მოგესალმებით, მე ია მირიანაშვილი ვარ, ინგლისური ენის ცენტრის Smartlings Education-ის დამფუძნებელი, ცნობილი ბლოგის MiAfrika-ს ავტორი და ტურების ორგანიზატორი აფრიკაში.
სკოლა გურჯაანის რაიონში, სოფელ ველისციხეში დავამთავრე. მამა – სერგი მირიანაშვილი ამავე სკოლის დირექტორი იყო, რაც დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებდა. ბავშვობიდან შთამაგონეს, რომ ვყოფილიყავი მაგალითი როგორც მთელი სკოლისთვის, ისე უმცროსი დედმამიშვილისთვის. მეც ენერგიას არ ვიშურებდი, რომ ყველა საგანი ერთნაირად კარგად მესწავლა, მერვე კლასიდან ვმონაწილეობდი რეგიონულ ოლიმპიადებში, მაქვს უამრავი დიპლომი, მათ შორის, ქართულ და ინგლისურ ენებში პირველი ხარისხის დიპლომები. დღემდე ინახავენ მასწავლებლები ჩემ მიერ დაწერილ თემებს და სამოტივაციოდ მომავალ თაობებს აჩვენებენ. სხვათა შორის, გაზეთ „ახალი განათლების“ შესახებ ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდში ვიცოდი მამასგან, რომელიც საინტერესო სტატიებს გვაკითხებდა გაზეთიდან.
ვფიქრობ, ბავშვობის წლებმა დიდი გავლენა იქონია ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. მასწავლა შრომისმოყვარეობა, რკინის ნებისყოფა და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა განმივითარა. მუდმივი ზრდა და განვითარება გახდა ჩემი მთავარი ამოცანა. კონკურენტუნარიან გარემოში ცხოვრებით, სტრესული სიტუაციების მართვა ვისწავლე.
⇒ პროფესიის არჩევაზე იქონია თუ არა გავლენა პედაგოგების ოჯახურმა გარემომ?
⇒ რა თქმა უნდა, ნაწილობრივ კი, თუმცა ვფიქრობ, მომავალი პროფესიის არჩევაში ინგლისური ენის მიმართ დიდმა სიყვარულმა იქონია გავლენა.
არ მომწონდა, როცა მამა დირექტორი იყო და სტრესულ გარემოში უწევდა ცხოვრება, 850 მოსწავლის და ათობით მასწავლებლის მართვა არ იყო მარტივი. დედა – მარინა მაზმიშვილი მასწავლებელია (დღესაც ამ სკოლაში ასწავლის), ძალიან მომწონდა, როცა სკოლიდან ერთად ვბრუნდებოდით სახლში და დიდ დროს ჩვენთან ერთად ატარებდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს, საკუთარი სკოლის ხელმძღვანელი ვიქნებოდი.
⇒ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი პროფესიას იცვლით და თარჯიმან-რეფერენტის პროფესიას ირჩევთ, რატომ ასეთი რადიკალური ცვლილება?
⇒ ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა ისეთ პერიოდს დაემთხვა, როცა ყველა კარგი აკადემიური მოსწრების მოსწავლე ექიმი უნდა გამხდარიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გულისხმიერი, მაქსიმალისტი და დეტალებზე ორიენტირებული ვარ, მამას სჯეროდა, რომ ძალიან კარგი ექიმი ვიქნებოდი და ის ავად არასოდეს გახდებოდა. სწორედ მისი სურვილის გათვალისწინებით, სამწლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, 2005 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამაზე – სამკურნალო საქმე.
მამას დიდი ხათრი მქონდა, მაგრამ ექიმობა ჩემი მოწოდება არასოდეს ყოფილა. ინგლისური ენის მიმართ დიდმა სიყვარულმა თავისი გაიტანა და შევიცვალე პროფესია. დავიწყე ენის საფუძვლიანად შესწავლა და მამაც დავარწმუნე, ჩემით ისე იამაყებდა, რომ ცუდად ყოფნის მიზეზი არასოდეს ექნებოდა. ვფიქრობ, გავამართლე მისი იმედები.
⇒ „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამამ თქვენი პირადი ცხოვრება შეცვალა. მოგვიყევით როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?
