უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები ტესტირების გასავლელად 8 სექტემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) უნდა გამოცხადდნენ. რეგისტრაცია 11:00 საათზე, გამოცდა კი 12:00 საათზე დაიწყება. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, სურვილის შემთხვევაში კი, წყალი პლასტმასის ბოთლით. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმით, შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლებითა და სხვა საჭირო ნივთებით.
ტესტირება ტარდება ელექტრონულად. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აპლიკანტი ეკრანზე დაინახავს 3 ნაწილისაგან შემდგარ საგამოცდო ტესტს. ეს ნაწილებია:
- წაკითხულის გააზრება;
- ლოგიკური მსჯელობა;
- რაოდენობრივი მსჯელობა.
თითოეულ ნაწილში გაერთიანებულია 15 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალება. შესაბამისად, ტესტი სრულად შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. ბოლო, 45-ე დავალებაზე პასუხის მონიშვნის, ან მონიშვნის გარეშე ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება ტესტის დასრულების შესახებ. შეტყობინებაში აღნიშნულია, რამდენ დავალებაზეა გაცემული პასუხი დავალებების საერთო რაოდენობიდან. ღილაკზე „დაასრულეთ“ დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაცია ტესტის დასრულების შესახებ.
შედეგები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge
შედეგის ნახვა შესაძლებელი იქნება პაროლით, რომელსაც გამოცდის დღეს ცენტრის თანამშრომელი გადასცემს მონაწილეს.
გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე გამოსაცდელს შეუძლია ცენტრს მომართოს საპრეტენზიო განაცხადით. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება გამოცდის დღის 20:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9.