მარიამ ბასილაძე
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი
ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა განახორციელა ორი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოში განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის არაჩვეულებრივი მაგალითია. აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, გავლენასა და სამომავლო პერსპექტივებზე ვესაუბრეთ ანა აბესაძეს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველს და მეთიუ იტჩელსს, ტეხას ა&მ უნივერსიტეტის განათლების სკოლის საერთაშორისო პარტნიორობების დირექტორს.
⇑⇓ როდის და რა მიზნით დაიწყო ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა?
ანა აბესაძე: 2022 წლის 31 აგვისტოს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და აკადემიური განათლების სრულყოფის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლასთან.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისთვის, როგორც ტრანსფორმაციული ინიციატივების პიონერისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობების დამყარება, რომელიც შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებით, როგორიც ტეხას ა&მ უნივერსიტეტია, მივიღეთ წვდომა საუკეთესო შესაძლებლობებზე და რესურსებზე და მიზნად დავისახეთ ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, არამარტო უნივერსიტეტში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, მემორანდუმი ითვალისწინებს არამარტო სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას, არამედ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და კვლევებისა და განვითარების პროგრამების შექმნას.
მემორანდუმის გაფორმების დღეს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმაც დაადასტურა ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვნება და განაცხადა: „ეს არის დიდი დღე, დიდი შესაძლებლობა და საქართველოსა და აშშ-ს შორის განათლების სფეროში ახლო კავშირების კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი“.
⇑⇓ რატომ ტეხას ა&მ უნივერსიტეტი?
ანა აბესაძე: აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან და უძველეს უნივერსიტეტთან, ტეხას ა&მ-თან თანამშრომლობა, პირველ რიგში, განაპირობა მისმა გამორჩეულმა რეპუტაციამ და ღირებულებათა თანხვედრამ. აშშ-ის 41-ე პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმაც კი დიდი ენთუზიაზმით შეარჩია ეს უნივერსიტეტი საკუთარი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განსათავსებლად და სწორედ აქ გახლავთ ის დაკრძალული.
გარდა იმისა, რომ ტეხას ა&მ აშშ-ში სიდიდით მეორე უნივერსიტეტი (წლიური ჩარიცხვის მაჩვენებელი 69000 გახლავთ) და ინოვაციების კერაა, მისი ღირებულებები — ბრწყინვალება, ერთიანობა, ლიდერობა, ერთგულება, პატივისცემა და თავდაუზოგავი სამსახური — სრულ თანხვედრაშია ჩვენს უნივერსიტეტთან.
ტეხას ა&მ უნივერსიტეტს, რომელიც 1876 წლიდან მოწინავე ადგილს იკავებს აშშ-ში, აქვს 130-მდე საბაკალავრო პროგრამა და 268 — სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე. უფრო მეტიც, უნივერსიტეტი 905 მილიონ დოლარის ინვესტირებას ახდენს წლიურ კვლევაში, რაც №1 უნივერსიტეტს ხდის შეერთებულ შტატებში, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებში, კვლევის მთლიანი ხარჯებით.
ასეთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყება ჩვენთვის როგორც დიდი პატივი, ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ განაცხადა საზეიმო ცერემონიაზე: „მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება არის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობა. ამ თანამშრომლობით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობაში იწყება ახალი ეტაპი საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავება-გაფართოების მიზნით“.
⇑⇓ რა არის TESOL პროგრამა და რა შესაძლებლობებს სთავაზობს ის მონაწილეებს?
მეთიუ იტჩელსი: 3-თვიანი TESOL პროგრამა, რომელსაც ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი უწევს ადმინისტრირებას, შეიქმნა იმისათვის, რათა დაეხმაროს ქართველ ლექტორებს/მასწავლებლებს, განაახლონ ცოდნა სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის გაცნობით და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ, ასწავლონ ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად. ინდივიდზე მორგებული 120-საათიანი კურსი სრულად ვირტუალურია.
სასერტიფიკაციო პროგრამა შეიცავს 6 მოდულს, რომლებიც მომზადებულია კონკრეტული სასწავლო თემების ირგვლივ. გრუნიმ, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, დააფინანსა 15 პროფესორი და მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მესამე კოჰორტი სწავლას დაიწყებს 2023 წლის შემოდგომაზე.
სასწავლო მოდულების თემები ფოკუსირებულია: ენის სწავლისა და სწავლების თეორიებზე, TESOL-ის სწავლის სტრატეგიებზე, მეთოდებსა და ტექნიკაზე, ენობრივი უნარების სწავლების თეორიასა და პრაქტიკაზე, გაკვეთილების დაგეგმვაზე, სილაბუსების დიზაინზე, კლასის მართვაზე, შეფასებისა და ენის ტესტირების პრინციპებზე. თითოეული თემა შეიცავს წასაკითხ ლიტერატურას, ინტერნეტ რესურსებს და რეფლექსურ დავალებებს. ამასთანავე, თითოეულ მონაწილეს მიმაგრებული ჰყავს გამოცდილი ინსტრუქტორი. ისინიათ ახალი კარიერული შესაძლებლობებისთვის ამზადებენ.