⇒ 2010 წელს, როდესაც მაგისტრატურას ვასრულებდი და, პარალელურად, მოსწავლეები მყავდა ინგლისურ ენაში, „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ინგლისურენოვან მასწავლებელთა ჯგუფი ესტუმრა. ინგლისურენოვანი მასწავლებლები მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობდნენ და საჯარო სკოლებში ასწავლიდნენ. მათ შორის იყო ჩემი მომავალი მეუღლეც, კახეთში მისი მასპინძელი ოჯახი ვიყავით, მე კი – მისი მეგობარი, დედა, ძმა და და. ჩემი გულისხმიერი ხასიათიდან გამომდინარე, უცხო ქვეყანაში მყოფ ენდის ყველაფერში ვეხმარებოდი, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
სამწუხაროდ, ენდი დიდხანს არ დარჩენილა საქართველოში, თუმცა, მისი წასვლიდან 3 წლის განმავლობაში, სოციალური ქსელით მუდმივად გვქონდა მიმოწერა. საბოლოოოდ, 2013 წელს, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ბედი ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა, რაშიც დიდი როლი ითამაშა პროფესიის სიყვარულმა და საერთო ინტერესებმა.
ორივეს გვიყვარს მოგზაურობა და ჩვენი ცოდნის გაზიარება. ენდი, საქართველომდე, სხვა ქვეყნებშიც ასწავლიდა ინგლისურ ენას, მათ შორის ჩინეთშიც. ქორწინების შემდეგ, პირველად, სამხრეთ აფრიკაში ჩავედით საცხოვრებლად. 2015 წლიდან კი ჩინეთისკენ ავიღეთ გეზი. ენდის სჯეროდა, რომ ჩინეთში დიდი წარმატება მელოდა, რადგან მასწავლებლის პროფესია ჩინეთში ძალიან დაფასებული და პატივსაცემია.
ენდის წინაპრები აფრიკაში ევროპიდან ჩავიდნენ საცხოვრებლად. მამა ჰოლანდიელია, დედა კი გერმანელი. სამხრეთ აფრიკაში ჩასული ჰოლანდიელები „ბურების“ სახელით არიან ცნობილი, რადგან ისინი წლების განმავლობაში საუკეთესო მიწათმოქმედებად ჩამოყალიდნენ. ჩემი მეუღლეც პროფესიით მასწავლებელია. ერთად ვასწავლით ინგლისურ ენას, დისტანციურ რეჟიმში, ქართველ და ჩინელ ბავშვებს. მეუღლის მეორადი პროფესია ტურიზმია და საუკეთესო გიდია. ჩვენ ერთად ვმასპინძლობთ აფრიკის ტურზე ჩამოსულ ქართველებს.
⇒ პედაგოგად ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში მუშაობდით. გვიამბეთ ამ ქვეყნების სკოლამდელ და სასკოლო განათლების სისტემაზე.
⇒ ჩინეთში ადრეულ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ითვალისწინებს ტრადიციული ჩინური კულტურისა და კომუნისტური იდეოლოგიის შენარჩუნებას, ამავდროულად, ამ ყველაფერს საუკეთესოდ უზავებს დასავლური კულტურის გავლენას. ამრიგად, ჩინეთის თანამედროვე ადრეული სასწავლო გეგმა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ამ სამი კულტურული ასპექტის ჰიბრიდი.
ჩინეთმა, 1979 წელს, დაიწყო ერთი ბავშვის პოლიტიკის დანერგვა, რამაც პოზიტიური გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე, ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებაზე და ა.შ. თუმცა, გარკვეული პრობლემებიც შექმნა. გარდა იმისა, რომ ახალშობილთა რაოდენობა 300-400 მილიონით შემცირდა, ბევრმა მშობელმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მათი ერთადერთი შვილი მარტოსული იყო და კარგავდა საკმაოდ ღირებულს – სოციალური ურთიერთობების შესაძლებლობას.
1979 წლიდან ერთმშობლიანი (სადაც ერთი მშობელი ზრდის ბავშვს) ოჯახების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. ეს მშობლები უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს ანიჭებდენ მომავალი თაობის სოციალურ განვითარებას. შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, ადრეული განათლების სპეციალისტებმა, მშობლებმა დაიწყეს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ბავშვის ადრეული განათლებისადმი. ჩინეთში ბავშვის განათლება-ინტელექტის განვითარება, ჯანმრთელობა და სოციალურ-ემოციური კეთილდღეობა გახდა ყველას ძირითადი საზრუნავი. მოკლედ, ერთი შვილის ყოლის პოლიტიკამ გააძლიერა აქცენტი ადრეულ განათლებაზე, ოჯახების ჩართულობასა და ინვესტირებაზე მათ ერთადერთ შვილში.
