეცენზიო ნაშრომის ავტორი ბოლოსიტყვაობაში წერს: „ახლა, როდესაც ამ წიგნის ბოლო სტრიქონებს ვწერ, მაგონდება ის დრო, როცა ქრისტინე ხარშილაძის სახელობის სოფელ კორბოულის პირველი საჯარო სკოლის დაარსების ისტორიის წერას ვასრულებდი. მაშინ რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა: თქვენ საჩხერის მუნიციპალიტეტის განათლების ყველა კერის ისტორიის დაწერაც მოგიწევთო, პასუხად ალბათ გავიფიქრებდი: „ნეტარ არიან მორწმუნენი“-მეთქი.
გავიდა დრო და როდესაც ამ სახელოვანი სკოლის საიუბილეო ზეიმის დასრულებისას ყველა მონაწილის ხელში ჩემი დაწერილი წითელყდიანი წიგნი „შენ, ჩვენო დიდო იმედო“ ვიხილე, ვირწმუნე, რომ მსგავსი, მართლაც საშური და საპასუხისმგებლო, სამუშაოს შესრულება ნამდვილად ხელმეწიფებოდა…
და აი, სწორედ ამ დროს მივიღე კიდეც საჩხერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ქალბატონი ცისმარი მაჭარაშვილის წინადადება-შემოთავაზება, დამეწყო მუშაობა ამ უაღრესად სერიოზულ და ავტორიტეტულ პროექტზე. ეს იყო 2022 წლის 28 ნოემბერს. ამას იგი ხშირად ახსენებს მკითხველს, რომ აღნიშნული წიგნის შექმნის იდეა ქალბატონ ცისმარი მაჭარაშვილს ეკუთვნის და დიდ მადლობას უხდის მას.
სარეცენზიო ნაშრომში ბატონი რევაზ მაჭარაშვილი დაწვრილებით აგვიწერს საჩხერის ადგილმდებარეობას, მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, მასში შემავალ სოფლებს, მატერიალური კულტურის ძეგლებს, სოფლის მეურნეობის დარგებს, წიაღისეულ სიმდიდრეებს, იგონებს და გვაცნობს მუნიციპალიტეტში დაბადებულ და გაზრდილ სახელოვან ადამიანებს, სკოლის დირექტორებს, ამა თუ იმ სკოლაში მოღვაწე პედაგოგებს, მოსწავლეებს და დაწვრილებით იხილავს თითოეული სკოლის პასპორტს – სკოლის ისტორიას, რომელშიც მითითებულია მისი გახსნის თარიღი, რაიონის დასახელება, სკოლის სრული სახელწოდება, მისამართი, საფოსტო განყოფილება, უახლოესი რკინიგზის სადგურის დასახელება, მანძილი სკოლიდან რკინიგზამდე, რომელ ენაზე მიმდინარეობს სწავლება და ა.შ. აქვე იგი დასძენს: „საჩხერის მადლიან მიწაზე აღზრდილ ღვაწლმოსილსა და სახელოვან მამულიშვილთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცენატი ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, რომლის ინიციატივითა და დაფინანსებით აშენდა ან კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაერთ სკოლასა და სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებას საჩხერის მუნიციპალიტეტსა და არა მხოლოდ იქ“.
სხვა სკოლების გვერდით, ავტორი საუბრობს ისევ ქრისტინე ხარშილაძის სახელობის კორბოულის №1 საჯარო სკოლის დაარსების ისტორიაზე, რადგან აღნიშნული სკოლა პირველი საგანმანათლებლო კერა იყო ყოფილი შორაპნის მაზრაში, რომელმაც ჯერ კიდევ 1972 წელს აანთო ცოდნის ლამპარი და „…აქ ანთებულმა ლამპარმა გაანათა მეზობელი სოფლებიც, მრავალ ოჯახში დაიდო ბინა წიგნმა და სინათლემ“. ესაა ბატონი რეზოს მშობლიური სკოლა, სადაც იგი ეზიარა სწავლა-განათლებასა და ცოდნას. ამ სკოლას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიუძღვნა მან, 2022 და 2023 წლებში, უაღრესად საინტერესო ნაშრომები.