დოქტორმა ლარა-ალესიომ, რეგენტის პროფესორმა, ორმაგი ენისა და წიგნიერების შეძენის კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა განაცხადა: „ტესოლ პროგრამის გავლა თითოეული პროფესიონალისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით ჩვენს, მსოფლიო დონის საგანმანათლებლო კვლევით ცენტრში, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ორენოვანი განათლების სფეროში“.
⇑⇓ გთხოვთ, გვიამბოთ, მეორე, Paths to Publication პროგრამის შესახებ, რომელსაც ახორციელებთ გრუნისთან ერთად
მეთიუ იტჩელსი: პროფესიული განვითარების საერთაშორისო ვებინარები, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო, ფუნქციონირებს 2020 წლის შემოდგომიდან, თავდაპირველად, პანდემიის დროს შეიქმნა, მკვლევრების ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით. ონლაინსწავლება მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ ლექციებს.
2023 წლის გაზაფხულზე გრუნის 65 ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა პროგრამაში. ლექციებს უძღვებოდნენ დარგის საუკეთესო სპეციალისტები ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტიდან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პროგრამის ისტორიაში პირველად, დავუშვით საერთაშორისო სპიკერი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი და ბიზნეს ინგლისურის ლექტორი, ანა აბესაძე, რომელმაც აუდიტორიას გაუზიარა მეილის წერის ეტიკეტის ცოდნის მნიშვნელობა აკადემიური პერსონალისთვის, ფორმალური ელექტრონული წერილის წერის სტრუქტურა, წესები და რეკომენდაციები.
სესიებს, საქართველოსა და აშშ-ის გარდა, ესწრებოდნენ მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
Paths to Publication პროგრამას კურირებს დოქტორი ბევერლი ირბი, ტეხასის უნივერსიტეტის რეგენტი პროფესორი აკადემიურ საკითხებში და განათლების ლიდერობის კვლევის ცენტრის დირექტორი, ხოლო კოორდინატორი გახლავთ კვლევის ასისტენტი აკადემიურ საკითხებში, ჯორდან დონოპი.
⇑⇓ გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა ამ ორი ინსტიტუტის თანამშრომლობის გავლენაზე
მეთიუ იტჩელსი: ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის ცენტრის მიზანია თანამშრომლობა მომგებიანი იყოს ორივე მხარისთვის. ძალიან გვახარებს, რომ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა განათლებასთან, ლიდერობასთან და ენებთან დაკავშირებული, პოტენციური პროგრამების შექმნასა და განვითარებაზე. ასევე, ვაპირებთ დავიწყოთ ფაკულტეტისა და სტუდენტთა გაცვლა პროფესიული განვითარების მიზნით.
ტეხასის უნივერსიტეტის რეგენტის პროფესორმა აკადემიურ საკითხებში, უფროსმა ასოცირებულმა დეკანმა და პროფესორმა, განათლების ლიდერობის კვლევის ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა ბევერლი ირბიმ განაცხადა: „ჩვენ, TESOL და Paths to Publication-ის გარდა, შემუშავებული გვაქვს უამრავი პროგრამა და სწავლების პლატფორმები, როგორიცაა საგანმანათლებლო პროფესიული განვითარება, P12 მენტორობისა და ქოუჩინგის აკადემია, ონლაინ პროფესიული ინდივიდუალიზებული სწავლება, ე.წ. MOOPIL, რომლებიც დაფუძნებულია კვლევაზე და უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობენ ათასობით მასწავლებლები აშშ-დან. ამ შესაძლებლობების და სერვისების შემოტანა საქართველოში და მასზე ხელმისაწვდომობის შექმნა ქართველი პროფესიონალებისთვის ნამდვილად დიდი მიღწევა იქნება მთელი ქვეყნისთვის და განათლების ინტერნაციონალიზაციისთვის საქართველოში“.
⇑⇓ მოგვიყევით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე
ანა აბესაძე: ძალიან ვამაყობთ, რომ ერთი აკადემიური წელიც კი არ დაგვჭირდა ორი მასშტაბური პროგრამის განსახორციელებლად, შესაბამისად, ეს დამოკიდებულება პარტნიორობისადმი და ორივე მხრიდან დიდი შრომა მაფიქრებინებს, რომ ტეხასის ა&მ უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ ორივე ინსტიტუტის განვითარებისთვის და, რაც მთავარია, ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისთვის საქართველოში.
პოტენციური თანამშრომლობის ერთ-ერთი სფერო, რაზეც უკვე ვმუშაობთ, აკადემიური გაცვლები და ერთობლივი კვლევითი პროექტებია. ტეხას ა&მ უნივერსიტეტის რეპუტაცია, როგორც წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ერთგულება აკადემიური სრულყოფილებისადმი, ქმნის ცოდნის, რესურსების და კვლევის შედეგების გაზიარების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს დინამიკური და გამდიდრებული სასწავლო გარემოს შექმნას.
გარდა ამისა, სწავლების მეთოდოლოგიების შემუშავების საუკეთესო პრაქტიკის და ინოვაციური მიდგომების გაცვლით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შესაძლებლობა ექნება განუწყვეტლივ გააუმჯობესოს განათლების ხარისხი, რაც ჩვენს კურსდამთავრებულებს აღჭურავს საუკეთესო ცოდნითა და უნარებით, რათა ფეხი აუწყონ სწრაფად ცვალებადი, თანამედროვე სამყაროს განვითარების ტენდენციებს.