ჩინეთში, ადრეული განათლების სასწავლო გეგმის რეფორმის სამი ძირითადი ერა იყო: 1920-1930-იან წლები, 1950-იანი და 1980-იანი წლებიდან დღემდე. 1980-იანი წლებიდან ჩინეთმა დაიწყო რეფორმისა და ღიაობის პოლიტიკის გატარება, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ტრადიციული განათლების კონცეფციები და დიდი გავლენა მოახდინა ადრეულ განათლებაზე. ბევრი უცხოური თეორია (როგორიცაა: დიუის, მონტესორის, ბრონფენბრნერის, ბრუნერის და, განსაკუთრებით, პიაჟესა და ვიგოტსკის) ფართოდ გავრცელდა ჩინეთში, ხოლო ბოლოდროინდელი თანამედროვე ჩინელი განმანათლებლების (Xingzhi Tao, Heqing Chen და Xuemen Zhang) მოსაზრებებმა კვლავ წინა პლანზე წამოწია. ეს იდეები დაუპირისპირდა ადრეული განათლების პრაქტიკას, რომელიც 30 წელზე მეტ ხანს არსებობდა. ადრეული განათლების სასწავლო გეგმის რეფორმა სპონტანური ექსპერიმენტებით დაიწყო ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, თანდათან ერთი საგნიდან მთელ სასწავლო გეგმაზე გაფართოვდა, პროგრესირებდა ქალაქიდან სოფელში და აქტიურად უბიძგებდა ადრეული განათლების სასწავლო გეგმის რეფორმას ფართო მასშტაბით.
ჩინეთში ადრეული განათლება ეხება „მთლიან ბავშვს“ – თითოეული მოზარდის ფიზიკურ, სოციალურ-ემოციურ, კოგნიტურ აზროვნებასა და ენობრივ პროგრესს. ბავშვები განებივრებულნი არიან საინტერესო და ეფექტურად დაგეგმილი აქტივობებით საბავშვო ბაღებში, რის გამოც ისინი ინტელექტუალურად ცნობისმოყვარეები და სოციალურად თავდაჯერებულები ხდებიან. ამავდროულად, ეს მტკიცე საფუძველს აძლევს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისთვის.
ჩინეთში ადრეული განათლება გულისხმობს ბავშვებს დაბადებიდან 6 წლამდე. ბაგა-ბაღები განკუთვნილია 0-3 წლის ბავშვებისთვის, საბავშვო ბაღები – 3-6 წლის ბავშვებისთვის, ხოლო დაწყებით სკოლებთან მიმაგრებული ე.წ. „სკოლამდელი კლასები“ 5-6 წლის ბავშვებისთვისაა. ფოკუსირება ხდება საბაზისო წიგნიერებაზე, რიცხოვნობასა და სოციალურ უნარებზე. დაწყებითი სკოლა (6 წელი — 6-12 წლამდე) სავალდებულო და უფასოა.
ძირითადი საგნები – ჩინური, მათემატიკა, მეცნიერება, მორალური განათლება, ფიზიკური აღზრდა.
საშუალო განათლება (6 წელი – 12-18 წლამდე), უმცროსი საშუალო სკოლა (3 წელი, სავალდებულო), საშუალო სკოლა (3 წელი, სურვილისამებრ ან პროფესიული სწავლება).
ჩინეთი გამოირჩევა საკმაოდ ხანგრძლივი სასწავლო საათებით. ბავშვები სწავლას იწყებენ 7:30 საათზე და ამთავრებენ 17:00 საათზე.
ჩინეთისთვის დამახასიათებელია ძალიან მაღალკონკურენტული გამოცდებისთვის მზადება (გაოკაო გამოცდებისათვის), სწორედ ამით მოიპოვებენ ადგილს უნივერსიტეტში. შესაბამისად, აქ კერძო რეპეტიტორობა ფართოდაა გავრცელებული.
მშობლები, ადრეული ასაკიდან, დებენ ინვესტიციას მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინგლისურის სწავლაში, რათა მოსწავლეებს უპირატესობა მიანიჭონ მისაღებ გამოცდებზე.
ჩინეთის მთავრობა ებრძვის და სპობს კერძო რეპეტიტორობის სისტემას, რათა ოჯახებმა თანხები დაზოგონ და მეორე შვილის ყოლაზე იფიქრონ. განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ აქტიურად ხდება წახალისება და ხელშეწყობა მეორე შვილის ყოლისთვის.
ძირითადი მახასიათებლები:
ჩინეთის განათლების სისტემა მაღალკონკურენტუნარიანი და გამოცდებზე ორიენტირებულია, ძლიერი აქცენტი კეთდება STEM საგნებზე.
ჩინეთის მთავრობა დიდ ინვესტიციას ახორციელებს განათლებაში.
⇒ თქვენ სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემას იცნობთ, რომელი მოდელია ყველაზე მისაღები?