სარეცენზიო ნაშრომის შესაქმნელად ავტორს ჩაუტარებია კოლოსალური შრომა. გასცნობია საარქივო მასალას, ქართულ და რუსულ ენაზე იმ დროისათვის გამომავალ ჟურნალ-გაზეთებსა და სხვა წერილობით წყაროებს, უვლია სოფელ-სოფელ, კარდაკარ, შეხვედრია სკოლის ყოფილ და ამჟამინდელ დირექტორებს, პედაგოგებს, კურსდამთავრებულებს, გასაუბრებია სოფლის ხანდაზმულ ადამიანებს და შეუქმნია საუცხოო ნაშრომი, რომელიც არასოდეს დაკარგავს ფასს ქართული პედაგოგიკის ისტორიაში, ვიდრე იარსებებს საქართველო და ქართული ენა.
ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სარეცენზიო ნაშრომი შესრულებულია მაღალ მეცნიერულ დონეზე, გამართული ლიტერატურული ენით, იკითხება თავისუფლად, ლაღად და ძალადაუტანებლად. ეს არის მეტად საჭირო და სასარგებლო წიგნი, რომელშიც ყველა რანგისა და განათლების ადამიანი იპოვის მისთვის აუცილებელ მასალას.
ამ ნაშრომით ბატონმა რეზომ არდავიწყების შუქი მოჰფინა ჩვენს წარსულს და საჩხერის მაშინდელ რაიონში მოღვაწე პედაგოგების სახელებს, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს განათლების სისტემისა და ქვეყნის წინსვლა-განვითარებაში.
XVII საუკუნის დიდი ინგლისელი ფილოსოფოს-მატერიალისტი, ფრანსის ბეკონი წერდა: „არის ისეთი წიგნები, რომლებსაც მხოლოდ გემო უნდა გაუსინჯო, ისეთებიც არის, რომლებიც უმჯობესია გადაყლაპო, მხოლოდ მცირეა ისეთი, რომელთა დაღეჭვა და მონელება მართლაც ღირს“. სწორედ ამ უკანასკნელთა რიცხვს განეკუთვნება სარეცენზიო წიგნი „განათლების კერები საჩხერის მუნიციპალიტეტში“, წიგნი-ენციკლოპედია, წიგნი-ფოლიანტი. იგი დიდი ფორმატის 630 გვერდს შეიცავს.
აღნიშნული მონოგრაფიის გამოცემით, ბატონმა რევაზ მაჭარაშვილმა უკვდავების ძეგლი დაიდგა. გვჯერა, მის მაგალითს სხვა მუნიციპალიტეტის მკვიდრნიც მიბაძავენ და ჩვენს ისტორიოგრაფიას გაამდიდრებენ საინტერესო ნაშრომებით, რითაც მომავალი თაობა გაიგებს, რანი ვიყავით და რად ვიქეცით.
დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი რევაზ მაჭარაშვილი ამ ნაშრომით ნამდვილად იმსახურებს განათლების აკადემიური დოქტორის ხარისხს. ნაშრომი სავსებით აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც სადისერტაციო ნაშრომს მოეთხოვება.
ყოველივე კარგი, რაც ადამიანს შეუქმნია ამქვეყნად, სიყვარულის ნაყოფია. ამის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა შექმნას რაიმე ფასდაუდებელი ნაშრომი, ხელთუქმნელი ძეგლი. ამიტომ ბატონ რეზოს ვუსურვოთ, ღმერთმა ნუ მოუშალოს ეს სიყვარული და კიდევ დიდხანს სიცოცხლე ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
აფერუმ, ბატონო რევაზ! „მადლი, ზენა“ შენს სახელოვან მშობლებს, მარჯვენასა და შენს რკინისებურ ნებისყოფას! მრავალჟამიერ!
ნოდარ ბასილაძე
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი