საქართველოს ასაკობრივი ნაკრები დებიუტანტის რანგში მონაწილეობს სერბეთსა და უნგრეთში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატში 17-წლამდელ ფრენბურთელთა შორის. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ფრენბურთელებმა ტურნირი სენსაციურად დაიწყეს – პირველივე მატჩში ტურნირის მასპინძელი სერბეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს. პირველი სეტი 25:16 მოიგეს, მომდევნო ორ სეტში სერბები დაწინაურდნენ (25:18, 25:14), მაგრამ მეოთხე სეტში, დაძაბულ ბრძოლაში, 25:21 აჯობეს საქართველოს ნაკრების გოგონებმა მეტოქეს და სეტებში ანგარიში გაათანაბრეს, გადამწყვეტ მეხუთე სეტში კი დაამარცხეს 15:9 და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ სერბეთის ნაკრები, რომელიც ქართველმა გოგონებმა მისსავე მოედანზე 3:2 დაამარცხეს, ფავორიტად იყო შერაცხული.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესოები, 18-18 ქულით, მელანია კაციტაძე და მაგდა კობაიძე იყვნენ, მარიამ მუშკუდიანმა 17 ქულა დააგროვა. მომდევნო ტურში, 12 ივლისს, ჩვენი ფრენბურთელები ბულგარეთის ნაკრებს შეხვდებიან.
⇑⇓ საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობითაა წარმოდგენილი ევროპის ჩემპიონატზე:
ანასტასია დვალიშვილი, მარიამ მუშკუდიანი, მელანია კაციტაძე, მაგდა კობაიძე, ლიზა კლდიაშვილი, ანი მდივანი, ნანა ლობჟანიძე, თეკლა მაღლაფერიძე, მარიამ ბურჭულაძე, ბარბარე ჯიმუხაძე, კესო ნარიმანიძე, მართა ლორთქიფანიძე.
⇒ მთავარი მწვრთნელი: იური მელნიჩუკი.
⇑⇓ საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:
12 ივლისი | საქართველო – ბულგარეთი
13 ივლისი | საქართველო – იტალია
15 ივლისი | საქართველო – პოლონეთი
16 ივლისი | საქართველო – ნიდერლანდები
18 ივლისი | ხორვატია – საქართველო
19 ივლისი | ესტონეთი – საქართველო