⇒ ალბათ, არჩევანის გაკეთება გამიჭირდება… თუ აფასებთ აკადემიურ სიმკაცრეს და STEM ფოკუსირებას, ჩინეთი საუკეთესოა. თუ თქვენ მრავალენოვანი და მრავალფეროვანი განათლება გირჩევნიათ, სამხრეთ აფრიკა უნიკალურია. თუ გსურთ დაბალანსებული, მაგრამ განვითარებადი განათლება, ამ კუთხით, ვფიქრობ, საქართველო სწრაფად ვითარდება.
⇒ თქვენთვის შენჟენი ოცნებების ქალაქად იქცა – რატომ?
⇒ ქალაქ შენჟენში, ჩინეთის ერთ-ერთ მეგაპოლისში ავიხდინე ოცნება, რომლის ასრულება საქართველოშიც კი წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. მოვიპოვე საკუთარი სასწავლო ცენტრის ლიცენზია ჰონგ-კონგში და ქალაქ შენჟენში დავაარსე საკუთარი ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი. ჩემი პირველი შვილიც შენჟენში დაიბადა.
⇒ როდის დაარსდა ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი – smartlings Education? რა ასაკის და ეროვნების მოსწავლეები არიან ჩართული?
⇒ მე და ჩემმა მეუღლემ, 2018 წელს, დავაარსეთ Smartlings Education – ინგლისური ენის ცენტრი. ჩვენ ერთმანეთს პროფესიამ დაგვაკავშირა და შევიძინეთ სამ კონტინენტზე ცხოვრებისა და მუშაობის გამოცდილება. საქართველოში ინგლისური ენის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილების მიღების შემდეგ, პროფესიული ზრდა, 2015 წლიდან, ჩინეთში გავაგრძელეთ. ქალაქ შენჟენში (Shenzhen City) დიდი ხნის წარმატებული მოღვაწეობა საკუთარი სასწავლო ცენტრის დაარსებით დავაგვირგვინეთ. ასე დაიბადა Smartlings Education, რომელიც, თავდაპირველად, მხოლოდ ჩინელ ბავშვებს აერთიანებდა. პანდემიის დაწყებისთანავე, ცენტრი ონლაინ სწავლებაზე გადაერთო, რამაც საშუალება მოგვცა, ჩაგვერთო მოსწავლეები საქართველოდან და, მოგვიანებით, მსოფლიოს 25 ქვეყნიდან.
უამრავი წელი შევალიე ჩინელ ბავშვებთან მუშაობას და ყოველთვის ვოცნებობდი, პატარა წვლილი შემეტანა ქართველი ბავშვებისთვის ინგლისურის შესწავლის საქმეში. ონლაინ სწავლებამ ამის შესაძლებლობა მოგვცა.
ჩვენ ვართ პირველი სრულიად ონლაინ ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი საქართველოში, სადაც, 2020 წლიდან, ქართველი ბავშვები ჩინელ თანატოლებთან ერთად სწავლობენ ინგლისურს, რაც ძალიან დიდ სტიმულს იძლევა ენის სწრაფად და ხალისიანად ათვისებაში. გარდა ამისა, ისინი ადრეული ასაკიდანვე უმეგობრდებიან ბავშვებს მთელი მსოფლიოდან და ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების კულტურას, რაც მათ, მომავალში, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. 2022 წლიდან აქტიურად შემოგვიერთდნენ ქართველი ბავშვები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან, დღეს ჩვენს ონლაინ სკოლაში 200 მოსწავლე სწავლობს, 5-დან და 16 წლამდე.
ინგლისურენოვანი მასწავლებლები ჩვენი პროგრამის განუყოფელი ნაწილია, რაც ძალიან ეხმარება ბავშვს, გადალახოს საუბრის კომპლექსი და გახდეს თავდაჯერებული მოსაუბრე. კვირაში ერთხელ, ჯგუფს ინგლისურენოვანი მასწავლებელი ასწავლის, შემდეგ კი – ქართველი მასწავლებელი, რომელიც გრამატიკას, წერა-კითხვას ასწვლის, ხოლო ინგლისურენოვანი მასწავლებელი ეხმარება მათ, ადვილად აითვისონ ქართულისგან განსხვავებული ბგერები, აქცენტი, ინტონაცია, განივითარონ მოსმენისა და საუბრის უნარები.
სკოლა საქართველოში დავამთავრე და ძალიან კარგად ვიცნობ და ვაცნობიერებ ტრადიციული მეთოდებით სწავლების დადებით მხარეებს, თუმცა მიმაჩნია, რომ თანამედროვე მიდგომებთან კომბინაციით საუკეთესო შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. აქტიურად ვიყენებ იმ მეთოდებს, რომელიც თავად დამეხმარა ენის საფუძვლიანად შესწავლაში. ბალანსირებისთვის აუცილებელია ორივე მიდგომის ცოდნა და საჭიროებისამებრ გამოყენება.
