საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და შვიდი რეგიონის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა ახალგაზრდების უნარები და საკვანძო კომპეტენციები შეაფასა.
კვლევის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, ადამიანს, იოლად რომ აუღოს ალღო დღევანდელ ცხოვრებას, სამუშაოსა და საზოგადოებასთან დაკავშირებულ რთულ ასპექტებს, სჭირდება კომპეტენციები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. აღნიშნული უნარები ქმნის კომპლექსურ ჩარჩოს, რომელიც მას უწყვეტ პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ეხმარება. ამ კომპეტენციების განვითარება მჭიდრო კავშირშია ფორმალურ და არაფორმალურ განათლებასთან, რომელიც ადრეულ ასაკში იწყება და მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და შვიდი რეგიონის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან პარტნიორობით გაეროს ბავშვთა ფონდმა მიზნობრივი კვლევა ჩაატარა თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ახალქალაქში. კვლევის მიზანი იყო უნარებისა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის საკვანძო კომპეტენციების შეფასება, რომლებიც ეფუძნება ევროკომისიის რეკომენდაციებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ახალგაზრდების განვითარებასა და წარმატებულ გზას განათლებაში, დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გთავაზობთ კვლევის მთავარ მიგნებებსა და საკვანძო რეკომენდაციებს.
მთავარი მიგნებები
1. წიგნიერება:
⇔ ახალგაზრდები დიდ გამოწვევებს აწყდებიან წიგნიერებაში, განსაკუთრებით აზრების ფორმულირებასა და ნათლად გამოხატვაში.
⇔ კვლევის მონაწილეთა მეოთხედს გაუჭირდა აზრების დალაგებულად გადმოცემა და ხშირად იყენებდნენ მარტივ, მწირ ლექსიკას, ან სრულად ვერ გამოხატავდნენ აზრებს, რაც ხშირ შემთხვევაში მათში ფრუსტრაციას და მღელვარებას იწვევდა.
⇔ წერილობითი უნარები გამორჩეულად პრობლემური სფერო გამოდგა, განსაკუთრებით ენობრივი უმცირესობებისთვის, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონე არასაკმარისი იყო აკადემიური დავალებებისთვის თავის გასართმევად.
⇔ მონაწილეთა მესამედს გაუჭირდა დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა, რაც კრიტიკულ აზროვნებასა და დებატებში გამოცდილების ნაკლებობაზე მიანიშნებდა.
⇔ მონაწილეთა უმეტესობა ახერხებდა საუბრის შინაარის მიდევნებას და დისკუსიაში მონაწილეობას, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა სხარტად საუბარი, საუბრის დროს გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა და ჟარგონს იყენებდა.
2. მრავალენოვნება, კულტურული ცნობიერება და თვითგამოხატვა:
⇔ ზოგადად, ახალგაზრდები აღიარებენ მრავალენოვნებისა და კულტურული ცნობიერების მნიშვნელობას. მონაწილეთა 92%-მა აღნიშნა, რომ ინგლისური ენა იცის, მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი გამოხატა დამატებითი ენების სწავლის ინტერესი.
⇔ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არ ფლობენ ქართულ ენას სათანადოდ, რაც საჭიროა მათი მონაწილეობისთვის აკადემიურ პროცესში.
⇔ ბევრი ახალგაზრდა საქართველოს ტოლერანტულ ქვეყნად მიიჩნევს, თუმცა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო საზოგადოებაში კულტურული ტოლერანტობის ხარისხის მიმართ.
3. მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა (STEM):
⇔ მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები აღიარებენ მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მნიშვნელობას, მის შესახებ შეზღუდული წარმოდგენა აქვთ, განსაკუთრებით ეს ეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების პრაქტიკულ გამოყენებას.
⇔ ბევრი სტუდენტი ვერ აკავშირებს მეცნიერების ცოდნას კარიერული ზრდის პერსპექტივასთან ისეთ დარგებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა ან ქიმიური პროდუქციის წარმოება.
⇔ უმრავლესობა აღიარებს მათემატიკისა და ფინანსური წიგნიერების ღირებულებას, მაგრამ ბევრს უჭირს აღნიშნული უნარების პრაქტიკულ სიტუაციებთან დაკავშირება.
⇔ მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური წიგნიერება არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევა, უმცროსი ასაკის სტუდენტები მას ხშირად არარელევანტურად თვლიან.
⇔ მონაწილეებმა გამოამჟღავნეს გარემოსდაცვითი საკითხებისა და ადამიანებისა და ბუნების ურთერთკავშირის შესახებ მაღალი ცნობიერება.
⇔ ბევრი მეცნიერებას უმეტესად აკადემიურ სფეროდ მიიჩნევს.
4. ციფრული კომპეტენცია:
⇔ მონაწილეები ფლობენ კარგ ციფრულ უნარებს და იცნობენ ტექნოლოგიებს, თუმცა ასევე აწყდებიან გამოწვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას, სოციალური მედიის წიგნიერებას და ციფრული საფრთხეების გაცნობიერებას.
⇔ მონაწილეთა დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ თავდაჯერებულია ციფრულ სივრცეში ნავიგაციის მხრივ და აქვთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობის უნარები.
⇔ ბევრმა ასევე აღნიშნა სოციალურ მედიაში არსებული გამოწვევები, მათ შორის, ნამდვილი ინფორმაციის ცრუ ინფორმაციისგან გარჩევა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, რის გამოც თავს დაცულად ვერ გრძნობენ.
⇔ მონაწილეებში იგრძნობა შიში, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ შეიძლება ადამიანებს დააკარგვინოს სამუშაო ადგილები, გააქროს ტრადიციები და დააკნინოს ადამიანური კავშირები.
⇔ გამოითქვა წუხილი, რომ ტექნოლოგიებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტრადიციულ კულტურულ ნორმებზე და ადამიანებს შორის ურთიერთობებზე.
⇔ აღნიშნული წუხილების მიუხედავად, მონაწილეთა უმეტესობა აღიარებს ციფრული ტექნოლოგიების შესაძლო სიკეთეებს გლობალური განვითარებისთვის.
5. პიროვნული, სოციალური და სწავლის ხელშემწყობი კომპეტენციები:
⇔ პიროვნული, სოციალური, სწავლის ხელშემწყობი კომპეტენციები და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობა და გამძლეობის უნარი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
⇔ მონაწილეებმა ისაუბრეს თვითრეფლექსიის, კარიერული გზის არჩევასა და პიროვნულ ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნეს, რომ ხშირად გრძნობენ მოტივაციის ნაკლებობას საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სტრუქტურების გამო.
⇔ მიუხედავად იმისა, რომ მომავალს უმეტესწილად ოპტიმისტურად უყურებენ, ბევრს აღელვებს გაურკვევლობა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კრიზისი.
⇔ წარმატებისთვის აუცილებელ პირობად დასახელდა ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა, საკუთარი ძალების იმედი და განათლებაზე ფოკუსირება.
⇔ მონაწილეებმა გამოხატეს ინტერესი დროის მენეჯმენტის, თვითრეფლექსიის, გუნდური მუშაობისა და ემპათიის უნარ-ჩვევების განვითარებისადმი, თუმცა აღნიშნეს, რომ არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა.
⇔ პიროვნული განვითარების გეგმის უქონლობა და არაფორმალური სწავლის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა მნიშვნელოვან ხარვეზად იქნა იდენტიფიცირებული.
6. მოქალაქეობა და მწვანე კომპეტენცია:
⇔ არსებობს კავშირი აქტიურ მოქალაქეობას და გარემოს დაცვაზე პასუხისმგებლობას შორის.
⇔ მონაწილეების უმრავლესობამ გამოავლინა კარგი ცოდნა მათი, როგორც მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობების კუთხით, სოციალურ პრობლემებზე, მათ შორის, ადგილობრივ გარემოსდაცვით პრობლემებზე რეაგირების თვალსაზრისით.
⇔ მონაწილეებმა გამოავლინეს კლიმატის ცვლილების ცნობიერების მაღალი დონე, მაგრამ აკლდათ თავდაჯერებულობა ცვლილებაზე გავლენის მოხდენის ან მდგრადი განვითარების კონცეფციების აღქმის კუთხით.
⇔ დემოკრატიული ღირებულებების ცოდნის მიუხედავად, ბევრი მონაწილე შეზღუდულად აღიქვამდა გლობალურ პრობლემებს, ხოლო დემოკრატიის ფუნქციონირება მხოლოდ ზედაპირული ცოდნით შემოიფარგლებოდა.
⇔ ბევრმა გამოთქვა სურვილი უკეთ გაეცნონ მდგრადობის საკითხებს და ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას.
⇔ მონაწილეებმა ისაუბრეს მათ მზარდ პასუხისმგებლობასა და შუამავლის როლზე, განსაკუთრებით სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების კუთხით.
7. სამეწარმეო კომპეტენცია:
⇔ ხარვეზი შეინიშნება შემოქმედებით აზროვნებას, თვითგამოხატვას და სამეწარმეო უნარებს შორის. ბევრი მიუთითებს ამ კუთხით გაუმჯობესების სურილზე.
⇔ მონაწილეების დიდ რაოდენობას გაუჭირდა სოციალური პრობლემების სამეწარმეო შესაძლებლობებად გარდაქმნა და საკუთარი იდეების შემოქმედებითად გამოხატვა და წარდგენა.
⇔ ბევრი სტუდენტი უპირატესობას ანიჭებდა სოციალურ სამეწარმეო პროექტებს, თუმცა მხოლოდ მცირე რაოდენობა იყო ჩართული სამეწარმეო აქტივობებში. მათი ცოდნა სამეწარმეო აზროვნებასა და ინოვაციებზე შეზღუდულია.
⇔ მონაწილეების დიდმა ნაწილმა გამოიჩინა ინტერესი ახალი ხელობის შესწავლის მიმართ, იქნებოდა ეს შემოსავლის მიღების თუ პირადი კეთილდღეობის მიზნებისთვის.
9. ფსიკიქური ჯანმრთელობა:
⇔ ფსიკიქური ჯანმრთელობა ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და ბევრი მონაწილე ინფორმირებულია ფსიკიქური პრობლემების რისკებზე, თუმცა საკითხის ცოდნა შეზღუდულია.
⇔ ახალგაზრდების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით, ფინანსური ხელმისაწვდომობის და სტიგმის კუთხით, რაც სერიოზული დაბრკოლებებია.
⇔ ბევრმა ახალგაზრდამ უპირატესობა მიანიჭა საზოგადოებაში არსებულ ფსიქოლოგიურ მომსახურებებს.
⇔ მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მეტი განათლების საჭიროებას, განსაკუთრებით სკოლის დონეზე, რათა ცალკეულმა პირებმა შეძლონ სიმპტომების ამოცნობა და დახმარების მოძიება.
⇔ ბულინგი და ოჯახური პრობლემები დასახელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ფართოდ გავრცელებულ ხელშემწყობ ფაქორად.
საკვანძო რეკომენდაციები
ყოვლისმომცველი მიდგომა მოზარდებისა და ახალგაზრდების შემეცნებითი, ემოციური და სოციალური განვითარების კუთხით
- ფორმალური განათლების და განმანათლებლების გაძლიერება ადრეული განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით, რათა ეფექტიანად განვითარდეს მოსწავლეთა საკვანძო კომპეტენციები.
- არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით რეგიონებში და ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე ყურადღების გამახვილება. არსებული საგანმანათლებლო და მუნიციპალური პლატფორმების, ასევე უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრების გამოყენება, სადაც მოზარდები შეძლებენ პროექტებში მონაწილეობას, უნარების განვითარებას და ჩაერთვებიან აქტივობებში პირადი და ჯგუფური განვითარებისთვის.
- ხელმისაწვდომი ციფრული სწავლების პლატფორმის შემუშავება დისტანციური და თვითსწავლის მიზნებისთვის.
- მრავალფეროვანი სასწავლო და განვითარების შესაძლებლობების შექმნა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის, რათა მათ გაიუმჯობესონ სახელმწიფო ენის ცოდნა.
- კარიერული განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა.
- ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ცოდნის გაზიარების პროგრამების შემუშავება, დანერგვა და გაძლიერება, რომლებიც მიმართული იქნება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებასა და ოჯახებზე.
კვლევაში გამოყენებული იყო შერეული მეთოდების მიდგომა, მეტწილად ხარისხობრივი მეთოდები, რასაც დაემატა რაოდენობრივი მონაცემები საჭიროების შესაბამისად. ჯამში, კვლევაში მონაწილეობდა 18-20 წლის 155 სტუდენტი. კვლევაში მონაწილეობისთვის შერჩეული იქნა სხვადასხვა გამოცდილების მქონე სტუდენტი როგორც სოფლებიდან, ასევე ქალაქებიდან, განსხვავებული აკადემიური მოსწრების და ეთნიკური ჯგუფებიდან.