ჩვენი მოსწავლეები განებივრებულნი არიან სხვადასხვა სახალისო აქტივობებით: დებატები, როლური თამაშები, კომიქსები, პრეზენტაციები და სხვ. გაკვეთილზე ვიყენებ ენის აპლიკაციებს, ინტერაქტიულ პლატფორმებსა და მულტიმედიურ ხელსაწყოებს. მიმაჩნია, რომ ტექნოლოგიებთან დაახლოებამ ინგლისური ენის დაუფლება ბევრად მარტივი, სახალისო და ეფექტური გახადა. აღნიშნული პრაქტიკა ხელს უწყობს ბავშვების გამოფხიზლებას და მოტივაციის გაზრდას, სრულიად იცვლება მათი დამოკიდებულება ინგლისური ენის მიმართ. ამგვარად, მიმაჩნია, რომ სიახლე მხოლოდ უკეთესი შედეგის მიღწევის მიზნით უნდა დაინერგოს.
გარდა მრავალფეროვანი და შემეცნებითი გაკვეთილებისა, ჩვენი მიზანია, შევქმნათ მეგობრული გარემო, სადაც ბავშვს შეცდომების დაშვების არ შეეშინდება. ვინაიდან ბევრი ბარიერი არსებობს, უცხო ენაზე კომუნიკაციისას, სიყვარულით სავსე გარემო ეხმარებათ, მარტივად ალაპარაკდნენ, ასწავლის იმასაც, რომ შეცდომები ენის შესწავლის განუყოფელი ნაწილია.
ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ მასწავლებელს დავეხმარო თანამედროვე მეთოდების მარტივად დანერგვასა და გამოყენებაში. შესაბამისად, 2024 წლიდან, აქტიურად ვარ ჩართული მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებასა და, შემდგომში, ჩვენს ცენტრში დასაქმებაში. გასულ თვეს, პროფესიული გადამზადების შემდეგ, 3 ქართველი მასწავლებელი დავასაქმეთ, ისინი ოფიციალურად გახდნენ ჩვენი გუნდის წევრები. მიმაჩნია, რომ მოსწავლეების წახალისებითა და სწორი მიმართულების მიცემით ძირეული ცვლილებების მოხდენაა შესაძლებელი. ყველა მასწავლებლის დიდი სურვილი უნდა იყოს ხელი შეუწყოს მოსწავლის განვითარებას მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
⇒ ია, თქვენ ამჟამად სამხრეთ აფრიკის უდიდეს ქალაქში – იოჰანესბურგში იმყოფებით. როგორია ამ ქალაქის ყოველდღიურობა, მოსწავლე ახალგაზრდების ცხოვრება, რა არის მათთვის პრიორიტეტული, რას მოიცავს მათი ინტერესთა სფერო, სად და როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, როგორ ცხოვრობენ აფრიკელი ახალგაზრდები…
⇒ იოჰანესბურგი, რომელსაც ხშირად „ჯობურგს“ ან „ჯოზის“უწოდებენ, დინამიური მეტროპოლია, სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური და კულტურული კერაა. ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება ურბანული აქტივობებისა და მდიდარი კულტურული გამოცდილების ნაზავია.
იოჰანესბურგი ენერგიით სავსე ქალაქია, ადგილობრივი ბაზრებიდან ვრცელ სავაჭრო ცენტრებამდე. ტერიტორიები, როგორიცაა Sandton City, გთავაზობთ ძვირადღირებულ სავაჭრო გამოცდილებას, ხოლო ადგილობრივი ბაზრები – ტრადიციულ ხელნაკეთობებსა და მრავალფეროვან კერძებს.
მიუხედავად ურბანული სიმჭიდროვისა, იოჰანესბურგი ამაყობს მრავალი პარკითა და მწვანე ზონით, რაც მოსახლეობას ქალაქის ცხოვრებისგან სასიამოვნო დასვენებას სთავაზობს. ეს სივრცეები პოპულარულია პიკნიკების, სირბილისა და სოციალური შეხვედრებისთვის. ქალაქი კარგად არის დაკავშირებული ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობებით, მათ შორის ავტობუსებით, მატარებლებით და ყველგან გავრცელებული მიკროავტობუსებით.
იოჰანესბურგის რამდენიმე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტებს მთელი აფრიკიდან იზიდავს. კამპუსები სავსეა აკადემიური და კლასგარეშე აქტივობებით, რაც ხელს უწყობს სწავლისა და პიროვნული ზრდის კულტურას. ადგილობრივი ახალგაზრდობა ლიდერობს სამხრეთ აფრიკის ტრადიციული კულტურების გლობალურ ტენდენციებთან შერწყმის საქმეში. მოდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ქუჩის მოდა ხდება განმსაზღვრელი ტენდენცია, რომელიც ქმნის ქალაქის ენერგიასა და მრავალფეროვნებას. იოჰანესბურგის მუსიკალური სცენა ცოცხალია, დაწყებული ტრადიციული აფრიკული რიტმებით და დამთავრებული თანამედროვე ჰიპ-ჰოპითა და ელექტრონული მუსიკით. აქ შეხვდებით ბევრ ახალგაზრდა მხატვარს, ფოტოგრაფს, ქუჩის მუსიკოსს, რაც ახალგაზრდული კულტურის მდიდარ გობელენს ქმნის. რაგბი და კრიკეტი განსაკუთრებით პოპულარულია, ბევრი ახალგაზრდა სტუმრობს ადგილობრივ კლუბებს ან ესწრება მატჩებს.
საერთო ჯამში, იოჰანესბურგი ქმნის დინამიურ გარემოს სტუდენტებისთვის, აერთიანებს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს მდიდარ კულტურულ და სოციალურ ლანდშაფტთან.
⇒ გვიამბეთ, სამხრეთ აფრიკის სასკოლო განათლების შესახებ
⇒ ადრეული განათლება: R კლასი (მიღების წელი – 5-6 წლის ასაკი)
ბევრი ბავშვი დადის კერძო ან სახელმწიფო სკოლამდელ დაწესებულებაში.
დაწყებითი სკოლა: (I-VII კლასები, ასაკი – 6-13) საჯარო სკოლები სავალდებულო და უფასოა, ისწავლება ინგლისური, ადგილობრივი ენები, მათემატიკა, მეცნიერება, სოციალური მეცნიერებები.
საშუალო განათლება: (VIII-XII კლასები, ასაკი – 14-18) სრულდება ეროვნული სენიორის სასერტიფიკატო (მატრიკული) გამოცდით.ზოგიერთი მოსწავლე პროფესიულ სასწავლებელში სწავლას ამჯობინებს.
აფრიკაში სასწავლო საათები, ჩინეთთან შედარებით, მცირეა. აქ სწავლა 7:30 საათზე იწყება და 15:30 საათზე მთავრდება.
კერძო რეპეტიტორების სისტემა არ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომია მხოლოდ მაღალი ფენისთვის.
სამხრეთ აფრიკის განათლების სისტემის მთავარი მახასიათებლებია თანაბარი, მაღალი ხარისხი ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის. კერძო და ზოგიერთი საჯარო სკოლები მსოფლიო დონის მრავალენოვან განათლებას გვთავაზობენ. სამხრეთ აფრიკაში 11 ოფიციალური ენაა.
როგორც ნახეთ, ჩინეთის განათლების სისტემა უფრო ინტენსიურია, უფრო გრძელი სასკოლო საათები, მეტი საშინაო დავალება, მაღალი კონკურსი უნივერსიტეტში მოსახვედრად, გაოკაოს გამოცდები სწავლაზე ორიენტირებულ კულტურას ქმნის.
სამხრეთ აფრიკის განათლება, მთლიანობაში, ნაკლებად ინტენსიურია – საჯარო სკოლებს უფრო მოკლე საათები აქვთ, კერძო სკოლები (მაგ., IEB სასწავლო გეგმა) უფრო მომთხოვნია, მატრიკული გამოცდები მნიშვნელოვანია, მაგრამ წნეხი უფრო დაბალია, ვიდრე ჩინეთში.
⇒ გვიამბეთ სამხრეთ აფრიკის წეს-ჩვეულებებზე, როგორია მათი ტრადიციები, გამორჩეული დღესასწაულები, კულტურა, ზნე-ჩვეულებები, აფრიკული სამზარეულოს შესახებაც გვითხარით
⇒ აღფრთოვანებას იწვევს მეგობრული ხალხი, რომელიც ყოველთვის გიღიმის და სრულიად უცხოსაც გესალმება ქუჩაში. გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხშირად იკრიბებიან და დროს საუკეთესოდ ატარებენ, დაბადების დღეებზე საკუთარი საჭმელ-სასმელით მიდიან, ყველა თანაბრად მონაწილეობს სუფრის გაწყობასა და ჭურჭლის რეცხვაში. პრაქტიკული ხალხია და ადვილად პოულობენ გამოსავალს ყველაფრიდან. გამორჩეული დღესასწაული შობაა, რომელსაც უფროსს თაობასთან ერთად ატარებენ, ტრადიციულ კერძებს ამზადებენ, მაგრამ აქაც იცავენ ზომიერებას. მათთვის მთავარი სასიამოვნო მოგონებების შექმნაა გადაღლის გარეშე.
აფრიკული სამზარეულოთი მოხიბლული ვარ, ქართულთან ძალიან ახლოსაა, განსაკუთრებით მეგრულთან. გურმანები არიან, ძალიან უყვართ ხორცი, განსაკუთრებით – სტეიკი. აქვთ „ოსტრის“ და ჩაქაფულის მსგავსი ხორციანი კერძები, ღომი სუფრის მთავარი ატრიბუტია. ჩვენსავით აქვთ პურის ცხობის ტრადიცია. ხანდახან მგონია, აფრიკაში კი არა, სამეგრელოში ვარ.
⇒ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის განმასხვავებელი ნიშანია უსაზღვრო მრავალფეროვნება ყველაფერში. მას ცისარტყელას ქვეყანასაც კი ეძახიან, თქვენ რით გამოარჩევდით სამხრეთ აფრიკას სხვა ქვეყნებისგან?
⇒ სამხრეთ აფრიკა უაღრესად განვითარებული, მულტიკულტურული და ისტორიულად უნიკალური ქვეყანაა ძლიერი ეკონომიკით, მრავალფეროვანი ლანდშაფტით და აფრიკული და დასავლური გავლენების ნაზავით, რაც მას დანარჩენი კონტინენტისგან განასხვავებს. ძლიერი ინფრასტრუქტურა, ფინანსური მომსახურება და მრეწველობა (სამთო, წარმოება, ტექნოლოგია…). იოჰანესბურგი აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალაქია, სადაც მრავალი საერთაშორისო კომპანიაა თამოყრილი. აქ მდებარეობს ერთ-ერთი უდიდესი საფონდო ბირჟა მსოფლიოში (JSE). აფრიკა, მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას ეყრდნობა.
როგორც გითხარით, სამხრეთ აფრიკაში 11 ოფიციალური ენაა (ზულუ, ქსოზა, აფრიკაანსი, ინგლისური და ა.შ.), აფრიკული, ევროპული, ინდური და შერეული რასის (ფერადი) თემების ნაზავი. დასავლეთის გავლენა ძლიერია ქალაქებში, მაგრამ ტრადიციული აფრიკული კულტურები კვლავ მნიშვნელოვანია. სამხრეთ აფრიკას ჰქონდა რასობრივი (აპარტეიდის) სამართლებრივი სისტემა 1948-1994 წლებში. განსხვავებით აფრიკული ქვეყნების უმეტესობისგან, რომლებმაც დამოუკიდებლობა 1950-70-იან წლებში მოიპოვეს, სამხრეთ აფრიკისთვის გარდამავალი პერიოდი 1994 წელი იყო, როდესაც ნელსონ მანდელას ხელმძღვანელობამ, აპარტეიდის დასრულებით, სამხრეთ აფრიკას გლობალური აღიარება მოუტანა. უფრო განვითარებული ქალაქებია, აფრიკის ბევრ ქალაქთან შედარებით, კეიპტაუნი, იოჰანესბურგი, დურბანი; კრუგერის ეროვნული პარკი, Table Mountain და უნიკალური ველური ბუნება, ღვინის რეგიონები, პლაჟები, უდაბნოები და თვალუწვდენელი მთები…
სამხრეთ აფრიკა აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ქვეყანაა, ძლიერი რაგბიში, კრიკეტსა და ფეხბურთში. ოთხგზის რაგბის მსოფლიო ჩემპიონები (1995, 2007, 2019, 2023) არიან, არც ერთ აფრიკულ ქვეყანას არ მიუღწევია ასეთი წარმატებებისთვის. 2010 წელს სამხრეთ აფრიკამ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.
ქალაქებში უფრო ვესტერნიზებული ცხოვრების წესია, ევროპისა და ამერიკის მსგავსი; ბევრი ჰოლივუდური ფილმია გადაღებული სამხრეთ აფრიკაში (მაგ., Mad Max: Fury Road, District)
⇒ ნელსონ მანდელა – კაცი, რომელმაც სამყარო შეცვალა, უზარმაზარი კვალი დააჩნია სამხრეთ აფრიკის (და არა მარტო ამ ქვეყნის) საზოგადოებრივ ცხოვრებას. შეცვალა არა ძალის გამოყენებით, არამედ სხვებისთვის მორალური მაგალითის მიცემით. ნელსონ მანდელა იყო სიმბოლო სამხრეთ აფრიკის გარდაქმნისა მრავალრასობრივ, სრულყოფილ დემოკრატიად. და მაინც, ვინ არის ნელსონ მანდელა თანამედროვე აფრიკელი ახალგაზრდებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი და სახელი აფრიკელებისთვის?
⇒ ნელსონ მანდელას გავლენა სამხრეთ აფრიკელ ახალგაზრდებზე ძლიერი და სიმბოლურია. მისი მემკვიდრეობა კვლავ აყალიბებს პოლიტიკას, განათლებას, სოციალურ სამართლიანობასა და ეროვნულ იდენტობას. თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლომ, მანდელამ დაასრულა აპარტეიდი და დაეხმარა სამხრეთ აფრიკის გადასვლას დემოკრატიულ, მრავალრასობრივ ერაზე.
მისი ისტორია შთააგონებს ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელებს, იბრძოლონ თანასწორობის, სამართლიანობისა და ერთიანობისთვის.
ბევრი ახალგაზრდა მას აღიქვამს გმირად, რომელმაც დაამტკიცა, რომ ცვლილება შესაძლებელია გამძლეობითა და პატიებით. მანდელას სჯეროდა, რომ განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია ცვლილებისთვის. მისმა მემკვიდრეობამ მოიტანა სტიპენდიები, სასკოლო რეფორმები და ახალგაზრდების განვითარების პროგრამები,
ბევრ სკოლას, უნივერსიტეტსა და ბიბლიოთეკას დაარქვეს მისი სახელი. მისი მიმტევებლობა ყოფილი მჩაგვრელებისადმი ახალგაზრდებს დიალოგის მნიშვნელობას ასწავლის. ჭეშმარიტებისა და შერიგების კომისია (TRC) ისწავლება სკოლებში, როგორც კონფლიქტის მოგვარების მოდელი. ახალგაზრდა აქტივისტები დღესაც მოიხსენიებენ მანდელას, რასობრივი და ეკონომიკური უთანასწორობის განხილვისას. პოლიტიკაში, ბიზნესსა და სოციალურ მოძრაობებში ჩართული ბევრი ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი ამბობს, რომ სწორედ მანდელას შთაგონებით მოვიდა. მისი ხელმძღვანელობის სტილი (თავმდაბლობა, ხედვა და დაჟინება) ერთგვარი მოდელია ახალი ლიდერებისთვის. ახალგაზრდული მოძრაობები, რომლებიც მიმართულია უმუშევრობის, კორუფციისა და უთანასწორობის წინააღმდეგ, ხშირად იყენებენ მანდელას იდეალებს.
მანდელას მემკვიდრეობა სამხრეთ აფრიკას გლობალური ყურადღების ცენტრში აქცევს და ტურისტებს იზიდავს ისეთ ადგილებში, როგორიცაა რობენის კუნძული. მანდელას დღე (18 ივლისი) მოუწოდებს ახალგაზრდებს დაუბრუნდნენ თავიანთ თემებს.
⇒ ია, როგორ გესახებათ მომავალი, სად აპირებთ დამკვიდრებას? როგორ ფიქრობთ, საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება, სამომავლოდ, საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს? რა მოლოდინები გაქვთ?
⇒ მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი იბადება მისიით. ჩემი პირველი და უმთავრესი მისიაა, შევქმნა გარემო, სადაც ქართველი ბავშვები მარტივად და ხალისით შეისწავლიან ინგლისურ ენას ბუნებრივ გარემოში, ინგლისურენოვანი მასწავლებლების დახმარებით, უცხოელ თანატოლებთან ერთად. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამის საშუალება არსებობს, შესაბამისად, სად ვიცხოვრებ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი მეუღლე ხშირად ხუმრობს – მთვარეზე რომ გაგიშვათ, იქიდანაც მშვენივრად გააკეთებ შენს საქმესო. მთავარია საქმის სიყვარული და დაკისრებული მისიის პირნათლად შესრულება.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მისია გახლავთ ქართველებისთვის აფრიკული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, რაც ჩემი ჰობი გახდა. ჩემი ბლოგებით შევცვალე ბევრი ადამიანის წარმოდგენა აფრიკაზე და მოგზაურობის სურვილი გავუჩინე. ამ მისიის შესრულება აფრიკაში ცხოვრებას მოითხოვს. შესაბამისად, ჯერჯერობით, საქართველოს მხოლოდ არდადეგებზე ვსტუმრობთ.
⇒ დაბოლოს, როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეტს ფიქრობს სამშობლოზე. უცხოეთში გატარებულ მცირე პერიოდშიც კი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს. შორიდან როგორია ჩვენი ქვეყანა?
⇒ საქართველო ყველაზე ძვირფასია ჩემთვის თავისი მდიდარი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით. ვამაყობ ქართული ენითა და დამწერლობით, ერის გამძლეობით და ყველას ვაგებინებ ჩვენი არსებობის შესახებ.